Wednesday, September 27, 2017

შემოდგომა

დღეს მივხვდი, ზრდასრულობაში როგორ გადავაბიჯე, როცა გავაცნობიერე, რომ შემოდგომის დადგომა უფრო გამიხარდა, ვიდრე მანამდე ზაფხულის. თითქოს ცხოვრების უფრო მშვიდი რიტმი ავირჩიე, შემოდგომასავით დადინჯებული, ზაფხულის ქაოტურობისგან განსხვავებული.

შემოდგომა ყოველთვის მიყვარდა. ოქროსფრად განათებული თბილისის ქუჩები; დილის სიგრილე, რომელსაც ზაფხულის დილებისგან განსხვავებით, უკვე სუსხიც დაჰკრავს. დღეს პირველად მოვიდა ასეთი დღე; მართალია მოღრუბლული, ცივი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დამთრგუნველი. შემოდგომა დადგა.

ზრდასრულობაზე ვამბობდი. იყო დრო, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, როცა საწოლის ქვეშ ან ფარდის უკან მიმალული მონსტრების გვეშინოდა. ამ შიშების დაძლევაში უფროსები გვეხმარებოდნენ და მაშინ მტკიცედ გვწამდა, რომ როცა გავიზრდებოდით, შიშებიც ჩვენგან წავიდოდნენ.  არ ვიცოდით, რომ შიშები არასდროს მიდიან. უბრალოდ სახეს იცვლიან და კომუნალური გადასახადების, ბანკების სესხის და სხვა ათასგვარი ვალდებულების სახეს იღებენ. ხანდახან, ახლაც სწრაფად ავკეცავ ხოლმე ფეხებს საწოლში და ასეთ მომენტს როცა ვიჭერ, მიხარია, რომ ჩემი ბავშვობის რაღაც ნაწილი, თუნდაც საწოლქვეშ მიმალული მონსტრების სახით, ისევ ჩემთანაა. ასეთ დროს ვხვდები, რომ ჩემს მონსტრებთან თანაცხოვრება ვისწავლე და თუ ეს გამომივიდა, სხვა ვალდებულებებთან გამკლავებასაც მალე შევძლებ ☺

Tuesday, September 5, 2017

I'll always have Istanbul

ჰარი პოტერის სამყაროში ბევრი შელოცვა არსებობს, რომელთა შორის ჩემი საყვარელია პატრონუსის მოხმობა - ექსპექტო პატრონუმ.
ეს შელოცვა დემენტორების მოსაგერიებლად გამოიყენება, არსებების, რომლებსაც ადამიანისგან ბედნიერება მიაქვთ. ისინი სიხარულს და ყველა კარგ მოგონებას იწოვენ და გიტოვებენ მხოლოდ უიმედობის შეგრძნებას, რომ ბედნიერი აღარასდროს იქნები. ამგვარად, დემენტორების სახით აღწერა როულინგმა დეპრესია

პატრონუსის შელოცვა რომ გამოგივიდეს, შენი ცხოვრებიდან ყველაზე ბედნიერი მომენტები უნდა გაიხსენო.

არ ვიცი, ჩემი პატრონუსი რა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორ მოვიხმო იგი.

სტამბულში რომ ჩავედით, რაღაც დიდუბის მსგავს ავტოსადგურზე მოვხვდით. გარშემო ქართული გინება ისმოდა, მზე აჭერდა და ძალიან ცხელოდა. ისეთი ტაქსი ძლივს დავიჭირეთ, რომელიც ჩვენს ჰოსტელამდე ნორმალურ ფასად წაგვიყვანდა. გზაზე გადარეული მიქროდა და ჩემს შეშინებულ შეძახილზე "ვაიმე", გულიანად იცინოდა. ბოლოს ერთ ქუჩაზე გაგვიჩერა - აქედან შიგნით ვეღარ შევალო (როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ჰოსტელიდან საკმაოდ შორს ჩამოგვყარა). ავიღეთ ბარგი, სადღაც შევუხვიეთ, შენობებს შორის გავძვერით და ფართო ქუჩაზე ამოვყავით თავი, სადაც მანქანა არ ჭაჭანებდა, უამრავი ადამიანი მოძრაობდა, მხოლოდ ფეხის ხმა ისმოდა და ალაგ-ალაგ კაფეებიდან მუსიკა გამოდიოდა, თუმცა მაინც უცნაური სიმშვიდე იდგა. მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ისტიკლალს მივუყვებოდით. მოულოდნელად, არსაიდან, წითელი ტრამვაი გამოჩნდა, თითქოს ფამუქის წიგნის ყდიდან გადმოვიდაო. შუა ქუჩას ნელა მოუყვებოდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირი თავზარი დამეცა, რომ დამეჯახებოდა. უცებ გავაცნობიერე, რომ მთლიანად სიხარულით ვიყავი მოცული, რომელიც სხეულის ყველა უჯრედს ავსებდა. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იყო კარგად - აქ და ახლა.
მივხვდი, რომ სტამბულში დავბრუნდი. ქალაქში, სადაც მანამდე არასდროს ვყოფილვარ.


Monday, September 4, 2017

30

18 სექტემბერს 30 წლის ვხდები და თითქოს გუშინ იყო, 30 წლის ქალები (მაშინ "ქალს" ვეძახდი ამ ასაკის ხალხს) ძალიან დიდი რომ მეგონა. ახლა ცოტა შიშით წარმოვიდგენ, ვინმე 20 წლის ადამიანი რომ "ქალს" მიწოდებს.
ვხვდები, რომ ასაკი არაფერია, მხოლოდ რიცხვები. სინამდვილეში ისევ ისეთი ვარ, როგორც 10 ან 20 წლის ასაკში ვიყავი. ჩემი შიშებით თუ მოულოდნელი გამბედაობით. ინტერესები შეიცვალა, გამრავალფეროვნდა, მეგობრები მომემატნენ, ზოგი მომაკლდა, მაგრამ ძირითადი შტრიხები ისევ ის დარჩა. ხანდახან ისევ ძალიან მინდება შოკოლადი, რომელზეც ადრე მამას ვურეკავდი და ვთხოვდი, სამსახურის მერე ხელს გამოეყოლებინა; ახლა კი მე გავივლი ხოლმე მაღაზიაში საღამოს, სამსახურის შემდეგ, და ვყიდულობ.
მოზრდილი ასაკი თითქოს სახლია, რომელიც ადრე ბრწყინავდა, მილაგებული იყო და ყველა შემხვედრს სიხარულით უღებდა კარს. ახლა ცოტა შეილახა, კედლებს ალაგ-ალაგ საღებავი ასძვრა, უფრო მაგრადაა ჩარაზული, მაგრამ ძველი იერი მაინც ეტყობა, იგივე დარჩა.

რადგან 30 წელი მრგვალი ასაკია, სადღაც გულის სიღრმეში მინდოდა, განსაკუთრებული ყოფილიყო. "განსაკუთრებული" კი ჩემთვის ნიშნავს დაბადების დღეზე ბათუმში გაღვიძებას და ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის შემოკრებას. პირველ ნაწილს მგონი ავისრულებ, აი ყველა საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა კი წარმოუდგენელია. ამიტომ ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო და განწყობა არ გავიფუჭო. თუმცა, ყველა დაბადების დღის წინ რაღაცნაირად ვსევდიანდები ხოლმე. ასაკის მატების გამო არა. სულ მინდა, რამე განსაკუთრებული მოხდეს, უფრო მეტად ველი სასწაულებს, ვიდრე ახალ წელს. მაინც თავისებურად ჯადოსნურია ხოლმე ყოველი 18 სექტემბრის ღამე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ ხდება.

ხოდა ასე. წინასწარ დავწერე დაბადების დღის პოსტი :)