Sunday, August 14, 2016

თქვენი ბედნიერება როგორია?

  ახლა ვფიქრობდი, ბედნიერების როგორ სხვადასხვანაირი აღქმა გვაქვს ყველას. მე რომ ვიღაც სრულიად უბედურად შეიძლება მეჩვენებოდეს, თავისი ცხოვრების გამო, შესაძლოა ის ამ დროს აბსოლუტურ ჰარმონიაში იყოს და აზრადაც არ მოსდიოდეს, რომ ვიღაცის თვალში უბედური ჩანს. არა, უბედური ჩანს ცუდი ფორმულირებაა. ვიღაცისთვის მისი ცხოვრების წესი უბედურებად აღიქმება - ალბათ ეს უფრო სწორია. ყველა ხომ თავისი point of view-დან უყურებს ყველაფერს. კი, ვცდილობთ რომ სხვის კანშიც შევძვრეთ და გავუგოთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარი, სუბიექტური აზრი გვაქვს ყველაფერზე. ამიტომ ბედნიერად ისეთი ადამიანები შეიძლება მომეჩვენოს, ვისი ბედნიერებაც ჩემთვისაც ბედნიერება იქნებოდა. არა, ვერ ვხსნი სწორად. ვისი ყოველდღიური საქმიანობა, ვისი ცხოვრების წესიც ჩემთვისაც მისაღებია ბედნიერების მისაღწევად.

  ამას ვწერ და მერე მახსენდება, რომ ყოველთვის ვამბობდი (და ახლაც ვამბობ, აზრი არ შემიცვლია), მთავარია, რომ თავი იგრძნო ბედნიერად, მთავარია განცდა, რომ კარგად ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, რა საქმიანობით, რა ცხოვრების წესით მიაღწევ ამას. მთავარია შენი საქმიანობით სხვა არ დაზარალდეს. ანუ, ვიღაც ბედნიერია იმით, რომ ქმარი და შვილები ჰყავს. მე ამით ახლა ვერ ვიქნებოდი ბედნიერი. მაგრამ მე რომ single ვარ და შემიძლია ვისთანაც მინდა, მასთან მქონდეს ფლირტი, ან უბრალოდ, ბიჭების გარეშეც ვიყო ბედნიერი, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც დაოჯახებულის ბედნიერება ჩემს ბედნიერებაზე ნაკლებია. და პირიქით.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბედნიერება პირდაპირ ასოცირებულია დაოჯახებასთან და ამიტომ,  პირობითად, ჩემსა და ვინმე ჩემი ასაკის, დაოჯახებულ გოგოს შორის, საქართველოს სტანდარტებით,  ჩემზე ბედნიერად დაოჯახებული გოგო მიიჩნევა.
თუმცა ერთ რამეში ზუსტად ვარ დარწმუნებული - single ადამიანებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე დაოჯახებულ და შვილიან ადამიანებს. თუმცა არც აქ არის მთლად ასე მარტივად საქმე და საერთოდ, არაფრის კატეგორიებად დაყოფა არ შეიძლება, იმიტომ რომ აუთლაიერი ყველგან მოიძებნება.

ხოდა ასე. მე მაინც მგონია, რომ საბოლოოდ ყველა საკუთარი თავის ძიებაში ვართ,  საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დაწყებისას, თუ შვილის აღზრდისას. მთავარია, სხვისი უბედურების ან ცუდად ყოფნის ხარჯზე არ ვიპოვოთ ეს საკუთარი თავი :)

აი ახლა, ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ზაფხულია, გარეთ ხვატია, ფანჯრები შემოხურული მაქვს, ფრიალა, ყვავილებიანი კაბა მაცვია და ეს სიცხეც კი მსიამოვნებს. დევენდრა ბანჰარტს ვუსმენ და უკვე გაციებულ თურქულ ყავას ვსვამ. ეს არის ჩემი ამჟამინდელი ბედნიერება. თქვენი როგორია?

5 comments:

  1. ერთ მეტროსთან ცხოვრობს სადღაც +60წლის ქალი. უტანსაცმელოდ დადის, ფეხები დამსკდარი აქვს ყინვისგან ან სიცხისგან ან უბრალოდ ქვებისგან. მხოლოდ პერანგის ამარა ცხოვრობს ზამთარ-ზაფხულ. თუ ვინმე მისცემს საკვებს ან სამოსს, წებოში ან სპირტში გაცვლის. რა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, სულ მიკვირდა თავს რატომ არ იკლავდა.
    ჩემთვის კი ბედნიერება ხანგრძლივობაში მდგომარეობს. თუ ცოტა ხანს გრძელდება, ვუფრთხი რომ ბედნიერება დავუძახო.

    ReplyDelete
  2. ზოგისთვის თავისუფლებაშია ბედნიერება, ზოგისთვის სიმშვვიდეში, ზოგისთვის გართობასა და ღრიანცელში, ზოგისთვის ოჯახურ იდილიაში... ჩემი ბედნიერება სიმშვიდეშია. მნიშვნელობა არ აქვს, დაოჯახებული ვიქნები მშვიდად თუ single, სიმშვიდე თუ არ მექნება, ვერაფერი გამაბედნიერებს.

    ReplyDelete
  3. ბედნიერება დეტალებშია, პატარ-პატარა მოვლენებში, ნივთებში, არსებებში და რაც მთავარია - სრულყოფილად საქმის გაკეთებაში.
    აი, ამის წინ მივხვდი, როგორ შეიძლება აბსოლუტური ბედნიერება განიცადო, როცა სრულყოფილად გაკეთებულ რამეს და მისი გაკეთების პროცესს უყურებ. აი, იმენნა ორგაზმია :D :D
    სასაცილოა, მარა კარგ ხელსაწყოებს, ნახაზებს, ცარიელ ფურცლებს, კარგად გათლილ ფანქარს რო ვხედავ, ეგეც კი ბედნიერებას მანიჭებს.
    p.s. No, I'm not sick. :D

    ReplyDelete
  4. მალე მანგლისში ავალ მარტო და აი, ეგ იქნება ჩემი ბედნიერება.

    ReplyDelete
  5. აუჰ!!! ზუსტად ეგ იქნებოდა ახლა ამწამს ჩემი ბედნიერებაც!! ყველაზე მეტად მინდა ზაფხული, ყვავილებიანი სარაფანი, ხელში ჭიქა წითელი ღვნო, ვერანდა და სკამზე შემლწყობილი ფეხები... კი მინდა, მინდა! მერე რა რომ
    გერმანიის სიცივეებში ვარ :(

    ReplyDelete