Thursday, September 25, 2014

ვილა "ყიყლიყო"

    სატელევიზიო "რა?სად?როდის?"-ს ბავშვობიდან ვუყურებდი და ყოველ შემდეგ თამაშს, შეიძლება ითქვას, მოუთმენლად ველოდი. სტუდენტობისას  ჩემი მეგობარიც ჩაერთო და მეც გამიჩნდა სურვილი, მეთამაშა. მაგრამ დამატებით არაფერს ვაკეთებდი, ველოდებოდი, რომ ვიღაც მომკიდებდა ხელს და რომელიმე გუნდში დამსვამდა. რა თქმა უნდა, როგორც ქუჩაში ცნობილი რეჟისორი არ გაჩერებს და გეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ხარ და თავის ფილმში მთავარი როლისთვის მიჰყავხარ, ისევე არავინ მოსულა ჩემთან და გუნდში თამაში შემოუთავაზებია. ასე გავიდა წლები, ჩემი სურვილი კი არ განელებულა.

   ერთხელაც, ფეისბუქის ერთ დახურულ ჯგუფში (რომლის სახელიც არ ითქმის), ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა რსრ-ს თამაში. აღმოჩნდა, რომ ირინკასაც უნდოდა კვლავ თამაშის დაწყება (მანამდე თამაშობდა და თავი დაანება). თამთამ დაგვაკვალიანა, ვისთვის უნდა მიგვეწერა მეილი (ახალი სეზონი იწყებოდა ზუსტად). გუნდის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, ასტრიდ ლინდგრენის გარშემო ვტრიალებდით;  ან "ბიულერბიუელი ბავშვები" უნდა ვყოფილიყავით, ან  - ვილა "ყიყლიყო". საბოლოოდ, მეორეზე შევჯერდით. ირინკამ მომწერა, კაპიტნის გრაფაში შენი სახელი და გვარი ჩაწერე და მონაცემები გაგზავნეო.  ასე მოულოდნელად გავხდი ყველაზე მაჭკატური გუნდის კაპიტანი.

 პირველივე თამაშზე მივხვდი, რომ ის ის იყო და მე - მე. მივხვდი, რომ ყველაზე აზარტული ადამიანი ვიყავი მსოფლიოში და შემეძლო, დღე და ღამე გადაბმულად მეთამაშა და არ დავღლილიყავი. მივხვდი, რომ ადამიანებთან დასაახლოვებლად საკმარისია 1 საათი ერთ გუნდში ითამაშო. არ დამავიწყდება ის კვირა დღეები, როცა თამაში უწევდა როგორი სიხარულით გავრბოდი კომაროვში. მივხვდი, რომ ღმერთმა რაც ჩემს სხეულს პლასტიკა და მოქნილობა დააკლო, ყველაფერი ტვინში გადაალაგა და ჩემი სპორტი სწორედ ეს თამაში უნდა გამხდარიყო.

  ვინც თამაშობს, უკვე ბევრს უთქვამს და დაუწერია, როგორი ნარკოტიკივითაა ეს თამაში. როგორი მაგარი გრძნობაა, როცა კითხვისთვის განკუთვნილ 1 წუთში ვერსია არ მოგვდის, ყველანი ვწვალობთ, რაც თავში მოგვივა, ყველა ვერსიას ხმამაღლა ვისვრით და უკვე რომ გგონია, არაფერი გამოვიდა, ბოლო წამს აენთება ვიღაცას თავში ნათურა და სწორ ვერსიას იტყვის. აი ეგ, ბოლო წამს გამოცნობილი კითხვა, არის რსრ-ს ნირვანა, უდიდესი ნეტარება და სრული განსხივოსნება :)

  ვილა "ყიყლიყო" 2012 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. პირველი წევრებიდან მხოლოდ მე დავრჩი (კაპიტანი ხომ ბოლოს ტოვებს გემს).  მიხარია, რომ გუნდი აქამდე შევინარჩუნე, ვინაიდან ძალიან ხშირად იყო დაშლის პირას და როცა მეუბნებოდნენ, რომ ჯობდა სხვა გუნდი მეძებნა, მე ჯიუტად ვაგრძელებდი 2 კაცით თამაშს (დიახ! ერთ თამაშზე მხოლოდ ორნი ვიყავით და საშუალოზე მაღალი შედეგი დავდეთ) და არ ვკარგავდი იმედს, რომ ვიპოვიდი ახალ პეპებს.

  დღეს "ყიყლიყოში" 8 მოთამაშეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულად 6 კაცი თითქმის  ვერც ერთ თამაშზე ვერ ვიკრიბებით.

   ჩვენ გვყავს ჯაბა (გუნდის თვითაღიარებული თილისმა), რომელიც, როცა კი თამაში ან ვარჯიში გვიწევს, რაღაც აუხსნელი ძალებით, მუდამ რაიონში ხდება ხოლმე გასაქცევი, ამიტომ როგორც წესი, არასდროს ესწრება თამაშებს.
  მთვარე, რომელიც, ასევე, მუდმივად ველადაა გაჭრილი, ექსპედიციებში, მაგრამ გუნდის ყველაზე კეთილი და ნათელი წევრია და ამიტომ, ვერაფერს ვეუბნებით :)

 და გუნდის 6 კოპწია გოგო, რომლებიც არიან ყველაზე მაგარი გოგოები - ჭკვიანები, ლამაზები და მხიარულები.

 ქეთი - ქეთი პირველად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან კარგად გავუგებდით ერთმანეთს.  ქეთი ის მოთამაშეა, ვისთან ერთადაც შემიძლია ნადალი-ფედერერის 2008 წლის უიმბლდონის ფინალი დავდო :)  ანუ, ქეთისთან ერთად ვერსიების გაცვლა-გამოცვლა ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის და როცა თამაშზე მოდის, თავს მშვიდად ვგრძნობ, ვიცი, რომ ცუდი შედეგი არ გვექნება.
  სალომე - გუნდის ქერა გოგო სალომე, რომელიც სასწაულ კითხვებს იღებს, როგორსაც სხვა ვერავინ ავიღებდით და მუდმივად ახერხებს ჩვენს გაოცებას. და საერთოდ, მიხარია რომ ამქვეყნად არსებობს სალომე და არა მხოლოდ ჩემი გუნდელი, არამედ ჩემი მეგობარიცაა. რომელიც წერს სასწაულ ლექსებს, ისეთს, რომლებსაც შეუძლიათ სამსახურში მატირონ და მთელი დღე მაფიქრონ.
 კედი - კედიზე წერა მიჭირს, იმიტომ რომ ჯადოსნური საბურველით მოცული გოგოა და როცა გავიგე, რომ ჩემს გუნდში უნდა ეთამაშა, ყველაზე მეტად გამიხარდა. კედი ისეთი გოგოა, რომელიც სულ უნდა ჩაიხუტო და აკოცო.
 თამთა - თამთა არის ყველაზე დადებითი და კეთილი გოგო გუნდში, ჩუმი მოთამაშე, რომელიც საჭირო პასებს აკეთებს.
 სოხიჩა - სოხიჩა გოგოა და ნინო ქვია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ნინო დავუძახო :) სოხიჩა არის გუნდის მოტივატორი და ყველაზე რთულ მომენტებში მედგა გვერდში, როცა მხოლოდ ორნი გავდიოდით სათამაშოდ. მას შეუძლია იჯდეს და იძახოს, არ ვიცი, არ ვიცი, იქნებ ეს არის? და სწორედ "ეს" იყოს სწორი პასუხი :)


  ხოდა ასე, ეს არის ჩემი ვილა "ყიყლიყო".

May the force be with us!

3 comments:

  1. როგორ მიყვარდა, პირველი თავი რომ ასე იყო დასათაურებული: "პეპი ვილა "ყიყლიყოში" სახლდება" :)

    ფანტასტიკურია და კიდევ ბევრ თავგადასავალს გისურვებთ!

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა თინიტა <3

      პეპიმ პირველივე სიტყვებიდან მომაჯადოვა მახსოვს, ისე ხარბად ვკითხულობდი, ვეღარ ვჩერდებოდი :))

      Delete
  2. აუუუ რა მაგარია ^^ ძალიან, მთელი ცხოვრებაა მინდა მეც, მართლა :3

    ReplyDelete