ახლა რომ მითხრან, სადაც გინდა, იქ შეგიძლია წახვიდეო, დაუფიქრებლად გავწევდი ალპებისკენ.
არ ვიცი, ეს სიმღერა რამდენად მოუხდებოდა ჩემს მოგზაურობას, მაგრამ სათაური აქვს ისეთი, როგორიც შეეფერება ალპებისკენ მიმავალი გოგონას თავგადასავლებს.
რაც მსოფლიოს მოსანახულებელ ადგილებზე დავიწყე პოსტების წერა, ძალიან ბევრი კარგი სურათი შევაგროვე საალპო ქვეყნების [ასე დავარქვი იმ ქვეყნებს, რომლებშიც ეს მთათა სისტემა ვრცელდება]. საუბედუროდ, ყველა ეს სურათი დავკარგე. პირობას ვაძლევ ჩემს თავს, რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ მოვიმარაგებ ფოტომასალას და ცალკე პოსტს დავწერ.
თქვენც გირჩევთ, ერთხელაც ადექით, ჩაიცვით ბათინკები და გაეშურეთ სადმე. ეს ძალიან ადვილია, სხვათაშორის. საიდუმლოს გაგანდობთ და გეტყვით, რომ მთავარი იარაღი არის imagination.
აი მაგალითად, ორიოდე დღის წინ მთვარეზე ვიყავი, ნილ არმსტრონგთან და ბაზ ალდრინთან ერთად. გაფრენა საკმაოდ შიშისმომგვრელი იყო - მანამდე ვნახე, როგორ წაეკიდა ცეცხლი რამდენიმე რაკეტას ცდების დროს, მაგრამ როგორც ბაზიც ყვება ხოლმე, უკვე გასაფრენად რომ შედიხარ კაბინაში და მარტო რჩები, ამაზე აღარ ფიქრობ. მთვარეზე რომ დავდგი ფეხი, თითქმის ფიზიკურად ვიგრძენი, როგორი შეგრძნებაა მთელს პლანეტაზე მარტო ყოფნა. შორს დედამიწა მოჩანდა, ძალიან პატარა და მშვიდი, თეთრ ღრუბლებში გახვეული. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ამ პატარა პლანეტაზე არაფერი ცუდი არ ხდებოდა და არც მოხდებოდა.
სახლში რომ დავბრუნდი, საღამოს მაღაზიაში მივდიოდი, ცაში ახალ მთვარეს რომ ავხედე, გავიფიქრე - მე აქ ვიყავი.
თუ თქვენც გინდათ იმოგზაუროთ მთვარეზე, უყურეთ ამ არაჩვეულებრივ დოკუმენტურ ფილმს - In the shadow of the moon.
No comments:
Post a Comment