როცა გარეთ ქარი ღმუის, ძნელია საწოლში მყუდროდ მოკალათდე და უკვე
დამდგარი შვებულების 1 კვირაზე იფიქრო. უფრო რთულია, გეგმები დააწყო, თუ
რის მოსწრება გინდა ამ 1 კვირაში, როცა ათასი რამე გიტრიალებს თავში, აღარ
იცი, ბათუმში წახვიდე, გუდაურში თუ სოფელში (მითუმეტეს ახლა, როცა ბათუმი
ქარმა თუ ზღვამ წაიღო). როცა სტამბულში გამგზავრების ჩაშლილი გეგმა გაწევს
გულზე, ვერ მოგიტოვებია უკან ეს დარდი და რაც უფრო უახლოვდები 30 მარტს,
მით უფრო მეტად გტკივა გული რომ არქივის კონცერტს ვერ დაესწრები.
ისღა დამრჩენია, საწოლში არც ისე კომფორტულად მჯდომმა, ეს სევდიანი სიმღერა
ჩავრთო და უფრო შორეულ სტამბულზე ვიფიქრო, აგვისტოში რომ მელოდება. მანამდე
კი, შვებულების ეს ნალოლიავები 7 დღე როგორმე გონივრულად უნდა გამოვიყენო, ოდნავ
მაინც რომ მოვეგო გონს და ჩემი საბრალო, გაძვალტყავებული მე ჯურღმულიდან
ამოვაძვრინო, და სამაგიეროდ იმ შეშლილ, ნევრასთენიკ გოგოს დავუხურო ლუქი,
რომელიც ბოლო ხანებია მე წარმომადგენს და ხანდახან განსაკუთრებით მაშინებს;
მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ სწორედ ესაა ნამდვილი ნატალია და არა ის,
რომელსაც ბუნება და მოგზაურობა უყვარს.
ყველაფერი
კარგად იქნება. აი, ნახავთ თუ არა. ჩემთვისაც კარგად იქნება და
თქვენთვისაც. უნდა ავდგე და ასე, ნერვიულად ვიმეორო, რომ ყველაფერი კარგად
იქნება. ჯობია პოზიტიური ფიქრებით დავიტვირთო თავი, თუნდაც უიმედოდ, იმიტომ
რომ მჯერა, კარგი კარგს იზიდავს და ცუდი - ცუდს.
არადა ძალიან მეშინია, ძალიან. გარეთ ქარი ღმუის, სახლში ყველანი არ ვართ, ვიღაც გარეთაა და მეშინია.
მინდა ვიცოდე, რომ მამა ერთ ტელევიზორთანაა, დედა და ჩემი ძმა მეორე
ტელევიზორში რამე ფილმს უყურებენ და თან ერთმანეთში ლაპარაკობენ, მე კი
აქ ვიჯდე პატარა ოთახში, მარტო; მაშინ ეს სიმღერა სულაც არ მომეჩვენებოდა
სევდიანად.
მაგრამ სახლში სამნი ვართ, გარეთ ქარი მძვინვარებს და სიმღერა სევდიანად ჟღერს.
გასამხნევებლად მინდა შევახსენო ჩემს თავს რომ გვერდით ოთახში ახალი,
წითელი პომადა და მშვენიერი შავი კაბა მელოდება. ეს ქარიც მალე ჩადგება და
ისევ 7ობა და მზიანი დღეები დადგება, მერე ისევ თამამად შემეძლება
მოვიწერო, რომ მაგრად ვარ, დავრბივარ.
მალე, მალე მოიწერები რო მაგრად ხარ, დარბიხარ.
ReplyDeleteპ.ს. 30 ში მე კი ვიქნები სტამბში მარა არქაივი არ მიყვარს. აი საერთოდ :დ თაიგერ ლილით დავკმაყოფილდები. არაა ეგ დიდად სადარდო ჯგუფი, დაიკიდე :დ
That's pure heaven - little black dress and red lipstick!!!
ReplyDeleteისეთი ფილმის გმირი ხარ, როგორიც თითქოს ბევრია და მაინც უნიკალური, if you know what I mean.
ჰა აბა არის რამე სიახლე შავ კაბასა და წითელ პომადასთან დაკავშირებული???
ReplyDeleteუკვე გამოიდარა და იმიტომ. აღარ ღმუის ქარი და ეს სიმღერა უკვე ოპტიმისტური გახდა.
პ.ს. უი, კარგი გამახსენე ისე. წითელი პომადა მაქვს საყიდელი. რამდენიმე დღის წინ დამიმთავრდა და ვშფოთავ.