Wednesday, January 2, 2013

Over the misty mountains

  რამდენიმე დღის წინ, პატარა, ასე 6-7 წლის ბიჭი იყო ამოსული ოფისში, ხატები იყიდეთო, გვეხვეწებოდა. სახელი ვკითხე, ლევანი ერქვა. პაწაწინა, ჭუჭყიანი სახე ჰქონდა. ხატები არ გვინდოდა, მაგრამ გოგოებმა ფული მისცეს. მეც უნდა მიმეცა, მაგრამ გვერდით ოთახში გავიდა და მერე ისე გამასწრო, ვერ მოვასწარი დაძახება.
  ყელში ბურთი გამეჩხირა.
  მერე დავფიქრდი, შეიძლება ეს პატარა, მტვრიანი ბავშვი ძალიანაც ბედნიერია, იმიტომ, რომ ვერ ხვდება, რომ უჭირს, რომ მისი ცხოვრების წესი არ არის კარგი, რომ ის ხატებს არ უნდა ყიდდეს კარდაკარ.

    გამახსენდა, თუ როგორი იყო ჩემი ბავშვობის ახალი წლები. 

  მახსოვს, ერთ წელს, ნოემბერი იყო თუ ოქტომბერი, გარდერობში, ტანსაცმლის ქვეშ, ერთი შოკოლადის ფილა და 2 ჭრელი ბუშტი ვიპოვე. რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე ავდიოდი სკამზე და ვამოწმებდი, ისევ იქ იდო თუ არა. ვერ ვბედავდი დედასთვის მეთქვა. ერთ დღესაც, რომ ვეღარ მოვითმინე, ჩამოვიღე შოკოლადი და დედას მივუტანე, აი ეს ვიპოვე და გამოგადგება-მეთქი. მეგონა გაუხარდებოდა.  ჩემი მოლოდინის მიუხედავად, დედა გაბრაზდა, მე კინაღამ ვიტირე.
 მოგვიანებით გამიმხილა, რომ  საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების შეგროვებას რამდენიმე თვით ადრე იწყებდა, ახალი წლისთვის თოვლის პაპას რომ მოეტანა ჩვენთვის. მე რომ ეს დამალული საჩუქრები აღმოვაჩინე, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდა.

   მახსოვს, ერთ ახალი წელს, 12 საათი რომ გახდა, ფანჯრის ქვეშ, ნაძვის ხესთან ვიყავი ჩამჯდარი და სალიუტებს (ასე ვეძახდით სხვადასხვა ფერის, მოციმცე ვარსკვლავივით ნათებებს, რომლებსაც ახალ წელს ისროდნენ) ვეღარ ვხედავდი, ვინაიდან მეზობლად ავტომატებს ისროდნენ და ბრმა ტყვია რომ არ მოგვხვედროდა, დედა და მამა ფანჯრიდან არ გვახედებდნენ.

  მახსოვს, როგორ მიხაროდა თითოეული კანფეტი თუ საღეჭი რეზინი, რომელსაც თოვლის პაპა მომიტანდა, ყველაფერს საგულდაგულოდ ვინახავდი და ვიზოგავდი, რაც შეიძლება დიდხანს რომ მყოფნოდა.
 მახსოვს ყველა სათამაშო, რომელიც მოუტანია  სხვადასხვა წლის განმავლობაში.
 მახსოვს, როგორ ველოდებოდი სანატრელ კაკუნს კარზე, რომ გავვარდნილიყავი და კარებთან დაწყობილი პარკები ამეტაცა. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ერთხელ მაინც დამენახა ეს თეთრწვერა კაცი, რომელიც ყოველთვის უჩუმრად ახერხებდა გაპარვას.
  ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო. რომ ვიგონებ იმ შეგრძნებებს, სულ ერთი ბეწოთიც არ უახლოვდება ეხლანდელი სიხარული იმ განცდებს.



  ეს არასაახლწლო სიმღერა ძალიან უხდება ამ პოსტს. მთელი დღეები ვუსმენ, მერე  დავდივარ და ჩუმად ვმღერი: ”Far over, the misty mountains cold.."

 

3 comments:

  1. არასდრის არ მოუტანია თოვლის ბაბუას არაფერი ჩემთვის. ან, ისე ღრმა ბავშვობაში, რომ არ მახსოვს. მოგვიანებით, დედა მჩუქნიდა საჩუქრებს ახალ წელს და ვიცოდი, რომ დედასგან იყო. ამიტომ, ძალიან მშურს ყველასი, ვისაც თოვლის ბაბუის ილუზია და მოლოდინი ჰქონდა ახალ წელს :(

    ReplyDelete
  2. რა კარგი ხარ, ნატალია:* სულ ამის თქმა მინდა ხოლმე,შენ პოსტებს რომ ვკითხულობ.

    ReplyDelete
  3. ძალიან კაი პოსტია :) კაი დრო იყო : ((((

    ReplyDelete