Wednesday, December 15, 2010

დამწყები ბლოგერები, ძველი ნივთები და რუსული ფილმები

  დამწყები ბლოგერების პოსტები მიყვარს - ისეთი გულახდილია ყველა; მომწონს, თუ როგორ წერენ -  სად იყვნენ დღეს, რა გააკეთეს და ა.შ მეც ასე ვწერდი თავიდან, უფრო გულახდილად და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მოვლენებზე ვფიქრობდი - აი, ეს ბლოგზე დასაწერად გამოდგება..  წერის სტილი აშკარად უფრო დამეხვეწა, სამაგიეროდ, ყველაფერზე აღარ ვწერ. მაგალითად ახლა, იმდენი იდეა მომდის და ჯერ გადავახარისხებ ხოლმე, ბოლოს კი პოსტისთვის მხოლოდ ერთი რჩება, ან არც ერთი. მე კიდევ მიყვარს ეს დამწყები ბლოგერები და მათი პოსტები. თუმცა, ახლანდელი დამწყები ბლოგერები აღარ გვანან კლასიკურ დამწყებ ბლოგერებს, იმიტომ რომ საქართველოში უკვე ბევრს აქვს ბლოგი და წინასწარ იციან, რაზე უნდა წერონ. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრს აქვს ბლოგი, ის ჯერ კიდევ არ იციან, როგორ უნდა წერონ. პრობლემა ყოველთვის ამაშია.

   როგორ დამღალა ამ ფეისბუქმა, ამდენმა ხალხმა და მათ აზრებმა. სულ 250-მდე მეგობარი [ბოდიში, ფრენდი] მყავს და უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ უცხოს. ლამისაა ჩამოვუარო და უმეტესობა წავშალო, მაგრამ თავს ვიკავებ. იმიტომ რომ ასეთი თვისება მაქვს, სახლში არაფერს არ ვაგდებ - ძველ ტანსაცმელს, სკოლის რვეულებს, უნივერსიტეტის ქსეროქსებს, ვაგროვებ და ვაგროვებ, იქნებ რამეში დამჭირდეს-მეთქი. თუმცა, ჯერ არაფერში დამჭირვებია.

   ეს ორი დღეა ისტერიულად ვუყურებ რუსულ საახალწლო ფილმებს [არა, ბედის ირონიას არა], თანამედროვე ფილმებს. ჯერ რაც ვნახე, არც ერთი კაპიკად არ ვარგოდა. ერთი უნახავი მაქვს და შეიძლება კიდევ გადმოვწერო. მაინც მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, ხალხი როგორ დადის მაღაზიებში, პროდუქტს ყიდულობს და მერე თბილ სახლებში მიაქვთ. რუსული ბინები ცალკე ფენომენია - რაღაცნაირი, თბილი. დედას უყვარს ძალიან და ალბათ იმის გავლენაა, მეც რომ მომწონს. ასე, შორიდან, ფილმებში დანახული.

  რა უბედურებაა, ამდენ განსხვავებულ თემაზე დავწერ ერთ პოსტში და მერე აღარ ვიცი, როგორ დავასათაურო ხოლმე. ახლა უნდა ვიჯდე ცოტა ხანი და ვიფიქრო.
  ჰო, აქვე კითხვა დამებადა, პოსტის სათაურს როგორ იფიქრებთ ხოლმე, რის მიხედვით?

7 comments:

  1. პოსტების სამი სიტყვით დასათაურება ასე მგონი რომ მე დავიწყე (მე მგონია ასე, ალბატ ვცდები) მერე მივხვდი რომ გავცვითე ეს სამსიტყვიანი დასათაურება "რაღაცა, რაღაცა და რაღაცა"-ს რიტმით, და ეხლა ვცდილობ გადავაგდო.

    ბევრ რამეს როცა მიედ-მოედები კიდე, სამ სიტყვიანი ყველაზე კარგია:)

    ფილმებს რაც შეეხება, გაეშვი თანამედროვე რუსულებს, მართლა არ ვარგა კაპიკად არცერთი.მეორე არხზე გადის ეხლა კარგი ფილმი:)

    http://www.imdb.com/title/tt0119004/ და აი ამას ველოდები, სულ რამდენიმე წუთში მექნება, ჩავრთავ და ვუყურებ.

    რა არაჩემეული კომენტარია. მაგრამ გულწრდფელი, თავში ვრაც მომივიდა, ესაა/.

    ReplyDelete
  2. Anuschka, რა კარგი ფილმი ჩანს ეგ, ნეტავ ქართულ საიტებზე თუ დევს? ხო, ეს სამსიტყვიანები ასეთ არეულ პოსტებს უხდება :) ბევრი ფიქრი დამეზარა და..
    პ.ს მე გულწრფელობა ყველგან და ყველაფერში მიყვარს :)

    ReplyDelete
  3. მეც დავჯდები და ვუყურებ რუსულ საახალწლო ფილმებს, გარემო მაინც არაა საახალსწლო და... :შ

    ReplyDelete
  4. პირად თემებზე ჯერ სათაური ჩნდება, შემდეგ მოდიან აზრები. თუმცა არიან შემთხვევევბი, როცა ჯერ პოსტს ვწერ და მერე სათაურს ვარჩევ :)

    ReplyDelete
  5. ჩემი ამბავიც ძალიან ჩამოჰგავს შენსას, ნატალი სან. მე ვაბშე მგონია, რომ ცხოვრების მეორე წრეს გავდივარ და განვითარებას თავიდან ვიწყებ.

    ReplyDelete
  6. ტირილის ხასიათზე ვარ ისედაც მთელი დღე და ეს პოსტი "სტიმული" გახდა... :/ მეც ვუყურებ რუსულ ფილმებს, ოღონდ ძველებს და მეტირება, არ ვიცი რაზე, 70–იანები საერთოდ არ მინახავს და 80–იანებიც ბუნდოვნად მახსოვს :| დედაჩემსაც უყვარს რუსული ფილმები, ბინები, ენა და აშკარად მეც ამიტომ მიყვარს. სასწაული ძალა აქვთ დედებს, ისე, უთქმელად შეგაყვარებენ რაღაცებს.

    მეც შემძულდა ფეისბუქი. 400 ფრენდიდან, მგონი 300 დაჰაიდებული მყავს :| ამდენი აგრესია, სარკაზმი და უზრდელობა საიდან აქვს ხალხს, ვერ ვხვდები და ზოგჯერ მიხარია კიდეც, რომ ძალიან შორს ვარ ასეთი საზოგადოებისგან.

    მეც მომინდა ანუშკას ფილმის ნახვა, ამბერ ბენსონი მონაწილეობს, ჭკვიანი გოგოა. ლეო დი. კიდევ – ჩემი ბავშვობის სიყვარული :/

    ReplyDelete
  7. Sophie, მე ჩამოვუარე გუშინწინ და 30-მდე 'მეგობარი' წავშალე. რატომ მყავს ეს სრულიად უცხო ხალხი ფრენდებში, ვერ ვხვდები.
    დედებს მართლა საოცარი ძალა აქვთ და ამაზე სულ მენერვიულება, რომ ოდესმე ჩემ შვილს კარგი გავლენები გადავცე :)

    ReplyDelete