Showing posts with label Football. Show all posts
Showing posts with label Football. Show all posts

Monday, July 12, 2010

La furia roja

  იცით, რაღაც საკითხებში ეგოისტი ვარ. რაც მე ძალიან მიყვარს და ჩემია, არ მინდა ყველას უყვარდეს; არ მინდა, საქვეყნოდ იყოს ცნობილი და ყველა ამაზე ლაპარაკობდეს. მინდა რომ მხოლოდ მე ვატარებდე გონებაში და მერე სხვებს ვუყვებოდე. უფრო სწორედ, ვწერდე. თორემ ხმამაღლა არც მიყვარს ჩემეულ რაღაცეებზე ლაპარაკი.

   ადრე მოყოლილი მაქვს, თუ როგორ შემიყვარდა ესპანეთი. რაულიდან დაიწყო ყველაფერი, ასე 2000-2001 წლებში. მომეწონა რაული, მერე გავიგე რომ ესპანელი იყო, და შემიყვარდა ესპანეთი. მას მერე მიყვარს. თუ როგორ მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის მგონი, ვინც ამ ბლოგზე ორჯერ მაინც შემოსულა :) 

 ახლა, მხოლოდ ფეხბურთის კუთხით რომ განვიხილო - თავიდან უფრო მეტად რაული მიყვარდა, ვიდრე თვითონ ნაკრები. და თამაშებზეც სულ რაულს ვეძებდი, ოღონდ თვალი მომეკრა. მოკლედ, თინეიჯერული ამბები. 

  მე მახსოვს ესპანეთი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაშს იგებდა, თან დამაჯერებლად, და შემდეგ პირველივე, ან მეორე მატჩებში მარცხდებოდა. საკმაოდ განვიცდიდი. ზოგადად, მე არ ვარ ფეხბურთის მოყვარული, ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით. გამოთქმა 'ეს უფრო მეტია, ვიდრე სპორტი' არასდროს განმიცდია ფეხბურთის ყურებისას. ერთი-ორჯერ მქონდა ეს მომენტი ჩოგბურთზე. მაგრამ არც ჩოგბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრად ვთვლი თავს, თუმცა ყველაზე მეტად მიყვარს. ან შეიძლება მხოლოდ ჩოგბურთის გულშემატკივარი ვარ, ვინ იცის.

  მოკლედ, იმას გეუბნებოდით, რომ ესპანეთი, როგორც ერთი მთლიანი, 2008 წელს აღვიქვი, როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. თავიდან გადავწყვიტე, რომ აღარ მეგულშემატკივრა მათთვის, ვინაიდან გულწრფელად მჯეროდა, რომ მე მათთვის ცუდი იღბალი მომქონდა. ხანდახან ცრუმორწმუნე ვარ, ვაღიარებ. მაგრამ პირველივე თამაშს ვუყურე და ბოლომდე ასე მივყევი. 

 მერე კი დაიწყო ის, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. რაღაც ჩემი, საყოველთაო გახდა. ხალხმა ესპანეთის შესახებ გაიგო და რახან ჩემპიონები გახდნენ, ჩათვალეს რომ მათთვის უნდა დაეჭირათ მხარი, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა. 

 და აი, წელს 'მიდგა'. 

 გუშინ ბოლო წუთებზე ტელევიზორს გამოვეცალე და კომპიუტერში გრეის ანატომია ჩავრთე, ყურსასმენები გავიკეთე და ხმამაღლა ავუწიე, კომენტატორის ხმას ჩემამდე რომ არ მოეღწია. არადა საერთოდ ვერ აღვიქვამდი, რას ვუყურებდი. თან ანგარიშს ვნახულობდი, აკანკალებული ხელებით. 

 იცით, რას ნიშნავს, როცა 117-ე წუთზე [როცა თამაში 120-ე წუთზე უნდა დამთავრდეს] შენი გუნდი გოლს გაიტანს? 

 იმას, რომ ყურსასმენები ნერვიულად მოიძრო ყურებიდან, წამოხტე, ხმამაღლა იყვირო და იხტუნო.  


 ესპანეთი საყოველთაო გახდა. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემი ესპანეთი ჩემთან რჩება, და მას ვერასდროს გაიცნობენ.


p.s

 რაფაელ ნადალმა 2008 წელს როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო. იმავე წელს, ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს, რაფამ მეორედ შეასრულა 'დუბლი' და კვლავ, როლან გაროსი - უიმბლდონი მოიგო. ესპანეთის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.