ადამ დრაივერს რომ შევხვედროდი, ბრუკლინში, რომელიმე ჰიპსტერულ coffee shop-ში. კაფის ინტერიერი იქნება მუქი ფერის აგურებით გაწყობილი, მუქი ფერის, ხის პატარა მაგიდებით. ადამი სწრაფი და მძიმე ნაბიჯებით შემოვიდოდა, თავაზიანად გამიღიმებდა და მტკიცედ ჩამომართმევდა ხელს. მე წინასწარ მექნებოდა დაგეგმილი, რომ black coffee-ს შევუკვეთავ, მაგრამ ბოლო წამამდე ვერაფრით გადავწყვეტდი, ყავაზე რა მიმეყოლებინა. აღელვებული ბარისტასთან საუბრისას უცებ გადავწყვეტ, რომ ნუშის კრუასანი მინდა (თუმცა კრუასანი არ მიყვარს). ბარისტა ახალგაზრდა და ენერგიული იქნება, მხიარულად გამოგველაპარაკება, მაგრამ მე შორიდან ჩამესმება, რას ამბობს, და უხერხულად გავუღიმებ, რომ ვერ მიხვდეს, მისი სიტყვები საერთოდ არ აღწევს ჩემამდე.
სანამ ყავა გამზადდება, ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხდებით.
ვზივარ და თავში ელვის სისწრაფით დამირბის აზრები, ისეთივე ქაოტურად, როგორც მირანდა პრისლის ოფისში მოსვლამდე წამებით ადრე დარბიან თანამშრომლები. რაზე ველაპარაკო ადამ დრაივერს? რა ვუთხრა ისეთი, რომ განსხვავებული და აქამდე არნათქვამი იყოს და ადამი
გავაოცო, დიდი შთაბეჭდილება მოვახდინო მასზე, მე ვიყო მისი პირველი ფანი,
რომელზეც ის გადაირევა და იტყვის, რომ ასეთი არავინ უნახავს და მერე სულ
ვემახსოვრები. რა ვუთხრა, როგორ მომწონს მისი როლები? ალბათ, ათასჯერ მოუსმენია. როგორ ნიჭიერ მსახიობად ვთვლი? ალბათ ეს კიდევ უფრო მეტჯერ უთქვამთ მისთვის. რა ვუთხრა?
რა ვუთხრა ადამ დრაივერს?
- იცით, მე ბენ სოლო მიყვარს - უცებ ვამბობ და ფიქრის ნაკადი მიწყდება.
გაოცებულმა ამომხედა, არა იმდენად სიტყვების შინაარსის გამო, უფრო იმიტომ, რომ სიჩუმე დავარღვიე. გაოცება ღიმილით შეეცვალა, მაგრამ ეს ღიმილი მხოლოდ თავაზიანია, არანაირი შთაბეჭდილება არ მომიხდენია.
- კონკრეტულად რომელი სცენა, იცით? აი ბოლოს, რეი რომ ლაითსეიბერს გადმოგცემთ და უცებ უკნიდან იღებთ, ეგ მომენტი ხომ ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მე უფრო მომდევნო მიყვარს, ის ჟესტი, შებრძოლების წინ ხელებს რომ გაშლით და ოდნავ თავს დაუკრავთ მოწინააღმდეგეებს. აი ეგ სცენა იცით, რამდენჯერ მაქვს ნანახი? - უცებ მახსენდება, რომ ადამი თავის მონაწილეობით ფილმებს არ უყურებს და სავარაუდოდ, ეს სცენა საერთოდ არ ახსოვს.
ხომ შეიძლებოდა, დამეწყო პატერსონით! რომელიც ჩემი ყველა დროის საყვარელი ფილმია, თან ჯიმი ჯარმუშისაა და ალბათ უფრო ჭკვიანს და საინტერესოს გამომაჩენდა (ალბათ), მაგრამ აარა! ორიგინალობის მცდელობა ჩანასხშივე მოვკალი.
კაფის კარი იღება და ვიღაცები სიცილით შემოდიან. ადამი წამიერად ხმის მიმართულებით იხედება.
- მაგ მომენტში ჩანს, რომ კაილო რენი აღარ ხართ - ადამის მზერას თვალს ვაყოლებ და ვაგრძელებ. - არამედ ჰან სოლოს შვილი, ზუსტად მისნაირი მიდგომაა, დაძაბულ სიტუაციაში ირონიული დამოკიდებულება მოწინააღმდეგის მიმართ.
უცებ ცნობიერების ნაკადი მიწყდება და ვეღარ ვაგრძელებ, ამიტომ თვალებშიც ვეღარ ვუყურებ, ჩემი დამცავი იარაღი - სწრაფი და არეული ლაპარაკი დავკარგე და საშინელ უხერხულობას ვგრძნობ, აქეთ-იქით ვაცეცებ თვალებს. და ამ დროს, როგორც ფილმებში, უიმედო მდგომარეობაში მხსნელი გამოჩნდება მოულოდნელად, ახლაც ჩემი როჰანელები გამოჩნდნენ - ჩემი ყავა და კრუასანი მომიტანეს.
ადამს აღარ ვუყურებ, ყავაში შაქარს ვყრი, და კოვზის აღებისას მეტყობა, ხელები როგორ მიკანკალებს. ხელები რომ მაგიდის ქვეშ დავმალო, მიხვდება, რომ მღელვარების დაფარვას ვცდილობ. ამიტომ კრუასანს ვიღებ და ფენებს ვაცალკევებ. კრუასანი სავსეა ნუშის პასტით და სურნელი მამცნობს, როგორი გემრიელი იქნება. პატარა ნაწილს ვიღებ და პირისკენ მიმაქვს, როცა ადამის ღრმა, ძლიერი ხმა მესმის - ნუშის კრუასანი მეც მიყვარს.
ხელი ჰაერში გამიშეშდა და სწრაფად შევხედე. დაკვირვებით მიყურებს და იღიმება.
- მართლა? - კრუასანს პირში ვიტენი და ისე ვაგრძელებ სწრაფ საუბარს - არ ფიქრობთ, რომ ნუში დამოუკიდებლადაც საოცარი რამ არის? და დესერტებს როგორ აკეთილშობილებს! - ლაპარაკისას ხელებს სწრაფად ვიქნევ - აი, დააკვირდით, ამ კრუასანს რომ ჩაკბიჩავთ, ჯერ ცომის ცხიმიან ნოყიერებას იგრძნობთ და მერე ნუშის რაღაცნაირი, მიწიერი არომატი ემატება, რომელიც გემოებს უფრო დამჯდარს და ხანგრძლივს ხდის - სხაპასხუპით ვამბობ.
უცებ ვამჩნევ, რომ ადამი მისმენს, არა თავაზიანად, არამედ ყურადღებით. მე ვჩუმდები და თვალებში ვუყურებ. ნუშისებრი თვალები აქვს (იმედია, ამას ხმამაღლა არ ვეტყვი).
- მაგრამ კრუასანი არ მიყვარს, მხოლოდ ნუშის გამო ავარჩიე - ვამატებ და კიდევ ერთ დიდ ნაგლეჯს ვიტენი პირში.
მერე კი ადამს მზერის საპასუხოდ ვუღიმი.
რა ხარ!
ReplyDeleteმეც ხშირად წარმომიდგენია (და მიყვარდა ეს პროცესი) რას ვიზამდი ან რა ვითარებაში შევხვდებოდი ჩემს საყვარელ მსახიობს.
პირველ წელს რომ სამსახიობოზე არ მიგიღო, ის კაცი მაჩვენე, კაი გამარჯობას ვეტყვი-თქო :))
სიმღერამ მომხიბლა ბოლო ფილმებში, როგორც გითხარი. თავიდან GIRLS-ით გავიცანი. პატერსონი ხომ არის და არის :)
<3 <3
მე როდესაც ძალიან გატაცებული ვარ ვინმეთი, იმდენ ინტერვიუს თუ სხვა ვიდეოს ვუყურებ მასზე, უკვე მგონია რომ კარგად ვიცნობ ხოლმე : ))
Deletehttps://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-8075431/Ben-Affleck-fights-tears-shares-Adam-Driver-did-special-son.html
ReplyDeleteნახე, რა უქნია ადამს :) <3
ვაი, თინა, ეს კომენტარი ახლა ვნახე :O <3 უფრო მეტად როგორ უნდა შემყვარებოდა, არ ვიცი, მაგრამ მიყვარს <3
Delete