Monday, August 14, 2017

ძვირფას მეგობარს - ზაფხულის წერილი

ზაფხული თითქმის მიიწურა. დღეები ისე გაფრინდნენ, რომ მოხედვაც ვერ მოვასწარი. არადა მეგონა, ბევრ რამეს გავაკეთებ-მეთქი. ზედმეტად სწრაფია ეს ზაფხული, ზლაზნია დღეები კი არ აქვს, როგორც შარშანდელს, პირიქით, მიქრის, მიქრის და მღლის. შარშან კი, დღეები ისე ნელი იყო, რომ "ქარის სახელი" ერთ დღეში წავიკითხე. თითქმის 1000 გვერდიანი წიგნია. როგორ ნათლად მახსოვს ის დღე. იმ ზაფხულის კიდევ ბევრი სხვა დღე მახსოვს ცხადად. მაგრამ ახლა შარშანდელ ზაფხულზე არ გწერ, ამ ზაფხულზე მინდა, გელაპარაკო.

სამსახურიდან ისეთ დროს გამოვდივარ ხოლმე, როცა ყველაზე მეტად, ყველაზე აუტანლად ცხელა. ჩავუყვები დაღმართს და ხანდახან მგონია, რომ აი, ახლა დავეცემი სიცხისგან, აი ახლა დავკარგავ გონებას. წლევანდელი ხვატი ძალიან გაუსაძლისია ჩემთვის.

არა, ძვირფასო მეგობარო, ასეთ ყოფით საკითხებზე არ მინდოდა, მომეწერა. მაგრამ ბოლო დროს დამჩემდა, რაც მართლა მაფორიაქებს, რასაც ვგრძნობ და განვიცდი, იმას ვერ ვამბობ ხმამაღლა და ამის ნაცვლად, სიცხეზე ვჩივი ხოლმე, ან სრულიად არასაჭირო  წვრილმანებზე. თითქოს ქარაფშუტა გავხდი, მეორე უკიდურესობაში გადავვარდი. ადრე პირიქით ვიყავი, small talk-ები საერთოდ არ გამომდიოდა, ჩემს საყვარელ თემებზე კი (წიგნები იქნებოდა ეს თუ რამე საქმიანობა), საუბარი მიჭირდა. ამაზე ბევრი ვიმუშავე და ახლა თითქოს მეორე მხარეს გადავვარდი. სადღაც შუალედში, წონასწორობაში მჭირდება დაბრუნება.

იმ დღეს ვფიქრობდი, სადაცაა 30 წლის გავხდები და ჩემ გარშემო ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამერიკული კოლეჯის თინეიჯერების მსგავსი წყობა აქვთ შექმნილი. აი, cool სამეგობრო წრით, რომლებიც ცხვირს მაღლა სწევენ და სხვებს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უმტკიცებენ, თუ როგორი მაგარი მეგობრები არიან და თითქოს გთხოვენ, რომ მათი მეგობრობის გშურდეს. ჩემი ასაკის არის ეს ხალხი, ჭკვიანი, მოაზროვნე ადამიანები. მაგრამ ეტყობა, ამერიკული კოლეჯის სინდრომს საქართველოში ასაკი არ აქვს ☺

რამდენიმე დღის წინ კი ახალი აპლიკაცია გავრცელდა, სადაც მსურველებს ანონიმურად შეეძლოთ, მოეწერათ. ცნობისმოყვარეობის გამო გავაკეთე. 2 დღეში გავაუქმე. არც მომბეზრებია, არც ბევრი უარყოფითი მიმიღია, უბრალოდ მივხვდი, რომ სისულელე იყო.
სულ 39 წერილი მივიღე. აქედან ორი იყო ისეთი, გულში რაღაც ჩამწყდა, რომ წავიკითხე. არა იმიტომ, რომ რაც ეწერა, ტყუილი იყო. პირიქით, სიმართლეს ამბობდნენ. არც იმიტომ, რომ სიმართლის წაკითხვა არ მესიამოვნა.
ამ წერილებს მეგობრები მწერდნენ და მკიცხავდნენ. მეგობრები. ანუ მათ ჩემში რაღაც თვისება არ მოწონთ და ამას არ მეუბნებიან, ალბათ არც არასდროს მეტყვიან. იმ ფაქტის გაცნობიერებამ მატკინა გული, რომ მათ ამის ხმამაღლა თქმა არ უნდათ ჩემთვის.

ვერც კი ვხვდები, ვინ შეიძლება იყვნენ, შეიძლება ერთი ადამიანია ორივე წერილის ავტორი.
თუ წაიკითხავთ ამ პოსტს, ძალიან გამიხარდება, თუ დაუფარავად მომწერთ და მეტყვით, ვინ იყავით ☺ მართლა ძალიან მინდა. და ვეცდები, გამოვასწორო ის, რაც თქვენ დისკომფორტს გიქმნით ჩემთან ურთიერთობისას.
წერილებს სრულად არ გამოვიტან აქ, მაგრამ ავტორები რომ მიხვდნენ, წერილები იყო:
1. არასაკმარის დროზე. არავის აქვს ამდენი დრო, რომ დაგითმოსო, მწერდი :)
2. ჩემს ბუტიაობაზე და ბავშვურ ხასიათზე, ადვილად რომ მწყინს ყველაფერი ☺

სულ ეს იყო.

Tuesday, August 1, 2017

ეს ზაფხული




* * *

Ipsy-ში გავწევრიანდი; ერთადერთი მიზნით - მაინტერესებს, რაც ჩამომივა, იმ საშუალებებს თუ ვიხმარ.

ამ ეტაპზე თავის მოვლა ჩემთვის შემოიფარგლება: სახის დასაბანი საშუალებით, სახის დამატენიანებელი კრემით, ტანის ლოსიონით და ძალიან იშვიათად - სახის სკრაბით.
დეკორატიული კოსმეტიკიდან კი მხოლოდ პომადას ვიყენებ. თვალის ლაინერი ვცადე და სულ თვალები მეწვის, ტუში არასდროს მახსენდება.
ასევე ძალიან, ძალიან იშვიათად ვხმარობ ბბ კრემს და კიდევ უფრო იშვიათად - ტონალურ კრემს (ზაფხულში სახეზე რამეს როგორ ისვამთ? ასე მგონია, ყველაფერი ზედ ჩამომეღვენთება).


* * *

სოფი გოლდენი მომენატრა! თავის ქარიშხლიანი ბლოგით და Mamma Sophie ამბებით. აღადგინე ბლოგი, სოფი, გთხოვ!


* * *

სოფლის სიჩუმესა და სიმწვანეში მინდა დასვენება, 1 კვირით. დღეები რომ ძალიან გაიწელება და არაფერი მექნება საკეთებელი, ყავის სმის და კითხვის გარდა.


* * *

რაღაცნაირი ზაფხულია. თან კარგია და თან ცუდი. თავს უნდა შევუძახო რომ ესეც გაივლის.


* * *

ესეც გაივლის!