Saturday, January 16, 2016

#პოსტისსათაური

იანვრის 16, შაბათი. გარეთ მზიანი დღეა. ჩემს ოთახში ყავის და ციტრუსების სუნი დგას.

   შუადღისკენ, ოთახის მილაგებას რომ მოვრჩი და ყავა დავისხი, მომინდა ჩამოვმჯდარიყავი ლეპტოპთან და ბლოგებისთვის ჩამომევლო. ზუსტად ისეთი პოსტების წაკითხვა მომენატრა, რაც ყველაზე ხშირად იწერებოდა (და კრიტიკდებოდა) ოდესღაც - დღეს ესა და ეს ვჭამე/დავლიე. ყოველდღიურობა, მოკლედ.

    ბლოგზე რომ შემოვედი და უახლეს პოსტებს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ აღარავინ წერს. ამიტომ ისევ ოფისს ვუყურე. ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო შოუს ისტორიაში. ბოლო სეზონზე ვარ უკვე და რომ მოვრჩები, იმ სიცარიელის შეგრძნება არ მინდა, "ახლა რაღას ვუყურო"-ს რომ მოაქვს.

  ფილმებს ვეღარ ვუყურებ. ბევრი ვიცი, ვინც იგივეთი იტანჯება. ალბათ სერიალების ბრალია. უფრო მცირე ხანგრძლივობისაა თითქოს, მაგრამ ერთდროულად იმდენ სერიას ვუყურებ, საბოლოოდ არაერთ ფილმს რომ ვნახავდი.

 ორშაბათის ლექციისთვის რაღაც მაქვს მოსამზადებელი და უკვე შევუდექი პროკრასტინაციას - ჩავმოვსქროლე ფეისბუქი და თამბლერი, გადავამოწმე ყველა მეილი, იუთუბზე ჩავრთე უცნობი რექომენდიდ სიმღერა (იხ.პოსტის ბოლოში), დავიწყე ამ პოსტის წერა. Damn, I'm really good at procrastinating.

 ყოველ წუთს თითებს ვყნოსავ, ფორთოხალ-მანდარინის სუნი მაქვს და ტუჩებზე ჯერ კიდევ შემომრჩა ფორთოხლის მომჟავო, მწკლარტე გემო. წუხანდელი სიზმარი არ მინდა მახსენდებოდეს (არაფერი პერვერტული) ყოველ წუთს. როგორც სჩანს, ჩემს ქვეცნობიერს ძალიან უყვარს რაღაცების შელამაზება და სიზმარში შემოპარება.