Friday, July 18, 2025

ჩემი ბებო

თავს როგორ ცუდადაც არ ვგრძნობდე, ერთი ადგილია, რომელზე ფიქრსაც კი შვება და ნუგეში მოაქვს - ჩემი სოფელი. 

ჩემი სოფელი, სადაც ჩემი ბავშვობა ინახება, ხელუხებლად არის დაკეცილი მოგონებები და ძველ, ხისგან გამოხრულ კარადაშია ჩალაგებული. 

სოფელი ჩემი ბებოს გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენს ძველ, ხის აივნიან სახლში ბებოს გარეშე დარჩენა არასდროსაა სრულყოფილი. ამ სახლში ჩემი ბავშვობის მრავალი ზაფხულია, და ერთი-ორი - ზამთარიც. ზაფხულები კი მრავალი იყო. დილაობით ყოველთვის მაღვიძებდა ერთი კადრი - ბებო აივანზე ფუსფუსებდა და ელექტრო პლიტაზე ალუმინის პატარა ქვაბით საჭმელს ათუხთუხებდა. ბებოსთვის არ არსებობდა იმაზე დიდი დარდი, ვიდრე ჩემი და ჩემი ძმის უჭმელად ყოფნა, ამიტომ თადარიგს დილიდანვე იჭერდა - ყოველთვის მოხრაკული სუნი მაღვიძებდა, რასაც ვერ ვიტანდი, მაგრამ არასდროს ვამბობდი. იმისათვის, რომ ჭამა ჩვენთვის უფრო მიმზიდველი გაეხადა, ბებომ ასეთ ხრიკს მიმართა - ფურცელზე მენიუ ჩამოწერა და ჩვენ რასაც ავირჩევდით, იმას მოამზადებდა. ჩვენს სოფლის სახლში ზაფხულის ხშირი საჭმელი იყო ლიპა - მოშუშული პომიდორი კვერცხით. ასევე მენიუს ხშირი სტუმარი იყო აჯაფსანდალი. აივნის ბოლოში რკინის საწოლი იდგა, რომელსაც მგონი ლეიბიც კი არ ეფარა, მხოლოდ დღე წამოსაწოლად და საკითხავად ვიყენებდით. გვერდით სკა იდგა, რომელიც მაგიდის მაგივრობას ასრულებდა. ბებომ ეს ადგილი სასადილოდ აქცია და საჭმელსაც აქ მოგვართმევდა ხოლმე. 

მაგრამ ბებო თავის ასეთ დაუზარლობასაც კი აჭარბებდა, როცა საქმე ხინკალს ეხებოდა - შუაღამისას რომ გაგეღვიძებინა და გეთქვა, ხინკალი გავაკეთოთო, უსიტყვოდ წამოდგებოდა, თავსაფარს წაიკრავდა და ცომის მოზელას შეუდგებოდა. არ მახსოვს, ოდესმე ხინკლის გაკეთება დაზარებოდეს. მაშინ გაჭირვება იყო და ხშირად კარტოფილის ხინკალი გვქონდა. თუმცა, ხორცისა დიდად არც მიყვარდა. პატარა, კოხტა ხინკლებს ახვევდა ხოლმე ბებო, ზოგჯერ "ბაჭიებსაც" აკეთებდა, მოგრძოდ დაწნულ ხინკლებს, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარდა და რატომღაც ყოველთვის მხოლოდ რამდენიმეს ვაკეთებდით. ხინკალი რომ მოიხარშებოდა, "ტექსუნის" დიდი, თუნუქის ქილიდან მცენარეულ ერბოს ამოვიღებდით და ხინკლებს ბლომად გადავუსვამდით. კარტოფილის ხინკალს ახლაც იმ დროის გემო აქვს ჩემთვის.

ბებო მთელი ზაფხული მათემატიკაში გვამეცადინებდა. არ ვიცი სხვა ადამიანი, რომელსაც მათემატიკა ასე ძლიერ და ასე ჩუმად ყვარებოდეს, როგორც ბებოს. მთელი დღე რომ ვმჯდარიყავით და გვემეცადინა, არ მობეზრდებოდა. ამიტომ ვისხედით და თოფურიას წიგნიდან დავალებებს ვაკეთებდით. არასდროს მიკითხავს, როგორ ან რატომ აირჩია მათემატიკა პროფესიად. ახლა ძალიან ვნანობ.

სოფელში სტუმარი ერთი დღესასწაული იყო, მეზობლების ყოველ მოსვლას სიხარულით ვხვდებოდით. არ ვიცი, ეს სოფელში რომ ვიყავით ამის გამო იყო, თუ იმიტომ, რომ ბებოს სტუმარი ძალიან უყვარდა. არ მინახავს ვინმე სხვა, სტუმარი ასე ყვარებოდეს. 

ბავშვებიც ძალიან უყვარდა ბებოს. ერთხელ მაღაზიაში პატარა ბავშვი შეხვედრია და ბებო მიფერებია, ეს პატარა ბაჭია ვინ არისო. ბავშვს წარბი შეუკრავს და უპასუხია: ბაჭია თქვენა ხართო. 

ჩვენი ცხოვრება ხომ გარდა ჩვენისა, ვიღაცების მოგონებებშიცაა გადანაწილებული. ჩემი ბავშვობის და მოზრდილობის დიდი ნაწილი ბებოს მოგონებებში იყო. ისეთში, რომელიც მხოლოდ მან იცოდა. მხოლოდ მან იცოდა, ერთხელ, შუაღამისას, სოფელში ცუდი სიზმრისგან შეშინებული როგორ წამოვხტი და ორი ნაბიჯით ბებოსთან ტახტზე გავჩნდი. წავიდა ბებო და ეს მოგონებებიც თან წაიღო. 

და ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

Friday, February 21, 2025

Apocalypse now (?)

 ჰეი, ჩემო ბლოგო.

აქაურობა დღიურად მექცა, თუმცა ეს ალბათ 2009 წელს მოხდა, როცა პირველი პოსტი დავწერე. 

პარასკევია, მე შვებულება მაქვს. დილას გაღვიძებისთანავე არ ავმდგარვარ, არც ტელეფონის სქროლვა დამიწყია, თვალდახუჭული ვიწექი და ვფიქრობდი. მერე ავდექი, შვრიის ფაფა გავიკეთე, ყავა მოვიდუღე და ტელეფონის სქროლვის ნაცვლად ლეპტოპი გავხსენი. ბლოგზე შემოვედი და ჯერ ჩემი, შემდეგ ბლოგთა სამეგობროს პოსტებს გადავხედე. სევდიანი სიამოვნება იყო ძველი პოსტების კითხვა, როცა შედარებით სიმშვიდეში ვცხოვრობდით. ცოტა ხნით რეალობას გავექეცი, მაგრამ კითხვას რომ მოვრჩი, დაბრუნება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. დღეს აღარ გვაქვს ფუფუნება, საკუთარ პრობლემებსა და პატარ-პატარა რამეებზე დავიჩივლოთ და ვიწუწუნოთ, ან თუნდაც რაიმე კარგზე ვილაპარაკოთ - მოგზაურობაზე, გემრიელ საჭმელსა თუ ურთიერთობებზე. დღეს აღარაფერი არ არის ნორმალურად. გავურბივარ იმის ბოლომდე გაცნობიერებას, რომ საუკეთესო წლებს, არა, რატომ წლებს, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ასაკის საუკეთესო დღეებს მუდმივ შფოთვასა და ნერვიულობაში ვატარებთ. 

მსოფლიო კი ყოველ დღე უფრო და უფრო უარესი ხდება.

Wednesday, October 2, 2024

16 წელი

უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს რომ ვუყურებ, ვგრძნობ, რამხელა დროა გასული. რამდენი რამ მოხდა ამ თექვსმეტ წელში. მას შემდეგ სამი სახლი და უბანი გამოვიცვალე, ორი ხარისხი მივიღე და მესამეზე ვსწავლობ ახლა. უამრავი მეგობარი შევიძინე, უამრავ ადამიანს შევხვდი, მათ შორის ზოგმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, კარგიც და ცუდიც. 

ეს ბლოგი კი ამ ხნის განმავლობაში არსებობს და არსებობს.. დრო მიდის, ხან მზე ანათებს, ხან წვიმს და ქარიშხალია, ბლოგი კი მტკიცედ დგას და დროის კვალს ინახავს. ზოგიერთ პოსტს რომ ვკითხულობ, ძველს, წლების წინ დაწერილს, ზუსტად მახსოვს, სად ვიჯექი და როგორ ვწერდი. ესაა დროში მოგზაურობა, აბა რა არის.

მართალია, ბლოგებს დღეს ის ფასი აღარ აქვთ, მაგრამ გაივლის წლები და ჩემთვის ეს ბლოგი ისეთივე (თუ უფრო მეტად არა) მნიშვნელოვანი იქნება, როგორც დღეს ან ათი წლის წინ იყო. ბლოგი, რომელსაც თხუთმეტნახევარი წლის წინ Wonderland დავარქვი და ინტერნეტ-სივრცეში უცნობებისთვის ჩემი გულის კარი გავხსენი. მაშინ ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო ის გულახდილობა, რომლითაც ვწერდი. რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ გაუბედავი და ჩაკეტილი ვიყავი და ჩემი პიროვნების დაფარულ ნაწილს აქ თამამად რომ ვავლენდი, ძალიან დიდ შვებას მგვრიდა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდი, ბლოგი რეალობისგან გაქცევის და თავშესაფრის ერთადერთი გზა იყო. მაშინდელ რეალობას ჩემ გარშემო კი მართლაც გაქცევა სჭირდებოდა. აქაურობა კი სუფთა ჰაერი იყო. ყველაფერი კარგი იყო, რაც იმ დროს ძალიან მჭირდებოდა. 

არ ვიცი, ახლა რამ გამახსენა ეს ფაქტი, მოულოდნელად დამკრა თავში და დავაფასე.

Wednesday, September 18, 2024

გამარჯობა

გამარჯობა. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ეს დღე მიყვარს, თუმცა იმდენად მიყვარს, რომ ერთმა პატარა რაღაცამ შეიძლება საშინლად გამიფუჭოს ხასიათი და მთელი დღეც თან მიჰყვეს. 

ამ დღეს ბედნიერიც ვარ და მელანქოლიურიც. როგორი უმნიშვნელოა წლები და ასაკი, როცა ისევ ის ადამიანი ხარ. რაღაც ერთი განგრძობითი პროცესი ხომაა ცხოვრება და გვიჭირს ცვლილებების შემჩნევა. ოცი წლის მე პირდაპირ ოცდაჩვიდმეტი წლისაში რომ გადმომხტარიყო, ძალიან გაუკვირდებოდა და ეუცხოებოდა ყველაფერი. მაგრამ ახლა, ამ პროცესში მყოფი რომ ვიყურები უკან, ოცი წლის ასაკი არც ისე შორი ჩანს. პირიქით, ოცდაჩვიდმეტი უფრო შორია, თითქოს სადღაც უკან, სხვა ასაკში დავრჩი და გაოცებული ვუყურებ კალენდარს, სადაც ოცდაჩვიდმეტი წლის ვარ. ამაზე ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ. ამ ასაკზე, როცა უკვე "ახალგაზრდა მეცნიერს" აღარავინ მიწოდებს ალბათ. თუმცა არც ასაკოვანი არ ვარ, მაგრამ რომელიმე სფეროში "ახალგაზრდათაც" აღარ ვითვლები. ძალიან უცნაური შეგრძნებაა.

ვიღაცები ამბობენ, ასაკი მხოლოდ რიცხვებიაო, რადგან შინაგანად ვერ გრძნობენ, რომ ვიღაცისთვის უკვე სხვა თაობა, დიდები არიან. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმას, რომ ახალი თაობისთვის დიდი ვარ. ალბათ, არც არაფერი. უფრო იმის გააზრებაა უჩვეულო, რომ მომავალი თაობა აღარ ვარ, თაობა, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს. მე უკვე ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ არა დროში წინ, არამედ ცხვირწინ. სწორედ ამის დაფასებას უნდა მივეჩვიო. არ ვიტყვი, ამის დაფასება უნდა ვისწავლო-მეთქი, რადგან ნასწავლი მაქვს. ჯერ ჩვევაში არ გადამზრდია ოღონდ.

ამდენი რამ გამოვიარე და ვნახე უკვე, და მაინც, ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, ამ ყოველდღიურ ინფორმაციულ შტორმებში, ცუდ ამბებში, რაც ჩემს თუ ქვეყნის თავს ხდება, მაინც რომ შემიძლია, პატარ-პატარა ბედნიერებებით ვისიამოვნო. 

Thursday, May 23, 2024

ჩემს ობიექტივში

 ზოგჯერ ბევრს ვფიქრობ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩემზე. ამ დროს საკუთარ თავს ვშორდები. ამ დროს საკუთარ თავზე კი არა, სხვების ფიქრებზე ფიქრში ვატარებ დროს. ამ დროს ყველაზე მეტად ვშფოთავ. 

ბოლო დროს ვისწავლე ასეთი მომენტების დროულად დაჭერა და შინაგანი ვიდეოკამერის ჩემსკენ მობრუნება. თუმცა კამერა დრო და დრო გამირბის და მის ობიექტივში ისევ სხვები ექცევიან, თუ როგორ ფიქრობენ ჩემზე იმას, რაც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაშია და მათ რეალურ ფიქრებს უმეტესწილად არ ასახავს. მე კი მე ვარ, სხვისი წარმოდგენები ვერ შემცვლის. მთავარია, ობიექტივი ყოველთვის ჩემზე დაბრუნდეს. 

თვითშეცნობაზე კარგი ამქვეყნად არაფერია. ყველა კარგი ადამიანი, რომელიც თავის თავისთვისაც კარგია და საზოგადოებისთვისაც, თვითშემეცნებისთვის აქვს მიღწეული. როგორი მარტივია და როგორი რთული.

Tuesday, February 20, 2024

Miscellaneous

 არასდროს არ ვიცი, ეს სიტყვა ზუსტად როგორ იწერება, ან როგორ იკითხება. მხოლოდ ის ვიცი, რას ნიშნავს და ის, რომ ამ პოსტს ზუსტად შეეფერება.

***

სამსახურში ვარ და ლანჩს ველი. ყოველი სამუშაო დღეს ლანჩის გარშემო ვგეგმავ - რაღაცები ლანჩამდე უნდა გავაკეთო და რაღაცები - ლანჩის შემდეგ. როგორც კი 12 საათი მოახლოვდება (ანუ, საჭმლის მოსვლის დრო), ჩემი მთლიანი განწყობა იცვლება და ვეღარაფერს ვაკეთებ, ვიდრე საჭმლის საყიდლად არ ჩავალ და არ შევჭამ.

***

თმის ასე შეჭრა მინდა. ცოტა იქით ვდებ, გაზაფხულისკენ. ზამთარში გრძელი თმა კარგად გადგება ადამიანს (თუმცა გრძელი ახლაც არ მაქვს). თან ცოტა ვღელავ, ჯერ ერთი, ჩოლკა, ანუ წინამო? - მე ხომ ვთქვი, რომ აღარასდროს მექნებოდა ასეთი, შუბლზე ჩამოყლილი ჩოლკა. მაგრამ თან ძალიან მაინტერესებს როგორ დადგება ჩემი თმა ასე შეჭრილი. ასე მოკლედაც ძალიან დიდი ხანია, არ მქონია. ბავშვობის მერე, როცა დედა უმოკლესად მჭრიდა და ყველას ბიჭი ვეგონე.

ოდრი ტატუ არის ჩემი ბოლოდრინდელი თმის შეჭრების ინსპირაცია. ჯერ ერთი, ვიზუალურად ძალიან მომწონს ისედაც და ბოლო რამდენიმე შეჭრა სულ მისი ფოტოები მიმაქვს ხოლმე სტილისტთან. სულ ბოლოს ამ ფოტოს მიხედვით შევიჭერი:


***



რა ლამაზი ფერები და სტილია, არა?  ფერები უფრო შემოდგომას უხდება, მაგრამ გაზაფხულზე რომ ჩავიცვა, არავინ დამიჭერს ალბათ. ხანდახან წამომივლის ხოლმე სურვილი, ავდგე და გარდერობი მთლიანად განვაახლო, მაგრამ ეს სურვილი პინტერესტზე ცოტახნიანი სერფინგის მერე ქრება. 




***

ბოლო დროს ძალიან ვინსპირირდები აზიური მაკიაჟის სტილით - ვიცი, არაფერი სიახლე არაა, იმდენად აქტუალურია ახლა ყველაფერი აზიური. თუმცა მე კონკრეტულ ვიზუალს ვგულისხმობ: მუქი თმა, ფერმკრთალი კანი, წითელი ტუჩები და თვალებზე მინიმალური ლაინერი+ტუში. რადგან სახის კანს მზისგან მაქსიმალურად ვიცავ, ამიტომ ჩემს კანს დიდი ხანია, მზის სხივები არ მიჰკარებია და განსაკუთრებით ფერმკრთალი ვარ და ასეთი მაკიაჟი მიხდება. 


Friday, January 12, 2024

2024 წელს

ამ წლის გეგმები არ ჩამომიწერია ან დამიგეგმავს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, მინდა, რომ 2024 წელს სოციალურ მედიაში ნაკლები დრო გავატარო. ყოველ წელს უფრო და უფრო ისტერიული და არაჯანსაღი ხდება ეს პლატფორმები და მეც უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებ იქ. თითქოს კარგია, ტიკტოკზე მხოლოდ სასურველ თემებზე ნახავ კონტენტს, მაგრამ მეორე მხრივ, შეხვალ და, ერთი ტიკტოკი მენტალურ ჯანმრთელობაზეა, ჩამოსქროლავ და შემდეგი სახის მოვლის რუტინაა, კიდევ ჩამოსქროლავ და ნარუტო დაგხვდება და ასე, ყოველ 30-60 წამში შენს ტვინში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია შერბის და გამორბის, შერბის და გამორბის.. და საბოლოოდ, არაფერი გრჩება, მხოლოდ ემოციური თუ გონებრივი რესურსისგან დაცლილი ხარ და ტვინი მხოლოდ ტიკტოკის ტრენდული მუსიკით გაქვს სავსე.

რა საშინელებაა, არა? 

ასევე მინდა, კითხვას მივუბრუნდე. ეს სურვილი უკვე ისე დაძველდა, ყოველ წელს ვატრიალებ. როგორი უცნაურია, რაღაც ასე გიყვარდეს, ასე გინდოდეს და ასე არ გამოგდიოდეს. ამის მიზეზი კი ამ პოსტის პირველ აბზაცშია. გაუთავებელი სქროლვა ყურადღების დეფიციტს კვებავს. მხოლოდ 30 წამიანი ვიდეოებისთვის არის ტვინი მზად, სხვა ყველაფერი ტანჯვად ეჩვენება. ამაზე ძალიან ვღელავ, არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ზოგადად, რას მოგვიტანს ან სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. პანდემიის დროს მივეჯაჭვეთ განსაკუთრებულად სოციალურ მედიას და იმედია, ნელ-ნელა დავარეგულირებთ.

უმთავრესი, რაც წელს მინდა, არის ჩემი თავის აღმოჩენა და უკეთ გაცნობა. მინდა, მე ვიყო ჩემი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი, მთავარი გმირი. წინა წლებში სიმშვიდეს ვნატრობდი, მაგრამ წელს მინდა, რომ ყველა ჩემი ემოცია ჩემი იყოს და განვიცადო, არ მივჩქმალო და არ შევაჩერო. მინდა, რომ ჩემი თავის ყველაზე ავთენტური ვერსია ვიყო და ეს თამამად გამოვაჩინო სხვებთანაც.