Friday, July 18, 2025

ჩემი ბებო

თავს როგორ ცუდადაც არ ვგრძნობდე, ერთი ადგილია, რომელზე ფიქრსაც კი შვება და ნუგეში მოაქვს - ჩემი სოფელი. 

ჩემი სოფელი, სადაც ჩემი ბავშვობა ინახება, ხელუხებლად არის დაკეცილი მოგონებები და ძველ, ხისგან გამოხრულ კარადაშია ჩალაგებული. 

სოფელი ჩემი ბებოს გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენს ძველ, ხის აივნიან სახლში ბებოს გარეშე დარჩენა არასდროსაა სრულყოფილი. ამ სახლში ჩემი ბავშვობის მრავალი ზაფხულია, და ერთი-ორი - ზამთარიც. ზაფხულები კი მრავალი იყო. დილაობით ყოველთვის მაღვიძებდა ერთი კადრი - ბებო აივანზე ფუსფუსებდა და ელექტრო პლიტაზე ალუმინის პატარა ქვაბით საჭმელს ათუხთუხებდა. ბებოსთვის არ არსებობდა იმაზე დიდი დარდი, ვიდრე ჩემი და ჩემი ძმის უჭმელად ყოფნა, ამიტომ თადარიგს დილიდანვე იჭერდა - ყოველთვის მოხრაკული სუნი მაღვიძებდა, რასაც ვერ ვიტანდი, მაგრამ არასდროს ვამბობდი. იმისათვის, რომ ჭამა ჩვენთვის უფრო მიმზიდველი გაეხადა, ბებომ ასეთ ხრიკს მიმართა - ფურცელზე მენიუ ჩამოწერა და ჩვენ რასაც ავირჩევდით, იმას მოამზადებდა. ჩვენს სოფლის სახლში ზაფხულის ხშირი საჭმელი იყო ლიპა - მოშუშული პომიდორი კვერცხით. ასევე მენიუს ხშირი სტუმარი იყო აჯაფსანდალი. აივნის ბოლოში რკინის საწოლი იდგა, რომელსაც მგონი ლეიბიც კი არ ეფარა, მხოლოდ დღე წამოსაწოლად და საკითხავად ვიყენებდით. გვერდით სკა იდგა, რომელიც მაგიდის მაგივრობას ასრულებდა. ბებომ ეს ადგილი სასადილოდ აქცია და საჭმელსაც აქ მოგვართმევდა ხოლმე. 

მაგრამ ბებო თავის ასეთ დაუზარლობასაც კი აჭარბებდა, როცა საქმე ხინკალს ეხებოდა - შუაღამისას რომ გაგეღვიძებინა და გეთქვა, ხინკალი გავაკეთოთო, უსიტყვოდ წამოდგებოდა, თავსაფარს წაიკრავდა და ცომის მოზელას შეუდგებოდა. არ მახსოვს, ოდესმე ხინკლის გაკეთება დაზარებოდეს. მაშინ გაჭირვება იყო და ხშირად კარტოფილის ხინკალი გვქონდა. თუმცა, ხორცისა დიდად არც მიყვარდა. პატარა, კოხტა ხინკლებს ახვევდა ხოლმე ბებო, ზოგჯერ "ბაჭიებსაც" აკეთებდა, მოგრძოდ დაწნულ ხინკლებს, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარდა და რატომღაც ყოველთვის მხოლოდ რამდენიმეს ვაკეთებდით. ხინკალი რომ მოიხარშებოდა, "ტექსუნის" დიდი, თუნუქის ქილიდან მცენარეულ ერბოს ამოვიღებდით და ხინკლებს ბლომად გადავუსვამდით. კარტოფილის ხინკალს ახლაც იმ დროის გემო აქვს ჩემთვის.

ბებო მთელი ზაფხული მათემატიკაში გვამეცადინებდა. არ ვიცი სხვა ადამიანი, რომელსაც მათემატიკა ასე ძლიერ და ასე ჩუმად ყვარებოდეს, როგორც ბებოს. მთელი დღე რომ ვმჯდარიყავით და გვემეცადინა, არ მობეზრდებოდა. ამიტომ ვისხედით და თოფურიას წიგნიდან დავალებებს ვაკეთებდით. არასდროს მიკითხავს, როგორ ან რატომ აირჩია მათემატიკა პროფესიად. ახლა ძალიან ვნანობ.

სოფელში სტუმარი ერთი დღესასწაული იყო, მეზობლების ყოველ მოსვლას სიხარულით ვხვდებოდით. არ ვიცი, ეს სოფელში რომ ვიყავით ამის გამო იყო, თუ იმიტომ, რომ ბებოს სტუმარი ძალიან უყვარდა. არ მინახავს ვინმე სხვა, სტუმარი ასე ყვარებოდეს. 

ბავშვებიც ძალიან უყვარდა ბებოს. ერთხელ მაღაზიაში პატარა ბავშვი შეხვედრია და ბებო მიფერებია, ეს პატარა ბაჭია ვინ არისო. ბავშვს წარბი შეუკრავს და უპასუხია: ბაჭია თქვენა ხართო. 

ჩვენი ცხოვრება ხომ გარდა ჩვენისა, ვიღაცების მოგონებებშიცაა გადანაწილებული. ჩემი ბავშვობის და მოზრდილობის დიდი ნაწილი ბებოს მოგონებებში იყო. ისეთში, რომელიც მხოლოდ მან იცოდა. მხოლოდ მან იცოდა, ერთხელ, შუაღამისას, სოფელში ცუდი სიზმრისგან შეშინებული როგორ წამოვხტი და ორი ნაბიჯით ბებოსთან ტახტზე გავჩნდი. წავიდა ბებო და ეს მოგონებებიც თან წაიღო. 

და ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

Friday, February 21, 2025

Apocalypse now (?)

 ჰეი, ჩემო ბლოგო.

აქაურობა დღიურად მექცა, თუმცა ეს ალბათ 2009 წელს მოხდა, როცა პირველი პოსტი დავწერე. 

პარასკევია, მე შვებულება მაქვს. დილას გაღვიძებისთანავე არ ავმდგარვარ, არც ტელეფონის სქროლვა დამიწყია, თვალდახუჭული ვიწექი და ვფიქრობდი. მერე ავდექი, შვრიის ფაფა გავიკეთე, ყავა მოვიდუღე და ტელეფონის სქროლვის ნაცვლად ლეპტოპი გავხსენი. ბლოგზე შემოვედი და ჯერ ჩემი, შემდეგ ბლოგთა სამეგობროს პოსტებს გადავხედე. სევდიანი სიამოვნება იყო ძველი პოსტების კითხვა, როცა შედარებით სიმშვიდეში ვცხოვრობდით. ცოტა ხნით რეალობას გავექეცი, მაგრამ კითხვას რომ მოვრჩი, დაბრუნება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. დღეს აღარ გვაქვს ფუფუნება, საკუთარ პრობლემებსა და პატარ-პატარა რამეებზე დავიჩივლოთ და ვიწუწუნოთ, ან თუნდაც რაიმე კარგზე ვილაპარაკოთ - მოგზაურობაზე, გემრიელ საჭმელსა თუ ურთიერთობებზე. დღეს აღარაფერი არ არის ნორმალურად. გავურბივარ იმის ბოლომდე გაცნობიერებას, რომ საუკეთესო წლებს, არა, რატომ წლებს, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ასაკის საუკეთესო დღეებს მუდმივ შფოთვასა და ნერვიულობაში ვატარებთ. 

მსოფლიო კი ყოველ დღე უფრო და უფრო უარესი ხდება.