Wednesday, October 2, 2024

16 წელი

უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს რომ ვუყურებ, ვგრძნობ, რამხელა დროა გასული. რამდენი რამ მოხდა ამ თექვსმეტ წელში. მას შემდეგ სამი სახლი და უბანი გამოვიცვალე, ორი ხარისხი მივიღე და მესამეზე ვსწავლობ ახლა. უამრავი მეგობარი შევიძინე, უამრავ ადამიანს შევხვდი, მათ შორის ზოგმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, კარგიც და ცუდიც. 

ეს ბლოგი კი ამ ხნის განმავლობაში არსებობს და არსებობს.. დრო მიდის, ხან მზე ანათებს, ხან წვიმს და ქარიშხალია, ბლოგი კი მტკიცედ დგას და დროის კვალს ინახავს. ზოგიერთ პოსტს რომ ვკითხულობ, ძველს, წლების წინ დაწერილს, ზუსტად მახსოვს, სად ვიჯექი და როგორ ვწერდი. ესაა დროში მოგზაურობა, აბა რა არის.

მართალია, ბლოგებს დღეს ის ფასი აღარ აქვთ, მაგრამ გაივლის წლები და ჩემთვის ეს ბლოგი ისეთივე (თუ უფრო მეტად არა) მნიშვნელოვანი იქნება, როგორც დღეს ან ათი წლის წინ იყო. ბლოგი, რომელსაც თხუთმეტნახევარი წლის წინ Wonderland დავარქვი და ინტერნეტ-სივრცეში უცნობებისთვის ჩემი გულის კარი გავხსენი. მაშინ ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო ის გულახდილობა, რომლითაც ვწერდი. რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ გაუბედავი და ჩაკეტილი ვიყავი და ჩემი პიროვნების დაფარულ ნაწილს აქ თამამად რომ ვავლენდი, ძალიან დიდ შვებას მგვრიდა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდი, ბლოგი რეალობისგან გაქცევის და თავშესაფრის ერთადერთი გზა იყო. მაშინდელ რეალობას ჩემ გარშემო კი მართლაც გაქცევა სჭირდებოდა. აქაურობა კი სუფთა ჰაერი იყო. ყველაფერი კარგი იყო, რაც იმ დროს ძალიან მჭირდებოდა. 

არ ვიცი, ახლა რამ გამახსენა ეს ფაქტი, მოულოდნელად დამკრა თავში და დავაფასე.