გამარჯობა. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ეს დღე მიყვარს, თუმცა იმდენად მიყვარს, რომ ერთმა პატარა რაღაცამ შეიძლება საშინლად გამიფუჭოს ხასიათი და მთელი დღეც თან მიჰყვეს.
ამ დღეს ბედნიერიც ვარ და მელანქოლიურიც. როგორი უმნიშვნელოა წლები და ასაკი, როცა ისევ ის ადამიანი ხარ. რაღაც ერთი განგრძობითი პროცესი ხომაა ცხოვრება და გვიჭირს ცვლილებების შემჩნევა. ოცი წლის მე პირდაპირ ოცდაჩვიდმეტი წლისაში რომ გადმომხტარიყო, ძალიან გაუკვირდებოდა და ეუცხოებოდა ყველაფერი. მაგრამ ახლა, ამ პროცესში მყოფი რომ ვიყურები უკან, ოცი წლის ასაკი არც ისე შორი ჩანს. პირიქით, ოცდაჩვიდმეტი უფრო შორია, თითქოს სადღაც უკან, სხვა ასაკში დავრჩი და გაოცებული ვუყურებ კალენდარს, სადაც ოცდაჩვიდმეტი წლის ვარ. ამაზე ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ. ამ ასაკზე, როცა უკვე "ახალგაზრდა მეცნიერს" აღარავინ მიწოდებს ალბათ. თუმცა არც ასაკოვანი არ ვარ, მაგრამ რომელიმე სფეროში "ახალგაზრდათაც" აღარ ვითვლები. ძალიან უცნაური შეგრძნებაა.
ვიღაცები ამბობენ, ასაკი მხოლოდ რიცხვებიაო, რადგან შინაგანად ვერ გრძნობენ, რომ ვიღაცისთვის უკვე სხვა თაობა, დიდები არიან. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმას, რომ ახალი თაობისთვის დიდი ვარ. ალბათ, არც არაფერი. უფრო იმის გააზრებაა უჩვეულო, რომ მომავალი თაობა აღარ ვარ, თაობა, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს. მე უკვე ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ არა დროში წინ, არამედ ცხვირწინ. სწორედ ამის დაფასებას უნდა მივეჩვიო. არ ვიტყვი, ამის დაფასება უნდა ვისწავლო-მეთქი, რადგან ნასწავლი მაქვს. ჯერ ჩვევაში არ გადამზრდია ოღონდ.
ამდენი რამ გამოვიარე და ვნახე უკვე, და მაინც, ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, ამ ყოველდღიურ ინფორმაციულ შტორმებში, ცუდ ამბებში, რაც ჩემს თუ ქვეყნის თავს ხდება, მაინც რომ შემიძლია, პატარ-პატარა ბედნიერებებით ვისიამოვნო.