Sunday, June 20, 2021

ჭეშმარიტი ზაფხულის დღეები


ჩემთვის, ზაფხული, პირველ რიგში არდადეგებთან და წიგნების კითხვასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთიც და მეორეც მოზრდილობასთან ერთად გაქრა და ახლანდელი ზაფხულები უფრო სიცხესა და ერთ ან ორ კვირიან შვებულებას უკავშირდება.

დღეს goodreads-ზე ზაფხულის საკითხავი წიგნების სია შემომხვდა, სიაზე გადავედი და სახეირო ვერაფერი ვნახე, მხოლოდ თანამედროვე, უცნობი ამერიკელი მწერლები დამხვდნენ. ჩემთვის კი ზაფხული უფრო კლასიკური მწერლებისაა. თუმცა გუდრიდსის სია მაინც დამეხმარა - გადავწყვიტე, ჩემი საკუთარი საზაფხულო სია შემედგინა. ამ სიას ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ ჩემი საკუთარი სია მქონდეს და მეორე, უმთავრესი მიზანია, კითხვა განვაახლო. ცხადია, ძალიან რთულია, მთელი დღე სამსახურში გადაღლილს, დღის ბოლოს ჩემს თავს კითხვა მოვთხოვო, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა.

სიას ახლა, წერის პარალელურად ვადგენ და შესაძლოა თანდათან ცვლილებები განიცადოს. ასევე ვიტყვი, რომ ძალიან ამბიციურ რიცხვს ჩამოვწერ, რომლის მიღწევაც თითქმის წარმოუდგენელი იქნება, იმის გათვალისწინებით რომ ამ ზაფხულს არდადეგები ნამდვილად არ მექნება, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღიანი შვებულება.

სანამ სიას დავიწყებდე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძირითადი მნიშვნელობა კლასიკას მიენიჭება.

1) აგათა კრისტის "სიკვდილი ნილოსზე" - უკვე ვკითხულობ, სადღაც შუამდე ვარ მისული. ძალიან დიდ სიამოვნევას მანიჭებს აგათა კრისტის კითხვა; ბავშვობაში დეტექტივებს არ ვკითხულობდი და მხოლოდ სადღაც 20 წლის ასაკში ვეზიარე პირველად დეტექტივს შერლოკ ჰოლმსის სახით. აგათა კრისტის კითხვა კი სულ ახლახან დავიწყე და თითქოს ბავშვობის დაკარგულ წლებს ვინაზღაურებ.

2) მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" - ბავშვობაში მაქვს წაკითხული ადაპტაცია, დღეს ინსტაგრამზე შემომხვდა ვივიენ ლისა და სკარლეტ ო'ჰარას შესახებ პოსტი და უცებ ძალიან მომინდა, წიგნი წამეკითხა. ამიტომ ამ სიაში თავიდანვე დაიკავა ადგილი. გარდა ამისა, ამერიკის სამხრეთში განვითარებულ მოვლენებზე წიგნები მაინტერესებს განსაკუთრებით.

3) აგათა კრისტის "მკვლელობა მღვდლის სახლში" (არ ვიცი, რამდენად სწორია ნათარგმნია, პალიტრა L-ს ასე აქვს) - მის მარპლზე არც ერთი ნაწარმოები არ მაქვს წაკითხული, ამიტომ ამით დავიწყებ. 

4) ჯეინ ოსტინის "გრძნობა და გონება" - რა არის ზაფხულის საკითხავი წიგნების სია ჯეინ ოსტინის გარეშე! ოსტინის მხოლოდ "სიამაყე და ცრურწმენა" და "ემა" მაქვს წაკითხული. "გრძნობა და გონება" კი ფილმი მინახავს, თუმცა მახსოვს, დიდად არ მიყვარდა. სავარაუდოდ წიგნი ბევრად უნდა მომეწონოს.

5) ე.მ ფორსტერის "ოთახი ხედით" - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნს წლებია ვკითხულობ და ვერ გავედი ბოლოში. პრობლემა არა თავად წიგნში, არამედ უფრო ჩემშია ალბათ, არასაჭირო დროს ვანახლებ ხოლმე კითხვას. და ეს არის როგორც პირველი მამაკაცი ავტორი, ასევე პირველი წიგნი ქართულ ენაზე, ჩემს სიაში.

6) ელიზაბეტ გასკელის "ცოლები და ქალიშვილები" - ამ მწერალს პირველად გავეცნობი. რადგან ვიქტორიანული ინგლისი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რამ არის, ამიტომ ამ წიგნის წაკითხვის იდეა განსაკუთრებულ აღტაცებას მგვრის.

7) ელიზაბეთ პიტერსის "Crocodile on the sandbank" (სათაურის თარგმნა გამიჭირდა) - პიტერსსაც პირველად გავეცნობი. მისი ეს ნაწარმოები არის პირველი, წიგნების სერიიდან ამელია პიბოდიზე. მოქმედება ეგვიპტეში ვითარდება. თავგადასავალი ეგვიპტეში ქალი პროტაგონისტით - რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი საზაფხულო საკითხავი?

8) რეი ბრედბერის "ზაფხულის დილა, ზაფხულის ღამე" -  ზაფხული ბრედბერის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნაწარმოები მისი "გრინ თაუნის" სერიის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის "ბაბუაწვერას ღვინო", ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები.

9) ელენა ფერანტეს "ჩემი ბრწყინვალე მეგობარი"- ეს ნაწარმოები სერიის ნაწილია და ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი სერიაა. ვნახოთ, რა იქნება.

10) დოდი სმიტის "I capture the castle" - ამ წიგნის ეკრანიზაცია მაქვს ნანახი, თუმცა კარგად აღარ მახსოვს შინაარსი, თუმცა მახსოვს, რომ მომეწონა.

ეს არის სიის 20 ივნისის ვერსია, ცვლილების შემთხვევაში აქაც ჩავამატებ. ასევე, პირობას ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები რომ თითოეული წიგნის დამთავრების შემდეგ პოსტი დავწერო ამ წიგნზე.

- - - - - 

21 ივნისის განახლება: "სიკვდილი ნილოსზე" დავამთავრე გუშინ, ორი საათი თავაუღებლად ვკითხულობდი.

10 ივლისის განახლება: "ოთახი ხედით" დავათავრე და ფილმსაც ვუყურე იმავე დღეს. ძალიან ლამაზი ფილმია, შეიძლება ცალკე პოსტიც დავწერო.