ახლა რასაც წაიკითხავთ, 2021 წლის გეგმებია, თუმცა არა მხოლოდ 2021-ის. უბრალოდ, ახლა კარგი დრო იყო გეგმებზე დასაფიქრებლად და აი, ისინიც:
1. ნაკლები დრო გავატარო ფეისბუქზე. ჩემთვის ფეისბუქი არის მანკიერი და ტოქსიკური სივრცე. მართალია, ისე ძლიერ დამოკიდებული აღარ ვარ, როგორც უწინ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევ მავნებელი არ არის. ამიტომ დღეს გავაუქმე და იმედი მაქვს, დიდხანს აღარ აღვადგენ, ან თუ აღვადგენ, მხოლოდ საჭიროებებისთვის გამოვიყენებ.
2. ვიკითხო მეტი წიგნი ქართულად. რადგან ბოლო პერიოდში მხატვრულ ლიტერატურას უმეტესწილად ინგლისურად ვკითხულობ, ეს ჩემს ქართულ მართლწერასა და მეტყველებაზე ძალიან ცუდად აისახა - ფაქტობრივრად, წინადადებას გამართულად ვეღარ ვაყალიბებ. ჩემი საუბარი ხშირად არის არეული და ჩემი ტვინი დიდ ძალისხმევას საჭიროებს, აზრი სწორად რომ გადმოსცეს.
3. ვისწავლო ნათელი და მკაფიო კომუნიკაცია და ვისაუბრო გამართული ქართულით. როგორც წინა პუნქტში აღვნიშნე, ამაში ძირითადად ინგლისური ენის სიჭარბეს ვადანაშაულებ. ხშირად საუბრისას თითქოს ავტოპილოტზე მყავს გონება და პროგრამა მინიმუმს ვუწესებ ჩემს თავს - მთავარია, გაიგონ, რისი თქმა მინდა. ამის გამოა, რომ ხშირად ასეთი ტექსტებით ვსაუბრობ - "ის იქ რომ დევს იმასქენი რა" (მოგწონს ეს, ნატალია??). ამიტომ რაღაცნაირად უნდა ვეცადო, რომ გამოვსწორდე. ჯერ მეთოდოლოგია არ ვიცი, უბრალოდ მუდმივად ფიქრი და ტვინისთვის ძალდატანება არ გამოვა, სხვა რამე მაქვს მოსაფიქრებელი. ასევე მინდა, რომ ინგლისური სიტყვები წინადადებაში ნაკლებად გამოვიყენო. იმას არ ვგულისხმობ, რომ "ფეისბუქის" ნაცვლად "პირწიგნაკი" ვიხმარო, მაგრამ არც ის ვარგა, "ჯაჯმენთალ", "ოვერდოუზ" და მსგავს სიტყვებს რომ ვიყენებ მუდმივად.
4. გავიჩინო ახალი ჰობი. სიაში მაქვს სკეიტბორდი, და/ან როლიკები (ოთხბორბლიანი). ასევე ძველი ჰობის, სირბილის აღზევება მინდა. ჯერჯერობით სხვა არაფერი მაქვს სიაში, თუმცა ერთი ვიცი - მინდა, ახალი ჰობი ფიზიკურად დამტვირთავი იყოს.
5. ნაკლები დრო დავუთმო მესენჯერში კომუნიკაციას. იმის მიუხედავად, რომ ვირტუალური კომუნიკაცია ხშირად ურთიერთობის ერთადერთი სახეა, ის მაინც ვერ ანაცვლებს რეალურ ურთიერთობებს და ემოციურად ძალიან დამღლელი შეიძლება იყოს, რადგან ძალიან დიდი დრო მიაქვს და უმეტესად ხარისხიანი არ არის.
6. ვეცადო რომ ნაკლებდამყოლი ვიყო (ადრე ამაზე "ფუშოვერს" დავწერდი, ახლა კი მე-3 პუნქტის თანახმად, ასე ვეღარ გავაკეთებ). სამსახურში, ჯერჯერობით, უარს ვერ ვამბობ ვერაფერზე, რის გაკეთებესაც მთხოვენ. მეგობრებს უარს ვერ ვეუბნები ბევრ რამეზე, არ ვარ ინიციატორი მეგობრებთან საუბრის წამოწყებისას, ძირითადად მათ ამბებს ვისმენ (ეს ძირითადად რეალურ ურთიერთობის დროს ხდება) და როცა ჩემსას ვყვები, ხშირად მაწყვეტინებენ და ამბავს ვეღარ/აღარ ვასრულებ. როცა კი რაიმეს ვყვები, სულ მაქვს შეგრძნება, რომ თავს ვაბეზრებ და არ უნდათ მოსმენა. არაუშავს, ზოგჯერ არც მე მინდა ხოლმე მათი ამბების მოსმენა, მაგრამ მაინც ვისმენ. ისინიც გადაიტანენ როგორმე.
No comments:
Post a Comment