ბავშვობაში, ავად რომ ვხდებოდი და ლოგინში ვიწექი, ქუჩიდან შემოსულ ბავშვების ჟივილ-ხივილს ვუგდები ყურს და შევნატროდი, რომ შეეძლოთ ქუჩაში ერბინათ და ეთამაშათ. სიცხისგან გათანგული, ვიწექი და ვფიქრობდი, ოდესმე კიდევ შევძლებდი თუ არა გარეთ გასვლას. იმ მომენტში სრულიად წარმოუდენელი ჩანდა.
მგონია რომ ბოლო თვეებია მაგ მომენტში გავიჭედე. უცებ რაღაც მარტივი რამ მომინდება, მაგალითად, სამსახურის მერე მეგობრების ნახვა და სადმე ყავის დალევა, ხანდახან ტელეფონსაც კი ვიღებ ხელში, რომ ვინმეს მივწერო, და უცებ ვშეშდები, ისევ საწოლში სიცხისგან გათანგულობის შეგრძნება მოდის. მახსენდება რა პერიოდში ვცხოვრობთ და აღარაფერი, თუნდაც ისეთი მარტივი, როგორც კაფეში ყავის დალევაა, ასე ადვილად შესრულებადი არ არის.
ვიტყოდი, როგორ დავიღალე-მეთქი, მაგრამ დაღლილი ვიყავი ივლისი-აგვისტოში, როცა უბრალოდ მობეზრებული მქონდა ეს ყველაფერი. ახლა, როცა ახალი და უფრო ძლიერი ტალღა წამოვიდა, როცა ის საფრთხის შეგრძნება ისევ განახლდა, რაც დასაწყისში იყო, დაღლილი აღარ ვარ. ნეტა დაღლილი ვიყო. მინდა რომ უიმედობა გავიდეს და მუდმივ შიშს აღარ ვგრძნობდე. მინდა რომ არ მეშინოდეს იმაზე ფიქრის, თუ რა ელის თითოეულ ჩემს ახლობელს.