Monday, September 14, 2020

The Good Villa

სანამ ატლანტაში წავიდოდი, უკვე ვიცოდი, სად ვიცხოვრებდი - "იქ ალბათ ვილაში იცხოვრებ, არა?" - მკითხა მარიმ, და იქაურობაზე მომიყვა - რა წესები ჰქონდათ "ვილაში", როგორ გადამიღებდნენ ფოტოს ჩასვლისთანავე და კედელზე სხვებთან ერთად გამოაკრავდნენ, როგორ დავუმეგობრდებოდი მალევე დანარჩენებს და ა.შ.

ინტერნეტში წინასწარ მოვიძიე "ვილა ინტერნეშალის" ფოტოები. დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა მაინც კარგი მოლოდინებით წავედი.

ატლანტაში რომ ჩავედი, ვილაში ბალა მიმყვა (თავადაც ვილას ყოფილი მაცხოვრებელი იყო). კამილს (იქაურობის დიასახლისს) ჩემი ოთახის გასაღები გამოვართვით (ოთახი #25, მეორე სართულზე), ლიფტით ავედით და შევედით ოთახში, რომლის ფანჯრებიც კედელს უყურებდა და ამიტომ საკმაოდ ბნელი იყო. ჩანთები დავტოვეთ და ბალამ დასათვალიერებლად ქვევით ჩამიყვანა. დაბლა დაგვხვდა დიდი სასადილო რამდენიმე მაგიდით, საერთო სივრცე, სადაც ტელევიზორი, პინგ პონგის მაგიდა, ბილიარდი და პიანინო იდგა, პატარა საკონფერენციო ოთახი და სამზარეულო. სამზარეულოში დიდი ფაციფუცი დაგვხვდა - დღის მიწურული იყო და ვილელები საჭმელს იმზადებდნენ. ჩვენთვის დიდად ყურადღება არ მოუქცევიათ. ბალა პროდუქტების შესანახ ურნებზე სახელის დაწერაში დამეხმარა (ვილას ყველა მაცხოვრებელს თავისი ურნა აქვს, სადაც თავის პროდუქტებს ინახავს. ზედ შენი სახელი უნდა დააწერო) და წავიდა. ცოტახნით სასადილო ოთახში დავჯექი, ყავა დავლიე და ოთახში ავბრუნდი, იმ დღეს ქვევით აღარ ჩამოვსულვარ. მანამდე სამზარეულოში ერთ აზიელ ბიჭს რაღაც ვკითხე და დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავს, რომ ეპასუხა, უბრალოდ შემომხედა. შემდეგ დღეებშიც ხალხს კანტიკუნტად თუ ველაპარაკებოდი, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ თავად გამოიჩენდნენ ინიციატივას.

თურქმა გოგომ, ზეჰრამ, სამზარეულოს ტური ჩამიტარა, ამიხსნა სად იდო საერთო სარგებლობის პროდუქტები. ვინაიდან ჩემს ოთახში არაფრის ატანის უფლება არ მქონდა (ყავისაც კი), მე კი ძალიან მიყვარს ფილმის/სერიალის ყურებისას ყავას რომ ვსვამ და თან სასუნავს ვაყოლებ, ამიტომ სერიალებს და ფილმებს სასადილო ოთახში ვუყურებდი, ყავისა და ნაყინის, ან თუ გვიანი იყო - მარილიანი ნუშის თანხლებით. 

ერთხელ, ასე ვიჯექი და კაპიტან ამერიკას ვუყურებდი, როცა გვერდით სკამზე ერთი ვილელი მომიჯდა და ლაპარაკი გამიბა, დაინტერესდა რას ვუყურებდი. თი ჯეი (ასე გამეცნო) ინგლისური ენის კურსის გასასვლელად იყო ატლანტაში ჩამოსული, სამხრეთ კორეიდან.

დღეები გადიოდა და ის დიდი სამეგობრო წრე, რომელიც ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ჩემს წარმოდგენებში შევიძინე, არ ჩანდა. იმ პერიოდში ახალგაზრდების ერთი გამოკვეთილი წრე უკვე არსებობდა, გერმანელების, ესპანელების და ტაილანდელი სანის სახით (გაივლის დრო და მე სანს დავუმეგობრებდი). საღამოობით, სასადილო ოთახში, მე რომ სერიალებს ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ სხდებოდნენ გრძელი მაგიდის თავში, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. ერთი სცენა განსაკუთრებით დამამახსოვრდა.  სასადილო ოთახში ვახშმობდნენ, როცა არგენტინელი სარა ჩამოვიდა, ყველა ჟრიამულით შეხვდა, სანმა ჰკითხა, თმა სველი რატომ გაქვსო, სარამ უპასუხა, ჯიმში ვიყავი ახლა დავბრუნდი და ძალიან მშიაო. ამ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგის მოსმენისას, რატომღაც ძალიან მომინდა, მეც შემძლებოდა ეგეთი წვრილმანი დეტალების ვინმესთვის გაზიარება.

ძალიან მალევე ორი გერმანელი ბიჭის გასაცილებელი დიდი ვახშამი დაიგეგმა, რომლის შესახებაც ბოლო წუთს გავიგე (ძირითადად არანაირ განცხადებას არ ვკითხულობდი, რომლებიც მრავლად იყო გამოკრული სასადილო ოთახსა და შემოსასვლელ ჰოლში, მათ შორის ამ ვახშმის შესახებაც). ვახშმისთვის კერძების მომზადებაში ყველა იყო ჩართული. მე ვერაფრის მომზადებას ვასწრებდი და მხოლოდ სამზარეულოში დამკვირვებლის ფუნქციას დავჯერდი - დავდიოდი და ვათვალიერებდი, ვინ რას აკეთებდა. ესპანელები უკანა ეზოში პაეიას აკეთებდნენ, ძირითადად იქ ვიდექი და მთელ პროცესს ვუყურე, უზარმაზარ ტაფაზე როგორ უშვებდნენ ეტაპობრივად სხვადასხვა ზღვის პროდუქტს და ბრინჯს. ამ პროცესში კოღოებისგან სასტიკად დავიკბინე, ფეხები მთლიანად წითლად დამეწინწკლა. თავად გასაცილებელი გერმანელი ბიჭები პიცას ამზადებდნენ (?). მათაც გამოველაპარაკე, ძალიან კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ. რასაც ვერ ვიტყვით გერმანელ გოგოზე, სარაზე (ეს ის სარა არაა, სველი თმით რომ იყო) - ჩემს იქ ყოფნას საერთოდ არ აღიარებდა და სანამ ბიჭებთან ვიდექი, დაბეჯითებით აგრძელებდა მათთან გერმანულად საუბარს.

დიდი ვახშმის შემდეგ, ზოგიერთი ჰოლში ბილიარდის სათამაშოდ გავიდა და მეც იქ აღმოვჩნდი, სადაც, ცხოვრებაში მეორედ, ვითამაშე ბილიარდი და გავიცანი მოჰამედი - ეგვიპტელი ფიზიოთერაპევტი, რომელიც ბილიარდს არტასთან ერთად თამაშობდა. silly girl from Kosovo - ასე გამაცნო არტა მოჰამედმა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ ერთი პროგრამით იყვნენ ჩამოსული ამერიკაში და აქ გაიცნეს ერთმანეთი. არათუ ცოლ-ქმარი, არანაირი რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონდათ. იმ საღამოს შემოგვთავაზა კორეელმა თი ჯეიმ (რომელსაც თალჯუ ერქვა მაგრამ ვერ გამოთქვამთო და ამიტომ TJ შევარქვით) შემდეგ დღეს დრაგონ ქონის პარადზე წასვლა.

შემდეგ დღეს მე, თიჯეი და მო (მოჰამედმა გვითხრა, მო დამიძახეთო) პარადზე წავედით. მო მეუბნებოდა, ერთ ეგვიპტელ მსახიობს ჰგავხარო, ფოტო მაჩვენა და ვიღაც ძველი მსახიობი იყო (სავარაუდოდ ამჟამად გარდაცვლილი ან ძალიან მოხუცი) და დიდად არ ვგავდი, ჩემი აზრით. თი ჯეი შეეკამათა, ნატალია ბევრად ლამაზია ამასთან შედარებითო, თუმცა მოს მიაჩნდა რომ ის მსახიობიც ძალიან ლამაზი იყო ☺ დრაგონ ქონიდან დაღლილები დავბრუნდით, იქ ჭამა ვერ მოვახერხეთ, რაღაც ფუდ კორტში მივედით, დიდი რიგების გადავლის შემდეგ, მაგრამ ვერაფერი ავარჩიეთ და ისევ ვილაში დავბრნდით. მომ კესადია მოგვიმზადა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებაში პირველად გააკეთა, ოღონდ არა მხოლოდ კესადიას, არამედ ზოგადად საჭმელს ამზადებდა პირველად ☺ იმ დროს კი გემრიელი იყო, მაგრამ მერე მუცელი საეჭვოდ ამტკივდა. ასე დავმეგობრდით მე, თი ჯეი და მოჰამედი - ქართველი, კორეელი და ეგვიპტელი :) მო თი ჯეის სულ რაღაცაზე ეხუმრებოდა, თან სულ ეუბნებოდა, საუკეთესო ადამიანი ხარ, ვისაც შევხედრივარო. თი ჯეი მართლა რაღაცნაირად თავისთვის, ჩუმად კარგი იყო. მაგალითად, ერთხელ ბორდგეიმს ვთამაშობდით, კამილმა უგემრიელესი ბრაუნი გამოაცხო, თეფშზე გადმოვიღე და სათამაშო მაგიდას დავუბრუნდი. ჭამა დავამთავრე და თეფში გვერდით მივწიე, ვიფიქრე რომ თამაშის დასრულების შემდეგ გავრეცხავდი (ვილაში ყველა თვითონ რეცხავს თავის ჭურჭელს). რაღაც მომენტში, ვერც შევამჩნიე როდის, თიჯეიმ თეფშები წაიღო და გარეცხა. სულ ასეთ წვრილმან კარგ რაღაცებს აკეთებდა, ძალდაუტანებლად, ისე რომ ვერც შეამჩნევდი. მო ჩემი ასაკის იყო და თი ჯეის ასაკი რომ მოვძებნე ფეისბუქზე, 47 წლის აღმოჩნდა! დიდი ხანი სრული შოკი მქონდა, სულ ჩვენი ასაკისად აღვიქვამდით და ვეხუმრებოდით.

ვილაში დამკვიდრებული იყო მოხალისეების პრაქტიკა. ძირითადად ადგილობრივები, ან ჩვენთან მოდიოდნენ და მაგალითად, ბორდგეიმებს გვათამაშებდნენ, ან სადმე მივყავდით. ერთხელ, ერთმა ასეთმა მოხალისემ, ატლანტასთან ახლოს ტბაზე წაგვიყვანა მინივენით, 15-მდე კაცი ვიყავით. მო სხვაგან წავიდა, ამიტომ ჩვენი მცირე სამეგობრო წრიდან მხოლოდ მე და თი ჯეი ვიყავით. მოხალისე, ავსტრალიელი რიჩარდი CDC-ში მუშაობდა და წინათ ვილაშიც ცხოვრობდა. მე არც ცურვა ვიცი და არც საცურაო კოსტიუმი მქონდა წაღებული, ამიტომ ნაპირზე ჩამოვჯექი და წიგნს ვკითხულობდი. დანარჩენები კი ტბაში შეცვივდნენ. რიჩარდი ერთ ვილელ გოგოსთან ერთად ძალიან ღრმად შევიდა ტბაში, დანარჩენები დიდხანს ველოდეთ, სანამ მობრუნდებოდნენ. რომ დაბრუნდნენ, ამ გოგოს ვუთხარი, so you swim really well-მეთქი და გაეცინა, არც ისეო. ვილაში რომ დავბრუნდით, რიჩარდმა შემოგვთავაზა სასროლად წასვულიყავით. უმეტესობამ უარი თქვა და მხოლოდ მე, თი ჯეი, ერთი ინდოელი ბიჭი და მოცურავე გოგო დავთანხმდით. გზაში ეს გოგო გამომელაპარაკა, საიდან ხარო და როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავი სახე გაუნათდა და ძალიან მიყვარს თქვენი საჭმელიო! ასე გავიცანი მირა ყაზახეთიდან. ალმატიში ნამყოფი ვარ-მეთქი და თვითონაც ალმატიდან ყოფილა. სროლის შემდეგ ნეკნების ბარბექიუს საჭმელად წავედით იგივე შემადგენლობით. გზად მე და მირა გაუჩერებლად ვქაქანებდით ყველაფერზე. აღმოჩნდა, რომ ჩემსავით, მირაც დარბოდა, პარკში მივდივარ ყოველ საღამოსო. შემდეგი სირბილი ერთად დავგეგმეთ. 
 
თი ჯეი მალევე წავიდა, სექტემბრის ბოლოს მეც დავტოვე ვილა ერთი თვით. თავიდან მარტო ცხოვრება გამიჭირდა, ვილას ხმაურიანი საღამოების მერე ბინაში სრულიად მარტო ყოფნა უცნაური იყო. თუმცა ვილასთან 7 წუთის ფეხით სავალზე ვცხოვრობდი და ამიტომ მირასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, საღამოობით სარბენად მივდიოდით, ან General Muir-ში ვსხდებოდით ვახშამზე, სოვინიონ ბლანს ვსვამდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. როგორი უცნაურია, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს უამრავი საერთო გვაქვს - ვიხსენებდით, როგორ გვიჭირდა 90-იანებში, ჩვენს დედებს როგორ უწევდათ მომქანცველი სამუშაოს შესრულება, რომ შვილები გადაერჩინათ. რამე ამბავს რომ გავიხსენებდი, same, same - მეტყოდა მირა და გააგრძელებდა მსგავსი ამბების მოყოლას. შემოდგომის არდადეგებზე ნიუ ორლეანში წავედით ერთად, სადაც ღამის ავტობუსით ვიმგზავრეთ. ცოტა გვეშინოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. 

ხანდახან, ლექციებზე მიმავალს, მოც მხვდებოდა გზაში და ერთმანეთს მოვიკითხავდით.

ოქტომბრის შუაში მირასთანაც მიწევდა დამშვიდობება, ავსტრალიაში ბრუნდებოდა (ყაზახი კია, მაგრამ ავსტრალიაში ცხოვრობს). მისი წასვლის დღეს, ლექციები გვიან მეწყებოდა და დილის ყავაზე შევხვდით General Muir-ის ბეიქერიში. ყავა ავიღეთ და გარეთ მაგიდასთან დავსხედით. მოღრუბლული, გრილი დღე იყო, ხალხი ყავით ხელში გამოდიოდა GM-დან და სამსახურებისკენ მიიჩქაროდა. არასდროს დამავიწყდება ეგ დილა, მაშინაც უკვე ვიცოდი, როგორ კარგად დავიმახსოვრებდი იმ დილას, იმ მომენტს, თუნდაც იმას, დილას სახლიდან გასვლამდე არ ვისაუზმე, ვიფიქრე ბეიქერიში ავიღებ რამეს-მეთქი, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ არაფერი გამომცხვარი და უზმოზე დავლიე ყავა :) იქიდან მირას ვილაში გავყევი, რაღაცები უნდა მოეცა ჩემთვის და სამზარეულოში რომ შევედი, ისე გაუცხოებულად ვიგრძენი თავი, რომ წარმოვიდგინე, ერთ კვირაში უკან ვბრუნდებოდი, ცოტა პანიკამ შემიპყრო. მირას დავემშვიდობე და უკან დავბრუნდი, ჩემს ბინაში.

ორშაბათს ღამით ჩანთები ვილაში გადავიტანეთ მე და ბალამ, ოთახი ჯერ არ იყო თავისუფალი, ამიტომ ჩანთები ქვევით, პატარა საკუჭნაოში დამატოვებინეს. საკუჭნაო პატარა საკონფერენციო ოთახში იყო და რომ შევედით, ერთი ბიჭი იჯდა და მეცადინეობდა. შემდეგ დღეს ვბრუნდებოდი. იმ ღამეს ბინაში ყოფნის ბოლო საღამო მოვიწყვე, შარდონე გავხსენი და sex and the city-ს ვუყურებდი.

ვილაში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სამშაბათს დილას, ლექციიდან რომ დავბრუნდი, ბინაში მივირბინე, ბოლო ნივთები ავიღე და ოფისში გავიქეცი გასაღების დასაბრუნებლად. ჩექაუთი 12-ზე იყო და ზუსტად 12-ს აკლდა წუთები, რომ გასაღები ჩავაბარე :) იქიდან ვილაში ჩავედი, ჩემი უზარმაზარი ჩანთა კიბეებზე ავათრიე და ოთახში შევედი. კარები მივხურე, ვიდექი, ოთახს შევყურებდი და ჯერ უარყოფაში ვიყავი, რომ მე აქ უნდა მეცხოვრა. ამიტომ ზურჩანთას დავტაცე ხელი და როლინსში წავედი, ლექცია მეწყებოდა მალე. საღამოს რომ მოვდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ჩემს ყოფილ ბინასთან რომ არ ჩამევლო, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და იქიდან წავედი ვილასკენ. გზად CVS-ში შევიარე, ბოსტნეულის ჩიფსები და დოქტორ პეპერი ვიყიდე, ზურგჩანთაში ჩავიდე და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი (მართალია საჭმლის და სასმლის ატანა არ შეიძლებოდა, მაგრამ სტრესმა მეამბოხე გამხადა). ვილაში ჩემი ახალი ოთახი უფრო პატარა იყო, ვიდრე წინა და სამრეცხაოს წინ მდებარეობდა. ვახშამზე სამზარეულოში არ ჩავსულვარ, ოთახში ვჭამე ჩიფსები და დოქტორ პეპერი დავაყოლე. ესეც სტრესის კიდევ ერთი ნიშანი - სრულფასოვანი ვახშამი გამოვტოვე. მეორე დილას, როცა ჯერ კიდევ არ ვაღიარებდი, რომ ვილაში ვცხოვრობდი, ჩანთა ავიღე და პირდაპირ როლინსში წავედი, იქაურ კაფეტერიაში ვისაუზმებ-მეთქი. საღამოს კი ჩემი მდგომარეობის დრამატული კულმინაცია მოხდა - ვილაში დავბრუნდი, გამოვიცვალე და გარეთ გავედი სასეირნოდ. უმიზნოდ მივხეტიალობდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყოფილი ბინის წინ, სკვერთან ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი. ამ სკვერში მუსიკა იყო ჩართული სულ. იმ მომენტში რაღაც სევდიანი სიმღერა გასდევდა ფონად, და წარმოვიდგინე შორიდან ჩემი თავი, როგორც კადრი, ამ ძელსკამზე რომ ვზივარ, მუსიკის თანხლებით. გონებაში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ რაღაც სულელური ფილმის პერსონაჟივით ვიქცევი. მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ეს დრამატიზმი.

შემდეგ დილას 10-ზე მქონდა ლექცია. ჩემს თავს შემოვუძახე, რომ უნდა შემეწყვიტა ეს სულელური ქცევა, ამიტომ დილას ავდექი, ჩავიცვი და ეგრევე GM-ის ბეიქერიში გავიარე, ყავა და დარიჩინის ფუნთუშა უნდა ამეღო, დრო ბევრი არ მქონდა და ლექციაზე შევჭამ-მეთქი, ვიფიქრე. ყავა და ფუნთუშა ავიღე, გამოვედი და იქვე ახლოს ძელსკამზე ჩამოვჯექი, მინდოდა ფუნთუშა ჩანთაში შემენახა. ყავის ჭიქა გვერდით დავიდე, ჩანთისკენ მოვტრიალდი და უცებ მესმის დგლაფანის ხმა - სანამ მიხედვას მოვასწრებდი, ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა ცხელი სითხე ბოტასში. ჭიქა გადაბრუნდა და მთელი ყავა დაიქცა, ერთი ყლუპის დალევაც ვერ მოვასწარი. ეგეც შენი დილის საუზმე. წავედი ლექციაზე, ვერც ფუნთუშის ჭამა შევძელი, იმდენი გლაზური ჰქონდა მოსხმული, ჩანგლის გარეშე შეუძლებელი იყო, გეჭამა. მთელი ლექცია მუცელი მიყურყურებდა. 

იმ საღამოს მივხვდი, რომ დრო იყო მეღიარებინა, რომ ვილაში ვცხოვრობ. სამზარეულოსკენ გავეშურე. სასადილო ოთახში რომ გავიარე, გრძელი მაგიდის თავში ბევრნი ისხნდნენ და ესპანურად ლაპარაკობდნენ. მათ შორის ერთი-ორი ნაცნობი სახე დავლანდე და მივესალმე. სამზარეულოში შევედი და პროდუქტის ურნები გავიმზადე, "Natalia" ნაჩქარევად დავაწერე. თითქმის არაფერი პროდუქტი აღარ მქონდა, საყიდლებზე ვიყავი სასწრაფოდ წასასვლელი, რისთვისაც მოხალისესთან უნდა ჩავწერილიყავი. მოხალისეები ყოველდღე მოდიოდნენ და მანქანით მივყავდით პროდუქტების უახლოეს მაღაზიაში.

ვილაში ძველი მაცხოვრებლებიდან თითქმის აღარავინ დამხვდა, უმეტესობა ახალი სახეები იყვნენ. რამდენადაც პირველ მისვლაზე ენთუზიაზმით ვიყავი სავსე, ყველას ვუღიმოდი და ვესალმებოდი, იმდენად ახლა არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა, I hate this place გულში ვიმეორებდი სულ, უკვე მანტრასავით მექცა. მოც არ იყო ვილაში იმ პერიოდში, ნიუ იორკში იყო წასული რამდენიმე კვირით. მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველა ძალიან თავაზიანი იყო ჩემ მიმართ, ახლა პირიქით ისინი მიღიმოდნენ და მესალმებოდნენ, რაც ცოტა არ იყოს, მიკვირდა. ერთ დილას, სამზარეულოში ყავას რომ ვიკეთებდი, იმ ბიჭმა, საკონფერენციოში რომ დავინახე დაბრუნების წინა დღეს, საუბარი გამიბა - ახალი ხარო? - გამომკითხა საიდან ვიყავი. მეო კიმი მქვიაო, თავის სახელი დამიმარცვლა (Quimi). შემდეგ დღეს, პირველ საყიდლებზე რომ წავედი, იმდენი რამ ვიყიდე, პარკებს ვერ ვტევდი მაგიდაზე, კიმიც სამზარეულოში იყო და იცინოდა, მსოფლიო ომისთვის ემზადები თუ რატომ იყიდე ამდენი პროდუქტიო? მერე დატრიალდა, ახალი ურნები გამოძებნა უცებ, გამირეცხა და წინ დამიწყო, ამაში ჩაააწყვეო. ერთ საღამოს, ჩაშუშულ სოკოს რომ ვამზადებდი, კიმი შემომესწრო, დაინტერესდა რას აკეთებ-ო, is it fungus? მეკითხება. "მაშრუმზ" რატო არ ეძახი, ეგრე რომ ამბობ,  დაავადებას უფრო ჰგავს-მეთქი, და ფუნგუს არის და აბა რა დავუძახოო, გულწრფელად გაუკვირდა :) მომზადებული სოკო მასაც გავუყავი და დიდხანს ვლაპარაკობდით მერე, ესპანურს მასწავლიდა და პერუსა და ბრაზილიაზე მიყვებოდა (პერუელია, მაგრამ ბრაზილიაში ცხოვრობს და მუშაობს). ამ დროს შემომთავაზა, ხვალ დილას მოლში მიდიან დანარჩენები, მანქანა ჰყავთ დაქირავებული და ხომ არ წახვალო? ერთმა გოგომ გამოიარა და იმას დაუძახა, ხვალ რომელზე მიდიხართ, ნატალიაც რომ წამოვიდესო და ამ გოგომაც ძალიან ღიმილით და უშუალოდ შემომთავაზა მათთან ერთად წასვლა. მაშინ პირველად გამოვცადე ლათინო ამერიკელების უშუალობა, ისე დაგელაპარაკებიან, თითქოს ასი წელია გიცნობენ, არც ზედმეტად თავაზიანად და არც ფამილარულად. სასადილო ოთახში სულ ერთად ისხდნენ და მათი ესპანური-პორტუგალიური ლაპარაკი იავნანასავით ჩამესმოდა სულ. რაღაცნაირ კარგ აურას ქმნიდნენ იქ ყოფნით.

თუმცა, სანამ მათ დავუმეგობრებოდი, მანამდე ვეიტაოს და ეკს დავუმეგობრდი. ჩინელი ვეიტაო ბორდგეიმის თამაშისას გავიცანი და ემორის ჯიმში დავიწყეთ ერთად სიარული, ეკის გაცნობა კარგად არ მახსოვს, სანთან ერთად იყო სულ (ორივე ტაილანდელები არიან), მერე სანი მორიგ მოგზაურობაში წავიდა (სულ მოგზაურობდა!), და მე, ვეიტაო და ეკი დავმეგობრდით. ესენი სულ საჭმელებს ამზადებდნენ საღამოს და მეც მაჭმევდნენ. თან ყველაფერი ყოველთვის გემრიელი გამოსდიოდათ, იმიტომ რომ საათზე მეტს ატარებდნენ ქურასთან! მაშინ, როცა, ჩემი კონტრიბუცია, ჩვენს საღამოს ვახშმებში, ძირითადად დაჭრილი ავოკადო იყო :) თუმცა, ერთი დღე ქართული კერძების დღედ დავთქვით და ლობიო და ჭვიშტარი მოვუმზადე, კიტრის მწნილით და კიტრო-პომიდვრის სალათით. მგონი, მოეწონათ. მე კი ძალიან მომეწონა, მართლა ქართულ გემოებს ჰგავდა. თან სუფრაზე ბევრი სხვაც შემოგვესწრნენ. მათ შორის ბალა საპატიო სტუმრად იყო :)

ერთ საღამოს მე, ვეიტაო და ეკი სტრიპტიზ კლუბში ვაპირებდით წასვლას (?) (არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი). მთელი დღე ბიბლიოთეკაში მქონდა გატარებული, იქიდან პირდაპირ ჯიმში წავედი და საღამოს სახლში თავმტკივანი და დაღლილი დავბრუნდი, ცოტა წავუძინე და 9-ზე მაღვიძარამ გამაღვიძა. მივხვდი, რომ საერთოდ არ მქონდა სტრიპტიზ კლუბში წასვლის სურვილი. ბიჭებს მივწერე, ჩემ გარეშე წადით-მეთქი და ვეიტაომ ძალიან გააპროტესტა, ეგრე რა აზრი აქვსო (არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი)! ეკმა გვითხრა, სამხრეთ ამერიკელები რაღაც ბარში აპირებენ წასვლას და იქ ხომ არ წავიდეთ ჩვენცო. ეს იდეა მოგვეწონა, და საბოლოოდ, იმ ბარში, იმდენი ვიცეკვე, ბოლოს ყველა დაიღალა და მე კიდევ არ ვჩერდებოდი. მაგ ცეკვების მერე, ვეიტაომ მითხრა, ქართველები უფრო კონსერვატორები მეგონენო :) (არ ვიცი, არ მკითხოთ რას გულისხმობდა).

ნელ-ნელა ლათინოამერიკელებიც გავიცანი. მეორე დილას მე, მიგელი და ლუსი სარბენად წავედით. ორივე კოლუმბიიდან იყვნენ, სამედიცინოს სტუდენტები. ატლანტაში როტაციაზე იყვნენ. ბელისარიოც კოლუმბიელი იყო და კიმისთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. კიმი ძალიან ერთობოდა ჩვენით, ვინაიდან მე ძირითადად ბელისარიოს teasing-ით ვიყავი დაკავებული და თავს იმდენის უფლებას ვაძლევდი, რომ ესკობარზეც კი ვეხუმრებოდი ხოლმე. კიმის მიაჩნდა, რომ იდეალური წყვილი ვიყავით ☺ 

თუმც ჩვენი, როგორც ერთიანი წრის დამეგობრება პოლის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა. 

ერთ დღეს, სამზარეულოში ვიყავი და ლანჩს ვიმზადებდი, როცა მკვეთრად ევროპული გარეგნობის ბიჭი შემოვიდა და ხელი გამომიწოდა, გამარჯობა, მე პოლი ვარო, მითხრა. კროგერიდან ახალი დაბრუნებული იყო, და სანამ თავის უზარამზარი სპორტული ჩანთიდან პროდუქტებს ალაგებდა (პარკებს არ იყენებდა, ეკოსისტემის მოფრთხილების ეგიდით), ერთმანეთს გამოვკითხეთ, ვინ ვიყავით და რას ვსაქმიანობდით ატლანტაში. პოლი სამედიცინოს სტუდენტია, ემორიში კვლევაზე იყო ჩამოსული ნეირომეცნიერების მიმართულებით. საჭმელად რომ დავსხედით, პოლი ყვებოდა, რის ნახვას აპირებდა ატლანტაში. თუ დაუნთაუნში დააპირებ წასვლას, მეც აუცილებად წამოვალ-მეთქი, ვუთხარი. მოგვიანებით, როცა უკვე დავმეგობრდით, მითხრა, მაშინ კი გამიკვირდა, სრულიად ახალგაცნობილზე სადღაც წასვლა რომ შემომთავაზეო, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რომ ჭამა ასე გიყვარდა და მართლა მხოლოდ საჭმელად წასვლა გინდოდაო ☺ 

ჩვენი დიდი, ლათინოამერიკული ოჯახი კი მაშინ შეიქმნა, როცა ბოტანიკურ ბაღში სინათლის შოუზე წავედით - მე, პოლი, ვეიტაო, ეკი, მიგელი, ლუსი, კაროლი, ჯულიანა, ანა და ანდრეა. კაროლი და ჯულიანა ბრაზილიელები იყვნენ, ანა ჰონდურასიდან, ანდრეა კი - ეკვადორიდან.

გამოსვლისას, უბერებს რომ ველოდებოდით, მიგელმა ვოთსაფში ჯგუფის ჩატი შექმნა და The good villa დაარქვა - ეს ჩატი დღემდე გვაქვს და ძალიან მიყვარს. ვილაში დაბრუნებულებს ძალიან გვშიოდა, ოთახებში აღარ ავედით, სასადილო ოთახში დავსხედით და პიცა გამოვიძახეთ. სანამ პიცები მოვიდოდა, ერთმანეთი ფეიბსუქზე დავიმატეთ და იყო ერთი ხორხოცი, ფოტოების გადაგზავნა. ვეიტაო პიცას არ დაელოდა, სტეიკი შეიწვა და ჩვენ წინ დემონსტრაციულად ჭამა :)

ასე შეიქმნა ის სამეგობრო წრე, რომელსაც ჩასვლის დღიდან ველოდი :) შემდგომში, გრძელი მაგიდის თავში რომ ვსხდებოდით, ყოველთვის მახსენდებოდა, სულ სულ თავიდან, ახალი ჩასული, სხვებს როგორ ვუყურებდი, ზუსტად ამ ადგილას რომ ისხდნენ და იცინოდნენ. რაღაცნაირად, კარგი შეგრძნება იყო, ფილმის კადრივით ვხედავდი, ჩემს თავს ჩამოსვლისას და - ახლა. 

კარგი  შეგრძნება იყო ეს მოულოდნელი დამეგობრება. საღამოობით მიგელი ჩატში მოიწერებოდა, what's the plan for today? და ვგეგმავდით ფილმების ყურებას ან სადმე წასვლას. სანიც დაბრუნდა მორიგი მოგზაურობიდან და ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა. საოცარი უნარი ჰქონდა, ყველას დამეგობრებოდა და ყოველთვის საზოგადოების სული და გული ყოფილიყო. მეც ამ დროს უფრო დავუმეგობრდი. ერთხელ სხვებთან ერთად რაღაცაზე ვლაპარაკობდით და რაღაც რომ ვთქვი, უცებ სანი მომიბრუნდა და სასიამოვნოდ გაოცებული მეუბნება - you're funny!

მიგელი ძალიან მონდომებით გვასწავლიდა სამხრეთ ამერიკულ ცეკვებს მე და პოლს. თან ცეკვების შინაარსსაც გვიხსნიდა. მე და პოლი ვიყავით ხე და ბოძი :) ყოველ ჯერზე სიცილით ვკვდებოდი, ერთად როცა ვცეკვავდით. ერთხელ ლათინოამერიკულ ბარში წავედით და იქ მოვახდინეთ დემონსტრირება :) არც ისე წარმატებით. თუმცა ერთი ჭიქა შარდონეს მერე, საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ შაკირასავით ვცეკვავდი. 
იმ ღამით ვილაში რომ დავბრუნდით, სანმა მიკროტალღოვან ღუმელში დონატები გაგვითბო და გვაჭამა. სრულიად ახალი აღმოჩენა იყო ოდნავ შემთბარი დონატების ჭამა, კრემი რომ გამლღვალია. სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯექი, თბილ-თბილ დონატებს ვჭამდი, ფეხებს ვიქნევდი და ვიცინოდით. იმის მერე კროგერში სულ ვყიდულობდი ამ დონატებს და სანის მეთოდით ვათბობდი.

ყველაფერ კარგს აქვს დასასრული - ნელ-ნელა ჩვენმა წრემ დაშლა დაიწყო. ჯერ ვეიტაო წავიდა, მერე ლუსი, ორ დღეში მიგელი მიჰყვა, მერე ანდრეა. მხოლოდ მე, კაროლი, ეკი, ბელისარიო და პოლი დავრჩით. ჩემი წამოსვლის წინა დღეებში საშინლად გავცივდი, სიცხე მქონდა და ძლივს ვსუნთქავდი (ალბათ იმიტომ, დიდი ოდენობით ნაყინს რომ ვჭამდი სულ). თუმცა წამოსვლის წინა დღეს ბარბექიუ რესტორანში წავედით მაინც მე, ეკი, ბელისარიო და პოლი. სანამ ჩვენი მაგიდა გამზადდებოდა, ბართან მოგვიწია ჯდომა და ლოდინი. თან ავად ვიყავი, თან მშიერი, თან წამოსვლა არ მინდოდა და სანამ მაგიდასთან დაგვსვამდნენ, საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. მაგიდასთან როგორც კი დაგვსვეს და მენიუ მოგვიტანეს და კერძების არჩევა დავიწყეთ, ხასიათი გამომიკეთდა და საჭმელი რომ მოგვიტანეს, ლამის ტაში შემოვკარი ბედნიერებისგან (საოცრად გემრიელი იყო ყველაფერი). ბელისარიო ეუბნება ბიჭებს, დაკვირვებიხართ, რომ ნატალია ჭამამდე და ჭამის შემდეგ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება არისო? :D

შემდეგ დღეს დილას ყველას დავემშვიდობე და ნიუ იორკში გავფრინდი. ასე გასრულდა კარგი ვილას ამბავი. დღემდე ვკითხულობთ ერთმანეთს ვოთსაფში, თუმცა ცხადია,  დროთა განმავლობაში ინტენსივობამ იკლო. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ დედამიწის ყველა მხარეს ცხოვრობენ ადამიანები, რომლებთანაც ბევრი კარგი მოგონება გაკავშირებს.

* * *
პ.ს ეს პოსტი ძველი დრაფტებში შემომხვდა, გადავხედე, დავარედაქტირე და ვაფაბლიშებ, ბედნიერი დღეების მოსაგონებლად.