Saturday, June 27, 2020

აურზაური არაფრის გამო

ფეისბუქი ძალიან მომბეზრდა.

ნიუსფიდს რომ ვხსნი, თითქოს რაღაც დიდ ოთახში შევდივარ, სადაც, კარს გამოვაღებ თუ არა, სახეში მეცემა ძლიერი ხმაური, ყაყანი. პირველი ვინც შემხვდება, სახეში შემომყვირებს,  რომ ქუჩაში მაცხოვრებელი ძაღლები "მაწანწალა" კი არა, "მიუსაფარი" ძაღლები არიან (სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელს დაუძახებთ). როგორც კი გვერდით გაიწევა,  გოგო გამოჩნდება, რომელსაც ტელეფონიანი ხელი აქვს გაწვდილი და ცდილობს, შესაბამისი პოზა მიიღოს - სელფისთვის. ამ დროს საიდანღაც ჯენის ჯოპლინის სიმღერა გაისმება და ვიღაცა ყურში ჩამძახებს, ვიცი, აქ სიმღერებს აღარავინ ვაზიარებთო, მაგრამ მინდოდა ეს მოგესმინათო. ჯოპლინის ძველი ფანი ჩაივლის და, მეგობრების ჯგუფი ხმამაღლა დაიძახებს "ჩვენ სტამბაში ვართ კოქტეილების დასალევაად!" და ჭიქებს წამიერად მიუჭახუნებენ ერთმანეთს, მერე ისევ მოაშორებენ, მერე ისევ მიუჭახუნებენ (ისევ წამიერად), ისევ მოაშორებენ, ისევ.. თურმე ბუმერანგი გადაუღიათ. უცებ წინ ახალგაზრდა დედა აისვეტება, და ისე, რომ სხვების ხმა გადაფაროს, ხმას აუწევს: "დღეს აბესალომი მობაჯბაჯდა, წიგნი ეჭირა ხელში, მე-7 გვერდზე გადაშალა და თქვა "შვიდი". არ მჯერა, რომ ჯერ 2 წლისაც არაა!"

ჯენის ჯოპლინის ხმის ფონზე პატარა აბესალომის გონივრული შენიშვნები ირევა და უკვე აღარ ვიცი, სტამბაში შეკრებილი დაქალების ჯგუფზე ვკონცენტრირდე თუ მიუსაფარი ძაღლების ბედზე მეტკინოს გული. 

შეიძლება ნახევარი საათის შემდეგ იგივე კარი შეაღო და ჯოპლინი და სელფები შარშანდელი თოვლივით აორთქლებული დაგხვდეს. ამჯერად აქეთ-იქიდან მოგესმება "20 წლის ადამიანს როგორ უნდა აუკრძალო ბადმინტონის თამაში?" "მე რომ 20 წლის ვიყავი, ბადმინტონის თამაშისგან ხელები მტკიოდა უკვე!" ვიღაცა უფრო მეტად ცდილობს სარგებლის ნახვას ამ რაღაც ამბიდან და მოყვება, ჰარვარდის კამპუსში როგორ თამაშობდა ბადმინტონს 19 წლის ასაკში. ჯერ ვერ ვიგებ, ბადმინტონის თამაშზე რატომ წერს ყველა, მაგრამ თუ ოთახში სიარულს განვაგრძობ, რაღაც მომენტში აუცილებლად გამოვიტან დასკვნას. 

ცოტახნით კარს თუ გამოვხურავ, მეგობრები შემომეხვევიან და ჩატის ფანჯრებივით ამოხტებიან, ზოგი ცალ-ცალკე და ზოგი ჯუფებად - "ნახე ინსტაგრამზე რა ლამაზი ფოტო შემხვდა!" "იუთუბზე ამ ვიდეოს ვუყურებ ეხლა, როგორ ამყნობენ ბალს და ძალიან მომწონს, შენც უყურე, ახლავე, ამ წუთას! და შენი შთაბეჭდილება მომწერე!" 
ყველა მეგობარს რომ მივწერ, რომ კი, ულამაზესი ფოტოა, რომ ბალის დამყნობის პროცესზე საინტერესო არაფერი ყოფილა, აჩქარებულ გულზე ხელი მივიდებ და ღრმად ვსუნთქავ, შფოთვის შემოტევამ რომ გადამიაროს.

და მერე ვხვდები - სოციალური ქსელების ზედოზირება მაქვს. ისევ. 

ცოტახნით (ჩემი მაქსიმუმი ერთი დღეა), ყველაფერს ვთიშავ და აღარსად არ შევდივარ. ვმშვიდდები, წიგნებს ვკითხულობ, ნირვანაში ვარ და ვამბობ, რა კარგი ყოფილა ესე ყოფნა!რატომ ვიტანჯავდი თავს! მაგრამ გულის სიღრმეში კარგად ვიცი, რომ ხვალიდან ისევ შევვარდები იმ ოთახში და საერთო ყაყანში ჩავერევი.


1 comment:

  1. ვაიმე, რა კარგია :))) ასე კარგი შეფასება სოც ქსელების ჯერ არ წამიკითხავს

    ReplyDelete