Sunday, June 2, 2019

ჩემი ბრედბერისეული ზაფხული



ზაფხული მოვიდა. ზაფხული. ზაფხული. განა არის რამე, ამ სიტყვაზე მშვენიერი? ის შეიცავს მზის სხივებს, აბიბინებულ ბალახებს, ცივ-ცივ მსხლის ლიმონათს. დიახ, ლიმონათს - ჩვენი ბავშვობა ხომ სწორედ ეგ ტკბილი, გაზიანი ლიმონათები იყო? სეზონებიდან, ზაფხული, ყველაზე მეტად ასოცირდება ბავშვობასთან.

ახლანდელი ზაფხულებიც იმ ძველი, ბავშვობისდროინდელი ზაფხულების აჩრდილებია.

არდადეგების პირველი დღეები თბილისში. ეზოში ალუბალი მწიფდება და წითლად მოჩანს ფოთლებს მიღმა. მეზობლის ეზოდან ბავშვების ჟრიამული მოისმის. ხან ჩვენთან გადმოდიან, ხან - ქუჩაში გავდივართ და ვთამაშობთ ორდროშობანას, ფეხბურთს ან ფრენბურთს. მერე ქუჩიდან პირველი ოჯახი მიდის ქალაქგარეთ, ძირითადად - სოფელში. მას მიყვება მეორე ოჯახი, მესამე, და ქუჩა ნელ-ნელა ცარიელდება, წყნარდება. დღის განმავლობაში მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, ჩამავალი მანქანის ან მეზობლის ქალების ხმა ისმის. შუადღისას, როცა გაუსაძლისად ცხელა, ეს ხმებიც მიწყდება და სიცხისეული გარინდება დგება, ნიავი არ იძვრის.

ამ დროს ცხოვრება სოფლებშია გადანაცვლებული, ნამდვილი, ჭეშმარიტი ზაფხული იქ დგას - შუადღის სიცხისას ბებო ამაოდ ითხოვს, რომ სახლში შემოვიდეთ, მზემ რომ არ დაგვკრას. აქაური შუადღის გარინდება არასდროსაა ბოლომდე ჩუმი, ბუზის აბეზარი ბზუილი მაინც ისმის და თუ აივანზე გახვალ და მიაყურადებ, შორს ფუტკრების საქმიან ზუზუნსაც მოჰკრავ ყურს. ხანდახან კი მამალი დაგვიანებული ყივილით არღვევს მყუდროებას.


სოფლის განაპირას გორაკებზე თუ ჩაირბენ, ქონდარისა და ფარსმანდუკის მძაფრი სუნი გეცემა, შუადღის მზეზე განსაკუთრებულად რომ აალებულა. ზევით, სადღაც ჩიტი ჩაიფრენს ჭყივილით, ხმა ნელ-ნელა მიწყდება. სოფლის მეორე ბოლოში მცხუნვარე მზის ქვეშ მინდორს გაივლი და, ფიჭვნარამდე მიაღწევ. ის მკვეთრი საზღვარი, მინდორსა და ხეებს შორის, უცებ გადაილახება და მაცოცხლებელ სიგრილეში შეხვალ, სადაც უჩვეულო სიჩუმე და წიწვების სურნელია. ქარის იდუმალი ხმა ხანდახან წამოუვლის და ხეებს ააშრიალებს, მზის ნათელს სახეზე გადაგატარებს და მიიმალება. ფიჭვნარში წამოღებულ ყველს, კიტრსა და პომიდორს სულ სხვა გემო აქვს; რაღაც იდუმალი არომატი ეძლევა, რომელსაც ვერასდროს ამოხსნი და არც ღირს, იფიქრო.

მოსაღამოვებულზე სოფელში რომ ჩამოირბენ, გამოცოცხლებულს შენიშნავ. სოფლის ქალები საქონლის დასახვედრად ემზადებიან, კაცები არ ჩანან, ალბათ იმიტომ, რომ მათი ხმა ნაკლებად ისმის. შეხვდები წყაროდან მომავალ მეზობლის ქალს, რომელიც მხიარულად გადმოგძახებს თხრილის მეორე მხრიდან. ამ თხრილში საიდანღაც მოედინება წყალი, რომელიც ზაფხულობით შრება და მის ნაპირებზე ველური პიტნა ხარობს. გეჩქარება - ძროხებს სახლში უნდა მიასწრო, შუაში რომ არ მოჰყვე (და რწყილები არ აგეკიდოს, როგორც დედა გაფრთხილებდა თბილისიდან წამოსვლის წინ). სახლში მისვლისას, ბებოსთან აუცილებლად იქნება მეზობელი სტუმრად, აივანზე სხედან და გამოგკითხავენ, სად იყავი ამდენი ხანი, ხომ ძალიან მოგშივდებოდა?! ბინდდება. ნახირი ამოივლის, მძიმედ, წყნარად, მხოლოდ აქა-იქ გაისმის ბღავილი, თითქოს პატრონს მოახლოებას ამცნობენო. თან მოჰყვებათ მოტკბო, მძიმე სუნი, ცოტა ბალახის, ცოტაც - სხვა. ბებო ვახშმისთვის იწყებს ფაციფუცს, უკვე სიბნელე ჩამოწვება და აივანზე ნათურა ინთება, რომელსაც უმალ მოჰყვებიან ღამის ფარვანები და ჩუმი ფართხალით ეხლებიან მინას. ჩაიდანი დუღდება, მოტეხილპირიან ჭიქაში ახალგარეცხილი პიტნა დევს, თაფლიანი ქილა გამოღებულია, ყველი - დაჭრილი. ჩაი ტკბილია, ტკბილი, ტკბილი. მარილიანი ყველი ამ სიტკბოს ერევა და სასიამოვნო სითბოდ იღვრება ყელში. აგრილდა. "შემოიცვი რამე" გეტყვის ბებო. მეზობლის ბავშვები ამოგძახებენ, ამოვლენ და ჩაის შეთავაზებაზე მორიდებით ამბობენ უარს. ბებო ძალას ატანს და ჩაის უსხამს, თაფლს სთავაზობს. ვახშმის შემდეგ ხის კიბეებზე ბრაგაბრუგით ჩავრბივართ, სახლებიდან გამოსული სინათლე ხის ტოტებზეა გაწოლილი, ჭურჭლის წკრიალზე ხვდები, რომ იქაც ვახშმობენ დაღლილი ქალები და კაცები, დაკოჟრილი ხელებით ურევენ კოვზს და ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებენ.

ღამე ჭოტი იწყებს კივილს. მთვარე ვერცხლისფრად ციმციმებს და სოფელში სრული სიჩუმე ჩამოწვება. ოთახის კარს შეიხურავთ და თითქოს ყველანაირი საფრთხისგან დაცული ხარ. დილაადრიან თუ გამეღვიძება, აუცილებლად გავდივარ აივანზე. მოლურჯო ნათელში გახვეულ მთებს გავყურებ, დილის სუსხია, მაგრამ ლოგინის სითბო მაქვს გამოყოლილი და რამდენიმე წუთი მყოფნის. მამლები უკვე ყივიან, საქონელი საძოვრებზეა წასული. ისევ შემიძლია, ძილი შევიბრუნო, სანამ ბებო გაიღვიძებდეს. დილას რომ გავიღვიძებ, გაღებული კარიდან დავინახავ, როგორ ფუსფუსებს აივანზე და საუზმეს ამზადებს.  ზაფხულის კიდევ ერთი დღე იწყება.