საყვარელ ფილმს რა ნიშნით არჩევთ? როდესაც გკითხავენ, შენი საყვარელი ფილმი რომელიაო და პასუხი მაშინვე მზად გაქვთ ერთი, ორი ან სამი ფილმის სახით. რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას? რეჟისურა? შინაარსი? მუსიკა? მსახიობების ოსტატობა? ფერები? თუ კადრები?
ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ფილმმა აღმაფრთოვანოს. ძლიერი და სასიამოვნო ემოციები გამოიწვიოს. მეორე დილას, თვალს რომ გავახელ, ისევ ამ ფილმზე ვფიქრობდე. მესამე დღესაც. მახსენდებოდეს კადრები, მუსიკა, პერსონაჟის ღიმილი თუ ქმედება. მინდოდეს, კიდევ ვნახო, მაგრამ თავს ვიკავებდე; ამ მოლოდინს ვახანგრძლივებდე, რომ დროის გასვლასთან ერთად, მივიწყებული ემოციები ისევ ძლიერად, ქარიშხალივით გააღვიძოს ზედმეტი დრამატიზმის, ექშენის გარეშე, მარტივად.
და მთავარი - ცვლილებების სურვილი. თუ ფილმი ჩემში ცვლილებებს ახდენს, მინდება, ცოტა უკეთესი, ან უფრო სხვანაირი ვიყო, ვიდრე მანამდე ვიყავი. სხვა თვალით შევხედო ჩემს ცხოვრებას, სხვების ცხოვრებას, ადამიანებს.. უფრო მეტად შემწყნარებელი გავხდე და მეტად გავუგო სხვებს.
თუ ამ ყველაფერს ერთად ახერხებს ფილმი, მაშინ ვხვდები, რომ თამამად შემიძლია, დაუფიქრებლად, ყოყმანის და ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ვუპასუხო კითხვაზე - შენი საყვარელი ფილმი რომელია?
ამჟამად ორი საყვარელი ფილმი მაქვს:
1) ამელი
და
2) პატერსონი
არა, ამ ფილმებზე არაფრის დაწერას ვაპირებ. ხომ ვთქვი, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ვპასუხობ-მეთქი :)