თუ თქვენ ოდესმე ჩახვალთ ბათუმში, აუცილებლად გაიარეთ მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც მსოფლიოში ყველაზე ჯადოსნურ წიგნების მაღაზიას წააწყდებით.პოსტის საუნდტრეკი
არ ვიცი, როგორ ან რა სიტყვებით მოგიყვეთ, როგორ მიყვარს ბათუმი, როგორი ემოციებით ვივსები, როცა მატარებლიდან ფეხს ჩავდგამ და მაშინვე ვგრძნობ, როგორ მომნატრებია ის მძიმე, ნესტიანი ჰაერი რომლის ჩასუნთქვასაც დიდი ძალისხმევა ჭირდება. ამ ქალაქში უბრალოდ ბედნიერი ვარ.
ამ შაბათსაც ასე მოხდა - მატარებლიდან ჩავედი, მთელი ძალით ჩავისუნთქე ცხელი და ნესტიანი ჰაერი და მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი.
ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემს საყვარელ მეგობართან ერთად ყავის დასალევად მივეშურებოდი. როცა ყავის სმის შემდეგ ერთად ვეძებდით თმისსამაგრებს, შხაპის მიღების დროს თმის ასაწევად. როცა თამაშზე მისასწრებად გამწარებული დავრბოდით ქუჩებში აქეთ-იქით და უნივერსიტეტს ვეძებდით. ბედნიერი ვიყავი, როცა ძალიან კარგი წიგნები მაჩუქეს, და ბედნიერი ვიყავი მაშინ, დილის 4 საათზე ხინკლის საჭმელად რომ წავედით. იმდენი ბედნიერებები იყო, აღარ ვიცი, რომელი გავიხსენო, მაგრამ ერთ ბედნიერებაზე ცალკე უნდა მოგიყვეთ.
შაბათს ის ჯადოსნური მაღაზია გაიხსნა, რომელიც დასაწყისში ვახსენე.
მასპინძლები - ირაკლი და მარი არიან ის ადამიანები, რომლებიც პირველი მოგივა თავში, როცა მოგინდება გაიხსენო ვინმე კეთილი ადამიანი. არ ვიცი, საიდან აქვთ ის დადებითი აურა, რომელსაც უწყვეტად ასხივებენ, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ აურის დამსახურება იყო ის მშვენიერი საღამო, სადაც უბრალოდ შეუძლებელი იყო, ბედნიერი არ ყოფილიყავი, როცა ამდენ კარგ წიგნს ხედავდი ერთად, მასპინძლები ასე გულითადად გიღიმოდნენ და უყურებდი იქვე, ხალხში, ხელიდან ხელში როგორ გადადიოდა მათი პატარა ლეა, თავისი კეთილი, მრგვალი თვალებით.
მაღაზიაში თაროებთან რომ დავეხეტებოდი, ერთ-ერთ თაროზე ბაბუაწვერას ღვინოს გადავაწყდი, ერთ წამს დავიბენი და მერე სიხარულისგან ლამის ვიტირე, სასწრაფოდ ანას დავუძახე, ვინმეს რომ გაეზიარებინა კიდევ ეს სიხარული, თორემ ყელში გაჩხერილ ბურთს ვეღარ ვაკავებდი უკვე.
ასე ჩავუმატე ჩემს ბაბუაწვერას ღვინოს კიდევ ერთი წვეთი და ვატარე თბილისამდე; ორშაბათის ამ დაძაბულ დღეს, მთელი დღე ქარვისფრად მინათებდა გონებაში და დღის ბოლოს, სუნთქვისშეკვრამდე დაღლილობის მიუხედავად, მაინც შემეძლო, გამეღიმა.
პ.ს დასაწყისში არასწორად დავწერე, ოდესმე კი არა, აუცილებლად უნდა წახვიდეთ ბათუმში და აუცილებლად, აუცილებლად უნდა ნახოთ წიგნები ბათუმში.