Saturday, October 30, 2010

Facebook-ი და სამეზობლო

   ფეისბუქი ერთი დიდი ქუჩასავითაა.

   აქ არის ბევრი Wall-ი, რომლებიც სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნის და ისინი პირდაპირ ქუჩაზე გამოფენენ მათთვის საინტერესო რაღაცეებს - ფოტოებს, ვიდეოებს, ჩანაწერებს და ასე შემდეგ.
  შენც, დილით რომ გაიღვიძებ, ჩამოივლი ქუჩაზე ყავის ჭიქით ხელში და ცნობისმოყვარედ ათვალიერებ სხვის კედლებს. შეგიძლია უფრო გათავხედდე და მათ სახლებშიც შეიხედო, სადაც თავმოყრილია ყველაფერი ის, რის გაზიარებაც პატრონს უნდა. ზოგი ფანჯრიდან არის გადმოდგარი და ყველა ხედავს, რომ ის სახლშია. ზოგი კი საგულდაგულოდ არის დამალული, დარაბები შეხურულილ აქვს და არ ჩანს.
  ასე, ჩამოივლი, და თუ რამეა, შეგიძლია  საფოსტო ყუთში წერილი ჩაუგდო ვინმეს, ან პირდაპირ, კედელზე მისწერო. აქ ყველას თავის მისამართი აქვს - ზოგს უამრავი ციფრისგან შემდგარი რიცხვი, ხოლო ვისაც არ დაეზარა, მათ საინტერესო მისამართი გაიკეთეს.

 ჩემი მისამართია კონჩეტინა. ასე, დაწერ კონჩეტინას და შეხვალ ჩემს სახლში.


    ფეისბუქი ნამდვილი საოცრებათა სამყაროა - ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს და შეგიძლია მათი მეზობელიც იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი განსაკუთრებულ შენობებში ცხოვრობენ და არ შეგიძლია, მაგალითად, წერილი მისწერო. თუ რამეა, კედელზე მიუწერ და დიდი შანსია, რომ ვერ წაიკითხავენ. მაგრამ მაინც, შენ მათი მეზობელი ხარ!  აქ ასევე ბევრი კომპანია და სხვა დაწესებულებაა. მათაც განსხვავებული შენობები აქვთ. [აი, ზოგიერთმა ქართულმა კომპანიამ ეს ვერ ისწავლა და ჩვეულებრივ სახლებში ცხოვრობენ].

  ჩემს მეზობლებს რაც შეეხება. ამჟამად, მე ხან 240 მეზობელი მყავს, ხან - 239. იმის მიუხედავად, ამ პერიოდში ვამატებ ან ვშლი თუ არა ვინმეს. მეზობლების რიცხვი თავისით იმატებს ან იკლებს.  ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს ჩემი 9 ჯგუფელი და ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ ერთმანეთთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სწავლა დავამთავრეთ. ვგევმავთ შეხვედრებს, რომლებიც უხშირესად ჩაიშლება ხოლმე. ვამხნევებთ გამოცდების წინ და ასე. მეზობლების უმეტესობას, მგონი ბლოგერები შეადგენენ.

    აქ ჩვენ ვირჩევთ, ვინ იცხოვრებს ჩვენს ქუჩაზე. ვინც არ მოგვეწონება, შეგვიძლია უბრალოდ ავიღოთ და ქუჩიდან გავასახლოთ.

   ერთი ფეისბუქური ისტორია მაქვს. ნუ, ისეთი არაფერი, მაგრამ მოგიყვებით. თითქმის ყველა ადამიანს ვიმატებ, ვინც მეგობრობას მთხოვს. ასე აღმოჩნდა ჩემს მეზობლებში ერთი ბიჭი, რომელიც არც კი მახსოვს როდის დავიმატე.  ერთხელ ჩატის ფანჯარა ამოხტა სადაც ის მწერდა - 'გავიცნო?' არაფერი მიპასუხია. რამდენიმე დღის თუ კვირის შემდეგ, კიდევ მომწერა, მაგრამ მე დროულად ვერ ვნახე, კარადას ვალაგებდი და ტანსაცმელში ვიხრჩობოდი.  ეტყობა, გაბრაზდა რომ არ მივწერე და,  თუ არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, წამშალეო.  რომ წავიკითხე, მივწერე შეგიძლია შენ წამშალო-მეთქი. მე წაშლა არ ვიციო და მერე იქვე მოაყოლა, რამდენი წლის ხარო. მე ვუთხარი რომ ფეისბუქის პროფილი იმისთვისაა, რომ შეხვიდე და ინფორმაცია ნახო ასაკის და კიდევ სხვა ბევრი რამის შესახებ. მეორე დღეს, ალბათ ჩათვალა რომ უკვე ძალიან ახლოს ვიყავით და პირდაპირ 'ზდაროვა'-ზე გადავიდა. მე აღარ ვუპასუხე და ასე გავიდა რამდენიმე დღე. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, კვლავ ამოხტა ჩატის ფანჯარა იგივე ადამიანისგან 'პრივეტ. გავიცნოდ?' ვიფიქრე, რომ საკმარისი მიზეზები დაგროვდა იმისათვის, რომ ეს ადამიანი წამეშალა ჩემი ფრენდ-ლისტიდან. [არ ვიცი, ეს იყო ზმნის ბოლოს, თუ უბრალოდ არ მინდოდა, რომ ყველა გამვლელი ჩემი ფრენდი ყოფილიყო] ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორი პოპულარულიც  არ უნდა იყოს ფეისბუქი საქართველოში, არიან ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ ვერ გაუგეს ვერაფერი მას.  ზოგი კი მისით ცხოვრებას იწყობს.

  p.s ისე, რატომ არ უნდა დავარქვათ რამე ამ ფეისბუქურ ქუჩას? ანუ, ჩვენ ყველას ხომ საკუთარი ქუჩა გვაქვს და გვყავს საერთო მეზობლები. მოდი, ჩემს ქუჩას დავარქმევ ალუბლების ქუჩას ან შოკოლადის ბულვარს..  ან მოვიფიქრებ კიდევ რამეს.

Saturday, October 23, 2010

Screw you, doctor O'Malley!

  რამდენიმე დღის წინ blogroll.ge-ზე ბლოგებს გადავხედე. უბრალოდ, იქვე გადავხედე. რამდენი ბლოგი არსებობს, ღმერთო! უმეტესობა ისეთია, დროს რომ ვერ უძლებს [ალბათ ასეა, მე ხომ იმ ბლოგებზე არ შევსულვარ]. თუმცა ხანდახან ისეთ ბლოგებს ვპოულობ, რომლებსაც მერე აქ ვამატებ. მართლაც რამდენი განსხვავებული აზრია.. ამდენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, მგონია რომ მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, და ეს ადამიანები სულ სხვაგან არიან.

   მე ქვაფენილიან ქუჩაზე და დარაბებიან სახლებზე ვფიქრობ, ვოცნებობ არარეალურ რაღაცეებზე და  მერე, ისევ იმ პრობლემებს ვაწყდები პირისპირ, რომლებიც სულ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება, როგორც ქრონიკული დაავადების გამწვავება. სწორად ავხსენი? ამ დროს ისეთი სასოწარკვეთა მეუფლება, რომ მინდა ყველაფერს გავცილდე, დედამიწიდან წავიდე და მარსზე გადავსახლდე [დიახ, მე ახლახან წავიკითხე ბრედბერი]. ბლოგზე ეს ფოტოებიც ისევ ჩემთვის არის მგონი, და საკუთარ თავს ვუმეორებ დაჟინებით რომ ’დღეს კარგი დღეა’. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ ქვაფენილიან ქუჩაზე და ამით ბედნიერი ვარ. მანამდე, სანამ რაღაც არ გამწვავდება.


   პრობლემებში კი იგულისხმება პრობლემები.  არა ის ახირებები, რომლებსაც მოცალეობის დროს ჩვენ თვითონ ვიგონებთ ხოლმე [და ასეთი ძალიან ბევრია. აბა კარგად დაფიქრდით, თქვენი საწუხარიდან რამდენია ხელოვნურად შექმნილი?].

   ადამიანებო, როდის ისწავლით, იყოთ ბედნიერები?  გეთანხმებით, სულ კმაყოფილი ვერ იქნები კაცი, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით მაინც დაფიქრდეთ, რომ სხვას თქვენზე მეტად უჭირს და იმას კი არ გთხოვთ, რომ ვინმეს დაეხმაროთ, ან ვინმეზე იფიქროთ - არა! უბრალოდ, იყავით ბედნიერები. სულ ეს არის. ნუთუ ასე ძნელია? ან, შეიძლება არის კიდეც.. ბედნიერება ხომ ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის.


   პ.ს ამ პოსტის წერა ყველაზე მეტად გამიჭირდა, ბევრჯერ გადავხედე და შევასწორე. შუაღამის ბრალია, ზედმეტად გულახდილი ვარ ამ დროს :) იმედია ხვალ არ ვინანებ, რომ საერთოდ გამოვაქვეყნე.

  პ.პ.ს სათაური სულ ბოლო წამს მოვიფიქრე, როცა შეწუხებული ვიჯექი და უკვე აღარ ვაპირებდი ’პაბლიშზე’ ხელის დაჭერას იმის გამო, რომ ვერ ვასათაურებდი. ვისაც დაგაინტერესებთ, აგიხსნით :)

Saturday, October 16, 2010

New balls, please - Tennis beauties

  ადრე ვამბობდი, ჩოგბურთი მეტად ინტიმური სპორტია-მეთქი. ასეა. როცა კორტებზე სპორტულად გამოწყობილ გოგონებს ხედავ, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, და მერე იგივე ადამიანებს რომელიმე წვეულებაზე იხილავ, დაახლოებით ისეთი შეგრძნება გაქვს, შენი სკოლელი [ან უნივერსიტეტელი :D] რომ ნახო სადმე ასეთ წვეულებაზე და გაიფიქრო, რა კარგად გამოიყურებაო.

   მოკლედ, ჩოგბურთს თავის ლამაზმანები ყავს. უცხო თვალისთვის [უცხო თვალში იგულისხმებიან ადამიანები, ვინც ჩოგბურთს არ უყურებს] და ერთი შეხედვით, ისინი შეიძლება არც ჩანდნენ ლამაზები, ვინაიდან სპორტსმენის სხეული თავისებურია - დაკუნთული და ა.შ მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისეთია, რომ მათი ყურება თვალს ახარებს :)

  ერთ-ერთი ასეთი, საყოველთაოდ ცნობილი, მარია შარაპოვაა. მაშა, ზემოთნახსენები უცხო თვალისთვისაც კარგად ნაცნობია, და შეიძლება სწორედ მისით იწყებოდეს და მთავრდებოდეს ჩოგბურთი.

  მარია ისეთი მაღალია, ცოცხლად რომ ვნახო ალბათ თვალს ვერ მივაწვდენ :lol: სამაგირეოდ, ფეხები აქვს ისეთი, სახე არ გაგახსენდება.


  ის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანია ჩოგბურთელებს შორის, და ათასი ფირმის სარეკლამო სახეა, რომლებიც ამ შემთხვევაში ჩვენ დიდად არ გავინტერესებს.


ანა ივანოვიჩი სერბია, პირველად რომ დავინახე, მახსოვს როგორ მომეწონა.


ძალიან ლამაზი სახე აქვს, ოდნავ პროვინციულ იერს თუ არ ჩავთვლით.



დანიელა ჰანტუხოვას ჯობია მხოლოდ ფეხებზე უყუროთ. ზევით საინტერესო არაფერია :D


სამაგიეროდ მისი ფეხები, როგორც იტყვიან, ერთ ქალად ღირს.



კაროლინ ვოზნიაცკი - მას Sunshine-ს უწოდებენ. თვითონ ტიპია ასეთი, სულ იღიმება, თამაშების დროსაც კი.


როგორც ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა, she's enjoying playing tennis. მოკლედ, საყვარელი გოგოა.



ანა ჩაკვეტაძე რუსია, ქართული გვარით.


ლამაზი გოგოა ძალიან, დაწყობილი ნაკვთებით და გრძელი, ქერა თმით.



  ეს მცირე ჩამონათვალი იყო, ძირითადად მე ვინც მომწონს, იმ ჩოგბურთელების. თუ დაინტერესდებით, ამჟამინდელ, მოქმედ მოთამაშეებს შეგიძლიათ აქ გადახედოთ.

p.s იმდენი ხანია ჩოგბურთზე აღარ დამიწერია, რომ ეხლა მივხვდი, როგორ მომნატრებია ეს სიამოვნება :)

Sunday, October 10, 2010

People, blogs and other labels

  დღეს მნიშვნელოვანი თარიღია. ფეისბუქზე ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში - ყოველი მეორე სტატუსი ასე გამოიყურება: 10.10.10

  ღმერთო, ხანდახან როგორი რთულია წერა. ვზივარ და შევყურებ მონიტორს, გვერდით უკვე ცარიელი ყავის ჭიქა მიდგას და არ ვიცი, რაზე ვწერო. ან ვიცი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვწერ. მინდა რომ დიზაინი შევცვალო. რამდენი ხანია ბლოგსპოტმა ახალი სისტემა გააკეთა და ბევრად უფრო მარტივია ბექგრაუნდის მორგება. მაგრამ მე, როგორც მერყევ ადამიანს, და ცვლილებების მიმართ პანიკური შიშის მქონეს, ვერ გადამიწყვეტია, შევცვალო თუ არა. უფრო გულახდილი ვიქნებოდი, რომ მეთქვა შეცვლა მეზარება-მეთქი. ათასი რაღაცის გაკეთება მინდა და უბრალოდ, მეზარება.


  გარეთ მინდა გასვლა და ადამიანების ნახვა. იცით რამდენი ხანია, სახლში ვზივარ? ავად ვიყავი, მერე პოსტ-ავადმყოფობის პერიოდი მქონდა, მერე პოსტ-რეაბილიტაციის და ახლა რა პერიოდი მაქვს, არ ვიცი. თან ისე მეზარება ამ სახლში ჯდომის პერიოდის მერე გასვლა.. ვინმე ხართ ჩემნაირი? მგონია უნიკალური ვარ ამ ასპექტში :)

  ორიოდე დღის წინ პოსტი დავწერე, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, მგონი :) მერე წავშალე ისევ, თუ არ წამიშლია ჯერ, დრაფტებში გდია შესაძლოა. მოკლედ, გადავიფიქრე გამოქვეყნება. მაგრამ მაინც ვიტყვი, სულ მაინტერესებს, არ ეზარებათ ადამიანებს, მუდმივად ვიღაცის გაკრიტიკება? აი, ვერ წარმომიდგენია, სულ სხედან და ნეტში პატრიარქის ქადაგებებს ეძებენ? რომ მერე დააშეარონ და თქვან, ნახეთ ერთი ამ ერის მამამ რა თქვაო. წადით რა ადამიანებო, თქვენ თავს მიხედეთ. ვინმე ისეთი მაინც აკრიტიკეთ, ვინც მართლა ცუდ საქმეს აკეთებს.


    ისეთი კარგი ქართული ბლოგი ვიპოვე ორიოდე დღის წინ.. აი, სურვილი რომ გიჩნდება, თავიდან ბოლომდე წაიკითხო. ასეთები კი ნამდვილად ცოტაა. ნაწილი მაშინვე წავიკითხე, ნაწილი კი დღეს დავამთავრე, ფინჯან ყავასთან ერთად. აი, მაგალითად, სუნამოებზე წერს, თან ისე კი არა, როგორც უმრავლესობა - ნეტში რომ მოძებნიან და მერე დააკოპირებენ, ან ქართულად თარგმნიან რაღაც სტატიას და თავს აგატკიებენ უაზრო რჩევებით. არა, სულ სხვანაირად.. მოკლედ, დიდი ხანია ასე ბლოგს არ მოვუხიბლივარ.

  რამდენი ხანია, რაფას თამაშები არ მინახავს. ახლა აზიაშია ჩოგბურთის ტურნირები და იქაურ დროს ვერაფერი გავუგე, რომ ვიღვიძებ, თამაშები უკვე დამთავრებულია ხოლმე. გუშინ ტელევიზორში შემთხვევით გადავრთე საჩოგბურთო არხზე, დილის თამაშს იმეორებდნენ. რაფა ახალი გამოსული იყო კორტზე. თავისთვის სკამთან იდგა და ჩოგნებს იღებდა. რომ დავინახე, აი, ისეთი გრძნობა მქონდა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ შეხვდები. მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა - ეე, რაფა, როგორ მომენატრე. დღეს დილით კვლავ გამომრჩა თამაში, და ინტერნეტში ვნახე, რომ ტოკიოს ტურნირი მოუგია. გილოცავ, რაფაელ. ეს წელი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო შენთვის. [რა უცნაურია, აქამდე რაფასთვის 'რაფაელი' არასდროს მიწოდებია და მეუცნაურა :)]


  გრეის ანატომია ჩვეულ ფორმაშია - ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ჯერჯერობით, კარგად გრძელდება. როგორ მიყვარს! ყოველ სერიას სულ მცირე, ორჯერ მაინც ვუყურებ.

  მე მგონი, ყველაფერზე დავწერე, რაზეც ამ დღეებში მიფიქრია. თითქმის ყველაფერზე. ჰო მართლა, ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებლის ბლოგი არ მიხსენებია, საქართველოში რომ ჩამოვიდა იმ რაღაც პროგრამით. ძალიან კარგად წერს და მის პოსტებს სიამოვნებით ვკითხულობ. თუ დარჩა კიდევ ვინმე, ვინც მის შესახებ არ იცით [იქნებ რომელიმე თქვენგანს ფეისბუქი არ გაქვთ, ან ვერ შეესწარით სხვადასხვა ადამიანის მიერ დაშეარებულ მის პოსტებს], შეგიძლიათ იხილოთ მიშელის ბლოგი.

Tuesday, October 5, 2010

Hours and all that matters

  დღეს საათებს ვუყურე. ისე მოუხდა ამ ამინდს.. ხანდახან ფილმებს არასწორ დროს ვუყურებთ ხოლმე, ანუ not right time, და მერე გვგონია, რომ არ მოგვეწონა.

   გარეთ წვიმს, წვიმს, და ჰაერი ნოტიოა. მე ფოთლებს შევყურებ ხეებზე და ვნატრობ, მალე გაყვითლდეს და ჩამოცვივდეს, რომ მერე ისევ შეივსოს მწვანე ფოთლებით.
   დღევანდელი ამინდი კი ბუხარზე მაფიქრებს, მითუმეტეს თუ ცოტახნის წინ საათების ყურება დავამთავრე. ამინდი ხომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. მეგობრები მინდა გვერდით, ოღონდ აქ არა. სადმე, ბუხართან.

   ტელეფონი გაუთავებლად რეკავს. ოთახში დილიდან ბნელა. ჰო, მე ისევ ვოცნებობ სადმე ქალაქგარეთ ყოფნაზე, ფიქრსა და წერაზე. აქ ყოველ წუთს, ყოველ წუთს მაწყვეტინებენ ფიქრს. ისევე როგორც ვირჯინია ვულფს თავის მოახლე.

   როცა ასეთ პოსტებს ვწერ, წარმოვიდგენ ადამიანებს, რომლებიც ზოგადად ბევრს არაფერს დაგიდევენ ცხოვრებაში. ძირითადად ზრუნავენ კარგ სამსახურზე, შემოსავალზე, რომელსაც მერე ტანსაცმელსა და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დახარჯავენ. that's all that matters. როგორც კრისტინა ამბობს, გრეის ანატომიაში - 'არ ვიცი, რა უფრო კარგია, იყო ისეთი მარტივი გოგო, როგორებიც პრიალა ჟურნალებში არიან, თუ იყო.. მე' 

   რა კარგი რამეა ბლოგი. აქ შეგიძლია წერო და წერო.. აუცილებელი არ არის, ჩემს გარშემო არსებულ პრობლემებზე ვილაპარაკო, ისინი ამით არ მოგვარდებიან. ამიტომ ისევ მტვრიან ბუხარსა და ფინჯან ყავაზე დავწერ..