მე მიყვარს ლამაზი ადამიანები. თუმცა, ალბათ ყველას უყვარს.. მაგრამ მაინც, მგონია, რომ მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. ზოგადად დიდი ხანია ვაპირებ პოსტის დაწერას სილამაზეზე - თითქმის ბლოგის შექმნიდან, მაგრამ ვერასდროს დავიწყე. მგონია რომ რამეს გამოვტოვებ, ან სათქმელს ვერ გადმოვცემ კარგად.
ახლაც არ ვიცი, ზაფხულის ამ ცხელ საღამოს, რამ გამახსენა ეს თემა. თუმცა, მაინც არ ვაპირებ ახლა დაწერას. ან, შეიძლება ითქვას, რომ ის, რაზეც ვწერ, შეიძლება შესავალიც იყოს იმ პოსტის, რომელიც სილამაზეს შეეხება და რომელსაც ალბათ მალე დავწერ :)
ბავშვობიდან, როცა წიგნებში ვკითხულობდი სხვადასხვა ლამაზი ქალის აღწერას, ძალიან მიტაცებდა დეტალები - თუ როგორი ხელები, ან რა ფერის თვალები და თმა ჰქონდა. მერე როცა იგივე ქალებს განხორციელებულს ვხედავდი ფილმებში, თითქმის ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებოდი, როცა ჩემი წარმოსახვითი მზეთუნახავების ნაცვლად ვინმე ცნობილი, ხელოვნური მსახიობი შემრჩებოდა ხოლმე ხელთ. ახლა პირველი შორენა კოლონკელიძე მახსენდება. როგორი სათუთად ჰყავს წარმოჩენილი კონსტანტინეს, ისე აღწერს, რომ უბრალოდ, სხვა ქალისკენ გახედვა აღარ მოგინდება. ამ დროს, ვისაც ფილმში გყავთ ნანახი, დამეთანხმებით რომ ოდნავადაც არ ჰგავს კონსტანტინეს შორენას. და მე ორმაგად იმედგრაცურებული ვარ, რომ ეს მსახიობი სწორედ გამსახურდიამ შეარჩია.
რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ არის. შეიძლება უბრალოდ ისე ითამაშოს მსახიობმა, რომ ის გმირი შეიგრძნო. ამის მაგალითად ანჟელიკა მახსენდება.
მიშელ მერსიეს არ აქვს მწვანე თვალები, მაგრამ ჭეშმარიტი ანჟელიკაა, ჩემი აზრით.

რამდენიმე დღის წინ, ჯეინ ეარს ვუყურე. შედარებით ახალი ვერსიაა -
2006 წელს გადაღებული, 4 ეპიზოდად. ეს იყო ერთადერთი ფილმი, სადაც მეგონა, რომ წიგნს ვკითხულობდი. რამდენიმე მომენტში ისე ცხადად შევიგრძენი ზუსტად ის ემოცია, რაც წიგნის კითხვისას მქონდა, რომ სუნთქვა შემეკრა. მისტერ როჩესტერი კი ზუსტად ისეთი იყო, როგორც, მმ.. მისტერ როჩესტერი :) ასე ახლოს ფილმის და წიგნის გმირი არ ყოფილა ერთმანეთთან.
დედოფალი მარგო კი, სხვა არავინ უნდა ყოფილიყო, გარდა
იზაბელ აჯანისა.

39 წლის ასაკში, მან შესანიშნავად შეასრულა 20 წლის დედოფლის როლი. მე ვიტყოდი, ეს მისი გარეგნობის დამსახურებაა - თუ მისი ასაკი არ იცი, ფილმში ვერც მიხვდები რომ 20 წლის არ არის :)

p.s
ახლა მოვიფიქრე, რომ რამდენიმე პოსტი დავწერო ლამაზ ადამიანებზე. ეს კი პირველი ნაწილი გამოდის..
ჰო, სავარაუდოდ, სულ ქალებზე იქნება. ალბათ იმიტომ, რომ მამაკაცში გარეგნობაზე მეტად სხვა რაღაცეებს ვაფასებ :)