Wednesday, March 31, 2010

რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს

თითქმის მთელი თვე ვფიქრობდი, თუ რა დამეწერა ნატალიას ბლოგზე. იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა სხვის ბლოგზე სტუმრობა, რომ გემრიელად დავკომპლექსდი და ჩემი ჟურნალისტური ტვინი თემების გარეშე აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ვიცოდი, თუ რაზე არ უნდა დამეწერა: შოკოლადებზე, ყავაზე, ესპანეთსა და ჩოგბურთზე (ამ უკანასკნელზე ძალიანაც რომ მდომოდა, მაინც ვერაფერს მოვიფიქრებდი). მინდოდა მეპოვა რაღაც ახალი თემა, ყველასთვის ნაცნობი და შოკოლადსა და ყავაზე არანაკლებ საყვარელი.

ჰოდა, დღეს დილის რვა საათზე თავში პატარა, ყვითელი ნათურა ამენთო. რა შეიძლება იყოს ადამიანებისთვის ძილზე უფრო მეტად საყვარელი, ახლობელი და მშობლიური რამ? ჰაჰ, ჩემთვის, პირადად, არაფერი. თუ არ ჩავთვლით საჭმელს, რომელიც აგერ უკვე მეორე კვირაა სულითა და გულით მენატრება (იხილეთ ჩემი გოდება დიეტების თემაში). ძილი და ჭამა ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილად ორ, ყველაზე დეფიციტური ფაქტორად იქცა. დილით ადრე დგები, აგვიანებ, ძილი გაკლდება, ჩქარ-ჩქარა იცვამ, დიდი ყლუპებით სვამ გაციებულ ყავას (კხმ, მაინც წამომცდა) და გიჟივით დარბიხარ მთელი დღე. თუკი ამ სიკეთეს ზედმეტი კილოგრამებიც ემატება ხომ საერთოდ, ბალიშზე და ბუტერბროტზე ოცნება ერთდროულად იწყება.

განსაკუთრებით, ბალიშზე. ჩემს ერთ მეგობარს მუდმივი ძილიანობა აწუხებს. მეორე, რომ მიუშვა, დღის ოთხ საათამდე იძინებს. მესამემ ერთხელ ლექციაზე ისე ამოიხვრინა, რომ სწავლის დაწყება ერთი საათით გვიან გადაწიეს (ისე, ლექციაზე ძილი დღეს მეც ვცადე და არაჩეულებრივად გამომივიდა. სამწუხაროდ, ჩემს უკან ჯგუფელი ისე გემრიელად ღეჭავდა კევს, რომ მალევე გამომაფხიზლა). სწორედ ეს ლექციები და დილის აერობიკა მკლავს. არის გამოსავალი-ღამით დროზე დაიძინო. მაგრამ არა.

იცით როგორ ძილზე ვწერ მე? მაღვიძარას დარეკვამდე ნახევარი საათით ადრე რომ გაგეღვიძება და გაგიხარდება. ან ათწუთიან სნუზს რომ დააყენებ და ის წუთები უდრტვინველად და გემრიელად რომ გძინავს. მოკლედ, დილის ძილი. მოზომილი, ხანმოკლე და ყველაზე ტკბილი. თუკი დრო გაქვთ და ბედნიერი ადამიანი ხართ, შეგიძლიათ თავს დილით წიგნის კითხვის უფლებაც მისცეთ, მერე პიჟამოთი ადგეთ და ყავა (კხმ, ისევ!) ნელ-ნელა დალიოთ. თუ არადა, წამოხტეთ და იმ ნახევარ საათსა თუ ათ წუთს გამოეტიროთ.

ყველას გამოძინებულ და ბედნიერ დღეებს გისურვებთ :*

Dissolved Girl

11 comments:

  1. მე არ მიყვარს ძილი...



    არც ადრე ადგომის და გაღვიძების პრობლემა მაქვს.. :)

    ReplyDelete
  2. დილი ძილი ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი რაღაცაა ცხოვრებაში <3 ეს კვირა ვისვენებ და ვერ მოვახერხე რომ განვახორციელო ეს ’ტკბილი რაღაცა’ - ხან ადრე ვარ ასადგომი, ხან მაღვიძებენ და მერე ვეღარ ვიძინებ..

    ვასასი, შენნაირი ადამიანების მშურს :უსერ:

    ReplyDelete
  3. როგორ მიყვარს ძილი <3

    ReplyDelete
  4. ძილი ჩემი ჰობია :) განსაკუთრებით დილით.. <3

    ReplyDelete
  5. მთელი ცხოვრება მიჭირდა ადრე ადგომა და ადრე დაძინება : )) მეც მშურს ისეთების, ვისთვისაც ეს პრობლემას არ წარმოადგენს : )

    ReplyDelete
  6. ასეთ სურათს უფრო ჰარმონიული ტექსტი უხდება.... სასიამოვნოდ მომთენთა სურათმა და ამიტომ ვამბობ :))
    ნატალია, დაბრუნდი და ერთი პოსტი შენც დაწერე, თორე ჩემს ნერვებსაც საზღვარი აქვს (ვის აინტერესებს თორე კი) :)))

    ReplyDelete
  7. დილით წიგნის კითხვა მიყვარდა. საერთოდ, სტუდენტობისას (ვაიმე, რა ბებრულად ჟღერს :D ) დილის 5-6 საათზე ვდგებოდი და ისე ვმეცადინეობდი გამოცდებისთვის, ღამე მეცადინეობა არასოდეს შემეძლო.

    ძილი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია ლექციაზე დაძინება ან დილით "ვერადგომა".

    ReplyDelete
  8. დაწეროს, ბატონო, დაწეროს, ოღონდ შენ არ ინერვიულო :))))))))))))))))))

    ReplyDelete
  9. სოფი, აი მე ვერც დილით ვიღვიძებ ადრე მეცადინეობისთვის და ვერ ღამით ვსწავლობ :))

    ნატ, ყურადღება არ მიაქციო, უბრალოდ შენ ბოლო მოგიწია პოსტი და დაემთხვა ასე რომ ამბობენ :) მე მიყვარს შენი პოსტები, ძალიან ძალიან <3

    ReplyDelete
  10. ზუსტად ასე გამორთე დღეს მაღვიძარა და საკუთარ თავს სიფხიზლის 10 წუთი მოვპარე :))
    მიჭირს დილით გაღვიძება :((

    ReplyDelete
  11. წავედი ახლა მე დასაძინებლად.
    მთელი ღამე გავათიე და...
    :(

    ReplyDelete