Showing posts with label Villa. Show all posts
Showing posts with label Villa. Show all posts

Monday, September 14, 2020

The Good Villa

სანამ ატლანტაში წავიდოდი, უკვე ვიცოდი, სად ვიცხოვრებდი - "იქ ალბათ ვილაში იცხოვრებ, არა?" - მკითხა მარიმ, და იქაურობაზე მომიყვა - რა წესები ჰქონდათ "ვილაში", როგორ გადამიღებდნენ ფოტოს ჩასვლისთანავე და კედელზე სხვებთან ერთად გამოაკრავდნენ, როგორ დავუმეგობრდებოდი მალევე დანარჩენებს და ა.შ.

ინტერნეტში წინასწარ მოვიძიე "ვილა ინტერნეშალის" ფოტოები. დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა მაინც კარგი მოლოდინებით წავედი.

ატლანტაში რომ ჩავედი, ვილაში ბალა მიმყვა (თავადაც ვილას ყოფილი მაცხოვრებელი იყო). კამილს (იქაურობის დიასახლისს) ჩემი ოთახის გასაღები გამოვართვით (ოთახი #25, მეორე სართულზე), ლიფტით ავედით და შევედით ოთახში, რომლის ფანჯრებიც კედელს უყურებდა და ამიტომ საკმაოდ ბნელი იყო. ჩანთები დავტოვეთ და ბალამ დასათვალიერებლად ქვევით ჩამიყვანა. დაბლა დაგვხვდა დიდი სასადილო რამდენიმე მაგიდით, საერთო სივრცე, სადაც ტელევიზორი, პინგ პონგის მაგიდა, ბილიარდი და პიანინო იდგა, პატარა საკონფერენციო ოთახი და სამზარეულო. სამზარეულოში დიდი ფაციფუცი დაგვხვდა - დღის მიწურული იყო და ვილელები საჭმელს იმზადებდნენ. ჩვენთვის დიდად ყურადღება არ მოუქცევიათ. ბალა პროდუქტების შესანახ ურნებზე სახელის დაწერაში დამეხმარა (ვილას ყველა მაცხოვრებელს თავისი ურნა აქვს, სადაც თავის პროდუქტებს ინახავს. ზედ შენი სახელი უნდა დააწერო) და წავიდა. ცოტახნით სასადილო ოთახში დავჯექი, ყავა დავლიე და ოთახში ავბრუნდი, იმ დღეს ქვევით აღარ ჩამოვსულვარ. მანამდე სამზარეულოში ერთ აზიელ ბიჭს რაღაც ვკითხე და დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავს, რომ ეპასუხა, უბრალოდ შემომხედა. შემდეგ დღეებშიც ხალხს კანტიკუნტად თუ ველაპარაკებოდი, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ თავად გამოიჩენდნენ ინიციატივას.

თურქმა გოგომ, ზეჰრამ, სამზარეულოს ტური ჩამიტარა, ამიხსნა სად იდო საერთო სარგებლობის პროდუქტები. ვინაიდან ჩემს ოთახში არაფრის ატანის უფლება არ მქონდა (ყავისაც კი), მე კი ძალიან მიყვარს ფილმის/სერიალის ყურებისას ყავას რომ ვსვამ და თან სასუნავს ვაყოლებ, ამიტომ სერიალებს და ფილმებს სასადილო ოთახში ვუყურებდი, ყავისა და ნაყინის, ან თუ გვიანი იყო - მარილიანი ნუშის თანხლებით. 

ერთხელ, ასე ვიჯექი და კაპიტან ამერიკას ვუყურებდი, როცა გვერდით სკამზე ერთი ვილელი მომიჯდა და ლაპარაკი გამიბა, დაინტერესდა რას ვუყურებდი. თი ჯეი (ასე გამეცნო) ინგლისური ენის კურსის გასასვლელად იყო ატლანტაში ჩამოსული, სამხრეთ კორეიდან.

დღეები გადიოდა და ის დიდი სამეგობრო წრე, რომელიც ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ჩემს წარმოდგენებში შევიძინე, არ ჩანდა. იმ პერიოდში ახალგაზრდების ერთი გამოკვეთილი წრე უკვე არსებობდა, გერმანელების, ესპანელების და ტაილანდელი სანის სახით (გაივლის დრო და მე სანს დავუმეგობრებდი). საღამოობით, სასადილო ოთახში, მე რომ სერიალებს ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ სხდებოდნენ გრძელი მაგიდის თავში, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. ერთი სცენა განსაკუთრებით დამამახსოვრდა.  სასადილო ოთახში ვახშმობდნენ, როცა არგენტინელი სარა ჩამოვიდა, ყველა ჟრიამულით შეხვდა, სანმა ჰკითხა, თმა სველი რატომ გაქვსო, სარამ უპასუხა, ჯიმში ვიყავი ახლა დავბრუნდი და ძალიან მშიაო. ამ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგის მოსმენისას, რატომღაც ძალიან მომინდა, მეც შემძლებოდა ეგეთი წვრილმანი დეტალების ვინმესთვის გაზიარება.

ძალიან მალევე ორი გერმანელი ბიჭის გასაცილებელი დიდი ვახშამი დაიგეგმა, რომლის შესახებაც ბოლო წუთს გავიგე (ძირითადად არანაირ განცხადებას არ ვკითხულობდი, რომლებიც მრავლად იყო გამოკრული სასადილო ოთახსა და შემოსასვლელ ჰოლში, მათ შორის ამ ვახშმის შესახებაც). ვახშმისთვის კერძების მომზადებაში ყველა იყო ჩართული. მე ვერაფრის მომზადებას ვასწრებდი და მხოლოდ სამზარეულოში დამკვირვებლის ფუნქციას დავჯერდი - დავდიოდი და ვათვალიერებდი, ვინ რას აკეთებდა. ესპანელები უკანა ეზოში პაეიას აკეთებდნენ, ძირითადად იქ ვიდექი და მთელ პროცესს ვუყურე, უზარმაზარ ტაფაზე როგორ უშვებდნენ ეტაპობრივად სხვადასხვა ზღვის პროდუქტს და ბრინჯს. ამ პროცესში კოღოებისგან სასტიკად დავიკბინე, ფეხები მთლიანად წითლად დამეწინწკლა. თავად გასაცილებელი გერმანელი ბიჭები პიცას ამზადებდნენ (?). მათაც გამოველაპარაკე, ძალიან კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ. რასაც ვერ ვიტყვით გერმანელ გოგოზე, სარაზე (ეს ის სარა არაა, სველი თმით რომ იყო) - ჩემს იქ ყოფნას საერთოდ არ აღიარებდა და სანამ ბიჭებთან ვიდექი, დაბეჯითებით აგრძელებდა მათთან გერმანულად საუბარს.

დიდი ვახშმის შემდეგ, ზოგიერთი ჰოლში ბილიარდის სათამაშოდ გავიდა და მეც იქ აღმოვჩნდი, სადაც, ცხოვრებაში მეორედ, ვითამაშე ბილიარდი და გავიცანი მოჰამედი - ეგვიპტელი ფიზიოთერაპევტი, რომელიც ბილიარდს არტასთან ერთად თამაშობდა. silly girl from Kosovo - ასე გამაცნო არტა მოჰამედმა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ ერთი პროგრამით იყვნენ ჩამოსული ამერიკაში და აქ გაიცნეს ერთმანეთი. არათუ ცოლ-ქმარი, არანაირი რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონდათ. იმ საღამოს შემოგვთავაზა კორეელმა თი ჯეიმ (რომელსაც თალჯუ ერქვა მაგრამ ვერ გამოთქვამთო და ამიტომ TJ შევარქვით) შემდეგ დღეს დრაგონ ქონის პარადზე წასვლა.

შემდეგ დღეს მე, თიჯეი და მო (მოჰამედმა გვითხრა, მო დამიძახეთო) პარადზე წავედით. მო მეუბნებოდა, ერთ ეგვიპტელ მსახიობს ჰგავხარო, ფოტო მაჩვენა და ვიღაც ძველი მსახიობი იყო (სავარაუდოდ ამჟამად გარდაცვლილი ან ძალიან მოხუცი) და დიდად არ ვგავდი, ჩემი აზრით. თი ჯეი შეეკამათა, ნატალია ბევრად ლამაზია ამასთან შედარებითო, თუმცა მოს მიაჩნდა რომ ის მსახიობიც ძალიან ლამაზი იყო ☺ დრაგონ ქონიდან დაღლილები დავბრუნდით, იქ ჭამა ვერ მოვახერხეთ, რაღაც ფუდ კორტში მივედით, დიდი რიგების გადავლის შემდეგ, მაგრამ ვერაფერი ავარჩიეთ და ისევ ვილაში დავბრნდით. მომ კესადია მოგვიმზადა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებაში პირველად გააკეთა, ოღონდ არა მხოლოდ კესადიას, არამედ ზოგადად საჭმელს ამზადებდა პირველად ☺ იმ დროს კი გემრიელი იყო, მაგრამ მერე მუცელი საეჭვოდ ამტკივდა. ასე დავმეგობრდით მე, თი ჯეი და მოჰამედი - ქართველი, კორეელი და ეგვიპტელი :) მო თი ჯეის სულ რაღაცაზე ეხუმრებოდა, თან სულ ეუბნებოდა, საუკეთესო ადამიანი ხარ, ვისაც შევხედრივარო. თი ჯეი მართლა რაღაცნაირად თავისთვის, ჩუმად კარგი იყო. მაგალითად, ერთხელ ბორდგეიმს ვთამაშობდით, კამილმა უგემრიელესი ბრაუნი გამოაცხო, თეფშზე გადმოვიღე და სათამაშო მაგიდას დავუბრუნდი. ჭამა დავამთავრე და თეფში გვერდით მივწიე, ვიფიქრე რომ თამაშის დასრულების შემდეგ გავრეცხავდი (ვილაში ყველა თვითონ რეცხავს თავის ჭურჭელს). რაღაც მომენტში, ვერც შევამჩნიე როდის, თიჯეიმ თეფშები წაიღო და გარეცხა. სულ ასეთ წვრილმან კარგ რაღაცებს აკეთებდა, ძალდაუტანებლად, ისე რომ ვერც შეამჩნევდი. მო ჩემი ასაკის იყო და თი ჯეის ასაკი რომ მოვძებნე ფეისბუქზე, 47 წლის აღმოჩნდა! დიდი ხანი სრული შოკი მქონდა, სულ ჩვენი ასაკისად აღვიქვამდით და ვეხუმრებოდით.

ვილაში დამკვიდრებული იყო მოხალისეების პრაქტიკა. ძირითადად ადგილობრივები, ან ჩვენთან მოდიოდნენ და მაგალითად, ბორდგეიმებს გვათამაშებდნენ, ან სადმე მივყავდით. ერთხელ, ერთმა ასეთმა მოხალისემ, ატლანტასთან ახლოს ტბაზე წაგვიყვანა მინივენით, 15-მდე კაცი ვიყავით. მო სხვაგან წავიდა, ამიტომ ჩვენი მცირე სამეგობრო წრიდან მხოლოდ მე და თი ჯეი ვიყავით. მოხალისე, ავსტრალიელი რიჩარდი CDC-ში მუშაობდა და წინათ ვილაშიც ცხოვრობდა. მე არც ცურვა ვიცი და არც საცურაო კოსტიუმი მქონდა წაღებული, ამიტომ ნაპირზე ჩამოვჯექი და წიგნს ვკითხულობდი. დანარჩენები კი ტბაში შეცვივდნენ. რიჩარდი ერთ ვილელ გოგოსთან ერთად ძალიან ღრმად შევიდა ტბაში, დანარჩენები დიდხანს ველოდეთ, სანამ მობრუნდებოდნენ. რომ დაბრუნდნენ, ამ გოგოს ვუთხარი, so you swim really well-მეთქი და გაეცინა, არც ისეო. ვილაში რომ დავბრუნდით, რიჩარდმა შემოგვთავაზა სასროლად წასვულიყავით. უმეტესობამ უარი თქვა და მხოლოდ მე, თი ჯეი, ერთი ინდოელი ბიჭი და მოცურავე გოგო დავთანხმდით. გზაში ეს გოგო გამომელაპარაკა, საიდან ხარო და როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავი სახე გაუნათდა და ძალიან მიყვარს თქვენი საჭმელიო! ასე გავიცანი მირა ყაზახეთიდან. ალმატიში ნამყოფი ვარ-მეთქი და თვითონაც ალმატიდან ყოფილა. სროლის შემდეგ ნეკნების ბარბექიუს საჭმელად წავედით იგივე შემადგენლობით. გზად მე და მირა გაუჩერებლად ვქაქანებდით ყველაფერზე. აღმოჩნდა, რომ ჩემსავით, მირაც დარბოდა, პარკში მივდივარ ყოველ საღამოსო. შემდეგი სირბილი ერთად დავგეგმეთ. 
 
თი ჯეი მალევე წავიდა, სექტემბრის ბოლოს მეც დავტოვე ვილა ერთი თვით. თავიდან მარტო ცხოვრება გამიჭირდა, ვილას ხმაურიანი საღამოების მერე ბინაში სრულიად მარტო ყოფნა უცნაური იყო. თუმცა ვილასთან 7 წუთის ფეხით სავალზე ვცხოვრობდი და ამიტომ მირასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, საღამოობით სარბენად მივდიოდით, ან General Muir-ში ვსხდებოდით ვახშამზე, სოვინიონ ბლანს ვსვამდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. როგორი უცნაურია, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს უამრავი საერთო გვაქვს - ვიხსენებდით, როგორ გვიჭირდა 90-იანებში, ჩვენს დედებს როგორ უწევდათ მომქანცველი სამუშაოს შესრულება, რომ შვილები გადაერჩინათ. რამე ამბავს რომ გავიხსენებდი, same, same - მეტყოდა მირა და გააგრძელებდა მსგავსი ამბების მოყოლას. შემოდგომის არდადეგებზე ნიუ ორლეანში წავედით ერთად, სადაც ღამის ავტობუსით ვიმგზავრეთ. ცოტა გვეშინოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. 

ხანდახან, ლექციებზე მიმავალს, მოც მხვდებოდა გზაში და ერთმანეთს მოვიკითხავდით.

ოქტომბრის შუაში მირასთანაც მიწევდა დამშვიდობება, ავსტრალიაში ბრუნდებოდა (ყაზახი კია, მაგრამ ავსტრალიაში ცხოვრობს). მისი წასვლის დღეს, ლექციები გვიან მეწყებოდა და დილის ყავაზე შევხვდით General Muir-ის ბეიქერიში. ყავა ავიღეთ და გარეთ მაგიდასთან დავსხედით. მოღრუბლული, გრილი დღე იყო, ხალხი ყავით ხელში გამოდიოდა GM-დან და სამსახურებისკენ მიიჩქაროდა. არასდროს დამავიწყდება ეგ დილა, მაშინაც უკვე ვიცოდი, როგორ კარგად დავიმახსოვრებდი იმ დილას, იმ მომენტს, თუნდაც იმას, დილას სახლიდან გასვლამდე არ ვისაუზმე, ვიფიქრე ბეიქერიში ავიღებ რამეს-მეთქი, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ არაფერი გამომცხვარი და უზმოზე დავლიე ყავა :) იქიდან მირას ვილაში გავყევი, რაღაცები უნდა მოეცა ჩემთვის და სამზარეულოში რომ შევედი, ისე გაუცხოებულად ვიგრძენი თავი, რომ წარმოვიდგინე, ერთ კვირაში უკან ვბრუნდებოდი, ცოტა პანიკამ შემიპყრო. მირას დავემშვიდობე და უკან დავბრუნდი, ჩემს ბინაში.

ორშაბათს ღამით ჩანთები ვილაში გადავიტანეთ მე და ბალამ, ოთახი ჯერ არ იყო თავისუფალი, ამიტომ ჩანთები ქვევით, პატარა საკუჭნაოში დამატოვებინეს. საკუჭნაო პატარა საკონფერენციო ოთახში იყო და რომ შევედით, ერთი ბიჭი იჯდა და მეცადინეობდა. შემდეგ დღეს ვბრუნდებოდი. იმ ღამეს ბინაში ყოფნის ბოლო საღამო მოვიწყვე, შარდონე გავხსენი და sex and the city-ს ვუყურებდი.

ვილაში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სამშაბათს დილას, ლექციიდან რომ დავბრუნდი, ბინაში მივირბინე, ბოლო ნივთები ავიღე და ოფისში გავიქეცი გასაღების დასაბრუნებლად. ჩექაუთი 12-ზე იყო და ზუსტად 12-ს აკლდა წუთები, რომ გასაღები ჩავაბარე :) იქიდან ვილაში ჩავედი, ჩემი უზარმაზარი ჩანთა კიბეებზე ავათრიე და ოთახში შევედი. კარები მივხურე, ვიდექი, ოთახს შევყურებდი და ჯერ უარყოფაში ვიყავი, რომ მე აქ უნდა მეცხოვრა. ამიტომ ზურჩანთას დავტაცე ხელი და როლინსში წავედი, ლექცია მეწყებოდა მალე. საღამოს რომ მოვდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ჩემს ყოფილ ბინასთან რომ არ ჩამევლო, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და იქიდან წავედი ვილასკენ. გზად CVS-ში შევიარე, ბოსტნეულის ჩიფსები და დოქტორ პეპერი ვიყიდე, ზურგჩანთაში ჩავიდე და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი (მართალია საჭმლის და სასმლის ატანა არ შეიძლებოდა, მაგრამ სტრესმა მეამბოხე გამხადა). ვილაში ჩემი ახალი ოთახი უფრო პატარა იყო, ვიდრე წინა და სამრეცხაოს წინ მდებარეობდა. ვახშამზე სამზარეულოში არ ჩავსულვარ, ოთახში ვჭამე ჩიფსები და დოქტორ პეპერი დავაყოლე. ესეც სტრესის კიდევ ერთი ნიშანი - სრულფასოვანი ვახშამი გამოვტოვე. მეორე დილას, როცა ჯერ კიდევ არ ვაღიარებდი, რომ ვილაში ვცხოვრობდი, ჩანთა ავიღე და პირდაპირ როლინსში წავედი, იქაურ კაფეტერიაში ვისაუზმებ-მეთქი. საღამოს კი ჩემი მდგომარეობის დრამატული კულმინაცია მოხდა - ვილაში დავბრუნდი, გამოვიცვალე და გარეთ გავედი სასეირნოდ. უმიზნოდ მივხეტიალობდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყოფილი ბინის წინ, სკვერთან ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი. ამ სკვერში მუსიკა იყო ჩართული სულ. იმ მომენტში რაღაც სევდიანი სიმღერა გასდევდა ფონად, და წარმოვიდგინე შორიდან ჩემი თავი, როგორც კადრი, ამ ძელსკამზე რომ ვზივარ, მუსიკის თანხლებით. გონებაში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ რაღაც სულელური ფილმის პერსონაჟივით ვიქცევი. მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ეს დრამატიზმი.

შემდეგ დილას 10-ზე მქონდა ლექცია. ჩემს თავს შემოვუძახე, რომ უნდა შემეწყვიტა ეს სულელური ქცევა, ამიტომ დილას ავდექი, ჩავიცვი და ეგრევე GM-ის ბეიქერიში გავიარე, ყავა და დარიჩინის ფუნთუშა უნდა ამეღო, დრო ბევრი არ მქონდა და ლექციაზე შევჭამ-მეთქი, ვიფიქრე. ყავა და ფუნთუშა ავიღე, გამოვედი და იქვე ახლოს ძელსკამზე ჩამოვჯექი, მინდოდა ფუნთუშა ჩანთაში შემენახა. ყავის ჭიქა გვერდით დავიდე, ჩანთისკენ მოვტრიალდი და უცებ მესმის დგლაფანის ხმა - სანამ მიხედვას მოვასწრებდი, ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა ცხელი სითხე ბოტასში. ჭიქა გადაბრუნდა და მთელი ყავა დაიქცა, ერთი ყლუპის დალევაც ვერ მოვასწარი. ეგეც შენი დილის საუზმე. წავედი ლექციაზე, ვერც ფუნთუშის ჭამა შევძელი, იმდენი გლაზური ჰქონდა მოსხმული, ჩანგლის გარეშე შეუძლებელი იყო, გეჭამა. მთელი ლექცია მუცელი მიყურყურებდა. 

იმ საღამოს მივხვდი, რომ დრო იყო მეღიარებინა, რომ ვილაში ვცხოვრობ. სამზარეულოსკენ გავეშურე. სასადილო ოთახში რომ გავიარე, გრძელი მაგიდის თავში ბევრნი ისხნდნენ და ესპანურად ლაპარაკობდნენ. მათ შორის ერთი-ორი ნაცნობი სახე დავლანდე და მივესალმე. სამზარეულოში შევედი და პროდუქტის ურნები გავიმზადე, "Natalia" ნაჩქარევად დავაწერე. თითქმის არაფერი პროდუქტი აღარ მქონდა, საყიდლებზე ვიყავი სასწრაფოდ წასასვლელი, რისთვისაც მოხალისესთან უნდა ჩავწერილიყავი. მოხალისეები ყოველდღე მოდიოდნენ და მანქანით მივყავდით პროდუქტების უახლოეს მაღაზიაში.

ვილაში ძველი მაცხოვრებლებიდან თითქმის აღარავინ დამხვდა, უმეტესობა ახალი სახეები იყვნენ. რამდენადაც პირველ მისვლაზე ენთუზიაზმით ვიყავი სავსე, ყველას ვუღიმოდი და ვესალმებოდი, იმდენად ახლა არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა, I hate this place გულში ვიმეორებდი სულ, უკვე მანტრასავით მექცა. მოც არ იყო ვილაში იმ პერიოდში, ნიუ იორკში იყო წასული რამდენიმე კვირით. მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველა ძალიან თავაზიანი იყო ჩემ მიმართ, ახლა პირიქით ისინი მიღიმოდნენ და მესალმებოდნენ, რაც ცოტა არ იყოს, მიკვირდა. ერთ დილას, სამზარეულოში ყავას რომ ვიკეთებდი, იმ ბიჭმა, საკონფერენციოში რომ დავინახე დაბრუნების წინა დღეს, საუბარი გამიბა - ახალი ხარო? - გამომკითხა საიდან ვიყავი. მეო კიმი მქვიაო, თავის სახელი დამიმარცვლა (Quimi). შემდეგ დღეს, პირველ საყიდლებზე რომ წავედი, იმდენი რამ ვიყიდე, პარკებს ვერ ვტევდი მაგიდაზე, კიმიც სამზარეულოში იყო და იცინოდა, მსოფლიო ომისთვის ემზადები თუ რატომ იყიდე ამდენი პროდუქტიო? მერე დატრიალდა, ახალი ურნები გამოძებნა უცებ, გამირეცხა და წინ დამიწყო, ამაში ჩაააწყვეო. ერთ საღამოს, ჩაშუშულ სოკოს რომ ვამზადებდი, კიმი შემომესწრო, დაინტერესდა რას აკეთებ-ო, is it fungus? მეკითხება. "მაშრუმზ" რატო არ ეძახი, ეგრე რომ ამბობ,  დაავადებას უფრო ჰგავს-მეთქი, და ფუნგუს არის და აბა რა დავუძახოო, გულწრფელად გაუკვირდა :) მომზადებული სოკო მასაც გავუყავი და დიდხანს ვლაპარაკობდით მერე, ესპანურს მასწავლიდა და პერუსა და ბრაზილიაზე მიყვებოდა (პერუელია, მაგრამ ბრაზილიაში ცხოვრობს და მუშაობს). ამ დროს შემომთავაზა, ხვალ დილას მოლში მიდიან დანარჩენები, მანქანა ჰყავთ დაქირავებული და ხომ არ წახვალო? ერთმა გოგომ გამოიარა და იმას დაუძახა, ხვალ რომელზე მიდიხართ, ნატალიაც რომ წამოვიდესო და ამ გოგომაც ძალიან ღიმილით და უშუალოდ შემომთავაზა მათთან ერთად წასვლა. მაშინ პირველად გამოვცადე ლათინო ამერიკელების უშუალობა, ისე დაგელაპარაკებიან, თითქოს ასი წელია გიცნობენ, არც ზედმეტად თავაზიანად და არც ფამილარულად. სასადილო ოთახში სულ ერთად ისხდნენ და მათი ესპანური-პორტუგალიური ლაპარაკი იავნანასავით ჩამესმოდა სულ. რაღაცნაირ კარგ აურას ქმნიდნენ იქ ყოფნით.

თუმცა, სანამ მათ დავუმეგობრებოდი, მანამდე ვეიტაოს და ეკს დავუმეგობრდი. ჩინელი ვეიტაო ბორდგეიმის თამაშისას გავიცანი და ემორის ჯიმში დავიწყეთ ერთად სიარული, ეკის გაცნობა კარგად არ მახსოვს, სანთან ერთად იყო სულ (ორივე ტაილანდელები არიან), მერე სანი მორიგ მოგზაურობაში წავიდა (სულ მოგზაურობდა!), და მე, ვეიტაო და ეკი დავმეგობრდით. ესენი სულ საჭმელებს ამზადებდნენ საღამოს და მეც მაჭმევდნენ. თან ყველაფერი ყოველთვის გემრიელი გამოსდიოდათ, იმიტომ რომ საათზე მეტს ატარებდნენ ქურასთან! მაშინ, როცა, ჩემი კონტრიბუცია, ჩვენს საღამოს ვახშმებში, ძირითადად დაჭრილი ავოკადო იყო :) თუმცა, ერთი დღე ქართული კერძების დღედ დავთქვით და ლობიო და ჭვიშტარი მოვუმზადე, კიტრის მწნილით და კიტრო-პომიდვრის სალათით. მგონი, მოეწონათ. მე კი ძალიან მომეწონა, მართლა ქართულ გემოებს ჰგავდა. თან სუფრაზე ბევრი სხვაც შემოგვესწრნენ. მათ შორის ბალა საპატიო სტუმრად იყო :)

ერთ საღამოს მე, ვეიტაო და ეკი სტრიპტიზ კლუბში ვაპირებდით წასვლას (?) (არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი). მთელი დღე ბიბლიოთეკაში მქონდა გატარებული, იქიდან პირდაპირ ჯიმში წავედი და საღამოს სახლში თავმტკივანი და დაღლილი დავბრუნდი, ცოტა წავუძინე და 9-ზე მაღვიძარამ გამაღვიძა. მივხვდი, რომ საერთოდ არ მქონდა სტრიპტიზ კლუბში წასვლის სურვილი. ბიჭებს მივწერე, ჩემ გარეშე წადით-მეთქი და ვეიტაომ ძალიან გააპროტესტა, ეგრე რა აზრი აქვსო (არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი)! ეკმა გვითხრა, სამხრეთ ამერიკელები რაღაც ბარში აპირებენ წასვლას და იქ ხომ არ წავიდეთ ჩვენცო. ეს იდეა მოგვეწონა, და საბოლოოდ, იმ ბარში, იმდენი ვიცეკვე, ბოლოს ყველა დაიღალა და მე კიდევ არ ვჩერდებოდი. მაგ ცეკვების მერე, ვეიტაომ მითხრა, ქართველები უფრო კონსერვატორები მეგონენო :) (არ ვიცი, არ მკითხოთ რას გულისხმობდა).

ნელ-ნელა ლათინოამერიკელებიც გავიცანი. მეორე დილას მე, მიგელი და ლუსი სარბენად წავედით. ორივე კოლუმბიიდან იყვნენ, სამედიცინოს სტუდენტები. ატლანტაში როტაციაზე იყვნენ. ბელისარიოც კოლუმბიელი იყო და კიმისთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. კიმი ძალიან ერთობოდა ჩვენით, ვინაიდან მე ძირითადად ბელისარიოს teasing-ით ვიყავი დაკავებული და თავს იმდენის უფლებას ვაძლევდი, რომ ესკობარზეც კი ვეხუმრებოდი ხოლმე. კიმის მიაჩნდა, რომ იდეალური წყვილი ვიყავით ☺ 

თუმც ჩვენი, როგორც ერთიანი წრის დამეგობრება პოლის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა. 

ერთ დღეს, სამზარეულოში ვიყავი და ლანჩს ვიმზადებდი, როცა მკვეთრად ევროპული გარეგნობის ბიჭი შემოვიდა და ხელი გამომიწოდა, გამარჯობა, მე პოლი ვარო, მითხრა. კროგერიდან ახალი დაბრუნებული იყო, და სანამ თავის უზარამზარი სპორტული ჩანთიდან პროდუქტებს ალაგებდა (პარკებს არ იყენებდა, ეკოსისტემის მოფრთხილების ეგიდით), ერთმანეთს გამოვკითხეთ, ვინ ვიყავით და რას ვსაქმიანობდით ატლანტაში. პოლი სამედიცინოს სტუდენტია, ემორიში კვლევაზე იყო ჩამოსული ნეირომეცნიერების მიმართულებით. საჭმელად რომ დავსხედით, პოლი ყვებოდა, რის ნახვას აპირებდა ატლანტაში. თუ დაუნთაუნში დააპირებ წასვლას, მეც აუცილებად წამოვალ-მეთქი, ვუთხარი. მოგვიანებით, როცა უკვე დავმეგობრდით, მითხრა, მაშინ კი გამიკვირდა, სრულიად ახალგაცნობილზე სადღაც წასვლა რომ შემომთავაზეო, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რომ ჭამა ასე გიყვარდა და მართლა მხოლოდ საჭმელად წასვლა გინდოდაო ☺ 

ჩვენი დიდი, ლათინოამერიკული ოჯახი კი მაშინ შეიქმნა, როცა ბოტანიკურ ბაღში სინათლის შოუზე წავედით - მე, პოლი, ვეიტაო, ეკი, მიგელი, ლუსი, კაროლი, ჯულიანა, ანა და ანდრეა. კაროლი და ჯულიანა ბრაზილიელები იყვნენ, ანა ჰონდურასიდან, ანდრეა კი - ეკვადორიდან.

გამოსვლისას, უბერებს რომ ველოდებოდით, მიგელმა ვოთსაფში ჯგუფის ჩატი შექმნა და The good villa დაარქვა - ეს ჩატი დღემდე გვაქვს და ძალიან მიყვარს. ვილაში დაბრუნებულებს ძალიან გვშიოდა, ოთახებში აღარ ავედით, სასადილო ოთახში დავსხედით და პიცა გამოვიძახეთ. სანამ პიცები მოვიდოდა, ერთმანეთი ფეიბსუქზე დავიმატეთ და იყო ერთი ხორხოცი, ფოტოების გადაგზავნა. ვეიტაო პიცას არ დაელოდა, სტეიკი შეიწვა და ჩვენ წინ დემონსტრაციულად ჭამა :)

ასე შეიქმნა ის სამეგობრო წრე, რომელსაც ჩასვლის დღიდან ველოდი :) შემდგომში, გრძელი მაგიდის თავში რომ ვსხდებოდით, ყოველთვის მახსენდებოდა, სულ სულ თავიდან, ახალი ჩასული, სხვებს როგორ ვუყურებდი, ზუსტად ამ ადგილას რომ ისხდნენ და იცინოდნენ. რაღაცნაირად, კარგი შეგრძნება იყო, ფილმის კადრივით ვხედავდი, ჩემს თავს ჩამოსვლისას და - ახლა. 

კარგი  შეგრძნება იყო ეს მოულოდნელი დამეგობრება. საღამოობით მიგელი ჩატში მოიწერებოდა, what's the plan for today? და ვგეგმავდით ფილმების ყურებას ან სადმე წასვლას. სანიც დაბრუნდა მორიგი მოგზაურობიდან და ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა. საოცარი უნარი ჰქონდა, ყველას დამეგობრებოდა და ყოველთვის საზოგადოების სული და გული ყოფილიყო. მეც ამ დროს უფრო დავუმეგობრდი. ერთხელ სხვებთან ერთად რაღაცაზე ვლაპარაკობდით და რაღაც რომ ვთქვი, უცებ სანი მომიბრუნდა და სასიამოვნოდ გაოცებული მეუბნება - you're funny!

მიგელი ძალიან მონდომებით გვასწავლიდა სამხრეთ ამერიკულ ცეკვებს მე და პოლს. თან ცეკვების შინაარსსაც გვიხსნიდა. მე და პოლი ვიყავით ხე და ბოძი :) ყოველ ჯერზე სიცილით ვკვდებოდი, ერთად როცა ვცეკვავდით. ერთხელ ლათინოამერიკულ ბარში წავედით და იქ მოვახდინეთ დემონსტრირება :) არც ისე წარმატებით. თუმცა ერთი ჭიქა შარდონეს მერე, საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ შაკირასავით ვცეკვავდი. 
იმ ღამით ვილაში რომ დავბრუნდით, სანმა მიკროტალღოვან ღუმელში დონატები გაგვითბო და გვაჭამა. სრულიად ახალი აღმოჩენა იყო ოდნავ შემთბარი დონატების ჭამა, კრემი რომ გამლღვალია. სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯექი, თბილ-თბილ დონატებს ვჭამდი, ფეხებს ვიქნევდი და ვიცინოდით. იმის მერე კროგერში სულ ვყიდულობდი ამ დონატებს და სანის მეთოდით ვათბობდი.

ყველაფერ კარგს აქვს დასასრული - ნელ-ნელა ჩვენმა წრემ დაშლა დაიწყო. ჯერ ვეიტაო წავიდა, მერე ლუსი, ორ დღეში მიგელი მიჰყვა, მერე ანდრეა. მხოლოდ მე, კაროლი, ეკი, ბელისარიო და პოლი დავრჩით. ჩემი წამოსვლის წინა დღეებში საშინლად გავცივდი, სიცხე მქონდა და ძლივს ვსუნთქავდი (ალბათ იმიტომ, დიდი ოდენობით ნაყინს რომ ვჭამდი სულ). თუმცა წამოსვლის წინა დღეს ბარბექიუ რესტორანში წავედით მაინც მე, ეკი, ბელისარიო და პოლი. სანამ ჩვენი მაგიდა გამზადდებოდა, ბართან მოგვიწია ჯდომა და ლოდინი. თან ავად ვიყავი, თან მშიერი, თან წამოსვლა არ მინდოდა და სანამ მაგიდასთან დაგვსვამდნენ, საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. მაგიდასთან როგორც კი დაგვსვეს და მენიუ მოგვიტანეს და კერძების არჩევა დავიწყეთ, ხასიათი გამომიკეთდა და საჭმელი რომ მოგვიტანეს, ლამის ტაში შემოვკარი ბედნიერებისგან (საოცრად გემრიელი იყო ყველაფერი). ბელისარიო ეუბნება ბიჭებს, დაკვირვებიხართ, რომ ნატალია ჭამამდე და ჭამის შემდეგ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება არისო? :D

შემდეგ დღეს დილას ყველას დავემშვიდობე და ნიუ იორკში გავფრინდი. ასე გასრულდა კარგი ვილას ამბავი. დღემდე ვკითხულობთ ერთმანეთს ვოთსაფში, თუმცა ცხადია,  დროთა განმავლობაში ინტენსივობამ იკლო. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ დედამიწის ყველა მხარეს ცხოვრობენ ადამიანები, რომლებთანაც ბევრი კარგი მოგონება გაკავშირებს.

* * *
პ.ს ეს პოსტი ძველი დრაფტებში შემომხვდა, გადავხედე, დავარედაქტირე და ვაფაბლიშებ, ბედნიერი დღეების მოსაგონებლად.

Sunday, April 7, 2019

The one where Natalia is nostalgic


ბოლო დღეებია, მონატრების მეორე ტალღამ მომიარა, მაგრამ წინასგან განსხვავებით, რომელიც ცალკეული ფლეშბექებით გამოიხატებოდა, ამჯერად პაზლივით გაერთიანდა და ატლანტას სახე მიიღო, რომელიც ცალკეულ ნაწილებს შეიცავს - ვილა, იქ გაცნობილი მეგობრები, ემორი..

Atlanta and CDC
რამდენიმე დღის წინ სერიალი "ატლანტა" დავიწყე. პირველივე სერიაზე ქალაქის ატმოსფერო და განწყობა ვიგრძენი და ჩასვლის პირველი დღეები გამახსენდა, ზუსტად მაშინდელი შეგრძნებები, როცა ქალაქს ჯერ უცხოდ და ახლად აღვიქვამდი. აეროპორტიდან ვილასკენ რომ მივდიოდით, გზად საცობი იყო და მძღოლმა გვითხრა, დღეს ბიონსეს კონცერტია და იმიტომ არის გადატვირთული მოძრაობაო. მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი წინა ცხოვრებიდან სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი -  მე და ბიონსე ერთ ქალაქში ვიყავით! შეიძლება ასეთ დეტალებს არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მე სულ მქონდა ამგვარი მომენტების დაჭერის და ამით აღტაცების უნარი. ეს იყო პირველი აღტაცება ატლანტით.

მახსოვს, როგორ აღმაფრთოვანა პირველად CDC-ის დანახვამ, რომელიც ისეთი დიდებული ჩანდა! ზუსტად ვილას წინ იყო და ყოველდღე, ლექციებზე მიმავალი შევცქეროდი. ისიც მახსოვს, ნელ-ნელა როგორ მივეჩვიე, მაგრამ ხანდახან მაინც გამახსენდებოდა, შევყურებდი და ყოველდღე CDC-ის წინ დავდივარ-მეთქი, ვფიქრობდი.

CDC headquarters
Villa
ვილა მენატრება - ალბათ, ყველაზე მეტად მაინც ვილა მენატრება. დილას სამრეცხაოდან საშრობის ზრიალის ფონზე გაღვიძება, ხანდახან ვიღაცების საუბარიც რომ ერთვოდა - ძირითადად, ვილაში ახალ მოსულს რომელიმე ძველი მაცხოვრებელი სარეცხი მანქანის და საშრობის მოხმარების წესებს უხსნიდა. გაღვიძების პირველი წუთები, ნახევრადმძინარე გამათბობელს რომ ჩავრთავდი და სწრაფად ისევ საწოლში შევხტებოდი. ოთახი სასურველ ტემპერატურაზე სანამ არ გათბებოდა, არ ვდგებოდი, სიცივისგან რომ არ მეკანკალა.

ის იშვიათი მომენტი, როცა ჩემი ოთახი დალაგებულია. ძირითადად, საშინელი უწესრიგობა მქონდა და დამლაგებლის მოსვლა რომ უწევდა, იმ დროს ვალაგებდი ხოლმე

მართალია მაშინ ძალიან მეზარებოდა, მაგრამ ახლა ისიც მენატრება, სამზარეულოში ჩასასვლელად ჩაცმა რომ მჭირდებოდა და პიჟამოებით ვერ ჩავბოდიალდებოდი. თმაზეც უნდა შემევლო ხელი, მთლად გაჩეჩილი რომ არ ვყოფილიყავი. მოკლედ, სამზარეულომდე რთული გზა იდო. ჰოლში, როგორც წესი, კამილი ელაპარაკებოდა ვიღაცას, ძირითადად, მორინს ფრონტ დესკთან. სასადილოში შეიძლება ვინმე დამხვედროდა, თუ გვიან ვიღვიძებდი, აუცილებლად იქნებოდა ვილას სტაფი, რომლებიც იქაურობას ასუფთავებდნენ. ახლა დავფიქრდი, რომ მათი (სტაფის) არც ერთის სახელი არ ვიცი. არადა ერთ-ერთს ძალიან საყვარელი შვილი ჰყავდა, ორიოდე წლის, სულ ვეფერებოდი და ისიც დიდი, ბრიალა თვალებით შემომყურებდა. დედამისიც წამეჭორავებოდა ხოლმე ორიოდე წუთით. ბავშვის სახელი ვკითხე, მაგრამ ცოტა უცნაური სახელი ერქვა და ვერ გავიგე, მათი აქცენტის გაგება ყოველთვის მიჭირდა.

სამზარეულოში შესვლისას ვინმეს აუცილებლად გადავაწყდებოდი. კიდევ კარგი,  ხალხმრავლობა არასდროს იყო, თორემ დილას ბევრი ლაპარაკის თავი არასდროს მაქვს. სანამ ჩემს შვრიის ფაფას მოვიმზადებდი, რაც პაკეტის გახსნას, ჯამში ჩაყრას და წყლის დასხმას და და მიკროტალღოვანში შედგმას მოიცავდა, პარალელურად ყავის აპარატში მომზადებას ვიწყებდი. ამ დროს ვინმე ისეთი თუ შემომესწრებოდა, ვისთანაც ვმეგობრობდი, მასაც ვუმზადებიდ ყავას (თუ გამიმართლებდა და კიმი დამხვდებოდა, ის აქეთ მიკეთებდა ყავას). ამასობაში ფაფა მზადდებოდა, ბანანს დავაჭრიდი და  მაგიდას მივუჯდებოდი და როგორც წესი, ამ დროს შემომესწრებოდა პოლი - უუზარმაზარ ჯამში  შვრიის უდიდესი პორციას იკეთებდა, ამატებდა კენკრას და რძეს და მისი საუზმის ზომის გამო ჩემი გაფართოებული თვალების დანახვაზე მიხსნიდა, რომ იმდენს ვარჯიშობს, ბევრი კალორიები ჭირდება. ყავა როცა გამზადდებოდა, დაახლოებით იმ დროს ჩამოდიოდნენ მარიანი და გაელი. სანამ სასადილოში შემოვიდოდნენ, შორიდან გაელის ჭყივილი გვამცნობდა მათ მოახლოებას. მარიანი  სუფრის თავში დასვამდა და თავის პატარა მაგიდას მოუდგამდა, სანამ მარიანი სამზარეულოში საუზმეს უმზადებდა, გაელი გვათვალიერებდა და თავის ენაზე (ანუ ჭყივილით) გველაპარაკებოდა. ერთხელ, მე, კიმი და ბელისარიო ვისხედით და რაღაცაზე ვლაპარაკობდით, მაგიდის ბოლოდან გაელი გვიჭყიოდა და ბელისარიომ რაღაც უთხრა ესპანურად, "ნატალია"-ც ფიგურიდებდა. კიმის ვკითხე და გადამითარგმნა, ბელისარიო ეუბნება, ნუ გეშინია, ნატალია მარტო შენ გეკუთვნისო ❤

ჩემი ყავის სმის და გაელის საუზმის შემდეგ, მარიანი მთხოვდა ცოტახნით გაელთან მეთამაშა, სანამ თავად ჭურჭელს და მაგიდას გარეცხავდა. ჩვენ თამაშში ისე ვერთობოდით, რომ ვერც ვხვდებოდი დრო როგორ გადიოდა და მარიანი წამოგვადგებოდა. ძირითადად, მაგიდის ფეხბურთის მაგიდაზე ვთამაშობდით, ან პინგ პონგის მაგიდასთან მიბაჯბაჯდებოდა გაელი, ორ ჩოგანს აიღებდა და ერთს ძალიან საქმიანად გამომიწვდიდა, თითქოს რამე გაეგებოდა თამაშის (ან იმას და ან მე :D).  ამასობაში, ლექციზე წასვლის დრო მოდიოდა, გაელს თავზე ვკოცნიდი და ჩემს ოთახში ავრბოდი.

Natalia the athlete
ლეპტოპით დამძიმებული ჩანთის მოვიკიდებდი, ხანდახან მუსიკასაც ჩავირთავდი ყურსასმენებში და როლინსისკენ გავეშურებოდი. ვილას აღმართზე ასვლისას ყოველთვის ვქოშინებდი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად დავდიოდი. ლექციების შემდეგ, ბალას შევუთანხმდებოდი და ჯიმისკენ მივეშურებოდით. ჯიმის რუტინაც კი მიყვარდა - თხილამურებით დაწყება, მერე სიმძიმეების ტრენაჟორები და ბოლოს გირებისკენ მივემართებოდი, ყურებში რამე ბედეს მუსიკით, თითქოს ყველაზე ძლიერი ვიყავი იქ, ძალიან მიზანმიმართული ნაბიჯებით, მივიდოდი გირებთან, ავიღებდი 3.5 კგ-იანებს და ვცილობდი, ძალიან არ შემტყობოდა, 10 დათვლის მერე როგორ მძიმდებოდა და მიჭირდა გირების აწევა, მაშინ, როცა, გვერდით უზარმაზარ შტანგებს წევდნენ საოცრად დაკუნთული ტიპები. სიმძიმეების მერე ინდორ ტრეკზე სირბილის დრო მოდიოდა. სირბილის დამთავრებისას ვხვდებოდი, როგორ ძალიან მომშიებოდა, მაგრამ სახლამდე მაინც არ გავყვებოდი შატლს, ყოველთვის ფეხით მივდიოდი. ერთხელ გაწელვებს რომ ვაკეთებდი, ტელეფონს დავხედე და სანი გვწერდა ვოთსაფის გრუფში, მე, პოლი და ეკი ნეკნების ბარბექიუს საჭმელად მივდივართ და ვის გინდათო. ჯერ გააზრებული არ მქონდა, რა მოიწერეს, რომ ჩემმა თითებმა თავისით აკრიფეს "me, me!' და გაგზავნეს. არადა, მახსოვს ზუსტად მაგ დღეს გავიფიქრე, დღეს არსად არ წავალ და ჯიმის მერე ვიმეცადინებ-მეთქი. მართლა უგემრიელესი ბბქ ჰქონდათ იმ ადგილას და ბრაუნიც კი საოცრად გემრიელი აღმოაჩნდათ.

ეს ფოტო მახსოვს მხოლოდ იმიტომ გადავიღე, რომ ჯიმიდან ერთი ფოტო მაინც მქონოდა სამახსოვროდ

CVS magic
ლექციების მერე თუ ჯიმში არ წავიდოდი, გზად CVS-ში შევივლიდი აუცილებლად (for no particular reason) და რიგებს შორის უმიზნო დავხეტიალობდი, მაგრამ ცდუნება დიდი იყო და ხელს აუცილებლად გავაყოლებდი ნაყინს ან რამე სნექს. მაგალითად, ერთხელ, როცა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, რაღაც ქუქიზ ვიყიდე და სახლში რომ მოვედი, მერე დავხედე რომ ვეგანური და გლუტენ და კიდევ ძალიან ბევრი რამე free აღმოჩნდა, როგორც ფოტოზე ხედავთ. გემო თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ.


Villa dinners
საღამოს, ვილაში დაბრუნებისას, ოთახში ასვლამდე, პირველ რიგში სამზარეულოში შევივლიდი, რომ მენახა, ვინმე რამე საინტერესოს ხომ არ ამზადებდა. ძირითადად იქ აუცილებლად მხვდებოდა ეკი, თავისი ხუთსაათიანი დინერის მზადებაში გართული და აქეთ პოლი, რამე ბოსტნეულს (ძირითადად, ტკბილ კარტოფილს) იჭრიდა.

ერთხელ პოლისგან ფული ვისესხე, 50 დოლარი, ქეში არასდროს მქონდა და უცებ დაგვჭირდა ბილეთებისთვის. მერე სულ მავიწყდებოდა ქეშის გამოტანა და 1 კვირა ისე გავიდა, ვერ დავუბრუნე. თან ყოველდღე ვახსენებდი, შენი ვალი რომ მაქვს-მეთქი და ისიც ღიმილით მეუბნებოდა "ჰო, ბოლოს და ბოლოს, როდის დამიბრუნებ?" მაგრამ მერე დააყოლებდა, არაუშავსო. როგორც იქნა, ერთ საღამოს გამოვიტანე ფული და სამზარეულოში რომ შევიარე, პოლი მოჰამედთან ერთად ფალაფელის როლებს ამზადებდებდა. ჯიმიდან მოვდიოდი და არ ვიცი, ალბათ ვარჯიშის შემდგომი rush მქონდა და ამიტომ ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ძალიან გაბადრული სახით ამოვიღე ფული და გავუწოდე. why are you so happy-ო, ოდნავ გაკვირვებული სიცილით მკითხა პოლმა. მაშინ მივხვდი, რომ თბილ სახლში დაბრუნება მიხაროდა, მიხაროდა, რომ მალე ერთად, გემრიელად ვივახშმებდით. მაგ ვახშამზე, ზემოხსენებული ფალაფელის როლები ხომ ვჭამე, რომელსაც ფალაფელთან ერთად ბევრნაირი ბოსტნეული და სოუსად არაჟანი ჰქონდა, მერე კიტრის მწნილი და ჰუმუსი დავამატე, ბოლოს ყავა და ნაყინი დავაყოლე. ღამით საწოლში ვიჯექი, კუჭის ტკივილი არ მაძინებდა, წამლებმაც კი არ მიშველა.

Avocados a la Natalia
ძალიან ხშირად ვიმზადებდი ხოლმე ავოკადოს, უბრალოდ ვჭრიდი, მარილს და პილპილს ვაყრიდი, ცოტა ბალზამიკოს მოვასხამდი და ბოლოს გახეხილ პარმეზანს ვაყრიდი. მსუბუქი და თან ნოყიერი რამ იყო. პოლი ისე მოიხიბლა ამ სალათით (სალათა არის? არც ვიცი, რა ვუწოდო) რომ ერთხელ მისთვის მომამზადებინა, თან მიყურებდა ყველა ეტაპზე, თითქოს რაღაც ურთულეს კერძს ვაკეთებდი. ახლა მეუბნება, რომ ვილაში დღემდე აკეთებენ ავოკადოს ასე, პოლი უწოდებს, Avocados a la Natalia, ისინიც კი, ვინც ჩემს შემდეგ მივიდნენ :D

ამ ფოტოზე პარმეზანის გარეშეა
Kroger
კროგერში წასვლები ბოლოს უკვე ლამის ყოველდღიურ საქმიანობად გადაგვექცა, მოხალისეების მანქანებს საერთოდ აღარ ვიყენებდით, ფეხით დავდიოდით. "I'm out of avocados, let's go to Kroger" ვიტყოდი და ეკი ან პოლი აუცილებლად წამომყვებოდნენ. თან შემოდგომაზე იქით მიმავალი გზა ულამაზესი იყო. მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, შუაგულ ტყეში გადიოდა და ერთხელ, მე და ეკს გვიან მოგვიწია წასვლა, სიბნელეში მივდივართ და უცებ ეკი მეკითხება "do you believe in ghosts?" რატო მეკითხები-მეთქი, შენ გჯერა და გეშინია, თუ გაინტერესებს მე მჯერა თუ არა?-თქო ვკითხე. არ მახსოვს, რა მიპასუხა, მაგრამ მერე ვილაში მოვყევი და იმის მერე კროგერში ყოველი წასვლისას ამ გზაზე ვიღაც აუცილებლად მკითხავდა, Natalia, do you believe in ghosts?

კროგერისკენ მიმავალი გზა, ეკის გადაღებული ფოტო.
მე ვთხოვე, გადაუღე და გამომიგზავნე-მეთქი

Laziest Saturday ever
ოჰ, და, ამაზე აუცილებლად უნდა მოვყვე - საუკეთესო ზანტი შაბათი რომ გვქონდა მთელ ვილას! ერთი შაბათი ძალიან წვიმიანი გათენდა, დღის პირველი ნახევარი თავსხმა იყო. ამიტომ, თუ საქმე არ ჰქონდა, არავინ არსად წასულა, მაგრამ არც ხალხმრავლობა იყო, ზოგი ოთახებში ისვენებდა - ყველას თავისი შაბათი ჰქონდა. საუზმის მერე ჩემს ოთახში ავდიოდი და ჰოლში, ტელევიზორთან ზაჰირა შემხვდა, დივანზე იჯდა და ქსოვდა. ხომ არ გინდა შემომიერთდეო, რამეს ვუყუროთო, მითხრა. სამეცადინო კი მქონდა, მაგრამ უარი არ ვუთხარი, მოდელინგის წიგნი ჩამოვიტანე და მივუჯექი (narrator: she did not study that day). ლეპტოპი ვერ შევართეთ ტელევიზორში, ამიტომ რაღაც სისულელეები გვქონდა ჩართული, რაც უფრო ფონს ქმნიდა, ისე ვლაპარაკობდით ათას ამბავზე.

ხედი დივნიდან, სადაც ვიწექი

გაელი და მარიანი შემოგივერთდნენ, გაელი მაგიდის გარშემო დაბაკუნობდა და ჟურნალებს ათვალერებდა. მერე რაღაც მუსიკაზე სასაცილოდ ცეკვა დაიწყო, მე, ზაჰირა და მოჰამედი აპლოდისმენტებით ვამხნევებდით.

ხანდახან ბელისარიო გამოხეტიალდებოდა, ძირითადად საკონფერენციოში იჯდა და მეცადინეობდა.

ამასობაში, ზაჰირას მოშივდა და მითხრა პიცას შევუკვეთავ, შენ მხოლოდ ჭამაში დამეხმარეო (არ მინდა, ბევრი ვჭამოო). ამაზე მაცდურ წინადადება რა შეიძლება იყოს? დომინოს პიცა შევუკვეთეთ, თან ვეგეტარიანული (ზაჰირა ხორცს არ ჭამს)! "დომინოს ვეგეტარიანული პიცა" - ხომ საზიზღრად ჟღერს, მაგრამ ეგეთი გემრიელი პიცა იშვიათად მიჭამია!

ჩვენი პიცა

მე, ზაჰირამ და ბელისარიომ გავიყავით, სასადილოში დავსხედით, ბელისარიომ ყავა გაგვიკეთა, მე რა თქმა უნდა, ქუქიზ მქონდა გადანახული და გამოვიტანე. გაელი მუხლებზე ამომიძვრა, მასაც ვაჭმევდი ქუქის და ყავას ვაყოლებდით (გაელს, არ ვასმევდი, ცხადია).
ჭამის შემდეგ ისევ დივნებზე გადავინაცვლეთ, ზაჰირამ რაღაც ფილმს მიაგნო, მე ვიწექი და ნახევრად მძინარე ვუყურებდი. ძლივს ავწიე თავი რომ დინერისთვის ლობიო დამედგა მოსახარშად. რა თქმა უნდა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, თავზე არ ვადექი ქვაბს და 2 საათი სამზარეულოში არ გავატარე - ისევ დივანს დავუბრუნდი და ხადახან გავდიოდი და ამოვურევდი. უკვე რომ დაღამდა და ლობიოს შეზავება დავიწყე, ბელისარიომ დაგეხმარებიო და ამჯერად ჭვიშტარი მთლიანად მას გავაკეთებინე, ცომის მოზელიდან დაწყებული, შეწვაც  მას ვანდე (narrator: that was a mistake). შედეგად მივიღეთ გარედან დამწვარი და საკმაოდ უგემური ჭვიშტარი. ლობიოც, ეტყობა ცუდი ჯიშის იყო,  მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი სუნელებით შევაზავე, ასევე საკმაოდ უგემური გამომივიდა, არც ლამაზად გამოყურებოდა, ნაცრისფერი დაჰკრავდა. დინერზე რომ დავსხედით, ლობიოს მარტო მე ვჭამდი, სხვები ერთს  გასინჯავდნენ და თავს ანებებდნენ :D ჭვიშტარიც არ ყოფილა პოპულარობის პიკში. დაიწვა და ცუდი გამოვიდა, ზოგადად ასეთი არ არის-მეთქი, ვთქვი და ამ დროს ბელისარიომ ერთი ცალი ჭვიშტარი აიღო და მეორე მხარეს გადააბრუნა, სადაც დამწვარი არ იყო - აი ესე კარგიაო. თუმცა ლობიოსგან განსხვავებით, უფრო აქტიურად ჭამდნენ. ბოლოს ერთი ჭვიშტარი დარჩა, არ მინდა ამის გადაგდება და იქნებ ვინმემ შეჭამოთ-მეთქი, ყველამ უარი თქვა და ბელისარიომ ამჯერად მეორე, დამწვარ მხარეს გადააბრუნა, ასე ნამდვილად გადასაგდებიაო :D

p.s
პოსტის პირველი ფოტო ცუდი ხარისხისაა, ბოლოსკენ გადავიღე, როცა ტელეფონის კამერა გაფუჭებული იყო, მაგრამ ჩემს საყვარელ მომენტს გამოხატავს - შებინდებისას გარე განათებები რომ აინთება ხოლმე.

p.p.s
გუშინ მარიანმა გაელის ვიდეო გამომიგზავნა და ისეთი გაზრდილიაა! ჩემი პაწაწინა გაელი.

Wednesday, December 26, 2018

The Last One

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შობის საღამო დგება. ნიუ ჯერსის პატარა ქალაქში ვარ, სადაც ფარგოს ფერები და განწყობაა. ნაძვის ხის ციმციმა შუქებით განათებულ ოთახში ვზივარ და ვცდილობ, არ ვიფიქრო, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში ვბრუნდები.

წინა ხუთშაბათს ვილა და ატლანტა დავტოვე. ჯერ კიდევ დამჭირდება დრო, შევეგუო, რომ მაშინ, იმ ხუთშაბათს, სახლიდან არ წამოვედი. გუშინ ვილას ალბომს რომ ვაკეთებდი Facebook-ზე, მთელი დღე მოვანდომე, სანამ ჩვენი ვოთსაფის გრუფიდან ფოტოებს ავარჩევდი. არჩეული ფოტოები კიდევ ერთხელ გადავარჩიე, იმის მიხედვით, თუ რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად.

რა მომენატრება ყველაზე მეტად?

პირველ რიგში, თავისუფლება. თავისუფლებაში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც საკუთარ თავზე უფლების მოპოვებას გულისხმობს - არანაირი სხვა პასუხისმგებლობა, გარდა ჩემი თავისა. დილით გაღვიძება და იმაზე ფიქრი, რამდენ ხანში ჩავიდე საუზმეზე. შხაპი საუზმემდე მივიღო თუ საუზმის შემდეგ? დროის განკარგვა და დღის დაგეგმვა მხოლოდ ჩემი სურვილების მიხედვით, რა მინდა გავაკეთო დღეს, მარტო მინდა გავაკეთო, თუ სხვებთან ერთად. ერთადერთი პასუხისმგებლობა ემორისთან მქონდა, სამეცადინოს სახით.

კიდევ რა მომენატრება?

ვილა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.


საუზმეები მომენატრება. ძირითადად, შვრიის ფაფა სხვადასხვა არომატებით (დარიჩინი ან ყავისფერი შაქარი და ნეკერჩხლის სიროფით) და ბანანი, ან იშვიათად - იოგურტი და ბანანი.  შვრიას მიკროტალღოვანში შევდებდი და სანამ მზადდებოდა (2 წუთი), აპარატში ყავას ვყრიდი და ვრთავდი. ერთხელ, მარიანი და გაელი შემომესწრნენ და მარიანმა, კოლუმბიური ყავა მაქვს ძალიან კარგიო, გაგასინჯებო და მომცა. რომ ვაკეთებდი, მთხოვა, იქნებ მეც გამიკეთოო. დავუსხი, ფინჯანი აიღო, თან გაელი ეჯდა კალთაში და მითხრა, მე ამ ყავას თითქმის ვერ ვიმზადებ, დიდი დრო ჭირდება და გაელის გამო არ შემიძლიაო. მალევე წამოვედი, თორემ აუცილებლად გავუკეთებდი ყოველ დილას ყავას.

მომენატრება სამზარეულოში გატარებული დრო, სადაც მინიმალური კულინარიული ძალისხმევის ხარჯზე ვაკეთებდი დინერს. საღამოობით, უხშირესად ეკი უკვე იქ მხვდებოდა, ყოველდღიური 2 საათიანი დინერის მზადებაში გართული და "ნატალიია" (აქცენტი "ი"-ზე) მომესალმებოდა. მე ეგრევე დავინტერესებოდი, რას ამზადებდა. უხშირესად პასუხი იყო "ჩიქენ", თან ეშმაკურად გაიღიმებდა, იცის რომ ქათამს არ ვჭამ, მაგრამ ყოველ მომზადებისას, ჯერ მთავაზობდა და უარის მერე კოვზით მოჰქონდა პირთან და არ ნებდებოდა, სანამ არ შევჭამდი.

მომენატრება სამზარეულოშივე გამართლი დინერები, როცა სასადილო ოთახამდე არც გავდიოდით და გრძელ მაგიდასთან, ფეხზე მდგომები ვჭამდით. ერთხელ, პოლის შემოთავაზებული ვიეტნამური ბრინჯის (?) როლები მოვამზადეთ. ვიეტნამელი არავინ იყო იქ, მაგრამ პოლი იმდენად გატაცებული იყო აზიური სამზარეულოთი, რომ რეცეპტი საიდანღაც მოჩხრიკა. გარდა როლებისა, იმდენი რამ მოვამზადეთ ერთად, სასადილოში აღარ გავიტანეთ და ადგილზე ვჭამეთ. სანმა უგემრიელესი სტეიკები შეწვა, ეკმა - ქათამი რაღაც სუნელებით, მე.. დოქტორ პეპერი მივიტანე :D. ზუსტად იმ დროს, როცა ვთქვით, რომ ჭამისგან ვეღარ ვსუნთქავდით, სანმა შემოგვთავაზა - ვის უნდა ბესთ აის ქრიმ ინ ზე ვორლდ! რა თქმა უნდა, ყველას გვინდოდა. ნაყინს ჯულიანამ და კაროლმა დულსე დე ლეჩე (ჩვენებურად მოხარშული სგუშონკა) ამოუდეს გვერდით. ამ დროს დავრწმუნდით, რომ კუჭს ლიმიტი არ აქვს.
მეორედ ვიეტნამური როლები რომ გავაკეთეთ, ტრადიციულად ისევ სამზარეულოში დავრჩით და ისევ უამრავი ვჭამეთ. კიმი შემოგვიერთდა და ბრინჯის თხელი ფურცლები რომ დაინახა (როლებს რაშიც ვახვევდით), მომეცით აბა ეგ თრეშ ბეგში შეხვეული რაღაც, გავსინჯო როგორიაო :) ბელისარიოს მხოლოდ როლებისთვის სოკოს შეწვა ვანდეთ და უცებ საიდანღაც პულვერიზატორი რომ ამოიღო და ტაფას დაასხა, ლამის ხელებში ვეცი, მისი მზარეულობის შესაძლებლობები რომ ვიცოდი, არ იყო გამორიცხული, რაღაც არაჭამადი გამოეყენებინა შეწვისას. მაგრამ სხვებმა ამიხსნეს, ზეითუნის ზეთია ეგეთ ფორმაშიო. ეკი თავზე ადგა და დაჰყვიროდა, დროზე შეწვიო, ისეთი სასაცილოები იყვნენ, იატაკზე ჩავიკეცე და ისე ვიცინოდი.

კიმი მომენატრება, რომელსაც სამზარეულოში ვხვდებოდი ძირითადად და "მაი ჯორჯიან ფრენდ!" - შემომძახებდა. მომენატრება მისი გულიანი სიცილი, რამეს რომ ვეტყოდი და მომიბრუნდებოდა - "გერლ, იუ არ ქრეიზი!"; ბილიარდს თამაშობდა ხშირად და როცა ჩავუვლიდი, ხელს გამომიწოდებდა და დამატრიალებდა, როგორც ცეკვისას.

ბელისარიოს "ადამაშვიილი!" - შორიდან, როგორც კი დამინახავდა, დაიყვირებდა და სასადილოში ყურებამდე გაღიმებული შემოაბიჯებდა. მერე სამზარეულოში ერთად თუ ვამზადებდით რამეს, ყოველ წუთში იმეორებდა ან მღეროდა "ნატალიაა, გერლ ფრომ ჯორჯია". დღემდე ვერ დავაჯერე, რომ ესპანურად ვლაპარაკობ. ყოველ თქმაზე, გაგულისდებოდა და მეუბნებოდა - "ჯუ დონ სფიქ სფენიშ, ნატალია! ჯუ დონ ივენ ჰევ ე ქლუ!"
- ბათ აი დუ - ვეტყოდი უმანკოდ გაოცებული, მერე ესპანურად მიწყებდა სწრაფად ლაპარაკს, თან მიყურებდა და იღიმებოდა, იცოდა, თითქმის არაფერი მესმოდა. მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვეუბნებოდი, რომ სწრაფად ლაპარაკობს და ამიტომ არ მესმის.

პოლი მომენატრება, თავისი გერმანული თავაზიანობით (არ ვიცი, ეს თავაზიანობა გერმანულია თუ თვითონაა უბრალოდ ასეთი). თან ახერხებდა თავაზიანი ყოფილიყო და თან მუდმივად კბილს მკრავდა - ჩემს მფლანგველობას და საჭმლის მუდმივად გაფუჭებას. ერთხელ ვახსენე, მოდელინგს ვმეცადინეობ-მეთქი და ჩემი მოძრაობები გააკეთა, ოღონდ გადაპრანჭულად, ბევრი ვუმტკიცე, ეს მოდელინგი მოდელობასთან არაფერ შუაშია-მეთქი, მაგრამ ამაო გამოდგა. ყავას დიდად არ ვსვამდა, მაგრამ რომ შევთავაზე, დამთანხმდა, კონცენტრაციაში მეხმარებაო. ერთხელ ოთახში ვიყავი და კარზე კაკუნი გაისმა, პოლი მომადგა შეწუხებული ღიმილით, შენი დახმარება მჭირდება, ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო და ყავა მჭირდებაო. ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ბელისარიომ მოუდუღა ყავა და მოღალატე ვეძახე, მაგრამ დამამშვიდა, ძალიან ცუდი ყავააო და გამასინჯა - მართლა ცუდი იყო. მაგრამ აბა კოლუმბიელს მაგას როგორ ვეტყოდით, ცუდ ყავას ადუღებო. ამიტომ,  ბელისარიო რომ შემოვიდა და ჰკითხა, როგორ მოგწონსო, მე ვუთხარი, ისეთი კარგია, ახლა ბოლომდე დალევს-მეთქი და თან პოლს ნიშნისმოგებით ვუღიმოდი. პოლი მიყურებდა "ამას მე მიკეთებ?" სახით და ძალით დალია ის ყავა. ბელისარიოს შემდეგ შემოთავაზებაზე, ყავა ხომ არ გინდათო, პოლმა სასოწარკვეთილმა შემომხედა, ნატალია, შენ გააკეთე ყავაო. მე ძალიან კმაყოფილი ვიღიმებოდი - I'm always the hostess!

მიგელი მენატრება, ჩემი სალსას მასწავლებელი. ჩემს მოუქნელ ნაბიჯებს რომ სულ აქებდა და there you go! შესძახებდა, თუ მოვახერხებდი და ფეხზე არ დავაბიჯებდი. ძალიან მონდომებული იყო, რომ მე და პოლს სალსა გვესწავლა და სულ ერთად გვაცეკვებდა.

ჯულიანას და კაროლის მომზადებული ბრიგადეირო მენატრება. კაროლის დაბადების დღეზე გამოაცხვეს ტორტი ბრიგადეიროთი, პირველი ნაჭერი მე მომცეს და სანამ ნაჭრებს ანაწილებდნენ, მე ვერ მოვითმინე და სულ შევჭამე :(
მე და ანდრეას ყველაზე კარგად გვესმოდა ერთმანეთის ხუმრობა და ჩაბჟირებამდე ვიცინოდით ხოლმე ერთად, ისე რომ სხვები ვერც ხვდებოდნენ, რა ხდებოდა.
ანას  შეძახილი - "ნატალია, გოუ დაუნ!" - სადმე ბარში რომ ვიყავით, თეძოების სამხრეთ ამერიკულ მოძრაობას მასწავლიდა ხოლმე და  ამ შეძახილზე ცეკვით და თეძოების ქნევით უნდა ჩავმჯდარიყავი და მეც მორჩილად ვასრულებდი :D

და ჩემი პაწაწინა გაელი! ჩემს დანახვაზე სახე  რომ უნათდებოდა, მორბოდა და ხელს ჩამკიდებდა. წამოსვლის დღეს, მარიანი და გაელი დასამშვიდობებლად ოთახში მომადგნენ, გაელის ძილის დრო იყო და წასვლისას ვეღარ ვნახავდი. ჰოლში ბევრი ვითამაშეთ და თითქოს ხვდებაო, არაფრით არ მიშვებდა, მარიანს ოთახში რომ შეჰყავდა, გამოექცა, ხელი ჩამკიდა და ბიბლიოთეკისკენ მიმათრევდა სათამაშოდ. მარიანმა ოთახში შეყვანა რომ სცადა, ტირილი დაიწყო და ბოლოს იძულებული გავხდი, მომეტყუებინა, წავალ და ახლავე მოვალ-მეთქი. ოთახისკენ რომ მივდიოდი, ჰოლში უკვე ნიკაპი ამიკანკალდა, ოთახში შევედი თუ არა, ბალიშში ჩავემხე და ბევრი ვიტირე.
დღეს გაელს საჩუქრები გამოვუწერე ვილას მისამართზე და პატარა ქარდიც მიუვა, იმედია, ოდესმე კიდევ შეგხვდები-მეთქი, ვწერ.

ეს სიმღერა შემთხვევით აღმოჩენილი არაა, მხოლოდ მე და ერთმა ადამიანმა ვიცით, რას ნიშნავს :)



Wednesday, December 12, 2018

The one with ice cream

დრო ისე სწრაფად გავიდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, ამ კვირაში რომ ყველაფერი მთავრდება (უფრო ზუსტად, ორშაბათს მაქვს ბოლო გამოცდა).

ლექციიდან ვილაში შემოვირბინე ლანჩისთვის. ყავას ვსვამ და ამ არაჩვეულებრივ სიმღერას ვუსმენ, რომელიც გუშინ აღმოვაჩინე. ნიკ ქეივის ხმა მომენატრა და ვიფიქრე, რამე ჩემთვის უცნობ მოვუსმენ-მეთქი და აი, ეს მარგალიტი ყოფილა ჩემთვის დამალული (იხ.პოსტის ბოლოში). მელოდია და რიტმი ზუსტად შეესაბამება ჩემს ამჟამინდელ განწყობას - ცოტა სევდიანი და ცოტა მოტკბო.

უცნაურია იმის გააზრება, რომ ერთ კვირაში წავალ და იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე ვხედავ, ერთად ვსაუზმობთ, ვვახშმობთ, ერთად მივდივართ ხმაურიან ბარებში საცეკვაოდ, ბევრი  პირადი ხუმრობა (ე.წ ინსაიდ ჯოუქი) დაგვიგროვდა, შეიძლება ვეღარასდროს შევხვდე. შემდეგ ოთხშაბათს, შუადღისას მაქვს ფრენა და გარკვეულწილად მიხარია, რომ ვილაში უმეტესობა გასული იქნება და ბოლო გამომშვიდობების გადატანა არ მომიწევს. ჩვენი სამხრეთ ამერიკული წრიდან უმეტესობა წავიდა უკვე, პრინციპში მე ბოლო ვარ, ვინც მიდის, სხვა დანარჩენები კიდევ რამდენიმე თვე იქნებიან აქ. ნიუ ორლეანში აპირებენ წასვლას ერთად, ამის ყურება გამიჭირდება, იმ პერიოდში ალბათ ყველას დავაჰაიდებ. ეს ერთადერთია რაც ერთად ვერ მოვახერხეთ - სამოგზაუროდ წასვლა.

[ახლა ბელისარიო შემოვარდა "ადამაშვილი"-ს ყვირილით და წერა შემაწყვეტინა. ძირითადად, ჩემს გვარს სწორად არასდროს გამოთქვამს და ამბობს "ადამაშ-ბილი" ან "ადამაშ-ვილა" (ალბათ ვილასთან მაკავშირებს :D). ალბათ არავის არასდროს და არსად არ უთქვამს ამდენჯერ ეს გვარი, რამდენჯერაც ამას, ვინაიდან ჩემს ყოველ დანახვაზე გაიძახის და ყოველ დანახვაში ვგულისხმობ ყოველ შემოხედვას - დანარჩენი არითმეტიკა თქვენ აწარმოეთ]

გუშინ ღამით მეილი მოგვივიდა, უამინდობის გამო დილას ემორი დაგვიანებით, 10 საათზე გაიხსნებაო. ქვემოთ ფოტოებში იხილეთ, როგორი ამინდი დამხვდა დილას ლექციაზე მიმავალს. ცოტა კი შემაწუხა ისე, მზის სათვალე არ მქონდა წაღებული და ზედმეტად მანათებდა თვალებში.






ვილაში საქვეყნოდ გამივარდა მსუნაგის სახელი, კერძოდ, ნაყინის ჭამაში ვსპეციალიზდები. მართალია, აქ ბევრად მეტ ნაყინს ვჭამ, ვიდრე საქართველოში (საყინულეში ყოველთვის მიდევს ერთი ყუთი "ბენ ენდ ჯერიზ"), მაგრამ მაინც ზედმეტი მოსდით. რა მოხდა, ყოველ დინერს თუ ნაყინს დააყოლებ ადამიანი? ან თუნდაც, რა პრობლემაა, თუ კვირას 5 ყუთი ნაყინი ვიყიდე და გუშინ საღამოსთვის უკვე მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი (მადლობა ბალას დახმარებისთვის)? მუდმივად ჩასაფრებული არიან, პირველ კოვზ ნაყინს როგორც კი პირში ჩავიდებ, ეგრევე ათი წყვილი თვალი მომაჩერდება ხოლმე და - "სირიუსლი? ქამონ, ნატალია! სთაფ ითინგ აის ქრიმ!"
მერე ყველა კოვზს მოიმარჯვებს და ერთად ვიწყებთ ხოლმე ჭამას :D

p.s ჩემს აქცენტზე დიდი კომპლექსი არ მქონია, მაგრამ ხანდახან მაინც ვიძაბები ხოლმე, როცა ამერიკული ინგლისურით მოსაუბრე ხალხში ვხვდები და მგონია, რომ საშინლად ვსაუბრობ. იმ დღეს უბერით ვმგზავრობდით და ბიჭებს რაღაცაზე ველაპარაკებოდი, როცა მძღოლმა (ახალგაზრდა ქალი იყო), მკითხა, where are you from, you have such a sweet accent-ო. საქართველოს შესახებ საერთოდ არ სმენოდა, ჯერ ეგ გაუკვირდა და მერე კიდევ გაიმეორა, საყვარელი აქცენტი გაქვსო. ასე რომ, ხანდახან რაღაც თუ პრობლემა გგონიათ, ვიღაცას შეიძლება ზუსტად ეგ მოეწონოს თქვენში :)




Monday, November 26, 2018

The one with Thanksgiving turkey and Lobio

ასეთი დღეები მიყვარს, ჩემს პატარა ოთახში რომ შემოვიკეტები, არსად მეჩქარება (სამეცადინო? არ მესმის რაზე ლაპარაკობთ), Sex and the City-ს რენდომ სერიას ჩავრთავ და თან მანიკურს ვიკეთებ, თავზე დიდი პირსახოცი მაქვს შემოხვეული და კერის, სამანტას, მირანდას და შარლოტის ამბებს ვისმენ. შემიძლია ეს წუთები მხოლოდ ისეთ მარტივ რაღაცებზე ფიქრს დავუთმო, როგორიცაა წავისვა თუ არა თმის დასახვევი კრემი დღეს (დიდი ხანია, არ წამისვამს და იმ დღეს ისე დამიხვია თმა, ბიჭებს ეგონათ, რომ ვარცხნილობა შევიცვალე).

Okay, ეს ინტრო იყო, ახლა ძირითად ეპიზოდზე გადავიდეთ.

ხუთშაბათს ჭამის ბრწყინვალე დღესასწაული - Thanksgiving იყო, რომელიც აქამდე ფილმებიდან და სერიალებიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ოჯახის შეკრების ადგილია, სადაც ინდაურს ან რომელიმე სხვა კერძს აუცილებლად რაღაც ემართება.
ვილაში ლანჩი იყო დაგეგმილი 2 საათზე. მე ვერ დავრჩი, ბალასთან მივდიოდი დინერზე, მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩავედი. ყველა უკვე სასადილოში დამხვდა, საგანგებოდ გამოპრანჭულები. პატარა გაელი კუბოკრულ პერანგში იყო გამოწყობილი  ჩემი უბერი რომ მოვიდა, გამომეკიდა, ხელი ჩამკიდა, ტირილი დაიწყო და არ მიშვებდა :(

ბალასთან  დამხვდა სამოთხე! მოლი, გოგონა სუპერძალებით, დილის 8 საათიდან სამზარეულოში ამზადებდა მთელი დინერის კერძებს, სრულიად მარტო! ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი რაღაც ერთმა ადამიანმა მოამზადა და ცოცხალი გადარჩა. სანამ ინდაური ღუმელში იბრაწებოდა, ჩამოვიარე და სხვა კერძებს გადავხედე. მართალი აღმოჩნდა რასაც ამბობენ - ინდაურზე მეტად გარნირებია საინტერესო მადლიერების დღის დინერში.


დინერის მოლოდინში, ვეიდს და განერს გავუშიანურდი. Okay, აქ უნდა გავჩერდეთ. ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჟღერს. ვეიდი და განერი პიტბულები არიან, მე კი კინოფობია მაქვს. ამიტომ პირველი წინადადება ხელმეორედ წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ "გავუშინაურდი" ძალიან მარტივი სიტყვაა ჩემი მიღწევის გადმოსაცემად. როცა მოგვიანებით, მაგიდასთან ვიჯექი, ვეიდის თავი მუხლზე მედო და ვეფერებოდი, ზუსტად ვერ ვხვდებოდი, სიზმარში ვიყავი თუ ცხადში. 


დინერი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ფილმებში! ბოლოს ყველა სკამებზე გადაწოლილი ვიყავით და ვკვნესოდით, მოლის ვაქებდით (უკვე მეათედ), ის კი წუწუნებდა თუ რა არ გამოუვიდა კარგად, რაც სხვა არავის გვაწუხებდა, იმიტომ რომ იდეალური დინერი მოამზადა! საუკეთესო ნაწილი ის იყო, როცა ბოლოს მოლიმ დიდი კონტეინერი გამივსო საჭმლით და წინ დამიდო. მთელი 3 დღე არაფერი მომიმზადებია და ამ ლეფთოვერებით გავიტანე თავი, გუშინ საღამოს დავამთავრე როგორც იქნა.

საჭმლის თემა რომ გავაგრძელო, წინა პარასკევს, ეკის და ვეიტაოს დაჟინებული თხოვნის შედეგად, ქართული კერძები მოვამზადე (შეგახსენებთ, რომ ეკი და ვეიტაო ჩემი ტაილანდელი და ჩინელი ძმაკაცები არიან, რესფექთივლი). თავი დავიზღვიე და იოლი კერძები ავარჩიე - ლობიო და ჭვიშტარი.
პარასკევს ლექციები არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, ადრე დამეწყო კეთება და სანამ სხვები დაბრუნდებოდნენ, დამეხვედრებინა. ზუსტად ორსაათნახევარი ვიდექი სამზარეულოში! ლობიოს მოხარშვას დიდი დრო სდომებია, განსაკუთრებით, თუ თავზე ადგახარ ქვაბს




ამიტომ ამ ხნის განმავლობაში ბევრმა ვილელმა ჩაიარა და თავი დამაპატიჟებინა კერძზე. ბოლოს უკვე ინერციით ვპატიჟებდი იმათაც, ვისაც არანაირი სურვილი არ გამოუთქვამთ.
ჭვიშტარის ცომის მოზელა რომ დავიწყე, კოლუმბიელები, მიგელი და ბელისარიო შემომესწრნენ და ცხადია, დაინტერესდნენ რას ვაკეთებდი. მათაც თავი რომ დაიპატიჟეს, შემთხვევით ვისარგებლე და ბარემ დავიხმარე - ყველი მომიხეხეს ცომზე და კიტრი და პომიდორი გავარეცხინე სალათისთვის (ბელისარიო ისე ზერელედ რეცხავდა, სამჯერ მივაბრუნე ონკანთან, ბოლოს რომ მორჩა, ჯამი ამოიღო და მეუბნება you are going to wash it again don't you-ო).
სანამ ჭვიშტარებს ვაცხობდი, ვეიტაო შემოვიდა სამზარეულოში წუწუნით, შიმშილით ვკვდებიო, ამასობაში, ბალაც მოვიდა და ცოტახნით ვეიტაო პინგ პონგის თამაშით გაართო. მე ღმერთმა ზაჰირა გამომიგზავნა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სალათა დაეჭრა. სანამ ის მორჩებოდა, ჭვიშტარიც გამზადდა, ყველას მოვუხმე და სუფრას მივუსხედით (მადლობა ღმერთს, ყველა დაპატიჟებული არ მოვიდა).

მე იმდენად დაღლილი ვიყავი, ფაქტობრივად არ მიჭამია, აი, მონიკა რომ ჩენდლერის და ჯოუის სახლს დაალაგებს, ყველას დაპატიჟებს და ბოლოს მკვდარივით მიესვენება დივანზე, თქვენ დარჩით და მე წავუძინებო, ასე ვიყავი. მხოლოდ გემო გავუსინჯე კერძებს და ვუყურებდი, სხვები როგორ ჭამდნენ. ჭვიშტარი მოცარელათი გადასარევი გამოვიდა (ნუ, ჭვიშტარის გემო ჰქონდა სულ მცირე), ლობიო კი ზუსტად ისეთი, როგორსაც სახლში ვამზადებთ ხოლმე! ბალა მყავდა შემფასებლად და მანაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ქართული გემო ჰქონდა.


მიუხედავად ბევრი მჭამელისა, ლობიო მაინც დარჩა და ერთი კვირა თავი გამატანინა. არადა, მანამდე, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, 3 დღის წინ მომზადებულ საჭმელს შეჭამო, არ დავუჯერებდი.

ტრადიციულად, პოსტის ბოლოს ახალი აჩემებული სიმღერა - მეცადინეობისას, შესვენების პერიოდში ვუსმენ ხოლმე და სკამზე დამჯდარი ვცეკვავ


Thursday, November 8, 2018

The one with oyster sauce



კვირა დილაა, ვისაუზმე და წიგნს ვკითხულობ. არსად მეჩქარება (თუ სამეცადინოს არ ჩავთვლით). გვერდით მაგიდასთან ლათინოამერიკელები საუზმობენ და მათი ესპანური მუსიკასავით ჩამესმის. მართალია, ხმაურიანები არიან, მაგრამ არასდროს მაწუხებს, მანამ, სანამ ესპანურად ლაპარაკობენ (და ძირითადად სულ ამას აკეთებენ). რაღაცნაირი სიცოცხლით სავსე ხალხია, ზუსტად ისეთები არიან, როგორი წარმოდგენაც მქონდა მათზე ფილმებით და სერიალებით შექმნილი :)

გუშინ ლანჩზე ზაჰირა წუხდა, ახლანდელი ვილა არ მომწონსო. ერთიანობა არ არის, მიკროჯგუფებად არიან დაყოფილიო. და ასეცაა. ესპანურენოვნები ერთად სხედან სულ, მეორე უფრო მომცრო ჯგუფია აფრიკელების. დანარჩენები, თითო-ოროლა, სხვადახვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები ვართ. მე არ მაწუხებს ეს არა-ერთიანობა, ვისთანაც მინდა და როცა მინდა, მაშინ ვკონტაქტობ.

მაგალითად, ეკთან. ტაილანდელი ბიჭია (დარწმუნებული არ ვარ, რომ მის სახელს სწორად ვწერ, თავიდან საერთოდ მითხრა "ე" დამიძახეო :D) და სულ რაღაც მრავალფეროვან საჭმელს იმზადებს და მეც გამასინჯებს ხოლმე. შემპირდა შენც გასწავლიო. ჯერჯერობით, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შევწვი კვერცხი, მაგრამ დავამატე ჯადოსნური სოუსი, რომელიც პირველივე გასინჯვისას შემიყვარდა - Oyster sauce - და ძალიან გააგემრიელა. ეკმა მითხრა, თუ ტაილანდური საჭმლის მომზადება გინდა, ეგ სოუსი დაამატე ნებისმიერ რამეს და ეგაა, ტაილანდურიაო :D მაგრამ მგონი ზედოზირება მომივიდა, შემდეგ დღეს ბოსტნეული ჩავშუშე ამ სოუსით და იმდენი დავასხი, მერე მთელი ლექცია გულისრევის შეგრძნება მქონდა და ახლა გაგონებაც აღარ მინდა. ალბათ, ეკს ვაჩუქებ. მოკლედ, ჩემი და ოისტერ სოუსის სიყვარულმა ორ დღეს გასტანა.

მე და ვეიტაო ჯიმში დავდივართ ერთად. იმას ცურვა უყვარს და აუზში ატარებს დროს სანამ მე ვვარჯიშობ. ვეიტაო ჩინელი ბიჭია, ისიც კარგად ამზადებს ხორცეულს და არასდროს არაფერზე ამბობს უარს, რაც არ უნდა შესთავაზო :D  არ ვიცი, ამდენი როგორ ეტევა კუჭში.  გუშინ ცოტა წუხდა კიდეც, ჩემი მორჩენილი ავოკადო რომ შეჭამა, ყველაფერს მე გიჭამთო.

კიმი პერუდანაა და ბიჭია, პირველად რომ გამეცნო და თავის სახელი მითხრა, თან სპელინგი მოაყოლა, რომ სწორად გამეგო. მასთან სამეცადინოზე ვწუწუნებ, ან ესპანურს მასწავლის. ძირითადად სამზარეულოში გადავეყრები ხოლმე, რამეს რომ ვამზადებ, ის მიყურებს და მაქებს, არადა დიდს არაფერს ვაკეთებ არასდროს. იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ საოცრად იკვებება (მაგალითად, ერთხელ ღამის 10 საათზე უზარზამარ პურის ნაჭრებს არაქისის კარაქი გადაუსვა, გაიხუხა და ყავა დააყოლა), მე ნამდვილი შეფი ვარ. ერთხელ ჩემი მომზადებული სოკო ვაჭამე და მგონი იმის მერე ჰგონია, რომ რაღაც ჯადოსნური ხელები მაქვს :D

დილაობით ჩემთვის, წყნარად ჯდომა და კითხვა მირჩევნია. სტრუგაცკების "ძნელია ღმერთობა"-ს ვკითხულობ ახლა. ერთადერთი ქართულენოვანი წიგნია, რომელიც აქ წამოვიღე. რაც ჩამოვედი, თითქმის ხელი არ დამიკარებია, ახლა დავიწყე დილაობით საუზმობისას კითხვა, ვცდილობ, გამოვიზოგო. რომ გადავშალე, მივხვდი, როგორ მომნატრებია ქართულ ენაზე კითხვა. თან მრავალფეროვანი და ძველებური სიტყვებითაა ნათარგმნი და ძალიან მესიამოვნა,  იოლად, ძალდატანების გარეშე რომ ვკითხულობ.
რამდენიმე დღის წინ გაელი თამაშობდა ამ წიგნით; მარიანმა მკითხა, სადაური ენაა, ძალიან ლამაზიაო. იმის მერე ვაკვირდები და როგორი მომრგვალებული და კოხტა ასოებია მართლა, აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ.

Wednesday, October 24, 2018

Back to Villa

დღეს ვილაში დავბრუნდი. ვერავინ მიხვდება, რამდენ დარდს იტევს ეს სამსიტყვიანი წინადადება - დღეს ვილაში დავბრუნდი. იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა და იმაზე რთულად ვუმკლავდები, ვიდრე მეგონა, გავუმკლავდებოდი. ვიცი, რომ რამდენიმე დღეში გაივლის, უბრალოდ ახალ გარემოსთან ადაპტაცია მჭირდება. მაგრამ ახლა და აქ, ამ პატარა ოთახში, ეს დრო რომ მიიზლაზნება, ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც შუა თამაშისას ყველა სათამაშო წაართვეს.

იმდენად დამთრგუნა აქ დაბრუნებამ, მთელი დღე ვფიქრობდი, "საღამოს იმ სახლში აღარ ვბრუნდები. ვილაში უნდა წავიდე." ლექციების მერე მოვდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ბარგი ოთახში დავაბინავე, სამზარეულოში ჩასულმა მოღუშულმა დავაწერე ჩემი სახელი ურნებს და არავისთვის არ გამიღიმია (თან, უმეტესობა უცხოა) და სწრაფად ამოვბრუნდი უკან, ოთახში. სავახშმოდაც არ ჩავსულვარ, მხოლოდ სნექები ვიყიდე და ჩუმად ამოვედი ოთახში. "ფრენდსი" ჩავრთე, ვჭამე ჩიფსები, დავაყოლე დოქტორ პეპერი და ცოტა გულზე მომეშვა. ხანდახან, ძალიან იშვიათად, ჯანქ ფუდია ერთადერთი გამოსავალი.
ხვალ ჯიმში წავალ და ჯანსაღ ცხოვრებას დავუბრუნდები.

დღეს კი, ამ პატარა, დახუთულ ოთახში, დრო ძალიან ნელა გადის.

Saturday, September 15, 2018

ცოტა რამ ვილას შესახებ

ვილა ის ადგილია, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. სრული სახელი Villa International ჰქვია. თავად სახელიც გვეუბნება, რომ აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ. ვილა საშუალოა ჰოსტელს, დორმსა და სახლს შორის, ცოტა რთულია ერთი რომელიმე სახელი მიანიჭო. აქ შეიძლება მარტოც მოგიწიოს ოთახში ყოფნა და შეიძლება ერთზე მეტ რუმმეითთანაც იცხოვრო, you never know.

ვილაში საერთო სამზარეულოა, სადაც ყველას თავისი ურნები გვაქვს (ნაგვის არ გეგონოთ, უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე), ჩვენი პროდუქტების შესანახად. ურნას შენს სახელს დააწერ და ყველა პროდუქტს აქ ინახავ. თუ რამე გარეთ დაგრჩა და ზედ სახელი არ აწერია, კონფისკაციას ექვემდებარება - ასე გამაფრთხილა პირველივე დღეს ბალამ და მეც ზედმიწევნით გულმოდგინედ ვიცავ ამ წესს.
სამზარეულოს სისუფთავე და წესრიგში ყოფნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რასაც გააკეთებ - ნარჩენები მოასუფთავე და გადაყარე, რაზეც შეჭამ - გარეცხე და ადგილზე დადე. ცხადია, ამას ყოველთვის და ყველა არ იცავს, ამიტომ სამზარეულოში შესვლისას დაგხვდებათ დიდი მუყაოს პოსტერი წარწერით This is Disgusting! და გვერდით ყველა უპატრონოდ მიტოვებული პროდუქტი თუ გასარეცხი ჭურჭელი უდევს. ანუ, ერთგვარი სირცხვილის დაფაა.
სასადილო ოთახს იქით საჭმლის და სასმლის გატანა არ შეიძლება, ამიტომ პირველივე დღეს თურქული ყავით ხელში რომ შემოვბრძანდი, ყავა შესასვლელში დამატოვებინეს და მერე სასადილო ოთახში მომიწია დალევა.

სასადილო და ლეოს თათები
 ვილას ჰყავს დიასახლისი, კამილი. კამილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ღიმილით შეგხვდება და თავიდანვე გაგაფრთხილებს წესებზე. ისე მიგიღებს, როგორც საკუთარ სახლში, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შენიშვნა მოგცეს ძალიან თავაზიანად. კამილი შაბათობით დარიჩინის ნამცხვარს აცხობს და საერთო მაგიდაზე დგამს (საერთო მაგიდაზე რაც დევს, ყველასია. ამიტომ თუ რამის გაყოფა გინდა, აქ უნდა დადო). ამიტომ შაბათ დილას სასადილოში შემოსვლისას პირველი დარიჩინის სურნელი შეგიღიტინებს სასიამოვნოდ და იცი, რომ ნამცხვრის გემრიელი ნაჭერი გელოდება. საოცარია, ერთი შეხედვით სრულიად მარტივი ნამცხვარი როგორ შეიძლება ასეი გემრიელი იყოს. ალბათ, სწორედ სიმარტივეშია მისი სიგემრიელეც.

კამილის ნამცხვარი
 დილაობით ვილაში წესით ალიაქოთს უნდა ელოდე - ამდენი ხალხი ერთად სამზარეულოში და სასადილოში, საუზმობს ან ლანჩს იმზადებს წასაღებად. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ყველა სხვადასხვა დროს გადის და დილას, როგორც წესი, სიხალვათეა. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა რომ კვირის დღეებში სხვადასხვა გრაფიკით მიწევს გასვლა, ადრეც და გვიანაც. თან ყველა ახალგაღვიძებულია, ძირითადად მარტო ჭამს და ნაკლებად ისმის საუბრები.
პიკის საათი უფრო საღამოობითაა, როცა ყველა დაბრუნებულია და ძირითადად სასადილოში იკრიბებიან. ამ დროს არის ალიაქოთი და ხმაური. How was your day?! შემოგძახებს სანი, ტაილანდელი ბიჭი, რომელიც ყველაზე აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. სანს მაროკოელი ზაჰირას გაკეთებული ბაქლავა ისე მოეწონა, რომ მერე თვითონაც გააკეთა და გვაჭამა. სხვათაშორის, ძალიან გემრიელი გამოუვიდა. ამჟამად სამოგზაუროდაა წასული და ვილაში სრული სიმშვიდე სუფევს.
თუ არ ჩავთვლით გაელის ხმამაღალ შეძახილებს.

გაელი 1 წლისაა და ვენესუელელი წყვილის შვილია. სრულიად საყვარელი და სასაცილო არსებაა, თითქმის არასდროს იცინის და ძირითადად უკმაყოფილო შეძახილები აქვს, მაგრამ ის იშვიათი შემთხვევები, როცა გაიცინებს, ერთ რამედ ღირს. ერთ დილას, საშინაო დავალებას სასადილოში ვწერდი, ვერ ვასწრებდი და ამიტომ საუზმის პარალელურად ვაკეთებდი, ამ დროს უცებ გაელი მობაჯბაჯდა და ხელები დამადო, აბა როგორ არ უნდა ამეყვანა ხელში! რომ ავიყვანე ძალიან სერიოზული და კოპებშეკრული შემომცქეროდა სახეში, მერე კი კომუნიკაცია ცხვირის შეჭმუხვნით გააგრძელა :) კალთაში ჩამიჯდა და ლეპტოპის კლავიატურას ეთამაშა.  მისმა დედამ, მარიამ, ინგლისური ცუდად იცის, მაგრამ მაინც მოახერხა და  მითხრა, you are very nice to kids-ო, სხვანაირად ურთიერთობ მათთან და ძალიან კეთილად ექცევიო. რაღაცნაირად გამიხარდა. იმის მერე, რომ დამინახავს, მარია სულ გაღიმებული მესალმება. მე და გაელიც უფრო დავმეგობრდით, შედარებით ხშირად მიღიმის :)
[ახლაც, პოსტის წერის დროს, გაელი დაქრის სასადილოში და ჭყლოპინებს, მარია უკან დასდევს]

შაბათი-კვირა შედარებით უფრო ზანტია ვილაში. ხშირად სასადილოს მუსიკის ჰანგები ავსებს - ფრანცისკა უკრავს პიანინოზე. ფრანცისკა გერმანელი გოგოა, დიდი კონტაქტი არ მქონია მასთან, მხოლოდ ღიმილიანი მისალმებით შემოვიფარგლებით. როცა ის პიანინოსთან ჯდება, მთელს ვილაში სიმყუდროვე ისადგურებს - ყოველთვის ისეთ მელოდიებს უკრავს, აი ამელის საუნდტრეკების სტილში.

ბიბლიოთეკა


მეორე სართულზე ბიბლიოთეკაა, მეცადინეობისას სულ იქ გავდივარ, ჩემი ოთახი ძალიან ბნელია. იქ გასასვლელად საგანგებოდ ვემზადები, ვინაიდან კონდიციონერი ზედმეტად ძლიერად და ცივ ჰაერს უბერავს. ამიტომ საგულდაგულოდ ვიფუთნები, თუმცა მაინც ვიყინები. დღეს თბილი ჰუდი მეცვა, თავზეც მქონდა წამოფარებული და ისე ვკითხულობდი ეპიდემიოლოგიას, როცა ინდოელმა ბიჭმა გამოიარა და მითხრა, ეგრე რომ ზიხარ ლეპტოპთან, ჰაკერს გავხარო :D

დამთავრდა ჩემი შესვენება - მეცადინეობა უნდა გავაგრძელო.

Friday, September 7, 2018

From Georgia to Georgia

სასადილო ოთახში ვზივარ, დილის 9-ის ნახევარია. დღეს ადრიანად, 6 საათზე გამეღვიძა. ძილის შებრუნება ამაოდ ვცადე, ამიტომ ცოტა ძილბურანში ვარ, ყავას ვსვამ და დარჩენილ ავოკადოს ორ ნაჭერს ვუყურებ. ალბათ ვეღარ შევჭამ, საუზმისთვის მთლიანი ავოკადო არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა. მინის კარებიდან ვხედავ, როგორ გადიან ვილას მაცხოვრებლები და ემორისკენ ან CDC-სკენ მიიჩქარიან.



ჩემი ლექცია 10-ზე იწყება, პირველად მივდივარ ამ ლექციაზე, ნახევარი საათის გზაა ფეხით, იმედია, მივაგნებ.
დღეს ბოლო ლექცია მიცდება, ალბათ ეგრევე სახლში დავბრუნდები და საშინაო დავალებებს მივხედავ. ა, კიდევ, social security number მაქვს ასაღები და მაგაზეც უნდა ვიზრუნო. დღეს ხუთშაბათია, პარასკევობით ლექციები არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ვიქენდი დღეს იწყება.
ლეო მოიყურსა კნავილით, თავზე მოვეფერე და წავიდა. ახლა სკამზე ზის ჩემ წინ და კუდს ნებიერად აქნევს. ამას მოვწონვარ და ხშირად მოდის ჩემთან, ცოტას მოვეფერები და წავა, ასეთი ურთიერთგაგება გვაქვს, ზედმეტად არ ვაწუხებთ ერთმანეთს.


"ოფისს" ვუყურებ ეს დღეებია, საქართველოში დავიწყე რევოჩი და ახლა მერვე სეზონზე ვარ. საღამოობით სასადილოში ჩამოვიტან ხოლმე ლეპტოპს, ჩავრთავ, გარშემო ხალხი ირევა, ჭამენ, იცინიან, შიგადაშიგ გამომელაპარაკებიან და მე, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ზევით, ოთახში, სიწყნარეში ვუყურო სერიალს, აქ ყოფნა მირჩევნია, ამ აურზაურში.

აქ დიდი ტელევიზორი გვაქვს და ზოგჯერ ღამით ფილმს ვუყურებთ. ორი დღის წინ "მუმია" ვნახეთ და გერმანელი გოგო მთელი ფილმი ბუზღუნებდა რომ სისულელეს ვაყურებინებდით (მანამდე არ ჰქონდა ნანახი). გუშინ "ჰარი პოტერის" ნახვას აპირებდნენ, მე მეძინებოდა და არ დავრჩი.

ხანდახან მგონია რომ სიზმარში ვარ. ეს ყველაფერი იმდენად ამაღელვებელია, რომ თავს ვერ ვაკონტროლებ. Is this a real life? Is this just fantasy?

პ.ს დღეს ჯიმში ვაპირებ წასვლას. არ დამეზაროს, რა!