Showing posts with label oh summer days. Show all posts
Showing posts with label oh summer days. Show all posts

Sunday, June 20, 2021

ჭეშმარიტი ზაფხულის დღეები


ჩემთვის, ზაფხული, პირველ რიგში არდადეგებთან და წიგნების კითხვასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთიც და მეორეც მოზრდილობასთან ერთად გაქრა და ახლანდელი ზაფხულები უფრო სიცხესა და ერთ ან ორ კვირიან შვებულებას უკავშირდება.

დღეს goodreads-ზე ზაფხულის საკითხავი წიგნების სია შემომხვდა, სიაზე გადავედი და სახეირო ვერაფერი ვნახე, მხოლოდ თანამედროვე, უცნობი ამერიკელი მწერლები დამხვდნენ. ჩემთვის კი ზაფხული უფრო კლასიკური მწერლებისაა. თუმცა გუდრიდსის სია მაინც დამეხმარა - გადავწყვიტე, ჩემი საკუთარი საზაფხულო სია შემედგინა. ამ სიას ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ ჩემი საკუთარი სია მქონდეს და მეორე, უმთავრესი მიზანია, კითხვა განვაახლო. ცხადია, ძალიან რთულია, მთელი დღე სამსახურში გადაღლილს, დღის ბოლოს ჩემს თავს კითხვა მოვთხოვო, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა.

სიას ახლა, წერის პარალელურად ვადგენ და შესაძლოა თანდათან ცვლილებები განიცადოს. ასევე ვიტყვი, რომ ძალიან ამბიციურ რიცხვს ჩამოვწერ, რომლის მიღწევაც თითქმის წარმოუდგენელი იქნება, იმის გათვალისწინებით რომ ამ ზაფხულს არდადეგები ნამდვილად არ მექნება, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღიანი შვებულება.

სანამ სიას დავიწყებდე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძირითადი მნიშვნელობა კლასიკას მიენიჭება.

1) აგათა კრისტის "სიკვდილი ნილოსზე" - უკვე ვკითხულობ, სადღაც შუამდე ვარ მისული. ძალიან დიდ სიამოვნევას მანიჭებს აგათა კრისტის კითხვა; ბავშვობაში დეტექტივებს არ ვკითხულობდი და მხოლოდ სადღაც 20 წლის ასაკში ვეზიარე პირველად დეტექტივს შერლოკ ჰოლმსის სახით. აგათა კრისტის კითხვა კი სულ ახლახან დავიწყე და თითქოს ბავშვობის დაკარგულ წლებს ვინაზღაურებ.

2) მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" - ბავშვობაში მაქვს წაკითხული ადაპტაცია, დღეს ინსტაგრამზე შემომხვდა ვივიენ ლისა და სკარლეტ ო'ჰარას შესახებ პოსტი და უცებ ძალიან მომინდა, წიგნი წამეკითხა. ამიტომ ამ სიაში თავიდანვე დაიკავა ადგილი. გარდა ამისა, ამერიკის სამხრეთში განვითარებულ მოვლენებზე წიგნები მაინტერესებს განსაკუთრებით.

3) აგათა კრისტის "მკვლელობა მღვდლის სახლში" (არ ვიცი, რამდენად სწორია ნათარგმნია, პალიტრა L-ს ასე აქვს) - მის მარპლზე არც ერთი ნაწარმოები არ მაქვს წაკითხული, ამიტომ ამით დავიწყებ. 

4) ჯეინ ოსტინის "გრძნობა და გონება" - რა არის ზაფხულის საკითხავი წიგნების სია ჯეინ ოსტინის გარეშე! ოსტინის მხოლოდ "სიამაყე და ცრურწმენა" და "ემა" მაქვს წაკითხული. "გრძნობა და გონება" კი ფილმი მინახავს, თუმცა მახსოვს, დიდად არ მიყვარდა. სავარაუდოდ წიგნი ბევრად უნდა მომეწონოს.

5) ე.მ ფორსტერის "ოთახი ხედით" - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნს წლებია ვკითხულობ და ვერ გავედი ბოლოში. პრობლემა არა თავად წიგნში, არამედ უფრო ჩემშია ალბათ, არასაჭირო დროს ვანახლებ ხოლმე კითხვას. და ეს არის როგორც პირველი მამაკაცი ავტორი, ასევე პირველი წიგნი ქართულ ენაზე, ჩემს სიაში.

6) ელიზაბეტ გასკელის "ცოლები და ქალიშვილები" - ამ მწერალს პირველად გავეცნობი. რადგან ვიქტორიანული ინგლისი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რამ არის, ამიტომ ამ წიგნის წაკითხვის იდეა განსაკუთრებულ აღტაცებას მგვრის.

7) ელიზაბეთ პიტერსის "Crocodile on the sandbank" (სათაურის თარგმნა გამიჭირდა) - პიტერსსაც პირველად გავეცნობი. მისი ეს ნაწარმოები არის პირველი, წიგნების სერიიდან ამელია პიბოდიზე. მოქმედება ეგვიპტეში ვითარდება. თავგადასავალი ეგვიპტეში ქალი პროტაგონისტით - რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი საზაფხულო საკითხავი?

8) რეი ბრედბერის "ზაფხულის დილა, ზაფხულის ღამე" -  ზაფხული ბრედბერის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნაწარმოები მისი "გრინ თაუნის" სერიის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის "ბაბუაწვერას ღვინო", ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები.

9) ელენა ფერანტეს "ჩემი ბრწყინვალე მეგობარი"- ეს ნაწარმოები სერიის ნაწილია და ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი სერიაა. ვნახოთ, რა იქნება.

10) დოდი სმიტის "I capture the castle" - ამ წიგნის ეკრანიზაცია მაქვს ნანახი, თუმცა კარგად აღარ მახსოვს შინაარსი, თუმცა მახსოვს, რომ მომეწონა.

ეს არის სიის 20 ივნისის ვერსია, ცვლილების შემთხვევაში აქაც ჩავამატებ. ასევე, პირობას ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები რომ თითოეული წიგნის დამთავრების შემდეგ პოსტი დავწერო ამ წიგნზე.

- - - - - 

21 ივნისის განახლება: "სიკვდილი ნილოსზე" დავამთავრე გუშინ, ორი საათი თავაუღებლად ვკითხულობდი.

10 ივლისის განახლება: "ოთახი ხედით" დავათავრე და ფილმსაც ვუყურე იმავე დღეს. ძალიან ლამაზი ფილმია, შეიძლება ცალკე პოსტიც დავწერო.

Tuesday, December 8, 2015

I remember

I remember a faraway laugh, a sweet caress you'd help me zip up my dress.
I remember the never-ending summer rain.


Please, don't let what was get in the way of what's next, don't forget that what's to come hasn't come yet.

Saturday, August 27, 2011

Every Summer Has a Story

შარშან Wonderland-ში ვიყავი.

როცა განვლილ დროს გადახედავ, მაშინ ხვდები, როგორ იცვლები. ხვდები, რომ უფრო მიუახლოვდი სასურველ მე-ს.

არ ვიცი, თქვენ გყავთ სასურველი მე?

გადახედავ ცხოვრებას და ხვდები, რომ ხშირად შემთხვევითობა წყვეტს ადამიანების ბედს.  ის, რასაც გუშინ ვერ აკეთებდი, დღეს გააკეთე, იმიტომ, რომ ასე გახდა საჭირო. როგორი ადამიანიც არ უნდა იყო, რა ადგილიც არ უნდა გეკავოს საზოგადოებაში, შენი წილი ცხოვრება გაქვს, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.


შარშან Wonderland-ში ვიყავი.

იქ ყველაფერს თავის დატვირთვა ჰქონდა. დღეები ძალიან გავდა ერთმანეთს, მაგრამ ყველა დღე კარგად მახსოვს. მახსოვს, რომ 19 აგვისტოს საღამოს ტყეში ვიყავით და დაბინდებისას წამოვედით.  ქარი ამოვარდა და თითქმის სირბილით მოვდიოდით, რომ დროზე შეგვეფარებინა სახლისთვის თავი. გზაში ბებო შემოგხვდა, ჩვენ საძებნელად წამოსულიყო. სახლში რომ ავედით, ცხელი ჩაი დავლიე.
24 აგვისტოს კი მეზობელთან კარტოფილის ხინკალი გავაკეთეთ. ზუსტად ასეთი ამინდი იყო, როგორც დღეს - მოღრუბლული, მზე ხანდახან გამოანათებდა. აივანზე ვისხედით, გოგოები სოფლის ძველ ამბებს იხსენებდნენ და თან ხინკალს ახვევდნენ.

მაშინ ძალდაუტანებლად მომწონდა ჩემი მე. ზოგადად, მძულს ისეთი მომენტები, სადაც საკუთარი თავის მართვა მიწევს. იქ არ მიწევდა.

თქვენც ფიქრობთ, რომ არსებობს იდეალური გარემო ერთ კონკრეტულ ადგილზე, ოღონდ გარკვეული დროით? ანუ, მერე ყველაფერი ისევ ისე რომ გხვდება, მაგრამ you just don't feel that way anymore.
  
მივხვდი, რომ არაფერი მეორდება.



პ.ს  ეხლა ის შეგრძნება მაქვს, პოსტს რომ დაწერ, გადახედავ და გაიფიქრებ "ჯანდაბა, ეს როგორ დავაპაბლიშო?"

Sunday, August 21, 2011

შემოდგომის პირზე

დღეს ყველა ადამიანი წავიდა და მარტო დავრჩი.  ჰოდა, იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ, ისეთი დროს მოგონებები რომ იწვევს, რომელსაც ვერ დააბრუნებ. მინდა ეს დღე მალე გავიდეს და მერე ხვალინდელი დღეც მიყვეს, რომ მალე წავიდე.

მაგრამ.. წასვლაც არ მინდა. თბილისში არაფერი ისეთი არ მელოდება, რომ იქ ყოფნის სურვილი მქონდეს. აქ კი მშვიდი დღეები მაქვს და სიხარულით დავდივარ მაღაზიაში და წყაროზე.
 
ამ შეგრძნებებს ვერაფერს ვუხერხებ, თავში რომ ირევიან. საკმარისია ერთი წამით ჩავფიქრდე, რომ მაშინვე იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ.




გუშინ ქვაჯარაზე ვიყავით ასულები მე და მარიამი. ულამაზესი იყო იქაურობა, მზე თითქმის ჩასული იყო და ოქროსფერი დაკრავდა ყველაფერს. მარიამი ჩემზე მშიშარაა და 10 წუთში უკვე წავიდეთო, მითხრა. სანამ ჩამოვედით, დაბნელდა და სოფელში რომ შევედით, ღამე იყო. ხელი ჰქონდა ჩემზე ჩაჭიდული და ისე მოვდიოდით. მე მეცინებოდა, რომ ვიღაც ჩემს იმედზე იყო. აი ასე, ჩემზე მშიშრებიც არსებობენ.

მარიამობის ღამეს რომ არაფერი მომხდარა ვთქვი უკვე? პატარა ბავშვები ვითომ ჭიდაობდნენ, ცოტა ხანს ვუყურე და მალე მომბეზრდა. მერე ეკლესიის ეზოში ვისხედით, ვიღაც გოგოებთან ერთად, რომლებიც იმ დროს გავიცანი. იმათაც 15 წლის ვეგონე. თვითონ იყვნენ მაგ ასაკის და მე უფრო დიდები მეგონა :)
მერე მე და მარიამს გასეირნება გვინდოდა, ბებო გამოვიდა მაგ დროს ეკლესიიდან და ისე მკაცრად ამიკრძალა წასვლა, გვიანიაო, თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი და მორჩილად გავყევი სახლში.

მეორე დღეს, ანუ 28-ში, იმდენი ხალხი იყო სოფელში, რომ მიკვირდა, ნუთუ ეს დვალთაა-მეთქი.  იმდენი მანქანა მოძრაობდა, რომ ქუჩაზე [მეცინება, ’ქუჩას’ რომ ვწერ. ეს სიტყვა ძალიან პომპეზურია აქაური გზებისთვის]  გადასვლისას აქეთ-იქით უნდა გაგეხედა. სამაგიეროდ, ახლა აღარ არის არავინ. მე ვარ და კიდევ რამდენიმე ბავშვი.
ყავაც არ მინდა, რომ დრო გავიყვანო. გარეთ ცხელა და ოთახში ვარ გამოკეტილი. კითხვასაც კი ვერ ვუდებ გულს.

უკვე არ ვიცი, ამას რატომ ვწერ, ან გამოვაქვეყნებ თუ არა ბლოგზე. ალბათ, მხოლოდ ნაწილს.


 * * *

ეხლა საღამოა, მზე ჩადის და ნიავი უბერავს. სკამზე ვზივარ და ჩემი გამბედაობა მაოცებს. მე და სადმე მარტო წასვლა? წეღან ისე მომინდა სადმე გასვლა, რომ ბებოს ვეხვეწებოდი, ვინმესთან წავიდეთ-თქო. მერე ეს ადგილი გამახსენდა და მაშინვე გამოვეშურე.



ახლა რომ ვზივარ ასე და ვწერ, ის მომენტი მახსენდება, ფილმში ’Becoming Jane’, ტრეილერში არის ასეთი ეპიზოდი - ვიღაც კითხულობს: What is she doing? და პასუხი ისმის: Writing. მეც ვინმემ რომ დამინახოს ახლა, ალბათ გაუკვირდება, რას აკეთებსო. არაფერსაც არ ვაკეთებ, უბრალოდ ვწერ.

მეშინია იმ პრობლემების, რომელიც თბილისში მელოდება. სირაქლემას პოზიციაში ვარ ეხლა, უფრო სწორად, სკარლეტ ოჰარას პოზიციაში - რომ ჩავალ, მერე ვინერვიულებ.

მეზობელი სახლის აივანზე ვიღაც ქალი დგას და ჩემს privacy-ს არღვევს.  ეს ადგილია ისეთი, სულ გგონია, რომ ვიღაც გიყურებს. მარტო მე არ მქონია ასეთი განცდა, მარიამიც ასე ამბობდა რამდენიმე დღის წინ. 
ჰოდა ასე ვზივარ, ვიღაცებით გარშემორტყმული და ბოლომდე ვერ ვმშვიდდები.

პ.ს ტექსტი  2010 წლის აგვისტოს ჩანაწერებიდანაა. არეული და არათანმიმდევრულია, სავარაუდოდ. სხვადასხვა ადგილიდან არის ამოღებული და იმიტომ.  :)

Sunday, August 7, 2011

მწვანე

   სოფი მეუბნებოდა, მაინტერესებს, მწვანეს როდის დაწერო. მაშინ მეც არ ვიცოდი, როდის და რა თემაზე იქნებოდა

   ახლა წერა რომ დავიწყე, ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი მოხდა, როცა პოსტის სათაური წინასწარ ვიცოდი და ბოლოში არ მომიწია ტვინის წიწკვნა.

   გუშინ, ტრადიციულად, სოფელში წავედი. მანამდე ერთი გადაცვლ-გადმოცვლა ვაწარმოე, რომ შაბათი დღე გამეთავისუფლებინა, ვმუშაობდი წესით. ასე ძალიან იმიტომ ვიღწვოდი, რომ იქ ნათია, ქეითი და ანნა მეგულებოდა.

   გავყევი სრულიად უცნობ ადამიანს, რომლის მხოლოდ მანქანის ნომერი ვიცოდი. მივედი, გავუღიმე და ჩავუჯექი. თან მშვიდად ამოვისუნთქე - ახლა უკვე თითქმის არაფერი შემიშლიდა ხელს სოფლამდე მიღწევაში [ნუ, იმ შემთხვევების გარდა, თუ ავარია მოგვიხდებოდა გზაში და სადმე რაიონულ საავადმყოფოში გადაგვიყვანდნენ დამტვრეულებს, ან ჩემი მძღოლი სერიული მკვლელი აღმოჩნდებოდა და გზად, სადმე ტყეში ამომხდიდა სულს]. საბედნიეროდ, არც ავარია მოგვსვლია და მძღოლიც პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა.

   ტრასიდან სოფლის გზას რომ ავუყევით, მახსოვს თანამგზავრი რაღაცას ყვებოდა, მაგრამ მე უკვე არაფერი მესმოდა. გაღიმებული ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი.

   ჩასვლიდან ძალიან მალე, გოგოებთან გავედი და მთელი დღე [და ნახევარი ღამე] იქ გავატარე.

  ვისწავლე უნოს თამაში [ჰმ, ვისწავლე ვითომ? ჩემი ჯერი რომ მოდიოდა, დებილივით ვიჯექი და ყველას ჩემსკენ მომზირალი თვალები მახვედრებდა, რომ ჩემი სვლა იყო], ბევრი ველაპარაკე ქეითს. მერე წავედით ფიჭვნარში, ვისუნთქე ბევრი სუფთა ჰაერი და ვიყავი ბედნიერი.   ბევრი  ვიარე  ფეხით, შემცივდა, დავიღალე, მაგრამ მაინც ვიყავი ბედნიერი.

  აი, ქეითსაც ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი მატერიალური, პრობლემური და ’დიდური’ შორს არის ძალიან, თითქოს რაღაც წიგნში წაგიკითხავს, რომ სადღაც ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც სულ მუშაობენ, რომ ფული ჰქონდეთ, ან არ მუშაობენ და ’მერე მუდამ სწუხან ამაზე’.

  იქ ფულს საერთოდ გამოყენება არ აქვს : ) ერთადერთი, შეიძლება შოკოლადი იყიდო მაღაზიაში, ან გაზიანი სასმელი. აი, როგორც ბავშვობაში, ფული მარტო იმიტომ რომ გჭირდება, რომ რაიმე ტკბილეული იყიდო.

  ამიტომ ჰქვია ამ პოსტს მწვანე.

   იქ ხარ მწვანე.

  იქ ხარ ისეთი, როგორიც ხარ. არ ვიცი, რაღაც მაგიური გარემოა, თავს რომ ასე გაგრძნობინებს.

   დღეს ბადმინტონი ვითამაშე წვიმაში. ჯერ წვრილად ცრიდა, მერე კი ისე გაწვიმდა, რომ დავტაცე ჩოგნებს ხელი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, სველი და [რა თქმა უნდა] ბედნიერი. როგორც კი ოდნავ გადაიღო, ისევ გავვარდი, ვითამაშე, ისევ ძალიან გაწვიმდა და  ისევ გამოვიქეცი : ))

 რომ წამოვედი, იყო ნისლი.  თეთრი, ალაგ-ალაგ მწვანე შერეული ნისლი.

  მე აღარ ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მაინც ვიყავი მწვანე :)

 

Sunday, July 24, 2011

ვარდისფერი

 
მე მინდა, იმ დღეებზე დავწერო, მერე ვარდისფრად რომ გახსენდება ხოლმე.

სწავლის დამთავრების მეორე დღეზე, დილით რომ გაიღვიძებდი და ქვეყანა შენი გეგონა. წინასწარ ტკბებოდი მომავალი უსაქმური დღეებით, თავისუფლად სუნთქავდი და წინ ტკბილი, ტკბილი 3 თვე გელოდებოდა.

იმ დღეებზე, როცა მამა ყოვლისშემძლე გეგონა და მიწისძვრის დროს ხელში რომ აგიყვანდა ატირებულს, გეგონა, მიწისძვრა კი არა, ვერანაირი ძალა ვეღარ მოგეკარებოდა.

მოლოდინზე, დიდი ხნის უნახავი დედ-მამის ჩამოსვლას რომ ახლდა  წინ. პატარა გახმაურებაზეც ყურებს რომ დაცქვიტავდი და მერე იმედგაცურებული ამოიოხრებდი - არა, ეს ის მანქანა არ ყოფილა. ბოლოს კი მოვიდოდა ნანატრი და ტკბილეულობას ჩამოგიტანდა. შენ არ შეიმჩნევდი, რომ სიხარულისგან ლამის გული ამოგხტომოდა და ცრემლები რომ არ წაგსკდომოდა, სახეზე უაზრო ღიმილს მიიხატავდი, ჩუმად კი ყელში გაჩრილ ბურთს დიდი წვალებით გადაყლაპავდი.

იმ დღეებზე, თამაშში ისე რომ გაერთობოდი, ჭამა გავიწყდებოდა. დარბოდი, გაიმტვერებოდი, ვეღარ სუნთქავდი და მაინც არ გინდოდა, შეგეწყვიტა. ღამით დაღლილი რომ დაწვებოდი საწოლში და ეცდებოდი რაც შეიძლება მალე ჩაგძინებოდა, რომ მალე გათენებულიყო.

იმ ღამეებზე, შიშისგან რომ კანკალებდი და საბნიდან თითის წვერსაც არ ყოფდი გარეთ. უცებ გაგახსენდებოდა, რომ ფანჯარასთან ბებო წევს და დამშვიდდებოდი - აბა, ვინღა შემოიპარებოდა, ფანჯარასთან ხომ ბებო იწვა!

ბებია რომ ყოველდღიურ მენიუს გიდგენდა და შენ უნდა ამოგერჩია, რა გსურდა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. მერე აივანზე სპეციალურად მოწყობილ ’სასადილოში’ მოგიტანდა და შენ მიერ შეჭმული ყოველი ლუკმა ისე გაახარებდა.. და შენც ფიქრობდი, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.

პურის ცხობის დღეებზე, ცხელ ფურნესთან რომ ტრიალებდი, დაჭრილ და გამზადებულ ყველს უყურებდი და ერთი სული გქონდა, როდის გამოიღებდნენ ქაფქაფა პურს, რომ იმ ყველთან ერთად შეგეჭამა.

აი, ამ დღეებზე მინდა დავწერო, ნატალია, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს.  ახლა ვარდისფრად გახსენდება, მაგრამ თან გულის სიღრმეში რაღაცას ძალიან გკტენს, იმიტომ რომ იცი, აღარ განმეორდება.

Thursday, May 12, 2011

იქ, სადაც შენია

ყველა ადამიანს  უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილი, სადაც თავს შეაფარებს. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად იქნები იქ, თუ სულიერად. ბლოგს შეიძლება ჰქონდეს ეს ფუნქცია;  შემოხვიდე, გახსნა ახალი პოსტის კუთხე და წერო ის, რაც  გინდა, რომ ხმამაღლა თქვა და ვერ ამბობ, ან - არ ამბობ. ამ მხრივ ჩემს თავს რაღაც პასუხისმგელობები დავაკისრე და ეს არ მომწონს. უკვე აღარ ვწერ ისე თავისუფლად და იმდენ რამეზე, რაზეც ადრე ვწერდი. არადა, რა შეიცვალა? მკითხველები ისევ ის ხალხია, ვინც ადრე იყო. არც ისე ბევრი, მაგრამ ზუსტად ისინი, ვინც მინდა რომ აქ მყავდეს. არ ვიცი, ოდესმე მითქვამს თუ არა მადლობა იმისათვის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ. სულ არ მიხარია, როცა გუგლიდან დასერჩილი რაღაც სიტყვებით შემოდიან ჩემთან. თითქოს დაუპატიჟებელი სტუმრები მომადგებიან ხოლმე და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

მე სულ თავშესაფრების ადამიანი ვარ. ბევრი ურთიერთობა, ბევრი ადამიანი უცებ, მოკლე დროში, ძალიან მღლის და მაშინვე იმ ადგილის ძებნას ვიწყებ, ’სადა თავი მივიდრიკო’.

ერთი ისეთი ადგილი მაქვს, სადაც ფიზიკურად წავალ, როცა სიმშვიდის მოპოვება მომინდება. აი იმანაც რომ დაკარგოს თავის ფუნქცია, მაშინ მართლა ცუდად ვიგრძნობ თავს.  ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე იქაურობას. როგორც ფილმებში, უცებ კადრი რომ ჩნდება სახლის, იქ არავინ არის, სიჩუმეა და ხვდები, რომ ფილმის გმირი იმ სახლზე ფიქრობს. ასე გამოჩნდება გონებაში და მერე დიდხანს ვაჩერებ ამ კადრს..

ისე მენატრება იქაურობა..  განსაკუთრებით მაშინ, როცა ამწვანებულ ხეებს ვხედავ, ან ქუჩაზე რომ შემოვუხვევ და უცებ საიდანღაც ყვავილების სუნი მოვარდება ხოლმე.

ჩემი თავშესაფარი კი დგას, სიჩუმეში. მხოლოდ ფუტკრების ბზუილი ისმის. წინ მთები ჩანს, გადახასხასებული. მზე ანათებს და გრილი ნიავი უბერავს. არ ვიცი, როგორ ჟღერს ეს ჩვეულებრივი, ყველასთვის რუტინული სიტყვები, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ის ადგილი იხატება, რომელზეც ასე ვოცნებობ.

Wednesday, March 16, 2011

ამომავალი მზე

სოფლიდან დილის 6 საათზე გამოვედით. ჯერ კიდევ ბნელოდა.  უცნაური, ადრიანი დილისთვის დამახასიათებელი სიჩუმე იდგა.

არ ვიცი, თქვენც თუ გქონიათ ოდესმე მსგავსი შეგრძნება, მე ყოველთვის  რომ მაქვს  გამგზავრების წინ - დავრბივარ აქეთ-იქით, ვალაგებ, რამდენიმე წუთში წავალ და აქვე არიან ადამიანები, რომლებსაც მშვიდად სძინავთ და ეს დღეც ისეთივე იქნება, როგორც წინა. ისინი რჩებიან, მე მივდივარ. ამ დროს ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ - სახლის წინ მდგომ ხეს, ძველ კარადას აივანზე [დაძველებული და ჭიებისგან გამოხრული ხის სუნი რომ აქვს], რკინის საწოლს და ძველ პირსაბანს. არ მიყვარს ეს შეგრძნება.

ჭამას ვერ ვასწრებდი და გზისთვის ყველიანი ბუტერბროდი მოვიმზადე. ჟაკეტი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი.

მეზობლის სახლში სინათლე ენთო. ალბათ, უკვე თავის საქმეებში იყო ჩაფლული. თუმცა რა გასაკვირია, ხანდახან დილის 3 საათზეც ვდგებიო, ნათქვამი აქვს.

ბებო აივანზე იდგა და გადმოგვყურებდა. მარტო რჩებოდა; მართალია ცოტა ხნით, მალე ისიც უნდა დაბრუნებულიყო ქალაქში, მაგრამ  ისე იდგა, რომ სურვილი გამიჩნდა, მანქანიდან გადმოვმხტარიყავი და მეთქვა, რომ ვრჩები. ცხადია, ეს არ გავაკეთე და დავიძარით.

გავუარეთ ეკლესიას, პატარა თეთრ ხიდს, წყაროს. ყველაფერი ჯერ კიდევ ბინდშია და ჰაერიც ისეთია, როგორიც ადრიან დილას ახასიათებს - ცვარისგან ოდნავ მძიმე. 

ძველი საწყობიც შეგვხვდა, სოფლის შესასვლელში რომ დგას. მერე უკანასკნელად გავხედე სოფელს. ღმერთო, როგორ მიყვარს ეს რომანტიკული სისულელეები - ’უკანასკნელად მივხედე სოფელს’..

გზაში ნელ-ნელა გათენდა. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ - მთელი წლის მარაგი მინდა ავიღო.

ერთ-ერთ სოფელში რომ შევდიოდით, მთებიდან მზე ამოვიდა.

ისეთი დიდი და წითელი იყო, როგორიც არასდროს მინახავს. ჯერ არც მცხუნვარება ჰქონდა და არც თვალებს ჭრიდა, ამიტომ თავისუფლად შემეძლო მეყურებინა.  მზის ჩასვლა ბევრჯერ მინახავს, ზღვაზე და სოფელშიც. მაშინაც წითელია ხოლმე და გარშემო ყველაფერს აწითლებს. მაგრამ ასეთი მზე - არასდროს მინახავს. თითქოს ცოტა ხნით გაძლევდა საშუალებას, რომ თამამად დამტკბარიყავი მისით.

იმ დროს ვიფიქრე, რომ ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. რომ ბუნება ძალიან ძლიერია და ასე მარტივად და ყოველდღიურად გვთავაზობს პატარა საოცრებებს. ყველაზე მეტად მას შეუძლია, აღმაფრთოვანოს. შეუძლებელია, ფოტოსურათით, ნახატით ან სიტყვებით გადმოსცე თუნდაც ის, რაც მაშინ ვნახე.

მას შემდეგ სულ ვფიქრობ იმ დიდ და წითელ მზეზე. მინდოდა, ოდესმე აქაც დამეწერა. თუნდაც იმიტომ, რომ ის შეგრძნებები შემენახა ჩემთვის.
 
აი, ვწერ კიდეც.

Tuesday, September 7, 2010

Yesterday, all my troubles seemed so far away..

   ქარს საიდანღაც მოაქვს ეს სიმღერა. ვიღაც ჰყვება თან, სასაცილოდ. მე მეღიმება და ვფიქრობ, ვინმეს თუ მოუსმენია ჩემი სიმღერა და იმასაც გაღიმებია.

   ფერისცვალების მერე ისეთი ქარებია, რომ ღამღამობით კარის ჭრიალი მაღვიძებს და საბანში საგულდაგულოდ ვიმალები ხოლმე. საერთოდ რაც აქ ვარ, ღამით რამდენჯერმე ვიღვიძებ. ხანდახან ვდგები და აივანზე გავდივარ. მთვარე ისე ანათებს, რომ ყველაფერი ვერცხლისფერია და სახლების ჩრდილები მოჩანს. დღესაც ქრის ქარი, ჩემს სარაფანს ისე აფრიალებს, რომ მერლინ მონრო მონაგონია ჩემს გვერდით :D მე კი მაინცდამაინც დღეს მომინდა ამ სარაფნის ჩაცმა და სოფელში ხეტიალი და კიდევ კარგი, რომ არავინ არის გარეთ, თორემ კაბას ვეღარ ვიმორჩილებ.

  ეხლა ვხვდები, რომ უცნაური გოგო ვარ. ალბათ უცნაურად გამოჩნდება სხვების თვალში, 22 წლის გოგო [ღმერთმანი!] ეკლესიის ეზოში იჯდეს და ბავშვებს ჩიპოლინოს უკითხავდეს, ან თეთრ ხიდზე იდგეს და ცეკვავდეს. ჩემთვის კი ჩვეულებრივი ამბავია და დღეს ჭამაც კი დამავიწყდა ამ ხეტიალში. მაშინღა მივხვდი, სისუსტე და თავბრუსხვევა რომ ვიგრძენი. მე და ბავშვები თავს მშვენივრად ვგრძნობთ. თუმცა არა, დღეს ერთი გამებუტა, ბევრი ვეცადე და ვერ შემოვირიგე, მერე კი ვეჩხუბე და ასე დავტოვე. ეხლა ვფიქრობ, როდემდე გასტანს მისი გაბრაზება. აბა აქ მეტი საფიქრალი არ მაქვს და რამეზე ხომ უნდა ვიფიქრო..

   წყაროსთან კვლავ სხედან უსაქმური ბიჭები, მე კვლავ დავათრევ მძიმე წყლის ჭურჭელს. ჩემი გაურკვეველი მომავალი მახარებს და თავისუფლებას მთელი ტანით ვგრძნობ. მგონი, არც ევროპაში მინდა წასვლა. მთავარია ქარი ქროდეს და მე ფრიალა კაბა მეცვას. შორს ჩემგან ყოველგვარი რეზიდენტურა, მოდულები და სხვა მსგავსი უცნაური სიტყვები. ბუნება მაინც ყველაზე ძლიერია. აი, ამ საუკუნეშიც ხალხი წვიმაზეა დამოკიდებული.

   ბებო კარტოფილის ხინკალს აკეთებს. კარები ისევ ჭრიალებს და გარეთ მზე ანათებს. ბებო ნერვიულობს, რომ არაფერს ვჭამ. ნართლა არ მაქვს მადა, მაგრამ რა არის ამაში ცუდი ვერ ვხვდები. ფიჭვნარში მინდა ასვლა და სულ მეზარება. თან ვიხეტიალო-მეთქი და თან ფეხის გადადგმა მეზარება.

   მიუხედავად ყველაფრისა, მენატრებიან ადამიანები და ზოგიერთზე ვფიქრობ. საერთოდ, აქ იმდენი სისულელე მომდის თავში, რომ ისიც კი გადავწყვიტე, რომ ოდესმე ჯვარს ამ პატარა ეკლესიაში დავიწერ. ბებიაჩემის აზრით, გათხოვებაზე უნდა დავიწყო უკვე ფიქრი. მე კი მხოლოდ იმ დონეზე ვფიქრობ, რომ ჯვრისწერის ადგილი შევარჩიე. სულ ეს არის.

   აქ ბევრი 15-16 წლის გოგოა, რომლებიც საღამოობით გაპრანჭულები სეირნობენ. ბევრი არა, რამდენიმე. ორი. სეირნობენ, რაღაცეებს ჩურჩულებენ და იცინიან. მე კიდევ უფრო მეტად ბავშვი მგონია თავი და სულ ეგოისტი ვხდები, საკუთარ თავზე ვფიქრობ მთელი დღე. გუშინ ერთმა ქალმა თქვა ჩემზე, 22 წლის არ მეგონა, პატარას გავს და ქცევებიც პატარასი აქვსო. მანამდე სულ ვუცინოდი და ალბათ იმიტომ. აქ სულ ბავშვობა დამსდევს თან, როგორც მოდილიანს 'მოდილიანში'.

  ღამე: ბავშვებს ორჯერ ვეჩხუბე და შევურიგდი. რა სასაცილო ვარ, სულ მთლად გავბავშვდი. უფრო სწორედ, აღმზრდელს ვგავარ, მე-19 საუკუნის დიდგვაროვან ოჯახებში რომ მუშაობდნენ..

   ეხლა ვფიქრობ, ხვალ ის ფრიალა სარაფანი ჩავიცვა თუ არა. ეს ქარი აშკარად არ აპირებს არსად წასვლას. ხვალ კიდევ სარეცხი უნდა გავრეცხო. აი ასე, წავალ წყაროზე და გავრეცხავ. ნამდვილად მე-19 საუკუნეში ვარ. თქვენ კიდევ ამბობთ, დროში მოგზაურობა არ არსებობსო..



                                                                                                                                               21.08.10

Sunday, September 5, 2010

მოსაწყენი ყოველდღიურობა, რომელიც მსიამოვნებს

რეალურად, უკვე აღარ მსიამოვნებს..

ეს დღეები ბევრს ვფიქრობ და წერა მინდა, მაგრამ არ ვწერდი.

  აქ ყოფნა მამშვიდებს, მაგრამ გარშემო ისეთი ხმაურია, ვიღლები. მუსიკა მენატრება და შორიდან მომავალ K'naan-ის ჰანგებზე ცეკვას ვიწყებ ლამის.
თბილისშიც არ მინდა, იქ ის მელოდება, რაც სულ მაქვს. . ადამიანების დანახვა ისე მახარებს, რომ უცნობებსაც კი ვუღიმი და ვესალმები. აქ ’გამარჯობა’ არავის უკვირს, ღიმილი კი უცნაური ამბავია.

  ორი დღით ლეპტოპი მქონდა, თუმცა უინტერნეტოდ. სულ არ მომნატრებია. თუნდაც ინტერნეტი მქონოდა, დიდი არაფერი.

  მივხვდი რომ ბავშვები კარგად ერთობიან ჩემთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე ვგრძნობ თავს კარგად მათთან და თამაში სიამოვნებას მგვრის.
შორტები მაცვია და ფეხები აივანზე მაქვს შემოწყობილი. ბებო ძველ რადიოს უსმენს. მეზობლად ბავშვები ხმაურობენ და ასაკოვანი დედა თავის მცირეწლოვან ბავშვზე ნერვიულობს. ეს ქალი ყოველდღე მხვდება წყაროზე, 45 წელზე მეტის იქნება და 2 წლის შვილი ყავს.


  ვნანობ, რომ გარეთ მარტო სიარული მეშინია. I mean, ტყეში მეშინია და პრინციპში, სოფელშიც - ძაღლების. ისე მინდა მარტო ხეტიალი.. იქნებ მოწყენილობისგან ძაღლებიც დავიკიდო და ვიხეტიალო. რა უცნაურია, მთელი ბავშვობა და შემდგომი პერიოდიც აქ ვატარებდი ყველა ზაფხულს და თითქმის არავის ვიცნობ, მარტო ’ვიღაცის’ [აქ კაცის სახელი] გოგო ვარ, როგორც ყველა ჩამოსული ახალგაზრდა და ასე მცნობენ. და მერე ’აა, რა კარგი გოგოა’, სახე გაუნათდებათ ხოლმე. ბებოს აზრით, შორტები მოკლეა. ჩემი აზრით კი თავს კომფორტულად ვგრძნობ.

  თბილისში ძალიან ცხელა თურმე. აქაც ცხელა დღისით და გრილ ოთახს ვაფარებ თავს. Facebook ყველამ გაიგო და ჩემი ნათესავები აპირებენ, დამიმეგობრონ. მე კი არ ვიცი, მინდა თუ არა, რომ მათ ჩემი ბლოგი წაიკითხონ.
აქ მთელი დღე ნიავია, ხან ქარიც და ბადმინტონს ვერ ვთამაშობ. ღამით 12 საათზე ვიძინებ და დილით 9-ზე ვიღვიძებ. თავიდან კი უძილობა მტანჯავდა და ყოველ გაფაჩუნებაზე შიშისგან ვკანკალებდი. ასე მგონია, მთელი სამყაროს მწერებმა აქ მოიყარეს თავი; მძულს ღამის პეპლები. თაგვები არ არიან, მაგრამ მე ყველგან ისინი მეჩვენება.
ყავასაც კი მხოლოდ ერთხელ ვსვამ დღეში და მყოფნის.

  მოსაღამოვდა. რომ დაღამდება, თაფლიან ჩაის დავლევ და აივანზე დავჯდები, მერე ისევ გათენდება.
ხალხი 19 აგვისტოს ელოდება, რომ მერე ყველაფერი შეიცვალოს და აგრილდეს. ხალხი წვიმასაც ელოდება, რომელიც არც თუ ისე ხშირია აქ.

  მე მწვანე კალმით ვწერ და მეუცნაურება, რომ კლავიატურის ხმა არ მესმის. ეხლა თარიღი უნდა დავწერო აქ, თავისით არ დააპაბლიშებს. 17 აგვისტოა თურმე, მობილურმა მამცნო. 8-ის 20 წუთია.

  გრიგოლ რობაქიძის დღეები მაქვს. რატომღაც თბილისშივე მომინდა, ’გველის პერანგი’ მეორედ წამეკითხა და წამოვიღე. რაღაცნაირ აურას ქმნის გარშემო.

როგორ მგავს ეს ნახატი, ხომ არ იცით.. [Sophie, only you'll know what I mean :)]



ქარის მოტანილი სიმღერა ფონად:

Saturday, September 4, 2010

Something about myself

ვერაფრით ვეგუები ამ ხმაურიან და მტვრიან თბილისს. მანქანების ხმა უფრო ხმამაღალი მეჩვენება, ვიდრე რეალურად არის; სუნთქვა მიჭირს და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო, მაგრამ ჰაერი მაინც არ მყოფნის.

ახლა ფილმს ვუყურებ, წერილები ჯულიეტას. ჰოდა, ამ ქალაქიდან გაქცევაზე ფიქრისას, მგონია რომ ვერონა არის ის ადგილი, სადაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი ახლა. ვერონა იქნება თუ რომელიმე სხვა ლამაზი, ქვაფენილიანი ქალაქი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მარტო ვიყო, ქუჩებში დავდიოდე და არავინ მიშლიდეს ფიქრში ხელს.

ინტერნეტ-სამყაროც ნაკლებად მიმზიდველი გახდა ჩემთვის. ფეისბუქზე შევალ და არ ვიცი, რა ვაკეთო. ბლოგზეც ვფიქრობ, არ მინდა რომ ყველამ წაიკითხოს აქ რასაც ვწერ. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის გავხადო ხელმისაწვდომი.

უცნაური ადამიანი გავხდი. სოფელში ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი და ხალხთან მაქსიმალურად ვურთიერთობდი, პარალელურად კი თავში ის აზრი მწიფდებოდა, რომ ჩემი ბლოგი ყველას არ უნდა წაეკითხა. დღიურის მაგვარ ჩანაწერებსაც ვაკეთებდი იქ და ნაწილს აქაც გადმოვწერ. არც ეს ჩანაწერები მინდა რომ ყველამ ნახოს, და მაინც ვაქვეყნებ :) მოკლედ, მე თვითონ ვერ გამიგია რა მინდა.

ახლა კი ამ დილაუთენია პოსტს გამოვაქვეყნებ და ფილმის ყურებას განვაგრძობ :)

Wednesday, June 30, 2010

Oh, summer days..

ახლა ვზივარ ანას ლეპტოპთან, მაცვია ანას [თუ მარის?] მწვანე სარაფანი, საშინლად მცხელა და ანუშკას სიმღერას ვუსმენ. ჩემი რა მაქვს? ჰო, ეს პოსტი ჩემია ნამდვილად.

მე ხანდახან საშინლად გაღიზიანებული ვარ, დაახლოებით თვეში ერთხელ, ერთი კვირა. ზოგი ამას PMS-ს ეძახის. პრინციპში, მეც ასე ვეძახი, ოღონდ ყოველ მეორე წუთში გამეორება არ მიყვარს, იმიტომ რომ მაშინ ძალიან გაღიზიანებული ვარ და ამის აღნიშვნა არ მამშვიდებს.

კიდევ, აღმოვაჩინე რომ ჩოგბურთს ვერ ვთამაშობ კარგად, უფრო სწორედ, საერთოდ ვერ ვთამაშობ და იმედგაცრუებული ვარ.

თუმცა, აღნიშვნის ღირსია, რომ გარეთ მზე ანათებს, ზაფხულია და მე სრულიად თავისუფალი ვარ.