Thursday, February 24, 2022

City of weather alerts, ჩანაწერი II

ვიდრე ყავა მზადდება და ქოფი მეიქერის უცნაური ჟღუილი გამდევს ფონად, სათაურის მოფიქრებას ვცდილობ და არ გამომდის. 


აქ დღეები ერთმანეთს მისდევს და ბევრი არაფერი ხდება. ეს შეიძლებოდა სევდიანი სიტყვები ყოფილიყო, მაგრამ სრულებითაც არა. ძალიან მშვიდი და უშფოთველია ეს დღეები. ბოლო ორი წლის მსოფლიო მდგომარეობის გათვალისწინებით, აღარც მინდა რამე მოხდეს, სტაბილური სიმშვიდე ჭირდება ჩემს გონებას. ალბათ იფიქრებთ, როგორ თუ არაფერი ხდება, უკრაინა, და შეიძლება მთელი მსოფლიოც, ომის წინაშე არისო. მართალია, მაგრამ აქ, ამ ჩრდილოეთში, თითქოს მაგასაც გავექეცი. უფრო ალბათ მენტალურად გავექეცი, ფაქტებად ვიღებ ინფორმაციას და ვცდილობ, შფოთვის ის მექანიზმი არ ჩამერთოს, რაც საქართველოში მექნებოდა. რა უცნაურია, ერთსა და იმავე ინფორმაციას, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. საქართველოში თითქოს რაღაც პატარა ქვაბში ხართ ყველა, და ეს ქვაბი სულ დუღს და ბუყბუყებს და შენც, რადგან ამ ქვაბში ხარ, გიწევს იდუღო და იტრიალო.  აქ კი ასე არაა.

ამასობაში ყავა დავისხი. ამჟამად სტარბაქსის შოკოლადის არომატიანი ყავა გვაქვს ამოჩემებული, როცა ვაკეთებთ, სახლში საოცარი სურნელი დგება. შუალედური მოხალვისაა, რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება (ძლიერი მოხალვის ყავა მიყვარს და ძირითადად სუმატრას ვსვამ), მაგრამ ამის არომატი ყველაფერს წონის. ბოლო დროს ყავის სმას საგრძნობლად მოვუკელი, ის კი არა, ერთი კვირა საერთოდ არ დამილევია! ასეთი მოვლენა ჩემი ცხოვრების ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველია. მაგრამ მომიწია, რადგან ბევრი ყავის სმისგან არითმიები დამეწყო. ახლა ისევ მივუბრუნდი, მაგრამ ვცდილობ დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი დავლიო. დღეს დავარღვიე ეს წესი და მეორედ ვსვამ, მაგრამ ძაალიან ცოტას. 

ახლა სახლში ვარ, ერთი ლექცია მქონდა უკვე, GIS-ის, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში - ძალიან მომწონს და დღევანდელი ლექციის მერე საერთოდ ვიფიქრე რომ ამ მიმართულებით მინდა მუშაობა. ანუ ზოგადად მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაცია მხიბლავს და ვფიქრობ, მეორე PhD რომელიმე ეგეთი მიმართულებით ხომ არ გავაკეთო. თუ დიდხანს გაგრძელდა ეს სურვილი, შეიძლება ვიმოქმედო კიდეც და მერე ამ პოსტს ამაყად დავუბრუნდე, რომ ვთქვი და გავაკეთე.

მეორე ლექცია საღამოს მაქვს, რომელიც დიდად არ მიყვარს. დიდად კი არა, საერთოდ არ მიყვარს. იმდენად, რომ ამ ლექციაზე ორი საათი როგორ ვძლებ, ძალიან მიკვირს.

ახლა მომივიდა საგანგებო შეტყობინება უნივერსიტეტიდან, რომ პარასკევს ამინდის გაუარესების გამო კლასები ონლაინ რეჟიმში იქნება. ყოველ კვირაში უამრავი weather alert მოდის, სულ რაღაც ხდება. ამის გადამკიდე, სხვადასხვა სტიქიური მოვლენების აღმნიშვნელი ახალი სიტყვები ვისწავლე. მაგალითად, sleet არის ნალექი რომელიც შეიცავს ყინულის ნაწილაკებს და წვიმას ან თოვლს. ასეთი არ მეგონა თუ არსებობდა, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე, და ჩემი ყურით მოვისმინე, ისეთი წკაპანით ეცემოდა. სამწუხაროდ, პარასკევს ლექციები არ მაქვს. ჯერჯერობით, არც ერთი ასეთი ალერტი ჩემი ლექციების დღეებს არ დამთხვევია, რომ გამცდენოდა :))

იოგას კეთება დავიწყე სახლში. მინდა, რომ ჩვევად მექცეს და ამიტომ სამი დღე ზედიზედ ვაკეთე, მაგრამ გუშინ ჩავაგდე, არადა მთელი დღე სახლში გავატარე. დღეს მინდა ისევ მივუბრუნდე, ცოტა ყავამ გადაიაროს ჩემი კუჭიდან და მერე მივხედავ. საღამოს ლექციამდე მომზადება მჭირდა მორალურად და ფიზიკურად :)