Monday, December 23, 2019

ნუშის კრუასანი

ადამ დრაივერს რომ შევხვედროდი, ბრუკლინში, რომელიმე ჰიპსტერულ coffee shop-ში.  კაფის ინტერიერი იქნება მუქი ფერის აგურებით გაწყობილი, მუქი ფერის, ხის პატარა მაგიდებით. ადამი სწრაფი და მძიმე ნაბიჯებით შემოვიდოდა, თავაზიანად გამიღიმებდა და მტკიცედ ჩამომართმევდა ხელს. მე წინასწარ მექნებოდა დაგეგმილი, რომ black coffee-ს შევუკვეთავ, მაგრამ ბოლო წამამდე ვერაფრით გადავწყვეტდი, ყავაზე რა მიმეყოლებინა. აღელვებული ბარისტასთან საუბრისას უცებ გადავწყვეტ, რომ ნუშის კრუასანი მინდა (თუმცა კრუასანი არ მიყვარს). ბარისტა ახალგაზრდა და ენერგიული იქნება, მხიარულად გამოგველაპარაკება, მაგრამ მე შორიდან ჩამესმება, რას ამბობს, და უხერხულად გავუღიმებ, რომ ვერ მიხვდეს, მისი სიტყვები საერთოდ არ აღწევს ჩემამდე. 

სანამ ყავა გამზადდება, ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხდებით.

ვზივარ და თავში ელვის სისწრაფით დამირბის აზრები, ისეთივე ქაოტურად, როგორც მირანდა პრისლის ოფისში მოსვლამდე წამებით ადრე დარბიან თანამშრომლები. რაზე ველაპარაკო ადამ დრაივერს? რა ვუთხრა ისეთი, რომ განსხვავებული და აქამდე არნათქვამი იყოს და ადამი გავაოცო, დიდი შთაბეჭდილება მოვახდინო მასზე, მე ვიყო მისი პირველი ფანი, რომელზეც ის გადაირევა და იტყვის, რომ ასეთი არავინ უნახავს და მერე სულ ვემახსოვრები. რა ვუთხრა, როგორ მომწონს მისი როლები? ალბათ, ათასჯერ მოუსმენია. როგორ ნიჭიერ მსახიობად ვთვლი? ალბათ ეს კიდევ უფრო მეტჯერ უთქვამთ მისთვის. რა ვუთხრა?
რა ვუთხრა ადამ დრაივერს?

- იცით, მე ბენ სოლო მიყვარს - უცებ ვამბობ და ფიქრის ნაკადი მიწყდება.
გაოცებულმა ამომხედა, არა იმდენად სიტყვების შინაარსის გამო, უფრო იმიტომ, რომ სიჩუმე დავარღვიე. გაოცება ღიმილით შეეცვალა, მაგრამ ეს ღიმილი მხოლოდ თავაზიანია, არანაირი შთაბეჭდილება არ მომიხდენია. 

- კონკრეტულად რომელი სცენა, იცით? აი ბოლოს, რეი რომ ლაითსეიბერს გადმოგცემთ და უცებ უკნიდან იღებთ, ეგ მომენტი ხომ ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მე უფრო მომდევნო მიყვარს, ის ჟესტი, შებრძოლების წინ ხელებს რომ გაშლით და ოდნავ თავს დაუკრავთ მოწინააღმდეგეებს. აი ეგ სცენა იცით, რამდენჯერ მაქვს ნანახი?  - უცებ მახსენდება, რომ ადამი თავის მონაწილეობით ფილმებს არ უყურებს და სავარაუდოდ, ეს სცენა საერთოდ არ ახსოვს.

ხომ შეიძლებოდა, დამეწყო პატერსონით! რომელიც ჩემი ყველა დროის საყვარელი ფილმია, თან ჯიმი ჯარმუშისაა და ალბათ უფრო ჭკვიანს და საინტერესოს გამომაჩენდა (ალბათ), მაგრამ აარა! ორიგინალობის მცდელობა ჩანასხშივე მოვკალი.

კაფის კარი იღება და ვიღაცები სიცილით შემოდიან. ადამი წამიერად ხმის მიმართულებით იხედება.

- მაგ მომენტში ჩანს, რომ კაილო რენი აღარ ხართ - ადამის მზერას თვალს ვაყოლებ და ვაგრძელებ. - არამედ ჰან სოლოს შვილი, ზუსტად მისნაირი მიდგომაა, დაძაბულ სიტუაციაში ირონიული დამოკიდებულება მოწინააღმდეგის მიმართ.

უცებ ცნობიერების ნაკადი მიწყდება და ვეღარ ვაგრძელებ, ამიტომ თვალებშიც ვეღარ ვუყურებ, ჩემი დამცავი იარაღი - სწრაფი და არეული ლაპარაკი დავკარგე და საშინელ უხერხულობას ვგრძნობ, აქეთ-იქით ვაცეცებ თვალებს. და ამ დროს, როგორც ფილმებში, უიმედო მდგომარეობაში მხსნელი გამოჩნდება მოულოდნელად, ახლაც ჩემი როჰანელები გამოჩნდნენ -  ჩემი ყავა და კრუასანი მომიტანეს. 

ადამს აღარ ვუყურებ, ყავაში შაქარს ვყრი, და კოვზის აღებისას მეტყობა, ხელები როგორ მიკანკალებს. ხელები რომ მაგიდის ქვეშ დავმალო, მიხვდება, რომ მღელვარების დაფარვას ვცდილობ. ამიტომ კრუასანს ვიღებ და ფენებს ვაცალკევებ. კრუასანი სავსეა ნუშის პასტით და სურნელი მამცნობს, როგორი გემრიელი იქნება. პატარა ნაწილს ვიღებ და პირისკენ მიმაქვს, როცა ადამის ღრმა, ძლიერი ხმა მესმის - ნუშის კრუასანი მეც მიყვარს.
ხელი ჰაერში გამიშეშდა და სწრაფად შევხედე. დაკვირვებით მიყურებს და იღიმება.

- მართლა? - კრუასანს პირში ვიტენი და ისე ვაგრძელებ სწრაფ საუბარს - არ ფიქრობთ, რომ ნუში დამოუკიდებლადაც საოცარი რამ არის? და დესერტებს როგორ აკეთილშობილებს! - ლაპარაკისას ხელებს სწრაფად ვიქნევ - აი, დააკვირდით, ამ კრუასანს  რომ ჩაკბიჩავთ, ჯერ ცომის ცხიმიან ნოყიერებას იგრძნობთ და მერე ნუშის რაღაცნაირი, მიწიერი არომატი ემატება, რომელიც გემოებს უფრო დამჯდარს და ხანგრძლივს ხდის - სხაპასხუპით ვამბობ.

უცებ ვამჩნევ, რომ ადამი მისმენს, არა თავაზიანად, არამედ ყურადღებით. მე ვჩუმდები და თვალებში ვუყურებ. ნუშისებრი თვალები აქვს (იმედია, ამას ხმამაღლა არ ვეტყვი).

 - მაგრამ კრუასანი არ მიყვარს, მხოლოდ ნუშის გამო ავარჩიე - ვამატებ და კიდევ ერთ დიდ ნაგლეჯს ვიტენი პირში.

მერე კი ადამს მზერის საპასუხოდ ვუღიმი.




Tuesday, December 3, 2019

ქვაფენილიანი ქუჩები



ადრე, ძალიან ხშირად ვოცნებობდი, როგორ წავიდოდი ქვაფენილიან ქუჩებიან ქალაქებში და ძალიან ბევრს ვიხეტიალებდი. უხშირესად, ჩემს წარმოდგენაში, ეს ქალაქები ესპანური იყო. როგორც წესი, ოცნებები ხდება და ასევე როგორც წესი, არასდროს ისე, როგორც გვიოცნებია. არა, იმას არ ვამბობ, რომ ცუდად ახდება, უბრალოდ სცენარში ყოველთვის იცვლება ხოლმე დეტალები.

ცოტა ხნის წინ, ეგეთ ქვაფენილიან ქალაქში რომ წავედი, ერთ საღამოს, ერთ ვიწრო ქუჩაზე მივსეირნობდი, სადაც ლამაზი, ფერადი შენობები იდგა, ახალნაწვიმზე ქვაფენილი ბრწყინავდა და უცებ მივხვდი, რომ იმ ვიწრო და კოხტა ქუჩებში დავდიოდი, რომელზეც ამდენი მიოცნებია ადრე. რა თქმა უნდა, გამიხარდა. მაგრამ თან დავფიქრდი, ისევ ის აღტაცება თუ მქონდა, რაც მაშინ მექნებოდა, ადრე, წლების წინ.

არ მინდა, აღტაცების უნარი სრულად დავკარგო. წლები რომ გადის, ამის ტენდენცია შეიმჩნევა თითქოს, მაგრამ მერე დისნის მაღაზიაში შევდივარ და ჩემში პატარა მე იღვიძებს, რომელიც ყველა სათამაშოს დანახვაზე ხმამაღლა კივის და ვხვდები, რომ ჯერ ყველაფერი რიგზეა.

ესპანეთში ჯერ კიდევ არ ვყოფილვარ. თავისუფლად შემიძლია, წავიდე, მაგრამ რაღაცნაირად ველოდები, რომ მაგის დრო თავისით მოვა. როგორც 2012 წელი, ბარსელონა.

Tuesday, November 5, 2019

Rouje

წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ბოლო პერიოდი ძალიან გატაცებული ვარ ფრანგი ქალების სტილით, და ზოგადად, ფრანგი ქალებით. ამაში დიდი წვლილი ერთ ფრანგ გოგოს, ჟანს მიუძღვის. რომლის სახელსაც ყოველთვის ვკითხულობ როგორც "ჯინ" და ახლაც, როცა "ჟან" დავწერე, რაღაცნაირად მეხამუშა, თითქოს მასზე კი არა, სხვა ადამიანზე ვლაპარაკობ.

ჟანს აქვს თავისი ბრენდი აქვს - რუჟ (Rouje). ტანსაცმლის და უსაოცრესი ტუჩსაცხების. სრულიად შეპყრობილი ვარ ამ ტუჩსაცხებით და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამოვიწერო. თუმცა ამაზე ოდნავ ქვევით იყოს, მანამდე რუჟის და ჟანის გაცნობას გავაგრძელებ.

ინსტაგრამზე აქტიურად ვადევნებ თვალს ჟანის პირად პროფილს და რუჟის ფეიჯს, ორივე ერთ სტილშია - ოდნავ გაცრეცილი ფერები, რაღაცნაირი მქრქალი წითელი დომინირებს, თითქოს მარწყვი დაჭყლიტეს და კვალი დატოვაო.


ეს არის თავად ჟანი. პირველად იცით როგორ აღმოვაჩინე? უფრო სწორედ, აღმომაჩენინეს - ჩემმა მეგობარმა მითხრა, ერთი მოდელია და რაღაცნაირად შენს თავს მაგონებსო. მაშინ შევხედე მის ფოტოებს და ვერ მივხვდი, რატომ ვგავდით ერთმანეთს. მერე ხანი გამოხდა და უცებ გამახსენდა ეს გოგო. შევედი ინსტაგრამზე და დავაფოლოუე.


 ძალიან რაღაცნაირია.. ფრანგული. დღემდე არ ვიცი, რითი ვგავართ, მაგრამ ძალიან მომწონს. ამ ზაფხულს იტალიაში დაისვენა თავის ბოიფრენდთან და მეგობრებთან ერთად და ძალიან ლამაზ ფოტოებს და ვიდეოებს დებდა ინსტაგრამის სთორიში.



რუჟის ფეიჯზე უამრავი ლამაზი კაბა და ქვედაბოლოა, მე რომ მომწონს, ზუსტად ის სტილია - ყვავილებიანი კაბები. ყველა ფოტოდან ნამდვილი ფრანგული აურა მოდის.

How French is everything in this picture?

და რა თქმა უნდა, უამრავი წითელი პომადა!



ტუჩსაცხებს ქალის სახელები ჰქვიათ, ფერის მიხედვით. ჩემი ფავორიტი კამილია - ყველაზე ლამაზი წითელი. ახლახან გამოუშვეს ახალი საცხი, რომლის ბოთლიც ფრჩხილების ლაქისას ჰგავს, how cool is that?

"კამილი" ახალ ბოთლში
აი ახლაც, ამ ბოთლს რომ ვუყურებ, თითქმის ისევე ძალიან მინდა, როგორც რამე საჭმელი :) ცოტა უცნაურ სურვილში გადამდის. მაგრამ რას ვიზამთ, წითელ ტუჩსაცხებზე დამოკიდებულება მაქვს.

p.s ყველა ფოტო აღებულია ჟანის და რუჟის ინსტაგრამიდან.

Saturday, October 26, 2019

შაბათის უმიზნო პოსტი

აი ვდგავარ და ვწერ და ვწერ ამ პოსტებს და არც კი ვიცი, ვინმე კითხულობს თუ არა (ცხადია, თინას გარდა. ახალ კომენტარს რომ დავინახავ ხოლმე, ზუსტად ვიცი ვისგანაა და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ). ვერც ფეისბუქზე ვაშეარებ - ბლოგის ფეისბუქ ფეიჯიდან შემთხვევით ამომეშალა ჩემი თავი და ახლა დარჩენილია უადმინოდ, ანუ უპატრონოდ. ვერაფერს ვიზამ, რომ დავიბრუნო, როგორი სევდიანია არა? შევხედავ ხოლმე ფეიჯს და ვიცი, რომ აქტივობა აღარ ექნება.

ბოლო პერიოდია, ორ რამეზე მინდოდა დამეწერა, საინფელდზე, და "ბიჭის ცხოვრება"-ზე (ცალ-ცალკე, ცხადია). მაგრამ აი სულმოუთქმელად რომ გინდა ბევრი რამე თქვა და ვერ წერ, ეგ მომენტი მაქვს, მირჩევნია, ვილაპარაკო და ვინმეს მოვუყვე. ალბათ მერე დავწერ, ახლა ამ წუთას დიდად არ მინდა. რაღაცნაირად დაღლილი ვარ, დღეს ლექციაზე სტუდენტებთან inflammation ვერ გამოვთქვი, სამჯერ დავიწყე და არ გამომივიდა და ბოლოს გავჩერდი, თავი ჩავხარე და გამეცინა, ერთ-ერთი დამეხმარა "ინფლემეიშნ"-ო და იმათაც გადაედოთ სიცილი. სულ მაინტერესებს, ნეტა სტუდენტებს მოვწონვარ? თავს ლექტორად ვერც აღვიქვამ, რაღაც მათი ტოლი მგონია თავი, თითქოს შემთხვევით მოვხვდი ლექციაზე. ძალიან, ძალიან კარგი თაობაა. უკვე ასაკოვანი ადამიანივით მემართება ხოლმე, შევყურებ და გული სითბოთი მევსება.

ახლა დესკტოპზე ფოლდერი დავინახე სახელწოდებით "post inspirations" რომელიც ადრე შევქმენი, ალბათ ბლოგპოსტების ინსპირაციისთვის; გავხსენი და სხვა ფაილებთან ერთად ტუბერკულოზის გლობალური რეპორტი დამხვდა :))) ალბათ რაღაც მომენტში შემთხვევით ჩავაგდე მანდ.


როგორ მიყვარს ასეთი გეტრები და ჯეინ ბირკინის სტილი, ზოგადად :) ისე, ბოლო დროს ფრანგი ქალების სტილმა გამიტაცა. სულ მცირე, მაკიაჟმა, ძალიან სადაა და მძიმედ შეღებვას არ მოითხოვს. ვერ ვიტყვი, რომ ფრანგებივით ვიცვამ ან მომავალში ჩავიცვამ, მაგრამ რაღაცნაირი inspiring არის, რომ უყურებ, გინდება, რომ კარადიდან რაღაც ახალი გადმოიღო და ტანსაცმელი გადაახალისო, ან დილას სამსახურში წასვლისას ოდნავ მეტად გამოიპრანჭო, ვიდრე სხვა დროს.

Monday, October 21, 2019

Untitled Post



ეს პოსტი შემხვდა დრაფტებში, ოღონდ იყო აბსოლუტურად ცარიელი. ასე, ცარიელი დრაფტი შემინახავს დიდი რუდუნებით, გაურკვეველი მიზეზების გამო :) მაგრამ როგორც კი გავხსენი, გამახსენდა, რაზეც მინდოდა დამეწერა.

წინა კვირადღეს სოფელში წავედით, მე და მამა. დიდი ხანია, აღარ ვყოფილვარ და შემოდგომის პერიოდში იქაურობის ნახვა განსაკუთრებით მაინტერესებდა. ყველაფერი ტრადიციულად განვითარდა: წყნეთში სუპერმარკეტში შევედი "რამის" საყიდლად. რა თქმა უნდა, შიგნით რამდენიმეწუთიანი უმიზნო ყიალის შემდეგ, ისევ პური და ყველი ვიყიდე. მერე წყნეთს ავუყევით, უფრო და უფრო აცივდა, მანქანაში მინები ამოვწიეთ. მე ჰუდი გადავიცვი.

სოფლამდე საათნახევრის გზაა, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადები ხოლმე, თითქოს ხანგრძლივი მოგზაურობა მედოს წინ. სულ ის ერთი წასვლა მახსენდება, პატარა რომ ვიყავი, ერთ-ერთ ზაფხულის არდადეგებზე, ბიძაჩემის დიდ ვოლგაში რომ ჩავბარგდით. კარაქი მიგვქონდა და გზაში რომ არ გამდნარიყო, ცივი წყლით სავსე ქილაში ჩავდეთ პირდაპირ, შეფუთვის გარეშე. მახსოვს, მანქანის უკანა სკამზე როგორ გულაჩქროლებული ვიჯექი, რომ სოფლისკენ მივიჩქაროდით. არ ვიცი, რატომ დამამახსოვრდა მაინცდამაინც ეგ გასვლა, ან ის კარაქის ამბავი. ჰო, სოფელში მაცივარი არ გვქონდა და კარაქს და მსგავს პროდუქტებს, რომელთაც ცივი გარემო ჭირდებოდათ, პატარა საკუჭნაოში ვინახავდით, რომელსაც მხოლოდ პატარა სარკმელი ჰქონდა და სულ გრილოდა. არც რამის ყიდვის შესაძლებლობა იყო სოფელში, ერთადერთი პატარა მაღაზია ჰქონდა მეზობელს. ამიტომ თითქმის ყველაფერი აქედან მიგვქონდა. მე განსაკუთრებულად ვზრუნავდი, რომ ტკბილეული არ დამვიწყდებოდა, და წონის კანფეტი, რამდენიმე სახეობის, აუცილებლად გვედო ჩანთაში.

ახლაც ასე ვცდილობ ხოლმე "რამეების" მომარაგებას, მაშინ როცა მხოლოდ ერთი დღით მივდივარ იქ. შეიძლება არც კი ვჭამო, მაგრამ ალბათ ის მზადების პროცესი მიყვარს, რომლის ტრადიციაც ღრმა ბავშვობიდან მოდის.

სოფლის გზაზე რომ გადავუხვიეთ, უკვე იმ ადგილს ველოდებოდი, როცა აღმართებზე მიდიხარ, მიდიხარ და უკვე გგონია, აღარასდროს გამოჩნდება სოფელი და ამ დროს, უცებ, ერთ აღმართს აათავებ და ქვევით გადაიშლება ხეებში შერეული კრამიტის სახურავები. მამას ვთხოვე, გაეჩერებინა და ზევიდან ფოტო გადავუღე. თითქმის ყველა ჩასვლისას ვუღებ ამ ადგილიდან ფოტოს.



გზად, სოფლის შუკებში, ტრადიციულად არავინ შეგვხვედრია. სახლისკენ რომ შევუხვიეთ, აივანზე ბებო, ბიძაჩემი და მამიდა იყვნენ გადმოდგარი. აივანზე კომშით სავსე ჯამი იდო და სურნელს აფრქვევდა. მანდ მთავრდება ყველაფერი, იქაურობა აღარ ჰგავს ბავშვობის სახლს - ყველაფერი საშინლად არეულია და საცხოვრებლად ფაქტობრივად, უვარგისი, უფრო დროებით სადგომს გავს. ამ ჩასვლისას მივხვდი, რომ იქაურობის მხოლოდ აჩრდილი იყო დარჩენილი, სანამ სახლი არ გაკეთდება, უფრო სწორედ კი, თავიდან არ აშენდება, ერთი დღით გაჩერებაც კი შეუძლებელია. მაგრამ ცხადია, მაინც მიყვარს იქაურობა. ოთახში, კედელზე, მე და ჩემი ძმის ყოველწლიურ სიმაღლეში ზრდის აღმნიშვნელ ხაზებს ვუყურებდი. მახსოვს, ყოველთვის ჩასვლის პირველივე დღეს ვიზომებოდით ხოლმე.



მე და ბებო ეკლესიაში გავედით. ახლახან მოხატეს მთლიანად. რა საოცარია, ჩემს ბავშვობაში ეს პატარა ეკლესია თითქმის დანგრეული იყო, სახურავი აღარ ჰქონდა და ცალი კედელი ჩამონგრეული იყო, შიგნით სარეველა ბალახი იყო ამოზრდილი და ვერც შეხვიდოდი. მარიამობის ღამეს მაინც მთელი სოფელი მიდიოდა და სანთლებს ანთებდა. მერე ჯერ ააშენეს, წელს კი მოხატეს, თან ისეთი ლამაზია, რომ დიდხანს აღფრთოვანებული შევცქეროდი. მაგრამ შიგნით დიდხანს ვერ გავჩერდი. ბებო სანთლების ჩაწვას ელოდებოდა, მე შიგადაშიგ ეზოში გამოვდიოდი და დავხეტიალობდი. ვიხსენებდი ამ ეზოში გატარებულ ძველ დღეებს.



რომ გამოვბრუნდით, მეზობელი შეგვხვდა და ეკლესია ვინც მოხატა, ის ბიჭი აქო, ისეთი კარგი ბიჭიაო, როგორი ლამაზი მოხატულიცაა, ისეთივე ლამაზიაო. ჩვენი სოფლიდან არაა ეს ბიჭი, მაგრამ სანამ ხატავდა, იქ ცხოვრობდა და როგორც ჩანს, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე დავფიქრდი, ნეტა სინამდვილეში როგორი ბიჭია, სოფელში რომ თავი მოაწონო, ხომ ბევრი არაფერია საჭირო. შეიძლება, სინამდვილეში სექსისტი და ჰომოფობია, მაგრამ ეგ ხომ სოფელში არ ადარდებთ.

საღამოს ბიძაჩემი და მამიდა თბილისში წამოვიდნენ. მე დარჩენა მინდოდა, მაგრამ თან ვყოყმანობდი, ვიცოდი, დაძინება გამიჭირდებოდა, ყველას ერთ ოთახში უნდა დაგვეძინა მე კიდევ ღამე პატარა ფაჩუნიც მაღვიძებს. თან მითხრეს, ოთახში თაგვი გვყავსო. მეორე მხრივ, ბებო მარტო რჩებოდა, მე და მამა თუ წამოვიდოდით. სანამ ვფიქრობდი, დაგვაღამდა და მე ჩემი საყვარელი საქმიანობით დავკავდი - აივანზე გავედი და  სახლებიდან მომავალ ჭურჭლის წკარუნს და მეზობლების ლაპარაკის ხმიანობას ვუსმენდი. სიტყვები არასდროს აღწევს ხოლმე, მხოლოდ ის ისმის, რომ ერთმანეთში საუბრობენ.


ბებომ ჩაი მოადუღა, საინფორმაციო ჩართო და ოთახში კარი შემოვხურეთ. სანამ გადავწყვეტდი, დავრჩებოდი თუ არა, მეზობელი შემოვიდა და ჩაის სმაში შემოგვიერთდა, ძველი დრო გავიხსენეთ. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, წამოვსულიყავით. ბებომ ძალიან ინერვიულა, ამ შუაღამისას სად უნდა იაროთო. გზად ტყეზე უნდა გაგვევლო და გულის სიღრმეში მეც მეშინოდა, უფრო მამას ძველი მანქანის გამო, რომელიც როდის და სად გაგიფუჭდება, არავინ იცის. ბებოს შევპირდით, რომ მეორე გზით წავიდოდით და მაგ ტყეს არ გავივლიდით.

მაინც მაგ ტყით წამოვედით (ბევრად მოკლეა გზა). ტყეში არაფერი ჩანდა, მხოლოდ უცნაური ჩრდილები და მე, მანქანის ფანჯრიდან ყურებისას, წარმოვიდგენდი, იქ როგორ ცხოვრობენ იდუმალი არსებები, რომლებიც დღე არასდროს გენახებიან. თავში მამაზმე ერისთავის ფრაზა მიტრიალებდა - ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი - ყოველთვის ბნელ ღამეებში მახსენდება ხოლმე. ერთ ადგილას, სადაც გზის იქით ხევია და ტყე იწყება, დღე ყოველთვის ვჩერდებით ხოლმე. ახლაც, მამამ მკითხა, ხომ არ გავაჩეროთო :) მერე ის "თამაში" გავიხსენეთ, როცა ღამით სახლში უსაფრთხოდ ხარ და უცებ წარმოიდგენ, აი ახლა აქა და აქ რომ გამაჩინა, მარტო. და მერე ამ ადგილს რომ წარმოიდგენო, მამამ. არ ვიცოდი, თუ მაგ "თამაშს" მამაც თამაშობდა :)

მოვდიოდით ბნელ გზაზე და მთვარე ნამდვილი პროჟექტორივით ანათებდა, რაღაც მომენტებში მეგონა, უკან მანქანა მოგვყვებოდა და იმის ფარებია-მეთქი, გავიხედავდი  უკან და არაფერი ჩანდა, მხოლოდ სიბნელე.

მანქანამ ყოჩაღად გაგვტარა ფათერაკებით აღსავსე ტყიანი გზა. მერე თბილისში შემოვედით და გარე განათებებთან ერთად ყველა ჯადოსნობაც გაქრა.

Monday, October 14, 2019

Friends?

 People don't listen, they just wait for their turn to talk.

ადრე წავიკითხე ეს ფრაზა (ავტორი აღარ მახსოვდა, ახლა დავგუგლე და ჩაკ პალანიკი ყოფილა) და მგონი მაშინ ფეისბუქზეც დავაშეარე. თითქოს დავეთანხმე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არა, მე ყოველთვის ვუსმენ! როდესაც მესაუბრებიან, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება პრობლემის გაზიარებას, მოსმენის პარალელურად თავში ათასი ვარიანტი მიტრიალებს რომ საჭირო სიტყვები მოვძებნო, პირველ რიგში, ემპათიის გამოსახატად და შემდეგ, დასახმარებლად. ისე მივეჩვიე რომ ყოველთვის სასარგებლო უნდა ვიყო, უკვე ყველასთან ერთნაირად ვარ, მეგობარი იქნება, ნაცნობი და თუ შემთხვევითი შემხვედრი, ყველასთან ერთნაირად დიდ ძალისხმევას ვდებ. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ცოტა გადავიღალე. ხშირად ვგრძნობ თავს გამოფიტულად, ენერგიადაცლილად. ამდენი შინაგანი ენერგიის დახარჯვა სხვებზე, მაშინ როცა ხშირად ისინი ვერც კი ამჩნევენ ამას, მალე დამშრიტავს და გამიჭირდება მომავალში მხოლოდ ჩემს თავზეც რომ მეყოს. არ იფიქროთ, რომ ემო თინეიჯერივით ვწუწუნებდე, რეალურად და პრაგმატულად ვუდგები ამ საკითხს, ბოლო დროს უკვე გახშირდა, როცა ვხვდები რომ ერთი ღიმილიც კი დიდ ენერგიად მიჯდება. მგონია რომ უნდა ვეცადო, ცოტა გულგრილი გავხდე. ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როცა მინდა, მე მომისმინონ და სანაცვლოდ ვიღებ არაფერს, ან უარესი, მსმენელი თავის პრობლემით მპასუხობს.

ჰოდა ის ზემოთმოყვანილი ფრაზა გამახსენდა და დავფიქრდი, რომ არ მინდა, ჩემი მეგობრობა ეგ იყოს - რიგრიგობით საუბარი. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენ და კომფორტულად ვარ საკუთარ თავთან, შემიძლია პრობლემებს ჩემით გავუმკლავდე, მაგრამ ხანდახან მეგობრები ენერგიის ერთადერთი წყარო ხდებიან და ეგეთ დროს არ მინდა, ზერელე დამოკიდებულება მივიღო.

ცოტა ხნის წინ რაღაც ფერსონალითი ტესტი გავაკეთე და, შეიძლება ეგ ტესტები ხშირად სასაცილოა, მაგრამ ერთი ისეთი რაღაც ეწერა, რომ თვალი ამიხილა, უფრო ზუსტად, თავის სახელი დაარქვა რაღაცას, რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდი - იქ ეწერა, რომ ის ფერსონალითი, რაც მე ამომივიდა, ღრმა, ძლიერ კავშირებს აქცევს ყურადღებას მეგობრობაში და ზედაპირული ურთიერთობები არ შეუძლია, ამიტომ ზოგჯერ მეგობრებისთვის დამღლელიც არის, იმდენად ბევრს ითხოვს, და ზოგჯერ მეგობრებს კარგავს კიდეც, თუ მათი მხრიდან იგივე არ მიიღო.

რა სასაცილოა, თითქოს იზრდები და ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ხშირად 32 წლის ასაკშიც შეიძლება 18 წლის გოგოსავით წერდე :)

Monday, September 23, 2019

25 years of FRIENDS

 

გუშინ 25 წელი გავიდა Friends-ის პირველი სერიის გამოსვლიდან. როგორი საოცარია, არა? ჩემს ცხოვრებაში ეს სერიალი 2014 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, ანუ უკვე 5 წელია, ისინი სულ ჩემთან არიან - ჯოუი, ჩენდლერი, მონიკა, რეიჩელი, ფიბი და როსი. ახლაც ჩართული მაქვს და მათ ფონზე ვწერ (კონკრეტულად "The One with Rachel's Assistant") და სერია იწყება ასე:
მონიკა და ფიბი ქოფი ჰაუსში სხედან და მონიკა ეკითხება: Phoebe, do you think that your favorite animal says very much about you?
ფიბი ოდნავ გაოცებული პასუხობს: What, you mean behind my back?

მაინც რატომ არის ასეთი კარგი ეს სერიალი? რატომ არის, რომ ვისაც უყვარს, ვერ ჩერდება, იმდენს ლაპარაკობს?  მარტო მე რამდენჯერ მილაპარაკია ჩემს მეგობრებთან! გამიხსენებია ციტატები, რომლებიც ორივე მხარემ ზეპირად ვიცით, მაგრამ მოთმინებით ვაცდით, როდის დაამთავრებს მეორე და ბოლოს ხმამაღლა ვიცინით, ან ვერ ვითმენთ და  მეორე ციტატის თქმას ვიწყებთ. ცხოვრების ყველა მომენტზე რომ სერიალიდან რაღაც მომენტი გვახსენდება?
როგორ შეიძლება, ყველაფერზე ფრენდსი გახსენდებოდეს!  - ეს კითხვა ალბათ ერთხელ მაინც დაუსვამთ თქვენთვის, თუ ამ სერიალის მოყვარული ხართ.

ყველას აქვს თავის მიზეზი, რატომ უყვარს "მეგობრები". ჩემთვის ეს არის.. ჰმ, ბევრი რამ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მთავარ მიზეზს მივხვდი, რომელიც ერთი შეხედვით, არც ისე პირველხარისხოვანია, მანამდე ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, უბრალოდ ეს კონკრეტული მიზეზი ახლახან აღმოვაჩინე - ეს არის მონიკას სახლი.  და სახლში არ ვგულისხმობ მხოლოდ შენობას, ოთახებს. ვიცი, რომ ის ყოველთვის იქაა. როცა ჩავრთავ, დამხვდება და თავს შინ ვიგრძნობ. შეიძლება ის არაა ჩემი ოცნების სახლი, არც დიდებულია, არც რამე განსაკუთრებული, მაგრამ "It's so pretty. And look, it's purple!" (ალბათ ამას რეიჩელის ხმით კითხულობთ, არა?). მონიკას სახლი აერთიანებს ყველას, ექვსივე მეგობარს, რომლებიც დღის ბოლოს იქ იყრიან თავს, დაუკაკუნებლად შედიან, დაუპატიჟებლად გამოაღებენ მაცივარს და დღის ამბების მოყოლას იწყებენ. მონიკა კი is always a hostess.

ალბათ მიხვდებით, რომ ექვსიდან ყველაზე მეტად მონიკასთან ვაიგივებ თავს. ცოტათი როსთან (როცა მეგობრებთან ჩემს სფეროზე ვიწყებ საუბარს და არავინ მისმენს), ცოტათი ჩენდლერთან (როცა მეგობრებმა არ იციან, ზუსტად რას ვაკეთებ და ერთხელ იმუნოლოგიც კი ვეგონე. could they be more wrong?), უფრო ცოტათი ჯოუისთან (პიცა, სენდვიჩი, საჭმელი!).

ვიღაცები რომ განხილვას იწყებენ ხოლმე, ხაზს უსვამენ სერიალის ნაკლოვანებებს, საერთოდ ვერ ვხვდები, რაზეა საუბარი, როცა ჩემთვის "Friends" სერიალი აღარ არის. როგორ შეიძლება, განვიხილო ის, რაც ძალიან მიყვარს? ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლოდ მიმაჩნია. უბრალოდ ჩემთვის ის უფრო მეტი გახდა და მაგ ზღვარს, როცა ობიექტურად უნდა განმეხილა, დიდი ხნის წინ გადავაბიჯე.

კიდევ რა საოცარი თვისება აქვს იცით? ყოველ ჯერზე, ხელახლა ყურებისას, რაღაც ახალს აღმოვაჩენ, არა, უფრო სწორედ, ახალი პერსპექტივიდან ვხედავ, ხან სერიალს, ხან რომელიმე ამბავს და ხანაც - პერსონაჟს. ბოლო ყურებისას, მაგალითად, ჩენდლერი პირველ სეზონებში ჰმ, საკმაოდ სიმპათიური ბიჭი ყოფილა. წინა ნახვისას, ჯენიფერ ენისტონის რეიჩელი მომწონდა ძალიან (კი, სწორად წაიკითხეთ, იმას ვგულისხმობ, რომ ახლებურად შევხედე, როგორ კარგად ითამაშა ენისტონმა ეს პერსონაჟი), იმის წინა ნახვაზე ფიბი მომწონდა განსაკუთრებულად და ა.შ.


პ.ს ამ ფოტოზე რა ახალგაზრდები არიან! ფიბი განსაკუთრებით საოცარია პირველ სეზონში, გრძელი ქერა თმებით და ცოცხალი ღიმილით.

Thursday, September 19, 2019

32

ტრადიციულად, ჩემს დაბადების დღეზე პოსტს ვწერ ხოლმე. ანუ ზუსტად იმ დღეს კი არ ვწერ, დაბადების დღის შესახებ ვწერ. 30 წლის რომ გავხდი, ცოტა მეშინოდა, რაღაცნაირად სხვა პერიოდში  შევაბიჯე თითქოს. 31-ზეც მქონდა რაღაც ფორიაქი, უკვე 30-ს გადავცილდი-მეთქი. ახლა, 32-ის გავხდი და დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ასაკი არ განგვსაზღვრავს, ამიტომ ნაღველს აღარ მივეცემი.
კი, ასაკს რაღაცები მოაქვს, მაგრამ არც ერთი ის, რაც ასაკს მოყვება, არ წყვეტს ბედნიერების საკითხს. ცელულიტიანიც შეიძლება ბედნიერი იყო და უცელულიტოც. ისე, ცელულიტის ამბავი მახსენებს, რომ ვარჯიში უკვე საკმაო ხნით მაქვს შეწყვეტილი და მაგ მხრივ რამე უნდა ვქნა. ისევ ვიტყვი, რომ ცელულიტში არაა საქმე, უბრალოდ ვარჯიში მართლა მაბედნიერებს.

ჩემი დაბადების დღე კვლავ ძალიან მიყვარს. ცოტა ზედმეტადაც, რაც უსიამოვნებებს იწვევს ხანდახან - მგონია რომ ძალიან big deal არის და ყველსგან ველი ხომ განსაკუთრებულ მოპყრობას და ესე რომ არ ხდება (ბუნებრივია), ცოტა გული მწყდება. ამ მხრივ, ალბათ სამუშაო მაქვს საკუთარ თავზე.


ეს ფოტო ძალიან მიყვარს. თავად ეს სცენაც, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ფოტოდ მომწონს. ძალიან მინდა ეგრე, სადმე ქალაქგარეთ ვიყო რამდენიმე დღე, ძველ, სქელკედლებიან სახლში. და დილაობით გარეთ ვისაუზმო, უჯრულა სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან. ალბათ, საუზმეზე კარაქწასმულ პურზე ქლიავის ჯემს გადავუსვებდი და უშაქრო ყავას დავაყოლებდი (თუნდაც ნესკაფეს, იქაურობას მოუხდებოდა), და ფუტკრებს მოვიგერიებდი.

Wednesday, September 4, 2019

A pop quiz

ჩემს საყვარელ ბლოგს, A Cup of Jo-ს ერთ-ერთ ბოლო პოსტს ვეხმაურები და ამ ქვიზს ვავსებ:

A dessert you’ll never refuse: თავში უამრავი დესერტი მომდის, საერთოდ, დესერტზე უარი როგორ უნდა თქვა? მაგრამ ერთს მაინც ვუპასუხებ - ცხელი ბრაუნი ნაყინით

A book, TV show or movie you enjoyed recently: ჩემდა სამარცხვინოდ, წელს წიგნი საერთოდ არ წამიკითხავს. სამაგიეროდ, უამრავი ტვ შოუ და ფილმი ვნახე. ბოლოს რითიც განსაკურებულად ვისიამოვნე იყო The Big Bang Theory, რომელიც მეორედ ვნახე და მოულოდნელად, ბევრად უფრო მომეწონა, ვიდრე პირველად. უფრო სწორედ, პირველი ნახვისას, საწყისი სეზონები მომწონდა, მერე დიდად საინტერესო აღარ იყო. ახლა კი, ერთიანი ნახვისას, ძალიან კარგად იყურებოდა.
მაგრამ წელს ჩემი აბსოლუტური ფავორიტი Fleabag გახდა! ძალიან fresh და კარგია. დახუთულ ოთახში დიდხანს ყოფნის მერე სუფთა ჰაერზე რომ გახვალ, ისეთი შეგრძნება მქონდა. მოკლედ რომ აღვწერო - მთავარი გმირი თანამედროვე ელიზაბეტ ბენეტია.

Something you’re looking forward to: განსაკუთრებულად არაფერი, მაგრამ შეიძლება ვუპასუხო - ჩემი დაბადების დღე (18 სექტემბერი)

What’s worrying you: მოკლედ ვიტყვი - E V E R Y T H I N G და დიახ, ვეცადე დრამატული ვყოფილავი, მაგრამ ასეა.

Your childhood nickname: ნატუკა (დედა მეძახდა) და ნატუჩი (ბებო), ნატუ (ჩემი ძმა, როცა ერთმანეთს არ ვცემდით).

კომენტარებში თქვენს პასუხებს ვნახავდი სიამოვნებ. თუ საერთოდ კითხულობს ვინმე აქაურობას, ეჰეჰეი?

Fleabag

Friday, August 16, 2019

ნიუ იორკი დიდია, მე - პატარა

უკვე უამრავი დადრაფტული პოსტი დამიგროვდა, მაგრამ რატომღაც ამის დასრულება გადავწყვიტე. რაც საკმაოდ უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ სათაური მქონდა დაწერილი.

მაგრამ იდეა მახსოვს - მინდოდა დამეწერა, თუ როგორ აღმაფრთოვანა ნიუ იორკმა. როგორ დავიკარგე ჩასვლისთანავე და როგორ გამწარებული ვეძებდი რუკით უკან დასაბრუნებელ ადგილს შემდეგი ნახევარი საათი და მაინც ვერაფრით ვიგნებდი გზას.

მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი, ყოველი მეორე ქალაქი, რომელშიც მანამდე ვყოფილვარ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი ოდენობით ქალაქები მინახავს, მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე ორჯერ მეტიც რომ მქონოდა ნანახი, მაინც იგივეს ვიფიქრებდი. ქალაქზე, სადაც პირველად მოვხვდი ფეხითმოსიარულეთა საცობში, სადაც ძალიან ვცდილობდი, არ შემტყობოდა, რომ ძალიან დაბნეული ვიყავი, თუმცა მაინც ვერავინ შეამჩნევდა, იმდენად ყველა დაკავებულია, იმით, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეს - აქ ყველა მიზანმიმართულად, სადღაც მიისწრაფის.

მაღლა რომ იხედები და შენობებს თვალს ვერ აწვდენ, ფიქრობ, რომ კლასუტროფობია შეიძლება დაგეწყოს, მაგრამ  პირიქით, თავს ყველაზე ცოცხლად გრძნობ! ეგაა ამ ქალაქის მაგია.

პირველად რომ ფეხი დავდგი, ნამდვილი კლიშე ფილმის პერსონაჟივით მოვიქეცი, თვალები დავხუჭე და ქალაქს მივაყურადე. თითქოს ყველა ნაცნობი პერსონაჟი განსხეულდა, და ვხედავდი, სადღაც კერი ბრედშო  ჩამორბოდა თავისი ბინის კიბეებზე, გოგოებს რომ შეხვედროდა კოქტეილებზე. ერთი შენობის ზედა სართულის ფანჯრიდან სინათლე რომ გამოდიოდა, მონიკა ამზადებდა ლაზანიას მეგობრებისთვის.

ნიუ იორკი ხომ ყოველი მეორე ჰოლივუდური ფილმის პერსონაჟია, თითქოს უკვე კარგად იცნობ, და როცა მას შეხვდები, ზუსტად  ისეთი დიადი და თვითმყოფადი გხვდება, როგორსაც ელოდი. ცოტა უფრო მეტიც. 

On Adulthood

ევანჯელინ ლილიმ გამოაქვეყნა გუშინ ეს პოსტი თავის ინსტაგრამზე და ისე მომეწონა, უცვლელად გადმომაქვს თავის სურათიანად.



I think as a child, adulthood felt like a definitive point in time. It seemed like once I got there I’d know it and my circumstances at that point would define what kind of an adult I had become. 
As it turns out, adulthood is a continuum that stretches out indefinitely in front of me till I die. What kind of an adult am I? I don’t know. I suppose it depends on when, along the continuum, you ask me. I’m still working on it. 

Right now, I am an enormous, shifting contradiction. I feel so weak and yet I am so strong. I feel so discouraged from my drive and yet so rewarded by it. I feel so uncertain and unreliable and yet I’ve never felt more stable or knowing. Wisdom hurts, doesn’t it? Hence the stillness.

რომ წავიკითხე, ისეთი რეზონანსი მოახდინა ჩემთან! მეორე აბზაცი ჩემი ახლანდელი მდგომარეობაა, პირველი აბზაცი კი, ალბათ - ყველა ზრდასრული ადამიანის :) 

Saturday, July 13, 2019

Mrs. Jagger

დღეს ინსტაგრამის უმიზნო სქროლვისას, ერთ ვინტაჟურ ფოტოზე შევჩერდი, სადაც ლამაზი და ოდნავ სევდიანი ქალი იყო აღბეჭდილი. მისმა გარეგნობამ მომაჯადოვა და მაშინვე ფოტოს სათაურს შევხედე, რომ გამერკვია, ვინ იყო. ასე აღმოვაჩინე ბიანკა ჯაგერი.



ბიანკას შესახებ აქამდე არ მსმენოდა და ამიტომ, პირველ რიგში, ვიკიპედიას მივაშურე. ის ნიკარაგუაში დაიბადა, რაც გარეგნულადაც ეტყობა -  ჯეკი კენედისეული იერს სამხრეთ ამერიკულ ეშხი ემატება.

ალბათ ადვილი გამოსაცნობია, რომ ბიანკა ცნობილი მიკ ჯაგერთან ურთიერთობით გახდა. მიკი საფრანგეთში, როლინგ სტოუნზის ტურნეს დროს წვეულებაზე გაიცნო, გაცნობიდან რამდენიმე თვეში კი სენ ტროპეში იქორწინეს.






ეს ფოტოები მათი ქორწილიდანაა. ორივე როგორი ახალგაზრდა და ლამაზია. ალბათ, საზოგადოებაში როცა გამოჩნდებოდნენ, ყველა მათ უყურებდა. გარეგნულად იდეალურ წყვილს ქმნიან. როგორც ჩანს, მიკი ასე არ ფიქრობდა - ხშირად ღალატობდა და რამდენიმე წელში ერთმანეთს დაშორდნენ.


 
ბიანკა 70-იანი წლების ერთ-ერთი ფეშენ აიქონი და ყველა იმდროინდელი წვეულების სახე იყო. ამაზე ნიუ იორკში, ცნობილ ღამის კლუბ სტუდიო 54-ში გადაღებული ეს ფოტოც მეტყველებს, სადაც ბიანკა ლაიზა მინელთან და მაიკლ ჯექსონათ ერთად ზის.



ის ასევე მეგობრობდა ენდი ვორჰოლთან, მაგრამ მოგვიანებით ვორჰოლთან უთანხმოება მოუვიდა, რადგან ამ უკანასკნელმა თავის "ენდი ვორჰოლის დღიურებში" ქალი სულელად მოიხსენია.

ბიანკა და ვორჰოლი

როგორ მიყვარს It Girl-ების ისტორიების გაცნობა. ზოგჯერ, ბრჭყვიალა და გლამურულ ფოტოებში, მზერის ან სხეულის ენით მათი ცხოვრების უფრო ღრმა და საინტერესო ნაწილის დანახვაა შესაძლებელი.



არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბიანკასთან განსაკუთრებული სიახლოვე და კავშირი ვიგრძენი. შეიძლება სულაც არაა ისეთი, როგორიც ფოტოების მიხედვით მგონია, შეიძლება მართლაც სულელია, როგორც ენდი ვორჰოლი მიიჩნევდა. მაგრამ, რადგან სავარაუდოდ მას ვერასდროს შევხვდები, ჩემს წარმოდგენაში ასეთად დავიტოვებ -  ტემპერამენტიან და ოდნავ სევდიან ქალს.

Sunday, June 2, 2019

ჩემი ბრედბერისეული ზაფხული



ზაფხული მოვიდა. ზაფხული. ზაფხული. განა არის რამე, ამ სიტყვაზე მშვენიერი? ის შეიცავს მზის სხივებს, აბიბინებულ ბალახებს, ცივ-ცივ მსხლის ლიმონათს. დიახ, ლიმონათს - ჩვენი ბავშვობა ხომ სწორედ ეგ ტკბილი, გაზიანი ლიმონათები იყო? სეზონებიდან, ზაფხული, ყველაზე მეტად ასოცირდება ბავშვობასთან.

ახლანდელი ზაფხულებიც იმ ძველი, ბავშვობისდროინდელი ზაფხულების აჩრდილებია.

არდადეგების პირველი დღეები თბილისში. ეზოში ალუბალი მწიფდება და წითლად მოჩანს ფოთლებს მიღმა. მეზობლის ეზოდან ბავშვების ჟრიამული მოისმის. ხან ჩვენთან გადმოდიან, ხან - ქუჩაში გავდივართ და ვთამაშობთ ორდროშობანას, ფეხბურთს ან ფრენბურთს. მერე ქუჩიდან პირველი ოჯახი მიდის ქალაქგარეთ, ძირითადად - სოფელში. მას მიყვება მეორე ოჯახი, მესამე, და ქუჩა ნელ-ნელა ცარიელდება, წყნარდება. დღის განმავლობაში მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, ჩამავალი მანქანის ან მეზობლის ქალების ხმა ისმის. შუადღისას, როცა გაუსაძლისად ცხელა, ეს ხმებიც მიწყდება და სიცხისეული გარინდება დგება, ნიავი არ იძვრის.

ამ დროს ცხოვრება სოფლებშია გადანაცვლებული, ნამდვილი, ჭეშმარიტი ზაფხული იქ დგას - შუადღის სიცხისას ბებო ამაოდ ითხოვს, რომ სახლში შემოვიდეთ, მზემ რომ არ დაგვკრას. აქაური შუადღის გარინდება არასდროსაა ბოლომდე ჩუმი, ბუზის აბეზარი ბზუილი მაინც ისმის და თუ აივანზე გახვალ და მიაყურადებ, შორს ფუტკრების საქმიან ზუზუნსაც მოჰკრავ ყურს. ხანდახან კი მამალი დაგვიანებული ყივილით არღვევს მყუდროებას.


სოფლის განაპირას გორაკებზე თუ ჩაირბენ, ქონდარისა და ფარსმანდუკის მძაფრი სუნი გეცემა, შუადღის მზეზე განსაკუთრებულად რომ აალებულა. ზევით, სადღაც ჩიტი ჩაიფრენს ჭყივილით, ხმა ნელ-ნელა მიწყდება. სოფლის მეორე ბოლოში მცხუნვარე მზის ქვეშ მინდორს გაივლი და, ფიჭვნარამდე მიაღწევ. ის მკვეთრი საზღვარი, მინდორსა და ხეებს შორის, უცებ გადაილახება და მაცოცხლებელ სიგრილეში შეხვალ, სადაც უჩვეულო სიჩუმე და წიწვების სურნელია. ქარის იდუმალი ხმა ხანდახან წამოუვლის და ხეებს ააშრიალებს, მზის ნათელს სახეზე გადაგატარებს და მიიმალება. ფიჭვნარში წამოღებულ ყველს, კიტრსა და პომიდორს სულ სხვა გემო აქვს; რაღაც იდუმალი არომატი ეძლევა, რომელსაც ვერასდროს ამოხსნი და არც ღირს, იფიქრო.

მოსაღამოვებულზე სოფელში რომ ჩამოირბენ, გამოცოცხლებულს შენიშნავ. სოფლის ქალები საქონლის დასახვედრად ემზადებიან, კაცები არ ჩანან, ალბათ იმიტომ, რომ მათი ხმა ნაკლებად ისმის. შეხვდები წყაროდან მომავალ მეზობლის ქალს, რომელიც მხიარულად გადმოგძახებს თხრილის მეორე მხრიდან. ამ თხრილში საიდანღაც მოედინება წყალი, რომელიც ზაფხულობით შრება და მის ნაპირებზე ველური პიტნა ხარობს. გეჩქარება - ძროხებს სახლში უნდა მიასწრო, შუაში რომ არ მოჰყვე (და რწყილები არ აგეკიდოს, როგორც დედა გაფრთხილებდა თბილისიდან წამოსვლის წინ). სახლში მისვლისას, ბებოსთან აუცილებლად იქნება მეზობელი სტუმრად, აივანზე სხედან და გამოგკითხავენ, სად იყავი ამდენი ხანი, ხომ ძალიან მოგშივდებოდა?! ბინდდება. ნახირი ამოივლის, მძიმედ, წყნარად, მხოლოდ აქა-იქ გაისმის ბღავილი, თითქოს პატრონს მოახლოებას ამცნობენო. თან მოჰყვებათ მოტკბო, მძიმე სუნი, ცოტა ბალახის, ცოტაც - სხვა. ბებო ვახშმისთვის იწყებს ფაციფუცს, უკვე სიბნელე ჩამოწვება და აივანზე ნათურა ინთება, რომელსაც უმალ მოჰყვებიან ღამის ფარვანები და ჩუმი ფართხალით ეხლებიან მინას. ჩაიდანი დუღდება, მოტეხილპირიან ჭიქაში ახალგარეცხილი პიტნა დევს, თაფლიანი ქილა გამოღებულია, ყველი - დაჭრილი. ჩაი ტკბილია, ტკბილი, ტკბილი. მარილიანი ყველი ამ სიტკბოს ერევა და სასიამოვნო სითბოდ იღვრება ყელში. აგრილდა. "შემოიცვი რამე" გეტყვის ბებო. მეზობლის ბავშვები ამოგძახებენ, ამოვლენ და ჩაის შეთავაზებაზე მორიდებით ამბობენ უარს. ბებო ძალას ატანს და ჩაის უსხამს, თაფლს სთავაზობს. ვახშმის შემდეგ ხის კიბეებზე ბრაგაბრუგით ჩავრბივართ, სახლებიდან გამოსული სინათლე ხის ტოტებზეა გაწოლილი, ჭურჭლის წკრიალზე ხვდები, რომ იქაც ვახშმობენ დაღლილი ქალები და კაცები, დაკოჟრილი ხელებით ურევენ კოვზს და ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებენ.

ღამე ჭოტი იწყებს კივილს. მთვარე ვერცხლისფრად ციმციმებს და სოფელში სრული სიჩუმე ჩამოწვება. ოთახის კარს შეიხურავთ და თითქოს ყველანაირი საფრთხისგან დაცული ხარ. დილაადრიან თუ გამეღვიძება, აუცილებლად გავდივარ აივანზე. მოლურჯო ნათელში გახვეულ მთებს გავყურებ, დილის სუსხია, მაგრამ ლოგინის სითბო მაქვს გამოყოლილი და რამდენიმე წუთი მყოფნის. მამლები უკვე ყივიან, საქონელი საძოვრებზეა წასული. ისევ შემიძლია, ძილი შევიბრუნო, სანამ ბებო გაიღვიძებდეს. დილას რომ გავიღვიძებ, გაღებული კარიდან დავინახავ, როგორ ფუსფუსებს აივანზე და საუზმეს ამზადებს.  ზაფხულის კიდევ ერთი დღე იწყება.

Thursday, May 23, 2019

Somebody Feed Phil



მინდა, ჩემს ახალ, საყვარელ ტვ შოუზე ყველას მოვუყვე. მინდა, ვიღაც არსებობდეს, ვისაც ყოველი ეპიზოდის ყურებისას, შთაბეჭდილებებს გავუზიარებ. არა, ვიღაც არსებობდეს კი არა, მინდა, ყველა უყურებდეს ამ შოუს!
გადავწყვიტე, ხმა გამევრცელებინა და ვინაიდან სამიზნე აუდიტორიისთვის ცალ-ცალკე მიწერა ბევრ დროს წაიღებდა, ფბ-ზე დავპოსტე. ქვემოთ ფოტოში დაინახავთ, ამ პოსტს რა შედეგი მოჰყვა.



ამიტომ, ბლოგზე ვწერ!

Somebody Feed Phil ნეტფლიქსის კულინარიული შოუა. კულინარიული ცოტა ისე ჟღერს, თითქოს საჭმლის მომზადების პროცესზე იყოს, როცა ასე ნამდვილად არაა. ფილი, ანუ ფილიპ როზენტალი, ამერიკელი მსახიობია და ამ შოუს ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის დიდ ქალაქებში ჩადის, იქაურ ხალხს ხვდება და ადგილობრივ სამზარეულოს აგემოვნებს. თითო სერია ერთ დიდ ქალაქს ეთმობა. ამ ეტაპზე უკვე ვნახე ბანგკოკი, საიგონი, თელავივი, ლისაბონი და ნიუ ორლეანი. თუ მოგზაურობა და ჭამა გიყვართ (და ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, რომელთაც თუნდაც ამათგან ერთ-ერთი არ უყვართ), ეს შოუ აუცილებლად ეკრანს მიგაჯაჭვებთ! ყოველი სერიის ნახვისას მინდა, იმ ქალაქში გავიქცე, რომელსაც ეს სერია ეთმობა. ჩემი ფანტაზიები ზედმეტად შორს მიდი ხოლმე და უკვე წარმოდგენილი მაქვს, თვითმფრინავის ტრაპიდან როგორ ჩამოვდივარ და ბანგკოკის ცხელ და ტენიან ჰაერს ვისუნთქავ (წესით ასეთ ჰაერი უნდა იყოს იქ)! 

არ ვიცი, თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩემთვის, მოგზაურობა, პირველ რიგში (ხანდახან, შემდეგი რიგი არც არსებობს), საჭმელთან ასოცირდება. რაც, აზრს მოკლებული არაა - რა უნდა იყოს ქვეყნის გასაცნობად უკეთესი, თუ არა მისი სამზარეულო? რომ არ იცოდეთ ქალაქის კულტურა და ლოკაცია და მოგიტანონ მისი დამახასიათებელი კერძი, ეგრევე არ გაგიცოცხლდებათ ის ქალაქი თვალწინ? მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მოგიტანეს ზემოთ მოცემულ ფოტოზე შემწვარი შრიმპები ლიმონით, პირველივე ლუკმის გასინჯვისას, ზღვისპირა ქალაქი და ზღვიდან მონაქროლი მლაშე სიო არ წარმოგიდგებათ? 

ზემოთ შრიმპების ფოტო ლისაბონში, ამ რესტორანში აქვთ

მოკლედ, ქალაქის გასაცნობად, ჩემთვის საკმარისია რომ მის ქუჩებში საჭმელად ვიარო და ამით ბოლომდე შევიცნო მისი სული.

ეს შოუ სწორედ ამგვარია, - ქალაქის სულს იცნობ. ფილი ძირითადად (არა, სულ) საჭმელად დადის და ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ ლისაბონის ლამაზფილებიან ქუჩებში უკვე ნამყოფი ხარ და შენც გასინჯე ის უნაზეს კრემიანი პაშტელ დე ნატა.

შოუს ყურებისას, ლისაბონმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ბოლო პერიოდია, ისედაც ხშირად ვფიქრობ იქ წასვლაზე და ზოგადად, შორიდან შეყვარებულ ქალაქების ჩემს სიაში მოწინავე ადგილზეა. ამ სერიის ნახვისას, ზუსტად ისეთი გამოჩნდა, როგორიც წარმომედგინა, ზუსტად ის სული ტრიალებდა, რასაც ველი მოგზაურობისგან - გემრიელი საჭმელი და ახალი ადამიანების გაცნობა. ერთ მომენტში, ფილი ყველაზე ცნობ პაშტელ დე ნატას ადგილას წავიდა, რომელსაც ჰქვია პაშტეიშ დე ბელემ (არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვწერ, მაგრამ თქვენც ჩემსავით გიყვართ "შ" პორტუგალიურში?) და ერთ-ერთ მაგიდასთან უცხოელებს შეუერთდა, რომლებიც ესპანელები აღმოჩნდნენ. მათი ესპანურენაქცენტიანი ინგლისური და გულიანი სიცილი, მერე კი პაშტელის დაგემოვნება, ერთ რამედ ღირდა. დამშვიდობებისას ყველა სათითაოდ წამოდგა და ფილი გადაკოცნა.

მაგრამ ლისაბონის სერიიდან ჩემი საყვარელი მომენტი იყო, როცა ფილი ერთ ქუჩაზე, იტალიელების სანაყინეში შევიდა. ეს იტალიელები რომიდან ჩამოსულან და ამ ქუჩაზე გაუხსნიათ სანაყინე. სანამ ნაყინს მიირთმევდა და მასპინძლებს ელაპარაკებოდა, ასევე იტალიელი, ალესანდრო, შემოვიდა, რომელსაც გვერდით პიცერია აქვს და ფილს გამოელაპარაკა (თუმცა ინგლისური არ ვიციო, განაცხადა). შუა საუბრისას სადღაც გავარდა და ძალიან მალე დიდი პიცით ხელში დაბრუნდა და ფილს გაუმასპინძლდა, მერე კი ანაზდად ცეკვა დაიწყო (ეს იტალიელები). პიცის მირთმევის შემდეგ, სანაყინის მფლობელმა ბიჭმა ფილი ქუჩის მეორე მხარეს, სასოსისეში გადააიყვანა, სადაც ავსტრიელი მარია უგემრიელეს სოსისს ამზადებს. სოსისის დაგემოვნებისას, ალესანდრო კვლავ შემოვარდა და არ მელოდითო? შესძახა. მის დანახვაზე ფილი ამბობს: I'm calling police :D იტალიელი ბიჭი მარიას ეპრანჭებოდა, მიუხედავად იმისა რომ მან (მარიამ) თქვა, ბოიფრენდი მყავსო. ბოლოს, ყველანი, მარიასთან ერთად, სანაყინეში დაბრუნდნენ, ნაყინი კიდევ ერთხელ მიირთვეს და ყველა ერთად გამოვიდა ქუჩაში, სადაც ალესანდროს პიცას მიირთმევდნენ და იცინოდნენ. 
ამაზე კოხტა და ლამაზი რა უნდა ნახოთ მხატვრულ ფილმებში? ❤

ნიუ ორლეანი

ნიუ ორლეანში ყოფნისას, ფილი იმ ქუჩებში დადიოდა, სადაც მეც ნამყოფი ვარ. თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთ იმ ადგილას ყოფილა საჭმელად, სადაც მე ვიყავი. ნიუ ორლეანის მონატრება გამიხალდა, თავისი გიჟური, აბსოლუტურად ყველანაირი ჩარჩოებიდან ამოვარდნილი რიტმით, ულამაზესი, ფერადი სახლებით, ბევრი, მხიარული შავკანიანებით, რომლებიც ორი წუთის გაცნობილს მოგმართავენ - baby და უგემრიელესი კრეოლური საჭმელით.
(სამწუხარო და გულდასაწყვეტი ამ სერიიდან ის იყო, რომ ფილი კაფე დუ მონდეში არ წასულა და საერთოდ, ბენიე ერთხელაც არ ახსენა! სირცხვილი, ფილ!)

პ.ს აჰ, და ყველაზე სასიამოვნო რა იყო იცით? ამ ქალაქების შეფებს უკვე ვცნობდი ნეტფლიქსის სხვა შოუებიდან! ნაცნობი სახეების დანახვაზე ლამის ხმამაღლა შევძახე, ამათ ხომ ვიცნობ-მეთქი :)

Wednesday, May 15, 2019

სათაურის მოფიქრება ყოველთვის მიჭირდა

რაღაც ისე მოხდა, რომ ბლოგზე აქტიურად ვწერ. აქტიურად ეთქმის, როცა სხვა ბლოგებს გადავხედავთ და უმეტესობას ბოლო პოსტი ორი წლის წინ ჰქონდა. მაგრამ რაღაც ისე ხდება, რომ ძველებურად ვეღარ ვწერ. აი ცნობიერების ნაკადით. ახლა უბრალოდ მოზომილად რაღაც ამბავს ვყვები, რაც, ცუდი არაა, მაგრამ ძველი პერიოდი მენატრება, როცა რაღაცნაირი მუზა მოდიოდა და თავისით იწერებოდა პოსტები. შეიძლება, არც ისე კარგი, მაგრამ საქმე პოსტების ხარისხში კი არა, იმ სასიამოვნო შეგრძნებაშია, რომელიც ამ პოსტების წერას მოჰქონდა. ახლა კი იმაზე ვწერ, რომ ადრე ვწერდი, მეტი ვერაფერს ვახერხებ.

მოდი, იმაზე დავწერ, რა მინდა უახლოეს მომავალში გავაკეთო.
მინდა, დავიწყო რეგულარული ვარჯიში. მინდა, დავიწყო მანქანის მართვის სწავლა.
მინდა, დავასრულო მანუსკრიპტზე მუშაობა. მინდა, გავაგრძელო ესპანურის სწავლა. მინდა განვაახლო სირბილი (ეს ვარჯიშში არ შევიყვანე, ცალკე რამ არის ჩემთვის). მინდა, დავიბრუნო სიმშვიდე.
სულ ესაა რაც უცებ გამახსენდა.


პ.ს საირმეში ვიყავი ამ ვიქენდზე, ისეთი სუფთა ჰაერიაა!

Tuesday, May 14, 2019

Let them eat cake

ახლა, სამსახურში, ყავის სმისას ვფიქრობდი, როგორ გამომეყენებინა თავისუფალი 10 წუთი და ჩემს ძველისძველ თამბლერზე შევედი.







მარია ანტუანეტა ჯერ მხოლოდ ამ კადრების გამო მიყვარს. ბოლო გიფის ყურებისას თითქმის ვგრძნობ, ტკბილი კრემის გემოს როგორ ერევა მარწყვის სიმჟავე.

თქვენ რომელი ფილმი განიჭებთ ესთეტიკურ სიამოვნებას?

Tuesday, May 7, 2019

Ten Years of Wonderland


უკვე 10 წელი გავიდა, რაც ეს ბლოგი არსებობს. არა მხოლოდ არსებობს - 10 წელია, რაც პოსტებს ვწერ, გარკვეული რეგულარობით. თუ გვერდით არქივში ჩამონათვალს შეხედავთ, შენიშნავთ, რომ პირველ წლებში უფრო აქტიურად ვწერდი, როდესაც ბლოგინგი პოპულარობის პიკში იყო. შემდეგ პოსტებმა იკლო, თუმცა, ბოლომდე არასდროს შეწყვეტილა.
იყო დრო, ბლოგზე ყოველდღე შემოვდიოდი. ერთგვარი რიტუალი მქონდა, დილას ყავის მოდუღება და ახალი პოსტების წაკითხვა. შემდეგ ბლოგების აქტივობამ იკლო, მეც აღარ ვწერდი ხშირად. ახლა, ყოველდღიურად აღარც მახსენდება აქაურობა.

ვუყურებ და, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მაქვს აქ ასახული, ადამიანის ცხოვრებაში 10 წელი საკმაოდ დიდი პერიოდია. ჩემი რაღაც ნაწილია გადმოტანილი, იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ ტექსტი. "ყავა დავისხი და ოთახში შემოვიკეტე"  ფრაზის მიღმა დგას ის მძიმე პერიოდი, როცა მე ოთახში შეკეტვით, ყავის მოდგმით და პოსტის წერით იმ რეალობას გავურბოდი, როცა სახლში ხანდახან საჭმელიც კი არ გვქონდა, როცა ზოგჯერ ლექციების გაცდენა მიწევდა, გზის ფული რომ დამეზოგა. მაშინ მართლა Wonderland-ად იქცა აქაურობა, წერის მაგია მეხმარებოდა, სტრესს გავმკლავებოდი.

მაშინ იმ ყურადღებას ვიღებდი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა.

ახლა შეიძლება ამ ფუნქციას აღარ ასრულებდეს ბლოგი, მაგრამ ძველებურად მიყვარს. აქ უფრო მეტად გულახდილი ვარ, ვიდრე ნებისმიერ სხვა სივრცეში. შემიძლია, ყველაფერზე ვწერო. შეიძლება, არსად დავაშეარო, შეიძლება არც არავინ წაიკითხოს, მაგრამ მხოლოდ აქ გამოქვეყნებაც კი საკმარისია, რომ თავი უკეთ ვიგრძნო.

ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ტრადიციას ვაგრძელებ და ამოჩემებულ სიმღერას ვამატებ, დღეს მთელი დღეა ამას ვუსმენ.




Sunday, April 7, 2019

The one where Natalia's homesick



ბოლო დღეებია, მონატრების მეორე ტალღამ მომიარა, მაგრამ წინასგან განსხვავებით, რომელიც ცალკეული ფლეშბექებით გამოიხატებოდა, ამჯერად პაზლივით გაერთიანდა და ატლანტის სახე მიიღო, რომელიც ცალკეულ ნაწილებს შეიცავს - ვილა, იქ გაცნობილი მეგობრები, ლექციები..


Atlanta and CDC

რამდენიმე დღის წინ სერიალი "ატლანტა" დავიწყე. პირველივე სერიაზე ქალაქის ატმოსფერო და განწყობა ვიგრძენი და ჩასვლის პირველი დღეები გამახსენდა, ზუსტად მაშინდელი შეგრძნებები, როცა ქალაქს ჯერ უცხოდ და ახლად აღვიქვამდი. აეროპორტიდან ვილასკენ რომ მივდიოდით, გზად საცობი იყო და მძღოლმა გვითხრა, დღეს ბიონსეს კონცერტია და იმიტომ არის გადატვირთული მოძრაობაო. მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი წინა ცხოვრებიდან სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი -  მე და ბიონსე ერთ ქალაქში ვიყავით! შეიძლება ასეთ დეტალებს არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მე სულ მქონდა ამგვარი მომენტების დაჭერის და ამით აღტაცების უნარი. ეს იყო პირველი აღტაცება ატლანტით.
მახსოვს, როგორ აღმაფრთოვანა პირველად CDC-ის დანახვამ, რომელიც ისეთი დიდებული ჩანდა! ზუსტად ვილას წინ იყო და ყოველდღე, ლექციებზე მიმავალი შევცქეროდი. ისიც მახსოვს, ნელ-ნელა როგორ მივეჩვიე, მაგრამ ხანდახან მაინც გამახსენდებოდა, შევყურებდი და ყოველდღე CDC-ის წინ დავდივარ-მეთქი, ვფიქრობდი.

CDC
Villa

ვილა მენატრება - ალბათ, ყველაზე მეტად მაინც ვილა მენატრება. დილას სამრეცხაოდან საშრობის ზრიალის ფონზე გაღვიძება, ხანდახან ვიღაცების საუბარიც რომ ერთვოდა - ძირითადად, ვილაში ახალ მოსულს რომელიმე ძველი მაცხოვრებელი სარეცხი მანქანის და საშრობის მოხმარების წესებს უხსნიდა. გაღვიძების პირველი წუთები, ნახევრადმძინარე გამათბობელს რომ ჩავრთავდი და სწრაფად ისევ საწოლში შევხტებოდი. ოთახი სასურველ ტემპერატურაზე სანამ არ გათბებოდა, არ ვდგებოდი, სიცივისგან რომ არ მეკანკალა.

ის იშვიათი მომენტი, როცა ჩემი ოთახი დალაგებულია. ძირითადად, საშინელი უწესრიგობა მქონდა და დამლაგებლის მოსვლა რომ უწევდა, იმ დროს ვალაგებდი ხოლმე

მართალია მაშინ ძალიან მეზარებოდა, მაგრამ ახლა ისიც მენატრება, სამზარეულოში ჩასასვლელად ჩაცმა რომ მჭირდებოდა და პიჟამოებით ვერ ჩავბოდიალდებოდი. თმაზეც უნდა შემევლო ხელი, მთლად გაჩეჩილი რომ არ ვყოფილიყავი. მოკლედ, სამზარეულომდე რთული გზა იდო. ჰოლში, როგორც წესი, კამილი ელაპარაკებოდა ვიღაცას, ძირითადად, მორინს ფრონტ დესკთან. სასადილოში შეიძლება ვინმე დამხვედროდა, თუ გვიან ვიღვიძებდი, აუცილებლად იქნებოდა ვილას სტაფი, რომლებიც იქაურობას ასუფთავებდნენ. ახლა დავფიქრდი, რომ მათი (სტაფის) არც ერთის სახელი არ ვიცი. არადა ერთ-ერთს ძალიან საყვარელი შვილი ჰყავდა, ორიოდე წლის, სულ ვეფერებოდი და ისიც დიდი, ბრიალა თვალებით შემომყურებდა. დედამისიც წამეჭორავებოდა ხოლმე ორიოდე წუთით. ბავშვის სახელი ვკითხე, მაგრამ ცოტა უცნაური სახელი ერქვა და ვერ გავიგე, მათი აქცენტის გაგება ყოველთვის მიჭირდა.

სამზარეულოში შესვლისას ვინმეს აუცილებლად გადავაწყდებოდი. კიდევ კარგი,  ხალხმრავლობა არასდროს იყო, თორემ დილას ბევრი ლაპარაკის თავი არასდროს მაქვს. სანამ ჩემს შვრიის ფაფას მოვიმზადებდი, რაც პაკეტის გახსნას, ჯამში ჩაყრას და წყლის დასხმას და და მიკროტალღოვანში შედგმას მოიცავდა, პარალელურად ყავის აპარატში მომზადებას ვიწყებდი. ამ დროს ვინმე ისეთი თუ შემომესწრებოდა, ვისთანაც ვმეგობრობდი, მასაც ვუმზადებიდ ყავას (თუ გამიმართლებდა და კიმი დამხვდებოდა, ის აქეთ მიკეთებდა ყავას). ამასობაში ფაფა მზადდებოდა, ბანანს დავაჭრიდი და  მაგიდას მივუჯდებოდი და როგორც წესი, ამ დროს შემომესწრებოდა პოლი - უუზარმაზარ ჯამში  შვრიის უდიდესი პორციას იკეთებდა, ამატებდა კენკრას და რძეს და მისი საუზმის ზომის გამო ჩემი გაფართოებული თვალების დანახვაზე მიხსნიდა, რომ იმდენს ვარჯიშობს, ბევრი კალორიები ჭირდება. ყავა როცა გამზადდებოდა, დაახლოებით იმ დროს ჩამოდიოდნენ მარიანი და გაელი. სანამ სასადილოში შემოვიდოდნენ, შორიდან გაელის ჭყივილი გვამცნობდა მათ მოახლოებას. მარიანი  სუფრის თავში დასვამდა და თავის პატარა მაგიდას მოუდგამდა, სანამ მარიანი სამზარეულოში საუზმეს უმზადებდა, გაელი გვათვალიერებდა და თავის ენაზე (ანუ ჭყივილით) გველაპარაკებოდა. ერთხელ, მე, კიმი და ბელისარიო ვისხედით და რაღაცაზე ვლაპარაკობდით, მაგიდის ბოლოდან გაელი გვიჭყიოდა და ბელისარიომ რაღაც უთხრა ესპანურად, "ნატალია"-ც ფიგურიდებდა. კიმის ვკითხე და გადამითარგმნა, ბელისარიო ეუბნება, ნუ გეშინია, ნატალია მარტო შენ გეკუთვნისო ❤

ჩემი ყავის სმის და გაელის საუზმის შემდეგ, მარიანი მთხოვდა ცოტახნით გაელთან მეთამაშა, სანამ თავად ჭურჭელს და მაგიდას გარეცხავდა. ჩვენ თამაშში ისე ვერთობოდით, რომ ვერც ვხვდებოდი დრო როგორ გადიოდა და მარიანი წამოგვადგებოდა. ძირითადად, მაგიდის ფეხბურთის მაგიდაზე ვთამაშობდით, ან პინგ პონგის მაგიდასთან მიბაჯბაჯდებოდა გაელი, ორ ჩოგანს აიღებდა და ერთს ძალიან საქმიანად გამომიწვდიდა, თითქოს რამე გაეგებოდა თამაშის (ან იმას და ან - მე :D).  ამასობაში, ლექციზე წასვლის დრო მოდიოდა, გაელს თავზე ვკოცნიდი და ჩემს ოთახში ავრბოდი.

Natalia the athlete

ლეპტოპით დამძიმებული ჩანთის მოვიკიდებდი, ხანდახან მუსიკასაც ჩავირთავდი ყურსასმენებში და როლინსისკენ გავეშურებოდი. ვილას აღმართზე ასვლისას ყოველთვის ვქოშინებდი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად დავდიოდი. ლექციების შემდეგ, ბალას შევუთანხმდებოდი და ჯიმისკენ მივეშურებოდით. ჯიმის რუტინაც კი მიყვარდა - თხილამურებით დაწყება, მერე სიმძიმეების ტრენაჟორები და ბოლოს გირებისკენ მივემართებოდი, ყურებში რამე ბედეს მუსიკით, თითქოს ყველაზე ძლიერი ვიყავი იქ, ძალიან მიზანმიმართული ნაბიჯებით, მივიდოდი გირებთან, ავიღებდი 3.5 კგ-იანებს და ვცილობდი, ძალიან არ შემტყობოდა, 10 დათვლის მერე როგორ მძიმდებოდა და მიჭირდა გირების აწევა, მაშინ, როცა, გვერდით უზარმაზარ შტანგებს წევდნენ საოცრად დაკუნთული ტიპები. სიმძიმეების მერე ინდორ ტრეკზე სირბილის დრო მოდიოდა. სირბილის დამთავრებისას ვხვდებოდი, როგორ ძალიან მომშიებოდა, მაგრამ სახლამდე მაინც არ გავყვებოდი შატლს, ყოველთვის ფეხით მივდიოდი. ერთხელ გაწელვებს რომ ვაკეთებდი, ტელეფონს დავხედე და სანი გვწერდა ვოთსაფის გრუფში, მე, პოლი და ეკი ნეკნების ბარბექიუს საჭმელად მივდივართ და ვის გინდათო. ჯერ გააზრებული არ მქონდა, რა მოიწერეს, რომ ჩემმა თითებმა თავისით აკრიფეს "me, me!' და გაგზავნეს. არადა, მახსოვს ზუსტად მაგ დღეს გავიფიქრე, დღეს არსად არ წავალ და ჯიმის მერე ვიმეცადინებ-მეთქი. მართლა უგემრიელესი ბბქ ჰქონდათ იმ ადგილას და ბრაუნიც კი საოცრად გემრიელი აღმოაჩნდათ.

ეს ფოტო მახსოვს მხოლოდ იმიტომ გადავიღე, რომ ჯიმიდან ერთი ფოტო მაინც მქონოდა სამახსოვროდ

CVS magic

ლექციების მერე თუ ჯიმში არ წავიდოდი, გზად CVS-ში შევივლიდი აუცილებლად (for no particular reason) და რიგებს შორის უმიზნო დავხეტიალობდი, მაგრამ ცდუნება დიდი იყო და ხელს აუცილებლად გავაყოლებდი ნაყინს ან რამე სნექს. მაგალითად, ერთხელ, როცა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, რაღაც ქუქიზ ვიყიდე და სახლში რომ მოვედი, მერე დავხედე რომ ვეგანური და გლუტენ და კიდევ ძალიან ბევრი რამე free აღმოჩნდა, როგორც ფოტოზე ხედავთ. გემო თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ.



Villa dinners

საღამოს, ვილაში დაბრუნებისას, ოთახში ასვლამდე, პირველ რიგში სამზარეულოში შევივლიდი, რომ მენახა, ვინმე რამე საინტერესოს ხომ არ ამზადებდა. ძირითადად იქ აუცილებლად მხვდებოდა ეკი, თავისი ხუთსაათიანი დინერის მზადებაში გართული და აქეთ პოლი, რამე ბოსტნეულს (ძირითადად, ტკბილ კარტოფილს) იჭრიდა.
ერთხელ პოლისგან ფული ვისესხე, 50 დოლარი, ქეში არასდროს მქონდა და უცებ დაგვჭირდა ბილეთებისთვის. მერე სულ მავიწყდებოდა ქეშის გამოტანა და 1 კვირა ისე გავიდა, ვერ დავუბრუნე. თან ყოველდღე ვახსენებდი, შენი ვალი რომ მაქვს-მეთქი და ისიც ღიმილით მეუბნებოდა "ჰო, ბოლოს და ბოლოს, როდის დამიბრუნებ?" მაგრამ მერე დააყოლებდა, არაუშავსო. როგორც იქნა, ერთ საღამოს გამოვიტანე ფული და სამზარეულოში რომ შევიარე, პოლი მოჰამედთან ერთად ფალაფელის როლებს ამზადებდებდა. ჯიმიდან მოვდიოდი და არ ვიცი, ალბათ ვარჯიშის შემდგომი rush მქონდა და ამიტომ ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ძალიან გაბადრული სახით ამოვიღე ფული და გავუწოდე. why are you so happy-ო, ოდნავ გაკვირვებული სიცილით მკითხა პოლმა. მაშინ მივხვდი, რომ თბილ სახლში დაბრუნება მიხაროდა, რომ მალე ერთად, გემრიელად ვივახშმებდით. მაგ ვახშამზე, ზემოხსენებული ფალაფელის როლები ხომ ვჭამე, რომელსაც ფალაფელთან ერთად ბევრნაირი ბოსტნეული და სოუსად არაჟანი ჰქონდა, მერე კიტრის მწნილი და ჰუმუსი დავამატე და ბოლოს ყავა და ნაყინი დავაყოლე. ღამით საწოლში ვიჯექი, კუჭის ტკივილი არ მაძინებდა, წამლებმაც კი არ მიშველა.

Avocados a la Natalia

ძალიან ხშირად ვიმზადებდი ხოლმე ავოკადოს, უბრალოდ ვჭრიდი, მარილს და პილპილს ვაყრიდი, ცოტა ბალზამიკოს მოვასხამდი და ბოლოს გახეხილ პარმეზანს ვაყრიდი. მსუბუქი და თან ნოყიერი რამ იყო. პოლი ისე მოიხიბლა ამ სალათით (სალათა არის? არც ვიცი, რა ვუწოდო) რომ ერთხელ მისთვის მომამზადებინა, თან მიყურებდა ყველა ეტაპზე, თითქოს რაღაც ურთულეს კერძს ვაკეთებდი. ახლა მეუბნება, რომ ვილაში დღემდე აკეთებენ ავოკადოს ასე, ისინიც კი, ვინც ჩემს შემდეგ მივიდნენ :D

ამ ფოტოზე პარმეზანის გარეშეა
Kroger

კროგერში წასვლები ბოლოს უკვე ლამის ყოველდღიურ საქმიანობად გადაგვექცა, მოხალისეების მანქანებს საერთოდ აღარ ვიყენებდით, ფეხით დავდიოდით. "I'm out of avocados, let's go to Kroger" ვიტყოდი და ეკი ან პოლი აუცილებლად წამომყვებოდნენ. თან შემოდგომაზე იქით მიმავალი გზა ულამაზესი იყო. მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, შუაგულ ტყეში გადიოდა და ერთხელ, მე და ეკს გვიან მოგვიწია წასვლა, სიბნელეში მივდივართ და უცებ ეკი მეკითხება "do you believe in ghosts?" რატო მეკითხები-მეთქი, შენ გჯერა და გეშინია, თუ გაინტერესებს მე მჯერა თუ არა?-თქო ვკითხე. არ მახსოვს, რა მიპასუხა, მაგრამ მერე ვილაში მოვყევი და იმის მერე კროგერში ყოველი წასვლისას ამ გზაზე ვიღაც აუცილებლად მკითხავდა, Natalia, do you believe in ghosts?

კროგერისკენ მიმავალი გზა, ეკის გადაღებული ფოტო.
მე ვთხოვე, გადაუღე და გამომიგზავნე-მეთქი

Laziest Saturday ever

ოჰ, და, ამაზე აუცილებლად უნდა მოვყვე - საუკეთესო ზანტი შაბათი რომ გვქონდა მთელ ვილას! ერთი შაბათი ძალიან წვიმიანი გათენდა, დღის პირველი ნახევარი თავსხმა იყო. ამიტომ, თუ საქმე არ ჰქონდა, არავინ არსად წასულა, მაგრამ არც ხალხმრავლობა იყო, ზოგი ოთახებში ისვენებდა - ყველას თავისი შაბათი ჰქონდა. საუზმის მერე ჩემს ოთახში ავდიოდი და ჰოლში, ტელევიზორთან ზაჰირა შემხვდა, დივანზე იჯდა და ქსოვდა. ხომ არ გინდა შემომიერთდეო, რამეს ვუყუროთო, მითხრა. სამეცადინო კი მქონდა, მაგრამ უარი არ ვუთხარი, მოდელინგის წიგნი ჩამოვიტანე და მივუჯექი (narrator: she wouldn't study that day). ლეპტოპი ვერ შევართეთ ტელევიზორში, ამიტომ რაღაც სისულელეები გვქონდა ჩართული, რაც უფრო ფონს ქმნიდა, ისე ვლაპარაკობდით ათას ამბავზე.


ხედი დივნიდან, სადაც ვიწექი

გაელი და მარიანი შემოგივერთდნენ, გაელი მაგიდის გარშემო დაბაკუნობდა და ჟურნალებს ათვალერებდა. მერე რაღაც მუსიკაზე სასაცილოდ ცეკვა დაიწყო, მე, ზაჰირა და მოჰამედი აპლოდისმენტებით ვამხნევებდით.
ხანდახან ბელისარიო გამოხეტიალდებოდა, ძირითადად საკონფერენციოში იჯდა და მეცადინეობდა.
ამასობაში, ზაჰირას მოშივდა და მითხრა პიცას შევუკვეთავ, შენ მხოლოდ ჭამაში დამეხმარეო (არ მინდა, ბევრი ვჭამოო). ამაზე მაცდურ წინადადება რა შეიძლება იყოს? დომინოს პიცა შევუკვეთეთ, თან ვეგეტარიანული (ზაჰირა ხორცს არ ჭამს)!
 "დომინოს ვეგეტარიანული პიცა" - ხომ საზიზღრად ჟღერს, მაგრამ ეგეთი გემრიელი პიცა იშვიათად მიჭამია!

ჩვენი პიცა

მე, ზაჰირამ და ბელისარიომ გავიყავით, სასადილოში დავსხედით, ბელისარიომ ყავა გაგვიკეთა, მე რა თქმა უნდა, ქუქიზ მქონდა გადანახული და გამოვიტანე. გაელი მუხლებზე ამომიძვრა, მასაც ვაჭმევდი ქუქის და ყავას ვაყოლებდით (გაელს, არ ვასმევდი, ცხადია).
ჭამის შემდეგ ისევ დივნებზე გადავინაცვლეთ, ზაჰირამ რაღაც ფილმს მიაგნო, მე ვიწექი და ნახევრად მძინარე ვუყურებდი. ძლივს ავწიე თავი რომ დინერისთვის ლობიო დამედგა მოსახარშად. რა თქმა უნდა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, თავზე არ ვადექი ქვაბს და 2 საათი სამზარეულოში არ გავატარე - ისევ დივანს დავუბრუნდი და ხადახან გავდიოდი და ამოვურევდი. უკვე რომ დაღამდა და ლობიოს შეზავება დავიწყე, ბელისარიომ დაგეხმარებიო და ამჯერად ჭვიშტარი მთლიანად მას გავაკეთებინე, ცომის მოზელიდან დაწყებული, შეწვაც  მას ვანდე (narrator: that was a mistake). შედეგად მივიღეთ გარედან დამწვარი და საკმაოდ უგემური ჭვიშტარი. ლობიოც, ეტყობა ცუდი ჯიშის იყო,  მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი სუნელებით შევაზავე, ასევე საკმაოდ უგემური გამომივიდა, არც ლამაზად გამოყურებოდა, ნაცრისფერი დაჰკრავდა. დინერზე რომ დავსხედით, ლობიოს მარტო მე ვჭამდი, სხვები ერთს  გასინჯავდნენ და თავს ანებებდნენ :D ჭვიშტარიც არ ყოფილა პოპულარობის პიკში. დაიწვა და ცუდი გამოვიდა, ზოგადად ასეთი არ არის-მეთქი, ვთქვი და ამ დროს ბელისარიომ ერთი ცალი ჭვიშტარი აიღო და მეორე მხარეს გადააბრუნა, სადაც დამწვარი არ იყო - აი ესე კარგიაო. თუმცა ლობიოსგან განსხვავებით, უფრო აქტიურად ჭამდნენ. ბოლოს ერთი ჭვიშტარი დარჩა, არ მინდა ამის გადაგდება და იქნებ ვინმემ შეჭამოთ-მეთქი, ყველამ უარი თქვა და ბელისარიომ ამჯერად მეორე, დამწვარ მხარეს გადააბრუნა, ასე ნამდვილად გადასაგდებიაო :D


p.s
პოსტის პირველი ფოტო ცუდი ხარისხისაა, ბოლოსკენ გადავიღე, როცა ტელეფონის კამერა გაფუჭებული იყო, მაგრამ ჩემს საყვარელ მომენტს გამოხატავს - შებინდებისას გარე განათებები რომ აინთება ხოლმე.

p.p.s
გუშინ მარიანმა გაელის ვიდეო გამომიგზავნა და ისეთი გაზრდილიაა! ჩემი პაწაწინა გაელი.