Showing posts with label ბავშვობა. Show all posts
Showing posts with label ბავშვობა. Show all posts

Sunday, June 2, 2019

ჩემი ბრედბერისეული ზაფხული



ზაფხული მოვიდა. ზაფხული. ზაფხული. განა არის რამე, ამ სიტყვაზე მშვენიერი? ის შეიცავს მზის სხივებს, აბიბინებულ ბალახებს, ცივ-ცივ მსხლის ლიმონათს. დიახ, ლიმონათს - ჩვენი ბავშვობა ხომ სწორედ ეგ ტკბილი, გაზიანი ლიმონათები იყო? სეზონებიდან, ზაფხული, ყველაზე მეტად ასოცირდება ბავშვობასთან.

ახლანდელი ზაფხულებიც იმ ძველი, ბავშვობისდროინდელი ზაფხულების აჩრდილებია.

არდადეგების პირველი დღეები თბილისში. ეზოში ალუბალი მწიფდება და წითლად მოჩანს ფოთლებს მიღმა. მეზობლის ეზოდან ბავშვების ჟრიამული მოისმის. ხან ჩვენთან გადმოდიან, ხან - ქუჩაში გავდივართ და ვთამაშობთ ორდროშობანას, ფეხბურთს ან ფრენბურთს. მერე ქუჩიდან პირველი ოჯახი მიდის ქალაქგარეთ, ძირითადად - სოფელში. მას მიყვება მეორე ოჯახი, მესამე, და ქუჩა ნელ-ნელა ცარიელდება, წყნარდება. დღის განმავლობაში მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, ჩამავალი მანქანის ან მეზობლის ქალების ხმა ისმის. შუადღისას, როცა გაუსაძლისად ცხელა, ეს ხმებიც მიწყდება და სიცხისეული გარინდება დგება, ნიავი არ იძვრის.

ამ დროს ცხოვრება სოფლებშია გადანაცვლებული, ნამდვილი, ჭეშმარიტი ზაფხული იქ დგას - შუადღის სიცხისას ბებო ამაოდ ითხოვს, რომ სახლში შემოვიდეთ, მზემ რომ არ დაგვკრას. აქაური შუადღის გარინდება არასდროსაა ბოლომდე ჩუმი, ბუზის აბეზარი ბზუილი მაინც ისმის და თუ აივანზე გახვალ და მიაყურადებ, შორს ფუტკრების საქმიან ზუზუნსაც მოჰკრავ ყურს. ხანდახან კი მამალი დაგვიანებული ყივილით არღვევს მყუდროებას.


სოფლის განაპირას გორაკებზე თუ ჩაირბენ, ქონდარისა და ფარსმანდუკის მძაფრი სუნი გეცემა, შუადღის მზეზე განსაკუთრებულად რომ აალებულა. ზევით, სადღაც ჩიტი ჩაიფრენს ჭყივილით, ხმა ნელ-ნელა მიწყდება. სოფლის მეორე ბოლოში მცხუნვარე მზის ქვეშ მინდორს გაივლი და, ფიჭვნარამდე მიაღწევ. ის მკვეთრი საზღვარი, მინდორსა და ხეებს შორის, უცებ გადაილახება და მაცოცხლებელ სიგრილეში შეხვალ, სადაც უჩვეულო სიჩუმე და წიწვების სურნელია. ქარის იდუმალი ხმა ხანდახან წამოუვლის და ხეებს ააშრიალებს, მზის ნათელს სახეზე გადაგატარებს და მიიმალება. ფიჭვნარში წამოღებულ ყველს, კიტრსა და პომიდორს სულ სხვა გემო აქვს; რაღაც იდუმალი არომატი ეძლევა, რომელსაც ვერასდროს ამოხსნი და არც ღირს, იფიქრო.

მოსაღამოვებულზე სოფელში რომ ჩამოირბენ, გამოცოცხლებულს შენიშნავ. სოფლის ქალები საქონლის დასახვედრად ემზადებიან, კაცები არ ჩანან, ალბათ იმიტომ, რომ მათი ხმა ნაკლებად ისმის. შეხვდები წყაროდან მომავალ მეზობლის ქალს, რომელიც მხიარულად გადმოგძახებს თხრილის მეორე მხრიდან. ამ თხრილში საიდანღაც მოედინება წყალი, რომელიც ზაფხულობით შრება და მის ნაპირებზე ველური პიტნა ხარობს. გეჩქარება - ძროხებს სახლში უნდა მიასწრო, შუაში რომ არ მოჰყვე (და რწყილები არ აგეკიდოს, როგორც დედა გაფრთხილებდა თბილისიდან წამოსვლის წინ). სახლში მისვლისას, ბებოსთან აუცილებლად იქნება მეზობელი სტუმრად, აივანზე სხედან და გამოგკითხავენ, სად იყავი ამდენი ხანი, ხომ ძალიან მოგშივდებოდა?! ბინდდება. ნახირი ამოივლის, მძიმედ, წყნარად, მხოლოდ აქა-იქ გაისმის ბღავილი, თითქოს პატრონს მოახლოებას ამცნობენო. თან მოჰყვებათ მოტკბო, მძიმე სუნი, ცოტა ბალახის, ცოტაც - სხვა. ბებო ვახშმისთვის იწყებს ფაციფუცს, უკვე სიბნელე ჩამოწვება და აივანზე ნათურა ინთება, რომელსაც უმალ მოჰყვებიან ღამის ფარვანები და ჩუმი ფართხალით ეხლებიან მინას. ჩაიდანი დუღდება, მოტეხილპირიან ჭიქაში ახალგარეცხილი პიტნა დევს, თაფლიანი ქილა გამოღებულია, ყველი - დაჭრილი. ჩაი ტკბილია, ტკბილი, ტკბილი. მარილიანი ყველი ამ სიტკბოს ერევა და სასიამოვნო სითბოდ იღვრება ყელში. აგრილდა. "შემოიცვი რამე" გეტყვის ბებო. მეზობლის ბავშვები ამოგძახებენ, ამოვლენ და ჩაის შეთავაზებაზე მორიდებით ამბობენ უარს. ბებო ძალას ატანს და ჩაის უსხამს, თაფლს სთავაზობს. ვახშმის შემდეგ ხის კიბეებზე ბრაგაბრუგით ჩავრბივართ, სახლებიდან გამოსული სინათლე ხის ტოტებზეა გაწოლილი, ჭურჭლის წკრიალზე ხვდები, რომ იქაც ვახშმობენ დაღლილი ქალები და კაცები, დაკოჟრილი ხელებით ურევენ კოვზს და ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებენ.

ღამე ჭოტი იწყებს კივილს. მთვარე ვერცხლისფრად ციმციმებს და სოფელში სრული სიჩუმე ჩამოწვება. ოთახის კარს შეიხურავთ და თითქოს ყველანაირი საფრთხისგან დაცული ხარ. დილაადრიან თუ გამეღვიძება, აუცილებლად გავდივარ აივანზე. მოლურჯო ნათელში გახვეულ მთებს გავყურებ, დილის სუსხია, მაგრამ ლოგინის სითბო მაქვს გამოყოლილი და რამდენიმე წუთი მყოფნის. მამლები უკვე ყივიან, საქონელი საძოვრებზეა წასული. ისევ შემიძლია, ძილი შევიბრუნო, სანამ ბებო გაიღვიძებდეს. დილას რომ გავიღვიძებ, გაღებული კარიდან დავინახავ, როგორ ფუსფუსებს აივანზე და საუზმეს ამზადებს.  ზაფხულის კიდევ ერთი დღე იწყება.

Saturday, August 9, 2014

Summertime sadness

  ახლა საყვარელი მარის პოსტს ვკითხულობდი და ჩემი ძველი ზაფხულები გამახსენდა, ნამდვილი, ლინდგრენისეული ზაფხულები. გადატყავებული მუხლებით, ფეხებზე შემხმარი ტალახებით, ქანცის გაწყვეტამდე რომ დავიღლებოდით დღის ბოლოს, სულ ძალით ამოგვრეკავდნენ სახლში, სადღაც ჭოტი აკივლდებოდა, ჩვენ აივანზე გამოვაწყობდით ჭიქებს ჩაის დასალევად და ბებო ფეხების დასაბან წყალს გვიცხელებდა. მაშინ არ ვითვლიდი დღეებს უკუთვლით, აი ამდენი დღე დამრჩა არდადეგების ამოწურვამდე-თქო, იმიტომ რომ დღეები ბევრი იყო, ზაფხული - დიდი, წინ შემდეგი დღე მელოდა, ათასი წვრილ-წვრილი თავგადასავალით სავსე.

 ხანდახან ახლაც გამიელვებს ხოლმე ძველი შეგრძნებები. როცა თბილისში აუტანლად ცხელა, სუნთქვაც ჭირს და ყველა სახლებში ან სამსახურებშია გაკრეფილი, უცებ მახსენდება, რომ ადრე ასეთ დროს, ჩვენ ეზოში გავრბოდით და ვწუწაობდით.  ასეთ დროს აღარც სიცხეა შემაწუხებელი, პირიქით, კორპუსის ეზოდან ზევით ვიხედები, ფოთლებს შორის მზის სხივების ლიცლიცს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძველი ზაფხულები ასეთი, პატარ-პატარა დეტალებისგან შედგებოდა, რომელსაც ვაფასებდით და მათგან დღესასწაულებს ვქმნიდით.


Monday, March 3, 2014

Cherry Tree

 როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მეტად მიყვარდა კითხვა და უფროსების საუბრის მოსმენა. კითხვას არავინ მიშლიდა, მაგრამ როცა დედასთან მეგობარი ან მეზობელი მოვიდოდა, მე მაშინვე მიმაბრძანებდნენ ხოლმე ოთახიდან.

  მაშინ მინდოდა, მალე გავზრდილიყავი. მეც მალე მყოლოდა ასეთი მეგობრები, მერე აღარავინ გამიშვებდა ოთახიდან და ჩემს საკუთარ ამბებს მოვყვებოდი ფინჯან ყავასთან ერთად. 

  მაშინ, ჩემს ბავშვურ გონებაში, დიდი გოგოები ისეთი საუცხოო და არარეალურები იყვნენ, შეღებილი თმებით, მუქი პომადებით, თავისებური სურნელით..

  როცა გავიზარდე და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მივხვდი, რომ დიდობა მხოლოდ ჭორაობა და ყავის სმა არ არის. 
  მივხვდი, რომ როცა ზრდასრული ადამიანი ხარ, რომელსაც მრავალი პასუხისმგებლობა აქვს ტვირთად აკიდებული, უზრუნველი ცხოვრების იმედი აღარ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ ჯობია ვიღაც გყავდეს გვერდით, რომელიც ხანდახან ოთახიდანაც გაგაბრძანებს, მაგრამ როცა ქუჩაში მის თბილ ხელს ჩაკიდებ შენსას, თავს ყველაზე დაცულად იგრძნობ.
   როცა ბავშვი აღარ ხარ, შენი ცხოვრება ძალიან მარტივ რამეზე დადის - Ups and Downs. მთავარია ისწავლო, ამ ახტომა-ჩამოხტომების პერიოდში  როგორ იყო ბედნიერი და არ დაკარგო უნარი, მარტივ დეტალებში დაინახო კარგი. არადა, როგორი რთულია, ღმერთო, როგორი რთული. 
 ხანდახან, პატარა ბავშვებს რომ ვუყურებ, ისე ძალიან მშურს. მათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუძლიათ, გაიცინონ გულიანად, თვალები გაუბრწყინდეთ და ყველაფერი ცუდი უცებ მისცენ დავიწყებას.  ახლა კი, დიდობაში, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ გულიანად გაიცინო,  რამდენი რამ უნდა დაივიწყო რაც შენს თავს ხდება, რომ რამდენიმე წუთით მაინც, უზრუნველად ყოფნა შეძლო.. 

  ადამიანების ნდობა დავკარგე. უკრაინის ამბებზე, სოციალურ ქსელებში იმდენი ქართველი გამოხატავდა სოლიდარობას.. მაგრამ მომკალით და მგონია, რომ ისინი ისევ ჩვენ გვაჩვენებდნენ თავს, როგორი კარგები და ადამიანურები ვართო. მეეჭვება, რომ უკრაინელები ქართულ სტატუსებს კითხულობდნენ გულდასმით. ასეთ დროს, როცა დახმარება გინდა, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ვილოცო? აღარც აქციების მჯერა, ერთი ის შეგვიძლია, ავდგეთ ყველა ერის წარმომადგენლები,  უკრაინაში ჩავიდეთ და რუსების ჯარებს წინ დავუდგეთ, ყვავილებით ხელში. ხმამაღლა ჩავურთოთ თავისივე Родина და პირდაპირ თვალებში ვუყუროთ, ჯიუტად. იქნებ ასე, უსიტყვოდ, ყვავილებით და მუსიკით შევაჩეროთ ომი?  არ ვიცი, ეს ერთი ქალის ბოდვაა მხოლოდ, მაგრამ მომკალით და დისტანციური აქციების აღარ მჯერა.

  დღეს დედის დღეა, უნდა ავდგე ახლა და წავიდე, დედას რეზო ინანიშვილის მოთხრობების კრებული ვუყიდო.