Monday, March 8, 2021

Higher, Further, Faster

Carol Danvers: I've been fighting with one arm tied behind my back, but what happens when I'm finally set free?


ბავშვობიდან თავი ბიჭების თანასწორად მიმაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა "ფემინისტი" და მისი მნიშვნელობა ბევრად გვიან გავიგე. ჩემი ასეთი აზროვნება მრავალი კომპონენტის დამსახურება იყო. ისე მოხდა, რომ გამიმართლა - ოჯახში მე და ჩემს ძმას ყოველთვის თანასწორად გვთვლიდნენ და თანაბარი უფლებებით ვსარგებლობდით. კარგ მაგალითებს ვპოულობდი როგორც ოჯახში, ასევე წიგნებსა და ფილმებში.

ამიტომ, იმ დროიდან, რაც მეხსიერება მომყვება, როდესაც კი ვისმენდი, რომ რამეს გაკეთებას გენდერული ნიშნის გამო ვერ შევძლებდი, არასდროს გულთან არ მიმქონდა და ყოველთვის მეგონა, რომ ან მეხუმრებოდნენ, ან უბრალოდ გაღიზიანებას ცდილობდნენ - აი ისე, როცა ცდილობ, ვინმე გამოიწვიო, და რომ გაბრაზდეს, ამიტომ რაიმე ტყუილს ეუბნები. ვერც წარმომედგინა, რატომ ან რა ნიშნით უნდა ვყოფილიყავი ბიჭზე ნაკლები. მაგრამ მაშინ მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი. მე ვიყავი თანასწორი, მაგრამ არ ვფიქრობდი დანარჩენ გოგონებზე. წლები რომ გავიდა, უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივიღე, მეტად გავერკვიე, აღმოვაჩინე რომ სექსიზმი ყველგან არის - ოჯახში, ქუჩაში, სამსახურში, მეგობრებს შორის.. ხშირად, განსაკუთრებით ახლობლების მხრიდან, გაუაზრებელია და სტერეოტიპებითაა გამოწვეული. ამ სტერეოტიპებს არ ვუფიქრდებით, არ ვუკვირდებით, და ისინი ამით საზრდოობენ - გაუცნობიერებლობით, კითხვების არდასმით.

სექსიზმზე ყოველდღიურად ალბათ არ ვსაუბრობთ, თუკი ეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის ნაწილი არ არის. არ და ვერ ვსაუბრობთ სხვებთან, რადგან, ხშირად, უბრალოდ არ გვისმენენ - ეზარებათ პრობლემების მოსმენა, შეწუხება არ უნდათ, არ სჯერათ (რადგან თავად ვერ ხედავენ). ხშირად სექსიზმი არაა დათვლადი და შეგრძნებების დონეზეა (მაგალითად, mansplaining) და ამ შეგრძნებების არ სჯერათ, ფიქრობენ, რომ გეჩვენება. 

ადრე მეც ვერ ვამჩნევდი ბევრ რამეს, უყურადღებობის გარსში ვიყავი გახვეული (მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზევით აღვნიშნე, ყოველთვის თანასწორად მიმაჩნდა ქალი და კაცი). როცა ამ საკითხზე დავფიქრდი, ნელ-ნელა შემჩნევა დავიწყე. შემჩნევა რომ დავიწყე, კიდევ უფრო მეტი დავინახე. დავინახე, რომ სექსიზმი, პირველ რიგში, დეტალებშია, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ ერთხელ თუ შეამჩნიე, აღარასდროს გამოგეპარება. ამიტომ, ჩვენ მიღმა გახედვა, მოსმენა, ყურადღების მიქცევა და დაფიქრება პირველი ნაბიჯებია, რომელსაც თანასწორობისკენ და ბალანსისკენ მივყავართ. ახლა ის დრო აღარ არის, რომ თავს უყურადღებობის უფლება მივცეთ.

ისტორიამ ბევრი ქალი შემოგვინახა, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში დატოვეს კვალი, მაგრამ ისინი რაოდენობით ბევრად ნაკლები იყვნენ იმავე სფეროში მოღვაწე კაცებზე. ეს მაშინ, როდესაც ქალებს ცალი ხელი უკან შეკრული ჰქონდათ - მაგრამ რა მოხდება, როცა მათ ძალის სრული გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ? ახლა სწორედ ეს პერიოდია - ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, დროში, როცა ბალანსი აღდგენას იწყებს. 

წინ უსაზღვრო შესაძლებლობებია. მაგრამ ეს გზა ია-ვარდით მოფენილი არ არის :) შესაძლებლობები არ ნიშნავს უეჭველ შედეგს, წინაღობები კვლავ რჩება და ბევრი მათგანისკენ ყურადღება ჯერ კიდევ არ მიმართულა.  ხშირად, იგივე შედეგის მისაღწევად, ქალებს ბევრად მეტი შრომა გვიწევს. არა იმიტომ, რომ შესაბამისი გონებრივი შესაძლებლობები არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შეგვამჩნიონ, გვენდონ და ჩვენი გაკეთებული საქმე დაინახონ და დააფასონ.

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს - დაე მალე მოვიდეს ის დრო, როცა ქალებისთვის ცალკე დღის გამოყოფა აღარ დაგვჭირდება.