Wednesday, October 24, 2018

Back to Villa

დღეს ვილაში დავბრუნდი. ვერავინ მიხვდება, რამდენ დარდს იტევს ეს სამსიტყვიანი წინადადება - დღეს ვილაში დავბრუნდი. იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა და იმაზე რთულად ვუმკლავდები, ვიდრე მეგონა, გავუმკლავდებოდი. ვიცი, რომ რამდენიმე დღეში გაივლის, უბრალოდ ახალ გარემოსთან ადაპტაცია მჭირდება. მაგრამ ახლა და აქ, ამ პატარა ოთახში, ეს დრო რომ მიიზლაზნება, ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც შუა თამაშისას ყველა სათამაშო წაართვეს.

იმდენად დამთრგუნა აქ დაბრუნებამ, მთელი დღე ვფიქრობდი, "საღამოს იმ სახლში აღარ ვბრუნდები. ვილაში უნდა წავიდე." ლექციების მერე მოვდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ბარგი ოთახში დავაბინავე, სამზარეულოში ჩასულმა მოღუშულმა დავაწერე ჩემი სახელი ურნებს და არავისთვის არ გამიღიმია (თან, უმეტესობა უცხოა) და სწრაფად ამოვბრუნდი უკან, ოთახში. სავახშმოდაც არ ჩავსულვარ, მხოლოდ სნექები ვიყიდე და ჩუმად ამოვედი ოთახში. "ფრენდსი" ჩავრთე, ვჭამე ჩიფსები, დავაყოლე დოქტორ პეპერი და ცოტა გულზე მომეშვა. ხანდახან, ძალიან იშვიათად, ჯანქ ფუდია ერთადერთი გამოსავალი.
ხვალ ჯიმში წავალ და ჯანსაღ ცხოვრებას დავუბრუნდები.

დღეს კი, ამ პატარა, დახუთულ ოთახში, დრო ძალიან ნელა გადის.

Sunday, October 21, 2018

Homesick

ორი დღის წინ, ჩემს მენტორს შევხვდი. ატლანტის old Fourth Ward-ის ნაწილში მივსეირნობდით, როცა მკითხა: Are you homesick?

აქამდე არასდროს გამომიცდია სამშობლოს მონატრება. შეიძლება მომნატრებია სახლი, ჩემი საწოლი, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მონატრება როგორი შეგრძნება იყო, რას მოიცავდა, არ ვიცოდი.
აქ რომ ჩამოვედი, თავიდან იყო ეიფორია, ყველაფერი ახლით აღფრთოვანება. მერე უცებ, შემპარავად დაიწყო. რაღაც ადგილები, მოგონებები მახსენდებოდა ფლეშბექებად. მერე  ეს ფლეშბექები უფრო გახშირდა და ყოველ გახსენებაზე რაღაც სიტკბოშერეულ სევდას ვგრძნობ.
ძირითადად ეს კადრები, მოგონებები მოიცავს ჩემს სოფელს და ჩვენს ძველისძველ სახლს იქ. ალბათ იმიტომ, რომ ამქვეყნად ერთადერთი ადგილი, რომელიც მე მეკუთვნის, ჩემს ოჯახს ეკუთვნის, ის ძველი, ძველისძველი სახლია.

მახსენდება, როგორი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ბიძაჩემი თაფლს რომ იღებდა, ოთახში საგულდაგულოდ შევიკეტებოდით, ფუტკრები რომ არ მოსულიყვნენ და ვუყურებდით, როგორ ჩააწყობდა ფიჭებს ცილინდრულ დიდ მოწყობილობაში და ხელით დაატრიალებდა. ახლაც მახსოვს ის ხმა, ტრიალისას რომ გამოსცემდა, თითქოს სადაცაა უნდა გაფრინდესო. ფიჭის მძაფრი, ტკბილი სურნელი. თაფლი არასდროს მყვარებია, მაგრამ ამ დროს აუცილებლად ვჭამდი ცოტა თაფლიან ფიჭას, დავღეჭავდი და ბლანტი, ჩამტკბარი თაფლი ჩაიღვრებოდა პირში.

საღამოობით აივანზე გამართული ვახშამი? ფუტკრებს უკვე ეძინათ და თაფლს თამამად გამოვიტანდით გარეთ მაგიდაზე. ბიძაჩემი ჩაის დააყენებდა (მე მაინც ჯიუტად შაქრით ვატკბობდი, თაფლიანი არ მიყვარდა) და ყველი და პურს ვატანდით. ახლაც მახსოვს ის კონტრასტული გემო, მარილიან ყველისას რომ ტკბილი ჩაი შეერეოდა. სოფლის გრილი სიჩუმე, ჭოტის კივილი. ქვედა მეზობლებიდან სინათლე ამოდიოდა და ჭურჭლის წკრიალის ხმა მოისმოდა. ჩვენი სახლის გვერდით, შარაგზის გადაღმა კი რუსიკო ბებო უწყრებოდა თავის შვილიშვილებს, მისი მჭექარე ხმა სოფლის სიჩუმეს კვეთდა.
მახსენდება იქაური ქლიავის ხეები, წითელი, წვნიანი ქლიავის, ოდნავ მჟავე გემო რომ აქვს და ძალიან ტკბილია. აქ ვიყიდე ერთხელ ისეთი ქლიავი, ოღონდ უზარმაზარი იყო. გემო ისეთივე ჰქონდა, თუმცა ნაკლებ არომატული.



Thursday, October 18, 2018

ძვირფას მეგობარს, შორეული წერილი

ძვირფასო მეგობარო,

ალბათ ძალიან გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ ამ შუა, უფრო სწორედ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში, ვზივარ და ცხელ ძაღლს ვუყურებ. ღამეა, 10 ხდება. აქაც აცივდა. დღეს აივნის კარი რომ გავაღე, მივხვდი, რომ ის გადამწყვეტი მომენტი დადგა, როცა კარები და ფანჯრები უნდა შემოხურო. დედა ყოველ ზაფხულს ოცნებობს ხოლმე, აი ის დრო როდის მოვა, ფანჯრებს რომ შემოვხურავთო.

კერი ამბობს ერთხელ, “There is a time of year in New York when, even before the first leaf falls, you can feel the seasons click. The air is crisp, the summer is gone. And for the first night in a long time, you need a blanket on your bed.”  მე დღეს ვიგრძენი ეგ მომენტი, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხანი არაა, რაც აგრილდა.
ეს პატარა ბინა ცოტათი კერის სახლს ჰგავს. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მე თვითონაც კერიდ ვგრძნობ ხოლმე თავს. თუმცა მე უფრო ტრანსფორმირებული და სხვანაირი კერი ვარ. ანაც საერთოდ არ ვარ კერი, მხოლოდ ის საერთო გვაქვს, რომ ორივე ვწერთ, თუმცა, სხვადასხვა თემებზე. მოკლედ, არ ვყოფილვარ კერი.

საღამოობით, სახლში რომ ვზივარ და ვმეცადინეობ, ან ტელევიზორს ვუყურებ, ვხედავ, როგორ შემოდის ჩამავალი მზის ბოლო სხივები, ჟალუზებს შორის გაიწელება და ყვითლად ადგას კედელზე, მერე მუქდება, მუქდება, ცეცხლისფერი ხდება და ბოლოს წითლდება. ამ დროს ატლანტის სქაილინიც ჩამუქებული და მზისგან აბრდღვიალებულია. ჯენერალ მუირიდან დინერზე შეკრებილი ხალხის მხიარული სიცილის ხმა აღწევს.

დღეს მირა გავაცილე. დილას ყავაზე შევხვდით ჯენერალ მუირში, გარეთ ვისხედით, სასიამოვნოდ გრილოდა და ბოლოჯერ ვუსმენდი მის შიშებს და წუხილებს. ახლა, ალბათ, თვითმფრინავშია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი ფრენები უდევს წინ. დამშვიდობებისას ვთქვით, რომ აუცილებლად შევხვდებით, საქართველოში, ყაზახეთში ან ავსტრალიაში. თან გულში მეცინებოდა, რომ ეს ამბავი სულაც არაა შეუძლებელი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

მალე ვილაში ვბრუნდები. არადა ზუსტად დღეს, ამ ბინაში რომ შემოვედი, აქაური სუნი ძალიან მშობლიური გახდა. როცა სუნს ვეჩვევი და მაშინ ვგრძნობ შინ თავს, მაშინ ვგრძნობ სრულ კომფორტს. მომენატრება აქაურობა.


Friday, October 12, 2018

All that jazz



7 ოქტომბერი
ნიუ ორლეანში ვარ და კაფე დუ მონდეში ვზივარ. იმ კაფეში, რომელზეც მაისში, ზემოხსენებულ პოსტში ვოცნებობდი.

კვირა შუადღეა, აქაურობა სავსეა, დაღლილი ვარ და ცოტა თავი მტკივა. ჩვენმა Airbnb-ის ჰოსტმა გაგვაფრთხილა, დუ მონდეში პირდაპირ ასალაგებელ მაგიდასთან დასხედით, მხოლოდ ტურისტები იცდიან რიგშიო. ამიტომ, აქ რომ შემოვედით (თუმცა აქამდე შემოსასვლელად მაინც მოგვიწია რიგში ყოფნა) პირდაპირ შაქრის პუდრით სავსე მაგიდასთან გამოვემართე და დავჯექი.

ჩავისუნთქე და მიმოვიხედე.

უამრავი ხალხია, ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს, ალაგ-ალაგ სიცილი მოისმის. არავინ იცის, რომ ეს-ესაა ოცნება  ავიხდინე, რომ აქ, ზუსტად ამ ადგილას მოსვლა, ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როცა ამერიკაში წამოსვლა შორეულ გეგმაში იყო. ხალხს ვათვალიერებ, გარეთ ვიხედები და ვხედავ, ქუჩდან ერთმა გოგომ როგორ გადაუღო ფოტო აქაურობას. მგონი, კადრში მეც მოვხვდები. არც ამ გოგოს ეცოდინება, რომ ჩემი ოცნების ახდენის მომენტი გადაიღო.

თავი ისევ მტკივა, მაგრამ თითქოს ხალხის ხმას დაუწიესო, ქუჩიდან მუსიკა გაისმა. მალე მიმტანი მოვა და ლეგენდარულ ბენიეს შევუკვეთავ!

ბენიე ცნობილი ნიუ ორლეანური დესერტია. იწერება როგორც beignet და ფრანგულად გამოითქმის, პირველი "ე" ოდნავ უნდა მოუყრუო. ჩვენებურ პონჩიკს ჰგავს, მაგრამ გულსართი არ აქვს.
ყველაზე ცნობილი ბენიე აქ, დუ მონდეში აქვთ. ეს კაფე 1862 წლიდან არსებობს და ნიუ ორლეანის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, შემოსასვლელად რიგში დგომა დაგჭირდებათ.

შევუკვეთე ბენიე და ყავა ვარდკაჭაჭით (Chicory coffee ასე ვთარგმნე, მე მგონი სწორია). ეს ყავაც დუ მონდეს ღირშესანიშნაობაა. კლასიკურად რძით კეთდება, მაგრამ მე რძის გარეშე შევუკვეთე - ნამდვილი ყავის გემო მირჩევნია.

მიმტანი მოდის და ვხედავ, როგორ მიახლოვდება ის, რომლის გასინჯვაც წელიწადია მინდოდა - ბენიე!


პირველივე მოკბეჩისას შაქრის პუდრი მთელ მაგიდას ეფინება. პირიც, ალბათ, პუდრიანი მაქვს, მაგრამ არ მადარდებს და ასე, მოსვრილი სახით გარშემო ვიხედები. სწორად მოვიქეცი, პირის მოწმენდაზე რომ არ ვიზრუნე, ყველა მაგიდა ერთნაირ მდგომარეობაშია - თეთრი ფხვნილი უწესრიგოდ მიმობნეული. შეუძლებელია, რომ ბენიე სხვანაირად ჭამო.

მისისიპიდან გრილი ჰაერი უბერავს, მე ცხელ ყავას დიდ ყლუპებად ვსვამ, ბენიეს ვაყოლებ და ტელეფონიც თეთრად იფიფქება.

ქუჩის რომელიღაც კუთხიდან ჯაზის ჰანგები მოისმის და გვერდით მაგიდასთან ხმამაღლა იცინიან. ნიუ ორლეანში ვარ.

[ეს სიმღერაც შემთხვევით მოვისმინე ერთ მაღაზიაში, როცა აქაურ ტკბილეულს, პრალინეს ვყიდულობდი]




Thursday, October 4, 2018

მშვიდი ცხოვრება


დილით ადრე ვიღვიძებ. ნელა ვახელ თვალებს, ლოგინის სითბოს ვგრძნობ. რამდენიმე წუთი ასე ვიწვები, ჯერ არ ვდგები. სხეულს ვაცდი, გამოფხიზლდეს და ღამის შეჩვეულ კომფორტს განშორდეს. ყველა კუნთი ფხიზლდება და მზადყოფნაში მოდის.  შემიძლია, ავდგე.

სამზარეულოში დილის სხივები შემოდის. მსუყედ ვსაუზმობ. დიდ, მყუდრო ფინჯანში ყავას ვისხამ და წყნარად, გარინდებული ვზივარ. ნელა ვსვამ. თითოეულ ყლუპს კარგად შევიგრძნობ, ჯერ ენის წვერზე ყავის ოდნავ მომწარო გემოს, მერე ყლუპის ტემპერატურას. იდეალურია. ცხელისა და თბილის ზღვარზეა, აღარც პირს გწვავს, მაგრამ ჯერ არც თბილი ეთქმის.

საღამოს თბილად განათებულ სამზარეულოში ღუმელიდან ახალგამომცხვარ ვაშლის ღვეზელს გამოვიღებ და ჩაის ტილოს დავაფარებ, სითბო რომ შეინარჩუნოს. სახლში დარიჩინის სურნელი დადგება. მაგიდასთან ჩამოვჯდები და ცალ ფეხს სკამზე ავკეცავ. კომფორტული ტანსაცმელი მაცვია, დიდი ზომის, ცოტა ფორმადაკარგული მაისური.  ფანჯრიდან თვალს მივადევნებ, როგორ დაბრუნდებიან სამსახურებიდან მეზობლები. მანქანიდან გადმოსვლისას, ისინი ალბათ დაინახავენ ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან გამომავალ ყვითელ შუქს.



თქვენი მშვიდი ცხოვრება როგორია?