Showing posts with label Music. Show all posts
Showing posts with label Music. Show all posts

Friday, October 14, 2022

ნოსტალგია?

წეღან, ინსტაგრამის სთორების უმიზნო ჩამოვლისას, ერთი სთორიდან მოულოდნელად NSYNC-ის ძველისძველი სიმღერა შემომეგება. არ ვიცი რატომ, თავის დროზეც ბევრჯერ არ მომისმენია ეს სიმღერა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი პლედი შემომაფარეს.

ჩვენთვის, მილენიალებისთვის, 90-იანების ბოლო პერიოდის სიმღერებს, როგორი სხვა დატვირთვა აქვთ, არა?

Thursday, June 30, 2022

უსათაუროდ

რა კარგია, ძველ პოსტებში რაიმე სიმღერას რომ ვურთავდი. იმდენი კარგი, დავიწყებული სიმღერა გავიხსენე.

Saturday, May 21, 2016

გდება

 წეღან საწოლზე ვეგდე, Post Industrial Boys ვუსმენდი და მივხვდი, რომ ძაან მომენატრა ეგრე გდება და არაფერზე ფიქრი. აი რომ ხარ, და მეტი არაფერი. ზლაზნია დღეები რომაა, არსად გეჩქარება, არც უახლოესი თუ შორეული მომავლის გეგმების დაწყობით იწუხებ თავს და დღეში ხუთი-ექვსჯერ ჭამ.
  მეც ავდექი და მწნილის ჭამით ამოვიხადე სული, ყავა სამჯერ დავლიე და გრეის ანატომიის ყურებაში ამოვიშრე თვალები.
 ცოტა ხნის წინ, ბოლო ჭამისას, დედა გამოვიდა სამზარეულოში და ისიც შემომიერთდა, რაღაცას მელაპარაკებოდა, მე კიდე ინდუსტრიალ ბიჭების ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ, ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ რიტმში ცეკვა დავიწყე და თან ვფიქრობდი, როგორი მშვიდი საღამოა-მეთქი. აი, როგორც იმ ლექსშია.

ჰო, კიდევ, მთელი დღე ჩემი ძმის ჰუდი მეცვა. აბაზანაში შესვლამდე გავიხადე, დავკეცე და ისევ კარადაში დავდე. იმედია, ვერ მიხვდება, რომ ნაცვამია.


Saturday, January 16, 2016

#პოსტისსათაური

იანვრის 16, შაბათი. გარეთ მზიანი დღეა. ჩემს ოთახში ყავის და ციტრუსების სუნი დგას.

   შუადღისკენ, ოთახის მილაგებას რომ მოვრჩი და ყავა დავისხი, მომინდა ჩამოვმჯდარიყავი ლეპტოპთან და ბლოგებისთვის ჩამომევლო. ზუსტად ისეთი პოსტების წაკითხვა მომენატრა, რაც ყველაზე ხშირად იწერებოდა (და კრიტიკდებოდა) ოდესღაც - დღეს ესა და ეს ვჭამე/დავლიე. ყოველდღიურობა, მოკლედ.

    ბლოგზე რომ შემოვედი და უახლეს პოსტებს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ აღარავინ წერს. ამიტომ ისევ ოფისს ვუყურე. ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო შოუს ისტორიაში. ბოლო სეზონზე ვარ უკვე და რომ მოვრჩები, იმ სიცარიელის შეგრძნება არ მინდა, "ახლა რაღას ვუყურო"-ს რომ მოაქვს.

  ფილმებს ვეღარ ვუყურებ. ბევრი ვიცი, ვინც იგივეთი იტანჯება. ალბათ სერიალების ბრალია. უფრო მცირე ხანგრძლივობისაა თითქოს, მაგრამ ერთდროულად იმდენ სერიას ვუყურებ, საბოლოოდ არაერთ ფილმს რომ ვნახავდი.

 ორშაბათის ლექციისთვის რაღაც მაქვს მოსამზადებელი და უკვე შევუდექი პროკრასტინაციას - ჩავმოვსქროლე ფეისბუქი და თამბლერი, გადავამოწმე ყველა მეილი, იუთუბზე ჩავრთე უცნობი რექომენდიდ სიმღერა (იხ.პოსტის ბოლოში), დავიწყე ამ პოსტის წერა. Damn, I'm really good at procrastinating.

 ყოველ წუთს თითებს ვყნოსავ, ფორთოხალ-მანდარინის სუნი მაქვს და ტუჩებზე ჯერ კიდევ შემომრჩა ფორთოხლის მომჟავო, მწკლარტე გემო. წუხანდელი სიზმარი არ მინდა მახსენდებოდეს (არაფერი პერვერტული) ყოველ წუთს. როგორც სჩანს, ჩემს ქვეცნობიერს ძალიან უყვარს რაღაცების შელამაზება და სიზმარში შემოპარება.



Tuesday, December 8, 2015

I remember

I remember a faraway laugh, a sweet caress you'd help me zip up my dress.
I remember the never-ending summer rain.


Please, don't let what was get in the way of what's next, don't forget that what's to come hasn't come yet.

Saturday, November 7, 2015

Finding Querencia

        Querencia (Spanish) - describes a place where one feels safe, a place from which one's strength of character is drawn, a place where one feels at home.



 "When a flower doesn't bloom, you fix the environment in which it grows, not the flower."

ჩემს ახლანდელ ცხოვრებაზე  ალბათ ყველაზე კარგად ბუკოვსკი დაწერდა.
 ეს სულაც არ არის კარგი; მიუხედავად იმისა, რომ მომწონს ბუკოვსკის ისტორიები. ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი, სექსუალური ისტორიები. წასაკითხად გადასარევია. მაგრამ როცა სტრიქონებს შორის საკუთარ თავს პოულობ -  ძალიან ცუდია. ძალიან, ძალიან ცუდი.

ფბ-ზე ერთ-ერთ მორიგ, მოდეპრესიულო  ფეიჯზე შემომხვდა ეს ტექსტი:

"If you’re reading this, if there’s air in your lungs on this November day, then there is still hope for you. Your story is still going. And maybe some things are true for all of us. Perhaps we all relate to pain. Perhaps we all relate to fear and loss and questions. And perhaps we all deserve to be honest, all deserve whatever help we need. Our stories are all so many things: Heavy and light. Beautiful and difficult. Hopeful and uncertain. But our stories aren’t finished yet. There is still time, for things to heal and change and grow. There is still time to be surprised. We are still going, you and I. We are stories still going."

(ვერ ვიტან, როცა ამგვარი ფეიჯები ყველაზე მეტად თანხვდებიან ჩემს განწყობას)

 წესით ახლა თავს ბედნიერად უნდა ვგრძნობდე, Damn, I really should feel happy.




არადა მინდა, ერთ დღეს ამ გოგოსავით ავდგე და ქალაქში ვისეირნო, პირველივე სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯდე, წავიდე რომელიმე უბანში და შემოდგომის თბილისი ბოლომდე შევიგრძნო. ხალხს დავაკვირდე, ცხელი ყავა ვიყიდო და ჩამოცვენილ ფოთლებში ვიშრიალო. ჩემი საკუთარი სიმშვიდე მინდა, როცა არავინ გჭირდება.

I don't have my own Querencia. I've lost it.

პ.ს ნატალია, დაიმახსოვრე - You can’t keep dancing with the devil and ask why you’re still in hell.

Saturday, October 17, 2015

შაბათი დილა


"When we laugh into the microphone & sing, 
with our sunglasses on to our favorite songs"


17ოქტომბერი, 13:18, შაბათი დილა. გარეთ ჯერ არ გამიხედავს, მგონი წვიმს. 

 ის დრო მოვიდა, საბნის ქვეშ და ოთახის ტემპერატურას შორის დიდი კონტრასტი რომ არის. 
 უგემური ჰერკულესის ფაფის და ცუდად მოდუღებული ყავის შემდეგ ვუსმენ სიგარეტს სექსის შემდეგ. რომელიც მეუბნება, რომ არაფერი დამიშავდება, სანამ მასთან ერთად ვარ.
ოთახი სავსეა ამ სიმღერით და მიუხედავად იმისა, რომ ოდნავადაც არ ვარ სიმღერის ტექსტის მონაწილე, ყველაფერი რაღაცნაირად მაინც კარგადაა. 

ჰო, და კიდევ, დღეს კინოში ლამაზ ბიჭებს ვნახავ.

Saturday, October 4, 2014

Landscape Painted with Coffee

   სოფელში აივანზე ვიდექი და ფინჯანი ყავით ხელში გავყურებდი მთებს. ყავა იშვიათად კარგი გამომივიდა - უშაქრო, საჭირო რაოდენობის ყავით, არც მწარე და არც ზედმეტად განზავებული. მიაღწია საჭირო ტემპერატურას, როცა ცხელი აღარაა, მაგრამ ჯერ არც ნელთბილია და სასიამოვნოდ, ყლუპ-ყლუპად შეგიძლია სვა. ზაფხულის ნათელი, მზიანი დღე იდგა. ის მომენტი იყო, როცა თვალები უნდა დახუჭო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო და მსუბუქად გაიღიმო. ამ დროს, საიდანღაც ბუზი მოფრინდა, ჭიქაში ჩავარდა და ჩემი იდეალური ყავა გადასაქცევი გახდა. ახლის გაკეთებას რა თქმა უნდა აზრი აღარ ჰქონდა - ასეთი კარგი აღარ გამოვიდოდა. მომენტიც ჩავლილი იყო.  მაგრამ ის წამი უკვე დაჭერილი მქონდა, ამიტომ ბუზმა  კი არ გააფუჭა, უბრალოდ, დაასრულა. არ შეიძლებოდა, ასეთი იდეალური წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო და სწორედ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია.

  რატომ გამახსენდა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ეპიზოდი? ნიკ ქეივს ვუსმენდი და მივხვდი, რომ დღევანდელი დღის დასაჭერი წამები ამ სიმღერის მოსმენისას დადგა.

 Oh, Nick, you old bastard.



 p.s არ ვიცი, აქ და ახლა რა შუაშია, მაგრამ ტყუპი გოგო და ბიჭი თუ მეყოლება ოდესმე, ლუკს და ლეას დავარქმევ.

Sunday, September 7, 2014

Julia Dream



  პინკ ფლოიდის მუსიკა მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი და ზუსტად არც ვიცოდი, ეს ახალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მატერიალური თუ აბსტრაქტული.

  საერთოდ, ყველაფერი დიდი და მნიშვნელოვანის აღმოჩენა ჩემთვის მოულოდნელად, ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად მომხდარა.

   ასე იყო ამ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უკვე ვიცოდი პინკ ფლოიდის არსებობის შესახებ. რა თქმა უნდა, ერთი-ორჯერ მქონდა მოსმენილი მათი რამდენიმე სიმღერა, ისეთი, რომლებსაც ყველა უსმენს (Wish you were here, Shine on you crazy diamond..)  და სულ ეს იყო.  თებერვლის იმ დღეს, ტელევიზორში არხების გადართვით რომ ვირთობდი თავს,  ერთ-ერთ არხზე გადიოდა Comfortably Numb,  დევიდ გილმორის და დევიდ ბოუის შესრულებით. ამ არხზე გავაჩერე და ტელევიზორის გვერდით, სარკეში ვიხედებოდი, როცა უცებ გაუცნობიერებლად სარკეს მოვცილდი და  ეკრანის წინ დავდექი. ბოლომდე თვალმოუშორებლად ვუყურე და მივხვდი, რომ რაღაც დიდი მოხდა.
  სინამდვილეში ნამდვილი პინკ ფლოიდისთვის არც მომისმენია. ვერც დევიდ ბოუის დავაბრალებ, არც ის მიყვარდა მანამდე. უბრალოდ, როგორც იქნა ის დღე დადგა, რომელსაც მანამდე გაუცნობიერებლად, მუდმივად ველოდი.  მერე ყველაფერი თითქოს ისე იყო, როგორც ახალი, საყვარელი ჯუფის აღმოჩენისას ხდება ხოლმე - ვიკიპედიის გადაქექვა, "ერთ სიმღერასაც მოვუსმენ და დავიძინებ".  თან ასე იყო და თან არ იყო. რაღაც საბურველში გახვეული დავდიოდი.

   სტენლი კუბრიკი, რა თქმა უნდა, მექანიკური ფორთოხლით გავიცანი. წიგნი ახალი წაკითხული მქონდა და ერთი სული მქონდა მენახა, ფილმი როგორი გამოვიდა. მახსოვს, შუაში გაწყვეტა მომიწია, სადღაც მეჩქარებოდა, მაგრამ გაწყვეტის მომენტიდან გაგრძელებამდე, მთელი ჯოჯოხეთ გამოვიარე. ლოდინის ჯოჯოხეთი. ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა მომწონდა კონკრეტულად.  ყველაფერი  აბსოლუტურ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან - მსახიობები, ფერები, კადრები, მუსიკა..

  ფილმებში ყველაზე ნაკლებად ომის თემატიკა მიყვარს. კუბრიკთან კი ხსენებულს ხშირად შეხვდებით. ის ბევრი ხერხით ცდილობს დაგვანახოს, რომ ომი ცუდია, საშინელებაა.  მაგრამ ღმერთო, როგორ დიდებულად აკეთებს ამას! ხან ირონიით (Gentlemen, you can't fight in here! This is the War Room), ხან პირდაპირ მოგახლის სახეში და ცხარე ცრემლით გატირებს (გერმანელი გოგოს სიმღერა, რომელიც იძულებულია, მტრებს უმღეროს). .

    პინკ ფლოიდი მუსიკის სტენლი კუბრიკია. კუბრიკი კი - კინოს პინკ ფლოიდი. ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც - არა.  ალბათ ყველაზე გასაგები იმათთვის იქნება, ვისაც ზემოთხსენებულები ჩემსავით უყვარს. 

    მათ შეძლეს და შექმნეს ისეთი მუსიკა/ფილმები, რომლებიც ცოტა ხნით გამუნჯებს. თითქოს რაღაც ახლის, ბოლომდე შეუცნობელის მოწმე ხდები, რაღაც  გეჯახება, ქარბორბალასავით გატრიალებს, ჯერ ცაში აგიტაცებს და მერე მიწაზე განარცხებს.

    თქვენ იტყვით, ასეთი ზემოქმედება კიდევ ბევრ მუსიკოსს და რეჟისორს შეუძლიაო.  მე დაგეთანხმებით და დავამატებ - მხოლოდ პირველ ჯერზე. აი, ფლოიდებს და კუბრიკს კი შეუძლიათ ყოველ ჯერზე, ყოველ მოსმენაზე და ნახვაზე იგივენაირი ემოციების ნაკადი გამოიწვიონ, პირველი შთაბეჭდილების ეფექტი შექმნან და ამასთან, რაღაც შეუცნობელის, გაუგებარის შეგრძნება დაგიტოვონ.

   პ.ს დღეს (უკვე გუშინ), როჯერ ვოტერსის დაბადების დღე იყო და პოსტიც სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.

Thursday, July 3, 2014

The sound of Woodkid

                                                                                                  Where the light shivers offshore,
                                                                                                  through the tides of oceans.
                                                                                                  We are shining in the rising sun.
.

  ორად ორ მომღერალს გავყვებოდი დაუფიქრებლად ქვეყნის დასალიერში - დევენდრა ბანჰარტს და ვუდქიდს. უფრო ალბათ მეორეს. თუნდაც იმიტომ, რომ ახლა მასზე ვწერ, მისი ხმის გამო და უფრო იმიტომ, რომ ეს სიმღერა დაწერა და მერე ასე იმღერა



   ამ, ჭეშმარიტად ფრანგული ჟღერადობის სახელის და გვარის მქონე ბიჭმა (მას იოან ლემუანი ჰქვია), ადგა და I love you სტუდიურად ისე სასწაულად იმღერა, რომ ახლაც კი ემოციების გარეშე ვერ ვუსმენ და სულ მგონია, რომ მე მიმღერის, მე ვარ ის გულცივი და საშინელი გოგო, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მას ყურადღებას არ აქცევს.




    ძალიან ხშირად მახსენდება ფბ-ზე ეს ფოტო რომ დადო და დაწერა: Finally back home and ready to work. Missed you NYC. From Coachella to the New York City Ballet. კომენტარებში ვიღაცამ დაუწერა - your home is LYON. გულში ჩამრჩა რაღაცნაირად და ხშირად მახსენდება იმ გულშემატკივრის პათეტიკა, თუ უბრალოდ გულისტკივილი.

    სიმღერაზე ვამბობდი, არ ვიცი ვის უმღერის სინამდვილეში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ძალიან იღბლიანია. 

Tuesday, November 5, 2013

ძვირფას მეგობარს - I'm writing you now just to see if you're better.

                                                      New york is cold, but I like where I'm living
                                                      There's music on Clinton street all through the evening.

ძვირფასო მეგობარო, ბოლოს რომ მოგწერე, ბედნიერი ვიყავი. ჩემ გარშემო ყველაფერი კარგი ხდებოდა. ახლაც ხდება კარგი, მაგრამ ყველაფერი - არა.
 
ისევ ვაპირებ თუ დუ ლისტის შედგენას და სადმე ისეთ ადგილას გამოკვრას (მაგალითად, ბლოგზე), სულ თვალში რომ მეჩხირებოდეს.

  ალბათ დღეები ძალიან  გაიწელება, საღამოები კი პირიქით, სწრაფად ჩაირბენს.

ღამით, როცა აივნიდან განათებულ ფანჯრებს ვხედავ, ისე მინდება პატარა, მყუდრო ბინა, სადაც საღამოობით თბილ განათებას და ტომ ვეიტსს ჩავრთავდი.

 სამზარეულოში პატარა სპილოს ეძინებოდა უშფოთველად.

ხანდახან მეგობრული საღამოები მოეწყობოდა, ცოტა წითელი ღვინით, გაჩახჩახებული ფანჯრებით და მოგუდული სიცილებით.

კვირის ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად გამოცხვებოდა ლაზანიები, ღამით დიდ ჭიქებში ჩამოისხმებოდა ყავა და მოეწყობოდა ხანგრძლივი კინოსეანსები, გრეის ანატომიის ძველი, მივიწყებული სერიებით.
    
ახლა ღამღამობით სტივენ კინგს ვკითხულობ, სანამ თვალები თავისით არ დამეხუჭება, არ ვწყვეტ კითხვას და  მოუთმენლად ველოდები შემდეგ ღამეს. იმიტომ, რომ კინგი ღამით წასაკითხი მწერალია, დღე მისი მწერლური ჯადოსნობა სადღაც, სიტყვებს შორის იმალება და მხოლოდ მზის ჩასვლის მერე იჩენს თავს.

 დღეები კი ვიქტორიანული ინგლისივით მდორედ და უწყინრად მიედინება.

Sunday, September 22, 2013

Let's make love in London

                                                                     And I was so much older then
                                                                     When I was young, when I was young..


   მაშინ, როცა ჩაბნელებულ დარბაზში 60-70-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკა ჟღერდა, მე რაღაც ძალებით ისე მეძინებოდა, რომ მეგონა სადაცაა გონებას დავკარგავდი და ნახევრად გონებადაბინდულს ჩამესმოდა როლინგ სტოუნზის "Paint it black", თავი ყველაზე საიმედო მხარზე მედო და ვფიქრობდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და არ ვიცოდი, ფეხზე დგომას შევძლებდი თუ არა, იმის მიუხედავადაც, რომ ეს დოკ.ფილმი არ აღმოჩნდა, საერთოდ არ აღმოჩნდა, პინკ ფლოიდზე და არც მათი გამოსვლის უნიკალური კადრებისთვის მომიკრავს თვალი სადმე, მაინც ვფიქრობდი, რომ ეს იყო ერთ-ერთ საუკეთესო საღამო, რაც კი ოდესმე მქონია.

  მე ვნახე და მოვუსმინე ჯო ბოიდს, კაცს, რომელსაც უმუშავია პინკ ფლოიდთან, უნახავს სიდ ბარეტი და შეიძლება, რაღაც წვლილიც შეიტანა ჯგუფის წარმატებაში.

   ფილმში ვუყურე იმ პერიოდს, როცა პინკ ფლოიდის, როლინგ სტოუნზის და ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკას 'პოპ მუსიკას' უწოდებდნენ. ვნახე ალენ გინსბერგი და ახალგაზრდა მიკ ჯაგერი.  და ვნახე ეს ყველაფერი დაბინდული გონებით, როცა რაღაც მომენტებში სულ ვეთიშებოდი სამყაროს და მუსიკის მძლავრ ხმიანობაზე ისევ გონებაზე მოვყავდი.


    და მერე, როცა ბათუმის უკვე ნაცნობ ქუჩებში მოვდიოდით, მე ისევ მეშინოდა, რომ არ წავქცეულიყავი; ჯერ კიდევ მუსიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ჩუმად, სულ ჩუმად, ღიღინით ვიმეორებდი - When I was young, when I was young..


That night, we really made love in London.



Tuesday, July 23, 2013

Fix me

როგორ მინდა, ვიღაც გამოჩნდეს და მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.






 და მერე მართლა იყოს ყველაფერი კარგად.


Sunday, May 5, 2013

Когда Твоя Девушка Больна

    როცა შენი გოგო ავადაა და შეპყრობილია მოგზაურობის სურვილით. მას პეპლები მუცელში კი არა, მხრებზე ჰყავს და სადაცაა, გაფრინდება.

როზმარის გზები უყვარს. გზა რაღაცის დასაწყისს ნიშნავს. ახლის და ჯერ შეუცნობელის დასაწყისს.



 როზმარი შენი გოგოა და მას მობეზრდა იქ ყოფნა, სადაც ამდენი ხანია, აღარაფერი მომხდარა. სადაც მზე ანათებს და ბალახი იზრდება, მაგრამ მას უკვე აღარ აინტერესებს ეს ადგილი, რადგან ავადაა.
 შენს გოგოს უნდა, რომ თავის დინ მორიარტი იპოვოს და გზას გაუდგეს.  სხვა ადგილებში გაზრდილი ბალახები ნახოს, სხვა მინდვრებში დააცხუნოს მზემ და სხვა ადგილებში მოშრიალე ფოთლებს მოუსმინოს.
 სხვა ზღვებში ლივლივი მოენატრა, სხვა ქუჩების ხმაურის მოსმენა უნდა.

     შენი გოგო ავადაა, მას აღარ ახარებს დილის ყავის გემო, არც აბაზანაში ჩაწოლილს მოსწონს თავის ტერფების ყურება,  აღარც თვალდახუჭული ცეკვა არის  მისთვის სასიამოვნო.

  როზმარის ენატრება სამხრეთ ამერიკაში გატარებული დრო, თავის ინდიელ ბიჭთან ერთად.  ბიჭთან, რომელსაც ეხლა ალბათ როზმარი მაგრად კიდია და აღარც ახსოვს. იმიტომ, რომ ის მერი ჯეინს აღმერთებს. როზმარი კი - მას.

 მზე ანათებს, ბალახი იზრდება. როზმარი კი ავადაა, მას გზები ენატრება.

 

Thursday, February 21, 2013

Well, the night does funny things inside a man

  ახლა თითქმის პირველი საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უფრო გულახდილი ვარ, ვიდრე ერთი საათის წინ.  ვინმეს ექნება უკვე ნათქვამი, რომ ღამით დაწერილი პოსტები ბევრად უფრო გულახდილია, ვიდრე დღისით. 


 
    წეღან, ფეისბუქზე უსაქმოდ ჯდომისას, მომინდა გადამეხედა, რაზე ვფიქრობდი და რას ვაკეთებდი 1 წლის წინ ამ დროს, თებერვალში. რა კარგი რამეა თაიმლაინი, თითქმის დროში მოგზაურობის ტოლფასია. გადახვალ წინა წლის თებერვალზე და გაგახსენდება, რომ შარშან ამ დროს ტეკილას პერიოდი გქონდა; თებერვალში არა და იანვარში, ვთვლიდი რომ 2012 მოგზაურობის წელი უნდა ყოფილიყო [რაც საშინელი სიცრუე აღმოჩნდა], შარშან ამავე პერიოდში აღმოვაჩინე რომ ხორვატია მშვენიერი ქვეყანა ყოფილა და ზოგადად, მოგზაურობაზე უფრო მეტი ფიქრი დავიწყე : )

    ღამის გულახდილობაზე რომ გავაგრძელო, მინდა მოვყვე ჩემი შიშების შესახებ. იცით, ამ სამყარომ სულაც არ იცის, მე როგორი ჭკვიანი გოგო ვარ. მგონი მოვიდა დრო, ყველას გავაგებინო ამის შესახებ. ჯერ თავად უნდა მოვერიო ჩემს მეორე ნაწილს, რომელიც მუდმივად ჩამჩურჩულებს ყურში, რომ მე არც ერთი საქმე არ მიმყავს ბოლომდე, არაფერი არ გამომდის კარგად და მუდმივად რაღაც მაკლდება. მალე მოვერევი ჩემს შინაგან დემენტორებს და ყველა იმ სისულელეს გავაკეთებ და ვიტყვი, რის გაკეთებისგანაც აქამდე თავს ვიკავებდი. თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ შეცდომის დაშვების მეშინოდა მუდმივად, ამიტომ პრევენციის მიზნით, არაფერს ვაკეთებდი. ასეთ უმოძრაობას ჯობია ბევრი შეცდომა დავუშვა და ბევრი ვისწავლო. ის, ვინც ამბობდა, რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი თავისაზე, საშინლად ცდებოდა. სხვის შეცდომებზე ნასწავლი ვერასდროს შეედრება იმ გამოცდილებას, რასაც საკუთარი შეცდომებიდან იღებ. იმიტომ, რომ კარგად გახსოვს ის ზიანი, რაც ამ შეცდომამ მოგაყენა და არასდროს გაიმეორებ.

   ჰო, კიდევ მინდოდა თქვენთვის მეთქვა – მე ეს სიმღერა დავისწავლე ჟესტების ენაზე, მართალია ნატალივით ჰაეროვნად არ გამომდის, მაგრამ ჯონის უხეშ მოძრაობებზე  მოქნილი კი ვარ  : ) ვფიქრობ, ერთხელაც ვიდეო ხომ არ გადავიღო და ნუ, ფეისბუქზე მაინც დავდო.

 ესეც ფოტო–იდეა. რა კარგი იქნებოდა, ასეთი აბრები რომ გვხვდებოდეს თბილისშიც :)


Monday, February 18, 2013

When I wake, I shall have cake

   საღამოობით, კორპუსში გამოკეტილი, ვუყურებ ათას განათებულ ფანჯარას და ვფიქრობ, რაზე ოცნებობენ ამ ფანჯრებს მიღმა ადამიანები. რომელ ჩაის სვამენ, რას უყურებენ ან რომელ მუსიკას უსმენენ.

   მე ახლა ვუსმენ ამას, რომელიც შემთხვევით ვიპოვე იუტუბზე [თქვენც მოუსმინეთ, კარგი სიმღერაა]. ჭიქაში ასხია გაციებული ყავა, რომელიც იმდენად ცივია, რომ დასალევად აღარ ვარგა.



   მინდა, რომ ერთ დილას კარავში გავახილო თვალები, საძილე ტომარაში გახვეულმა. გარეთ გამოვყო თავი, თვალები დავხუჭო და დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო. რამდენიმე წამით ვიქნებოდი ასე,  მერე აუცილებლად ჩავრთავდი დორსის რომელიმე სიმღერას ყურებში. რატომღაც მგონია, რომ ლაშქრობაში დილას ახალგაღვიძებულმა აუცილებლად უნდა მოვუსმინო დორსს.
 
    მინდა მინდორში ვეგდო და ბალახების სუნი მცემდეს, ფეხებზე ჭიანჭველები დაღოღავდნენ და კალიების ხმიანობას ვუსმენდე.  ლამის ცხადად შევიგრძნო ეხლა, როგორ დამნათის მზე და დახუჭულ თვალებს თუ სულ ოდნავ შევახელ, წამწამებს შორის სხივებს დავინახავ.



    რომ გამოვერკვევი,  მინდორი და მზის სხივები სადღაც ქრება და სამსახურში აღმოვჩნდები, გარედან მანქანების ხმა შემოდის, მე მთელი დღე სკამზე ჯდომისგან ხერხემალი მტკივა.
  ჩემს თავს ვეუბნები - არა უშავს, ნატალია. შენ აუცილებლად წახვალ ლაშქრობაში, თან ძალიან მალე. ზუსტად ასე იწვები ბალახებში თვალდახუჭული და მოგაგონდება, ერთ კვირადღეს როგორ ოცნებობდი ამ დღეზე.  როგორი შორს იქნება იმ დროს ეს ყოველდღიური, ყოფითი პრობლემები და ხერხემლის ტკივილები. გაგახსენდება და გაგეღიმება.

  უკვე  საკუთარი, რეალური მოგონებები გექნება. მერე დაჯდები და ამ მოგონებებზე დაწერ.

   საკუთარ შიშებთან ბრძოლა უნდა ვისწავლო. პირველ რიგში,  უნდა დავძლიო წყლის შიში.  ჩემი წყლის მიმართ დამოკიდებულება არის გაორებული, მის მიმართ ერთდროულად ვგრძნობ მიზიდულობას და შიშს : ) ადრეც მაქვს მოყოლილი ჩემი სიზმრების შესახებ -  ხშირად ვხედავ, როგორ ვცურავ კამკამა წყალში. რეალურად კი, წყალში ერთხელაც არ ჩამიყვინთავს. ცურვაც, ცხადია, არ ვიცი. მინდა ერთხელაც ამ შიშს შევეჭიდო და აი, ასე გავცურო (ამ სურათის ყოველი დანახვისას მთელ ტანში მაჟრჟოლებს).



     ბუნებასთან ახლო და ხშირი კონტაქტი მინდა მქონდეს, რის შესაძლებლობასაც, პირველ რიგში, ჩემი სამსახურის გრაფიკი არ მაძლევს. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ერთ-ერთ დღეს მაინც ვმუშაობ. მეორე პრობლემაა თანამგზავრის პოვნა, თუნდაც ერთდღიანი ქალაქგარეთ გასვლისთვის. ვიცი, ძალიან, ძალიან თუ მოვინდომებ, მოვახერხებ ყველაფრის მოგვარებას. მაგრამ თებერვალია, მე ძალიან გამოფიტული ვარ, ქალაქით დავიღალე და მონდომებასაც ვერ ვახერხებ. შემიძლია მხოლოდ დაუსრულებლად ვათვალიერო ტბების, მინდვრების და მთის ძირში შემალული პაწაწინა სახლების ფოტოები და ჩემს წარმოდგენას გასაქანი მივცე. ასე, ყოველდღე, წარმოსახვითი მოგზაურობები მაქვს მსოფლიოს გარშემო, უკვე შემიძლია სურათებზე  ამოვიცნო სლოვენიის, ავსტრიის და შვეიცარიის ტბები.

   ვუყურებ სახლებს ტბის პირას და კიდევ ერთხელ ვეუბნები ჩემს თავს - ნატალია, შენ აუცილებლად ნახავ ბევრ ტბას, იქვე მდგარ ხის სახლებს, მწვანე ფიჭვებს და ტალღების ჩუმ ხმიანობასაც მოუსმენ ღამღამობით.



 
 მანამდე კი, მონიტორიდან ვუყურებ ამ პატარა სამოთხეს და ჩუმად, გულში ვიმღერებ -

Hush-a-bye, don't you cry,
Go to sleep you little baby..
When you wake, you shall have cake,

and all the pretty little horses.

Thursday, February 14, 2013

This Mess We're In

   ხანდახან არის მომენტები, როცა ვგრძნობ, როგორ ვკუმშავ მუშტებს სიბრაზისგან ისე, რომ ფრჩხილების ნაკვალევი ემჩნევა ხელისგულებს და ვნატრობ, რომ მალე მოვიდეს ის წყეული 1 საათი, როცა შემეძლება უბრალოდ ვეგდო გორგოლაჭებიან სავარძელში და ნელ რიტმში ვიტრიალო მარჯვნივ და მარცხნივ, მარჯვნივ და მარცხნივ. ხანდახან ადამიანების მიმართ ისეთ დაუძლეველ ზიზღს ვგრძნობ, რომ მეშინია. მეშინია, რომ ბოროტი ადამიანი გავხდები და სულ ასე შემეზიზღება ისინი.
 
   მე უკვე დავკარგე ადამიანებზე დაკვირვების სურვილი, ქუჩაში აღარ მაინტერესებს გარშემომყოფები და არც შემთხვევით შეხვედრილ უცნობებს ვაკვირდები შეფარვით. პირიქით, ხშირად ვნატრობ მათ სიკვდილს, სულ სულ ერთი წამით და მეორე წამს, როცა ეს აფექტის მდგომარეობა გამივლის, შეშინებული ვიხედები აქეთ-იქით და ველოდები, ჩემიდან შავი ჩრდილისმაგვარი არსება როდის გაღოღდება იმ საშინელი ხმებით, ფილმ ’მოჩვენებაში’ რომ არის.

  როცა ასეთ სიბრაზეს ვგრძნობ, აკანკალებული ხელებით ვხსნი იუტუბის გვერდს, შევდივარ ჩემს ფავორიტებში და ვრთავ მხსნელ სიმღერებს. ასეთი რამდენიმეა, ჟრუანტელის მომგვრელი სიმღერები, უცებ მთელ ტანში რომ ჩაგეღვრება და ფეხის თითებამდე ჩააღწევს.

 ერთ-ერთი ასეთი არის ეს დიდებული სიმღერა




  თავიდან ტომი იწყებს თავის გამორჩეული ხმით და მერე უცებ პიჯეი ჰარვი შემოდის და ამბობს the city sunset over me,  მე ამ დროს სახეზე ვგრძნობ ჩამავალი მზის სხივების ლიცლიცს, და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება; მე სულაც არ ვარ ბოროტი გოგო და ჩემში არსებული კეთილი საწყისი გაიზრდება და განდევნის იმ შავ მაჯლაჯუნებს, რომლებიც ამ ბოლო დროს მაწევს სულზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
  
   თქვენ არ გეგონოთ, რომ მე სულ ასე მაჯლაჯუნებიანი დავდივარ და არაფერი კარგი აღარ მცხია. მაგალითად, მინდა მოგიყვეთ, როგორ მიყვარს კრისტიან ბეილი. როგორი კარგი ბიჭია, და როგორ იტირა ემ ტი ვის დაჯილდოების ცერემონიალზე პირდაპირ სცენაზე, ათასობით მაყურებლის წინ, როცა ჰიტ ლეჯერზე ვიდეოს უყურა. ვერ შეიკავა ცრემლები და ხმა აკანკალებული წარმოთქვამდა სიტყვას. ასე უპრეტენზიოდ მიყვარს ჩემთვის,  სადაც არის, ბედნიერი იყოს და თავის ჩვეული, კეთილი ღიმილით იღიმოს მუდამ.

ხანდახან ვდევნი ხოლმე ამ მაჯლაჯუნებს.

    თუმცა სულ ცოტა ხნის წინათ, სახლში რომ მოვდიოდი სწრაფი ნაბიჯებით, მუშტები ისევ მაგრად მქონდა შეკრული და ცრემლები მომდიოდა, გზად ვიღაცები მხვდებოდნენ, მაგრამ სახე არ ავარიდე, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქუჩაში დადიოდეს გოგო, რომელიც ტირის?

   ახლა მე ავდგები, ბერგამოტიან ჩაის დავლევ, ტომი და პიჯეიც ჩემთან იქნებიან და ისევ დამავიწყდება, სულ ცოტა ხნის ხელისგულებზე ფრჩხილების ნაკვალევი რომ მემჩნეოდა.


Wednesday, December 5, 2012

დეკემბრობა

  დეკემბერი მოვიდა. რატომღაც, ადამიანები დიდ ყურადღებას ვაქცევთ თვეების ცვლილებას, მითუმეტეს თუ ეს სეზონის ცვლილებასაც ემთხვევა. მაგრამ მაინც, მინდა ვთქვა რომ დეკემბერი მოვიდა, წელიწადის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო თვე.

 პოსტის კითხვას სანამ გააგრძელებდეთ, ჩართეთ ეს სიმღერა. მერწმუნეთ, ძალიან კარგია.



  მე მგონია, რომ ეს გოგო საოცრად მგავს, ზუსტი მიზეზი არ ვიცი თუ რატომ, მაგრამ მგავს : ) მურაკამის ეს რომანი არ მაქვს წაკითხული, ოდესმე ალბათ წავიკითხავ, თუნდაც ამ პოსტერის გამო.

 
   მთელი დღეებია თავში მიტრიალებს როჯერ ვოტერსის ტურნე, რომელიც აგვისტოში სტამბულსაც მოიცავს. ისე ძალიან მინდა დასწრება, ისე, ისე, რომ მგონია არაფერი გამომივა.  იმდენად გაჟღენთილია ჩემი ტვინი ამაზე ფიქრით, რომ მგონი უკვე ვლოცულობ მუდმივად. აბა, სხვა რა უნდა დავარქვა, როცა თავისდაუნებურად ერთდროულად ვფიქრობ ღმერთსა და ტურნეზე. ლოცვაც ხომ ეგაა, ღმერთთან ლაპარაკი, და ჩემი ქვეცნობიერიც მთელი ძალით შეჰყვირის ზეცას, რომ უნდა ამ კონცერტზე დასწრება, უნდა!

 წავალ, კერუაკის კითხვას გავაგრძელებ და პარალელურად ვილოცებ.

Sunday, November 18, 2012

Summer of Love, ანუ Don't you want somebody to love?

 People don't listen, they just wait for their turn to talk.

                                                               - Chuck Palahniuk

 


   რამდენიმე  დღის წინ ტამბლერზე შემხვდა სურათი  წარწერით:

  I always wonder why birds stay in the same place, when they can fly anywhere on the earth. Then I ask myself the same question.  [რომელიც ეკუთვნის ვინმე Harun Yahya-ს და გახლავთ თურქი მწერალი]

  მეც ავდექი და, იგივე კითხვა დავუსვი საკუთარ თავს - რომ ვდგავარ და დღე და ღამე ვოცნებობ მოგზაურობაზე, სამხრეთ ამერიკაში წასვლაზე,  ხომ შემიძლია,  ცოტაოდენი ფული მოვაგროვო, ავდგე და ქვეყნიდან ქვეყანაში ვიხეტიალო, ღამე ცის ქვეშ ან იაფფასიან სასტუმროში გავათიო და ნამდვილი თავგადასავლები ვნახო.  ერთი შეხედვით იტყვით, ძალიან რთულიაო, არადა ტექნიკურად საერთოდ არანაირი სირთულეს არ  წარმოადგენს, უბრალოდ თანამედროვე განათლებული ადამიანის ტვინში არ დევს ეგ, რომ უცებ ადგეს, ყველაფერი მიატოვოს და მომთაბარეობას მიჰყოს ხელი. სამაგიეროდ,  შეუძლია რომ დადგენილი ნორმებით იცხოვროს - ჰქონდეს სამსახური, გამოიმუშავოს ფული და შექმნას ოჯახი. ეს არის  ნორმალური ცხოვრება, ძალიან მარტივი და პროგნოზირებადი.


    მე ვერაფრით ვეგუები იმ ნორმებს და კანონებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბეს  ადამიანებმა.  რატომ ასეთი, როცა შეგვეძლო, სულ სხვანაირი მსოფლიო შეგვექმნა, შეგვეძლო სხვა ბევრი, უფრო საინტერესო ვარიანტები აგვერჩია? ჰიპების მოძრაობა ერთ-ერთი მცდელობა იყო, ეს ნორმები შეეცვალათ, მაგრამ არ გაამართლა,  რადგან უმცირესობაში იყვნენ. გამარჯვებული კი ყოველთვის უმრავლესობაა, რაც დიდი უსამართლობა მგონია,  უხშირესად  უმცირესობაში უფრო საღი აზრია, ძირითადად კი რაოდენობა  წყვეტს ყველაფერს.

 დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, რომელ პერიოდში წახვიდოდით, ან რა მოვლენას დაესწრებოდით?  ამ ეტაპისთვის,  მე 60-იანი წლებში წავიდოდი და ჰიპი ვიქნებოდი, პინკ ფლოიდის ლაივს დავესწრებოდი და შეიძლება რომელიმე დამწყები როკ ჯგუფის წევრსაც შევყვარებოდი. მაშინდელი კაცობრიობა ბევრად უფრო თავისუფალი იყო. იმიტომ, რომ სწორედ ეს უნდოდათ - თავისუფლება.


   ჩემი გატაცებები პერიოდულად იცვლება, ახალი ემატება და ძველები ცოტა ქვედა საფეხურზე ინაცვლებს ხოლმე (მაგრამ რჩებიან). რა თქმა უნდა, მათ შესახებ ყველას არ ვუყვები (ამ საკითხს თავიდანვე ჭკვიანურად მივუდექი და ბავშვობიდან ვიცოდი, ვისთან რა მელაპარაკა),  მაგრამ მაინც, ეს გატაცებები ხშირად აღიქმება არასერიოზულად და ინფანტილურად.  აქვე დავამატებ, რომ მხედველობაში ის ადამიანები მყავს, ვისი აზრიც ჩემთვის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია, თორემ ჩემთვის უინტერესო ტიპებს, როგორც ვთქვი, ჩემზე არც ვუყვები.

  ვაღიარებ,  რომ ინტერესების გარკვეული ნაწილი უფრო ადრეც  უნდა გამჩენოდა, მაგრამ დაგვიანებას თავის მიზეზები ჰქონდა და ამ მიზეზებზე არც ამ ადამიანებთან და მითუმეტეს არც აქ, ბლოგზე, არ ვილაპარაკებ. 

   ჩვენ ვერასდროს ვისწავლით სხვისი ინტერესების პატივისცემას. ვერასდროს. ეს ყოველთვის ძალიან მაწუხებდა, მითუმეტეს რომ საკუთარ თავს სულ ვაიძულებ,  გაგებით მოვეკიდო სხვა ადამიანების ინტერესებს. თუმცა, ამის გარდა იმდენი კიდევ  გარღვევაა კაცობრობიობის აზროვნებაში, რომ ეს პატარა დეტალი რა მოსატანია.

   ხოდა, ადამიანებო, მაპატიეთ, რომ სწავლისა და კარიერული წინსვლის სურვილით არ ვარ ანთებული და ცოტა სხვა მიმართულების ინტერესები  მაქვს  (:



  ბოლო დროს მუსიკა ძლიერ გავლენას ახდენს ჩემზე.  პოსტებიც კონკრეტული სიმღერის ზემოქმედების ქვეშ არის დაწერილი [შეგიძლიათ წინა პოსტებს გადახედოთ].

  ამ პოსტს რაც შეეხება, 2 დღის განმავლობაში ვწერდი და შესაბამისად, ბევრ სიმღერას ვუსმენდი.

  ეხლა დილაა და პლაცებოს ვუსმენ. ძალიან უხდება.

 პოსტის თემატურობიდან გამომდინარე კი, საუნდტრეკად დავასახელებდი ამ მშვენიერ სიმღერას, Jefferson Airplane-ის "Somebody to love". ორიგინალის დადებას ვაპირებდი, მაგრამ ეპიზოდი ფილმიდან, ჯიმ ქერის შესრულებით, იმდენად საინტერესო და კარგია, რომ ეს ვარიანტი შევარჩიე.



პ.ს   მითხარით რა, სად წახვიდოდით, დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ? ძალიან მაინტერესებს.



Monday, November 5, 2012

ორშაბათის პოსტი

     ვუსმენ იუტუბზე შემთხვევით, საჯესთიდ ვიდეოებიდან შეხვედრილ სიმღერას, მეტალთა ჟანრიდან : ) რომელიც საკმაოდ კარგია, მაგრამ დაღლილ გონებაზე ალბათ რამე უფრო მსუბუქს, პაროვ სტელარისეულს, უნდა ვუსმენდე, მაგრამ ვის აქვს მაგის თავი, ამიტომ refresh. თან საკაიფოდ იწყება.

  დიოგენეში 1 კვირის წინ მწვანე შაბათობაზე 5 წიგნი შევიძინე [აქედან ერთი საჩუქარი იყო] და მას შემდეგ ყოველ საღამოს შევხარი. ჯერ საღი გონებით ვერ დავიჭირე ჩემი თავი, რომ კითხვა დავიწყო. თუმცა არა, სელინჯერი დავიწყე რამდენიმე ფურცელი და ნუ აი, ძალიან მიყვარს. ძალიან ცოტა მწერალია, რომელიც ასე მიტაცებს.

 მგონი მაინც ჯობია, გადავიდე პაროვ სტელარზე. 

 გუშინ დავიწყე პოსტის წერა მოსანახულებელ ადგილებზე, რომელიც იდეაში უნდა გამოვიდეს კარგი, თუ მოვინდომებ და სათანადოდ გადმოვცემ ჩემს ემოციებს და კარგი სურათებით გავაფორმებ. "პოსტის დაწყებაში" იგულისხმება, რომ ნიუ პოსტის ფანჯარაში ჩამოვწერე ადგილები და დავდრაფტე. დანარჩენს სხვა დროს მოვიფიქრებ.

 პაროვ სტელარიდან მივედი კილერსამდე. მგონი, ყველაზე კარგია.

 მაგრამ მაინც ვერ მოვახდინე ამ საღამოს. რა უგერგილო ორშაბათია, სიმღერაც კი ვერ შევურჩიე. 

  ხვალ ღამით სახლში მარტო ვრჩები, პირველად! წარმოგიდგენიათ? პიირველად! დედა ძალიან წუხს და უკვე მოიფიქრა ათასი ვარიანტი, თუ ვინ უნდა დარჩეს ჩემთან. როცა ვეუბნები, რომ არავინ მინდა, ჰგონია რომ უბრალოდ არ ვიმჩნევ და ვატყუებ, რომ არ ინერვიულოს. 
 არადა, ღმერთო ჩემო, მე უკვე მოვიფიქრე რომ ხვალ ამ დროს ოთახებში ვირბენ და მთელი ხმით ვიმღერებ –  

Well somebody told me
You had a boyfriend
Who looked like a girlfriend
That I had in February of last year
It's not confidential
I've got potential


 მოკლედ, შემოდგომის ბოლო თვეა. მე მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ეს შემოდგომა და აი, ეს ორშაბათიც კი მიყვარს.