Showing posts with label Nick Cave. Show all posts
Showing posts with label Nick Cave. Show all posts

Tuesday, January 9, 2024

* * *

კარი ფრთხილად გამოვიხურე და სენტ ჯეიმზის სასტუმროს დიდ ფანჯრებიან, ფართო ჰოლს გავუყევი. უჩუმრად მივაბიჯებ, ხალიჩა ფეხის ხმას ყლაპავს. კარის გამოხურვამდე, ოთახს ბოლოჯერ მოვავლე თვალი. ტელევიზორი ჩართულია და მეტეოროლოგის ხმა წვიმებს გვაუწყებს. არეულ ლოგინზე შენ ბავშვივით მოკუნტული წევხარ და გძინავს. გამოხურვისას კარმა მცირედ დაიხმაურა და ტელევიზორის ხმა მიწყდა. 

სენტ ჯეიმზიდან გარეთ გამოვედი, ადრიანი დილის ნოტიო ჰაერი შევისუნთქე. ცარიელი ქუჩები დილის ცვარისგან ბრწყინავს

ქუჩას გავუყევი, გონებაში შენი ბოლო ხატება მიტრიალებს - როგორ წევხარ აულაგებელ ლოგინზე და თმაში ნათელი დაგთამაშებს. თითქოს ხარ იესო მთვარიდან, იესო პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან. 

ნეტავ პირველი შენ იქნები თუ მე? 

ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა გულში ძლიერი დარტყმას ჰგავდა. სუნთქვას რომ შეგიკრავს და ყველაფერ სხვას უმნიშვნელოს ხდის. ახლა კი ლოგინში მოკუნტულს გძინავს და თმაში სინათლე დაგთამაშებს. 

ადრიან დილით ქუჩაში თითქმის არავინაა. გონებით ისევ ვუბრუნდები, თუ რას ამბობდა დილას მეტეოროლოგი. ნეტავ, ცოცხლების ხმა საიქიოში, გარდაცვლილებთან თუ აღწევს? მოვა დრო და გავიგებ. ხანდახან ამაზე ფიქრში შვებას ვპოულობ - მოვა დრო და ყველაფერს გავიგებთ.

ხშირად ჩვენ, ადამიანებს, ცვლილებების გვეშინია. მე კი, მე უფრო იმის მეშინია, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისევ ისე დარჩება. რადგან არავის გაუმარჯვია ერთ ადგილას დიდხანს დგომით.

ნეტავ უფრო შენ იყავი თუ მე? 

შენში იყო სიმი, რომელსაც ვერაფრით მივწვდი და ვერ შევარხიე. ახლა კი წევხარ და მოკუნტულს გძინავს, თმაში სინათლე დაგთამაშებს. როგორც იესოს მთვარიდან, პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან.

ცარიელ ქუჩაში მიმავალი, კანტიკუნტად გოგოებს ვხვდები. ერთი-ორჯერ ზოგი მიღიმის. "სალამის" თქმა არასდროსაა დანაშაული. და მეც, ვესალმები მათ. ვესალმები. ვამბობ - "სალამი".

ნეტავ პირველი მე ვიქნები თუ შენ? ერთი უნდა დარჩეს და ერთი წავიდეს

შენ კი ახლა სენტ ჯეიმზის ლოგინზე წევხარ და გძინავს. როგორც იესოს მთვარიდან, იესოს პლანეტებიდან და ვარსკლავებიდან. 

მე კი ვამბობ - "სალამი", "სალამი", "სალამი".

* * *
ნიკ ქეივის ამ სიმღერას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. რამდენიმე წლის წინ, როცა ავად ვიყავი და გაციების ჩაის დალევის შემდეგ, ძილბურანში ყოფნისას, ყურსასმენებში ეს სიმღერა დაიწყო, ყველაზე უცნაური რამე განვიცადე, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, არც ერთი სიმღერის მოსმენიას არ განმიცდია. რულმორეულს მეგონა, რომ ამ სიმღერაში შიგნით ვიყავი. არა სიმღერაში აღწერილი ამბის პერსონაჟი, არამედ უფრო ბგერების მხრივ, მელოდიაში ვლივლივებდი. ეს შეგრძნება სიმღერის დასრულების შემდეგ გაქრა და შემდეგ სიმღერას აღარ გაჰყოლია. და როგორც ვთქვი, აღარასდროს განმიცდია, მათ შორის არც ამ სიმღერის მოსმენისას. მაგრამ ეს სიმღერა მხოლოდ ამიტომ არ მიყვარს. მიყვარს თავისი ტექსტის გამო, მელოდიის გამო და იმის გამო, თუ როგორ მღერის ამ ტექსტს ნიკ ქეივი. ამიტომ, ახლა, ნიკ ქეივის და ამ სიმღერის განახლებული სიყვარულის დროს (თუკი შეიძლება ის სიყვარული განახლდეს, რომელიც არსად წასულა), გადავწყვიტე, ტექსტი მოთხრობად თუ ჩანახატად მექცია.

Thursday, March 19, 2015

Cherry cupcake

მე და ნიკ ქეივი რომ შევხვედროდით ერთმანეთს, სადმე, ამერიკულ სასადილოში.

ერთმანეთის პირისპირ დავსხდებით. ის - უკან გადატკეცილი სწორი თმით. მე  აკანკალებულ ხელებს მაგიდის ქვეშ დავმალავ.

რამდენიმე წუთი უხერხული სიჩუმე. არ ვიცი, საიდან დავიწყო. ის თვალს არ მომაცილებს, მე თვალებდახრილი ვიჯდები, მის მზერას რომ არ გადავაწყდე.

"ფენქეიქები მინდა, ბევრი, ერთმანეთზე დაწყობილი, ზევიდან მოსხმული სქელ-სქელი კარამელით. როდის მოვა მიმტანი."

ავიხედე და თავზე გვადგას წინსაფრიანი, საშუალო ხნის, ჩათქვირული ქალი, თავზე თეთრი ჩაჩით. ბლოკნოტი ამოიღო, კალამი მოიმარჯვა, ის-ისაა უნდა გვკითხოს, რას ვინებებთ, რომ ნიკ ქეივი იცნო და პირი დააღო. ხმას ვეღარ იღებს (ვიცი, მეც ეგრე ვარ). 

რას ვინებებ?  

- ალუბლის ქაფქეიქს (რა? საიდან მოვიტანე?).

 - მშვენიერია - ჩაილაპარაკა და ჩაიწერა. 

მერე ნიკ ქეივს მიაშტერდა უხმოდ.

- მეც იგივეს. (ღმერთო ჩემო! ისიც ალუბლის ქაფქეიქს შეჭამს. ალბათ მასაც მოესვრება პირი კრემით).

მიმტანი წავიდა. ახლა რა ვქნა, ახლა რა ვქნა? უნდა ავიხედო. დიახ, მისი მზერა. დაკვირვებით მიყურებს. სად წავიღო თვალები? ჩუმად, რომ ვერ შეამჩნიოს, ღრმად ჩავისუნთქე. თვალებში შევხედე. გავუღიმე.

 - იცით, ნედ კელი მეც მიყვარს (რა კარგი ენაა ინგლისური, კაცი ვერ გაიგებს, თქვენობით ველაპარაკები თუ შენობით). თვალებს არ ვაშორებ და ვამჩნევ, რომ გაუკვირდა (დიახ, მე თქვენზე ასეთებიც ვიცი). მერე ნედ კელიზე ვლაპარაკობთ. ასე მგონია, მღერის. ჰო, ნამდვილად მღერის.

ნედ კელიზე მოვრჩით თუ არა, სხაპასხუპით ვაყრი: იცით, თქვენ სიმღერაზე ვიკაიფე? ჰო, პირდაპირი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. ვუსმენდი და ნელ-ნელა მოიტანა. ჰო, თქვენს სიმღერაზე ვარ შემჯდარი. დიახ, განსაკუთრებით ამ ერთ სიმღერაზე. როცა ვუსმენ, ვკაიფობ ხოლმე. არა, არც ისე დიდი ხანია, მაგრამ პირველივე მოსმენაზე მოიტანა. თქვენ თქვენს ყველა სიმღერაზე კაიფობთ? გეტყობათ. იცით...

- თქვენი ალუბლის ქაფქეიქები - მიმტანი თეფშებს წინ გვიწყობს.

გავჩუმდით.

ყველაფერი გაფუჭდა, შემართება გამიქრა. ახლა ისევ მაგიდის ქვეშ უნდა დავმალო ხელები. მოდი, თავს მოვაჩვენებ, ვითომ საოცრად დაინტერესებული ვარ ქაფქეიქით. კარგი იქნება, თუ ხელში ავიღებ და შევატრიალ-შემოვატრიალებ, ვითომ ძალიან მაინტერესებს, სხვადასხვა კუთხიდან როგორ გამოიყურება მრგვალი ქაფქეიქი. ისე, მართლა მადისაღმძვრელი ჩანს. როგორ შევჭამო პირი რომ არ მომესვაროს? მოდი ჩანგლით შევჭამ (ეს ჩანგალი საიდან გაჩნდა?). ჩანგალს ვიღებ, ამ იდეის აბსურდულობას ვხვდები და ეგრევე უკან ვდებ. თვითონ მაინც დაიწყოს ჭამა. მერე უკვე ადვილი იქნება. თვალის კუთხიდან ვუყურებ. ნამცხვარს ხელში იღებს, ალუბალს აცლის, თეფშზე დებს და ქაფქეიქს კბეჩს. უჰ, ისე გემრიელად, რომ ძალაუნებურად ტუჩებს ვილოკავ და ნერწყვს ვყლაპავ. შეამჩნია. სასწრაფოდ რამე უნდა გავაკეთო. აჩქარებულად ალუბალს ვიღებ და ჭამას ვიწყებ. კარგია, პირი გამშრალი მაქვს და მომჟავო გემო მსიამოვნებს.

 - თუ გინდა ჩემიც აიღე - მთავაზობს.
- რა? - კინაღამ კურკა გადამცდა. ალბათ ძალიან გაოცებული თვალები მაქვს.
- ალუბალი. თუ გინდა ჩემიც აიღე - მიმეორებს.

 აჰ, არა. ალუბალი არ მიყვარს. ვამბობ და კურკას პირიდან ვიღებ. Oh, my.. ალმური ამდის. ალუბალი არ მიყვარს?  (შემეკვეთა კარამელიანი ფენქეიქები!) თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. ჰო, ქაფქეიქი. ვიღებ და კრემს შეუმჩნევლად ვლოკავ, ისე რომ ვერ დაინახოს. მერე პატარა ნაწილს ვკბეჩ, მერე უფრო დიდს. პირი მაინც მომესვარა. არ ვიწმენდ, ისე ვეუბნები:  - ძალიან გემრიელია. და ვიცინი. ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა.

ამ დროს უცებ, თითქოს არსაიდან, იწყება:

"I stepped out of the St. James Hotel
 I left you behind curled up like a child.."

საიდანღაც ის სიმღერა ჟღერს. აქეთ-იქით ვიხედები და ვხედავ - ჩვენი მიმტანი დახლთან დგას და ღიმილით გვიყურებს. რა თქმა უნდა, მისი ამბავია.

ნიკ ქეივი ზის, სწორი, უკან გადატკეცილი თმით, ვარდისფერი კრემით მოთხუპნული პირით და სულ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მიყურებს. თამამად ვუსწორებ თვალს და მეც ვუღიმი.



Saturday, October 4, 2014

Landscape Painted with Coffee

   სოფელში აივანზე ვიდექი და ფინჯანი ყავით ხელში გავყურებდი მთებს. ყავა იშვიათად კარგი გამომივიდა - უშაქრო, საჭირო რაოდენობის ყავით, არც მწარე და არც ზედმეტად განზავებული. მიაღწია საჭირო ტემპერატურას, როცა ცხელი აღარაა, მაგრამ ჯერ არც ნელთბილია და სასიამოვნოდ, ყლუპ-ყლუპად შეგიძლია სვა. ზაფხულის ნათელი, მზიანი დღე იდგა. ის მომენტი იყო, როცა თვალები უნდა დახუჭო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო და მსუბუქად გაიღიმო. ამ დროს, საიდანღაც ბუზი მოფრინდა, ჭიქაში ჩავარდა და ჩემი იდეალური ყავა გადასაქცევი გახდა. ახლის გაკეთებას რა თქმა უნდა აზრი აღარ ჰქონდა - ასეთი კარგი აღარ გამოვიდოდა. მომენტიც ჩავლილი იყო.  მაგრამ ის წამი უკვე დაჭერილი მქონდა, ამიტომ ბუზმა  კი არ გააფუჭა, უბრალოდ, დაასრულა. არ შეიძლებოდა, ასეთი იდეალური წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო და სწორედ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია.

  რატომ გამახსენდა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ეპიზოდი? ნიკ ქეივს ვუსმენდი და მივხვდი, რომ დღევანდელი დღის დასაჭერი წამები ამ სიმღერის მოსმენისას დადგა.

 Oh, Nick, you old bastard.



 p.s არ ვიცი, აქ და ახლა რა შუაშია, მაგრამ ტყუპი გოგო და ბიჭი თუ მეყოლება ოდესმე, ლუკს და ლეას დავარქმევ.