Wednesday, January 7, 2015

ვარსკვლავები ბრწყინვალებენ, ანათებენ..

   ადრე, ყმაწვილქალობაში, ეკლესიაში დავდიოდი. ვაბარებდი აღსარებას, ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს, საშობაო და სააღდგომო ღამისთევებს. ვკითხულობდი ბევრ სასულიერო ლიტერატურას.

  განსაკუთრებულად მიყვარდა ღამისთევები - შობის და აღდგომის. ორივეს თავის საკუთარი შეგრძნება ჰქონდა ჩემთვის და დღემდე არ გამნელებია - ყოველი შობის და აღდგომის წინაღამეს მოდის და იმ დროს მახსენებს.

  ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დროს.

  მახსოვს, როგორი დიდი სიხარულით მევსებოდა გული, როცა შობის ღამეს საგალობელი "ალილო" იწყებოდა. როგორი სავსე ვიყავი რაღაც დიდით, ძალიან კარგით, რომელსაც ერქვა სიხარული, ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული და კიდევ რაღაც უფრო დიდი, ალბათ - თვითონ ღმერთი.

   მაშინ ვფიქრობდი, სად არის ეს ხალხი, ვისაც ახლა სძინავს, რესტორანში ან სადმე სხვა ადგილასაა, რატომ არ არის აქ, როგორ ვერ ხვდებიან, რომ შეუძლიათ მოვიდნენ და ასეთი დიდი ბედნიერება იგრძნონ, ისეთი დიდი, ისეთი არაამქვეყნიური, რომ ყველანაირი საზრუნავი უბრალო გახადოს და გაფიქრებინოს, რომ ამ წუთებისთვის ღირს ცხოვრება.

  მაშინ ვმარხულობდი კიდეც. არც სამარხვო ხორცებს ან ქაბაბებს ვჭამდი, არც უბედურად ვგრძნობდი ამით თავს და საქვეყნოდ არ ვაცხადებდი, რომ მარხვაზე ვარ. მაშინ ბევრად უფრო მეტად მიყვარდა ადამიანები, ვიდრე ახლა. 

  დღეს კი, როცა კიდევ ერთი შობის ღამე დადგა, მეც ყველანაირი ამქვეყნიური საზრუნავით დახუნძლული, სიხარულს და სიმშვიდეს მოკლებული ვარ, უკვე მხოლოდ მოგონებებში ვინახავ იმ სისავსის შეგრძნებას და ვხვდები, რომ ძალიან დავშორდი ჩემს ღმერთს. 

  12 რომ შესრულდა, აივანზე გავედი. განათებულ ფანჯრებს გავხედე და ვიფიქრე, რომ ესეც ჯადოსნობაა, შობის ღამეს სანთლების ციმციმს უყურებდე და გულში ჩუმად იმეორებდე - ვარსკვლავები ბრწყინვალებენ, ანათებენ ბეთლემსაო..

 

შობას გილოცავთ, მათ, ვისაც გწამთ.