Thursday, August 27, 2020

საოცნებო ოფის-სივრცე ფილმიდან

რომელია თქვენი საოცნებო ოფის-სივრცე ფილმებიდან?

არ ვიცი, ამ შუა შვებულებების პერიოდში რატომ გამიჩნდა ეს კითხვა. შეიძლება იმიტომ რომ ოფისი ნახევრად დაცარიელდა და ჩემს ოთახში საერთოდაც მარტო დავრჩი.

უფრო სწორედ კი, ფილმმა The Intern შთამაგონა, ეს კითხვა დამესვა. ნახეთ, რამხელა ფანჯრებია და როგორი ნათელი სივრცეა! სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ ადგილას, იმაზეც არ მექნებოდა პრობლემა, ჩემს მონიტორს რომ ყველა დაინახავდა (რასაც არ უნდა ვაკეთებდე კომპიუტერში, არ მიყვარს ჩემს მონიტორს სხვები რომ ხედავენ, რაღაცნაირად ვიძაბები, "ალბათ მიყურებენ და ფიქრობენ რა ნელა ვაკეთებ ექსელში ამ რაღაცას?" - და მსგავსი სულელური ფიქრები).

მიუხედავად იმისა რომ ინტროვერტი ვარ და ჩემს პირად სივრცეში სხვების შემოშვება არ მიყვარს, ოფისში ერთიან, დიდ სივრცეში მუშაობის იდეა ძალიან მხიბლავს. ჩემი სულ-სულ პირველი სამსახური სწორედ ასეთ სივრცეში იყო, უზარმაზარ ოთახში (ალბათ ოთახი უკვე აღარ ეთქმოდა, ისეთი დიდი იყო), დიდ მაგიდებთან ვიყავით კომპიუტერებთან მიმჯდარი და ძალიან მომწონდა. თან ჩემი პირველი საოფისე სამსახური იყო და რაღაცნაირად მომწონდა, დილით რომ მივდიოდი (ყველაზე ადრე, როგორც წესი), მხოლოდ მე და ოფისის დიასახლისები ვიყავით, მე კომპიუტერს ვრთავდი და ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, ყავის აპარატთან რიგი დგებოდა, ჰაერში კი ყავის სურნელი დატრიალდებოდა

ახლა სამსახურში პატარა ოთახები გვაქვს, თითიეულში 3-4 კაცით და მართალია, ოთახების კარი სულ ღია გვაქვს ერთიანობის ილუზიის შესაქმნელად, ხანდახან ერთი ოთახიდან მეორეში გადავძახებთ ხოლმე ერთმანეთს, მაინც განცალკევებით ვართ და რაღაცნაირად არაკომფორტულია ჩემთვის. ამას რომ ვამბობ კიდევ ერთხელ მიკვირს, საშინლად ინტროვერტი ვარ და ხშირად ყურსასმენებით ვმუშაობ, ისე რომ გარემოს სრულიად ვწყდები. მაგრამ როგორც ჩანს, დიდი სივრცე მეტ კომფორტს მიქმნის, მითუმეტეს თუ ეს სივრცე აი ასეთია:



ინდუსტრიული დეტალები ინტერიერში, შემინული ჭერი და თეთრად შელესილი კედლები ძალიან მომწონს. შეიძლება დესკტოპადაც კი დავიყენო სამსახურში და ილუზია შევიქმნა, რომ მეც ასეთ ადგილას ვმუშაობ :)

Tuesday, August 11, 2020

ბათუმი

ბათუმი მენატრება ძალიან. რაღაცნაირად, სულისშემხუთავად ძლიერ. 

რატომღაც მგონია რომ უკვე კარგად ვიცნობ. მისი ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე ვიცი და მიყვარს იმ უარყოფითების მიუხედავად და დადებითების გამო.

იცით რა მენატრება? ის შეგრძნება, ქალაქი პირველად რომ გამოჩნდება. თვითონ ქალაქის დანახვაც, მაგრამ უფრო ის, სქაილაინს რომ დაინახავ და უცებ რაღაც დაგივლის სხეულში, გაგახსენდება ყველაფერი ამ ქალაქთან დაკავშირებული და უკვე მთელი სიცხადით აღიქვამ, რომ ჩამოხვედი.

დაბინავების შემდეგ პირველი გამოსვლა ქუჩებში და ტენიან ჰაერში გახვევა. ტენიანში, მაგრამ ძალიან სუფთა ჰაერში, თბილისის შემდეგ განსაკუთრებით.

პირველი ჭამისთვის წასვლა, უხშირესად - "მიუნხენში". ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სიარული და ბოლოსდაბოლოს მიუნხენის დროშების დანახვა. მაგიდასთან დაჯდომა და სიხარულის კიდევ ერთხელ, ცხადი გააზრება, რომ დიახ, ბათუმში ხარ, და მალე გემრიელად შეჭამ. 

დილით თვალის გახელა და სიუცხოვის არგანცდა. თუ მივლინებით ვარ, შეხვედრაზე წასვლისთვის გამზადება და თუ დასასვენებლად - ზღვაზე გასვლა, თუნდაც ზღვაში არ ჩავდიოდე, მაინც დიდი ბედნიერება ზღვის დანახვისას და მარილიანი ჰაერის სუნთქვა ბევრჯერ, ბევრჯერ.

დილის სირბილის დაგეგმვა - ეს საკმაოდ იშვიათად, მაგრამ ყოველი სირბილის შემდეგ იმაზე ორჯერ უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე თბილისში სირბილისას. და მერწმუნეთ, სირბილის შემდეგ თბილისშიც ბედნიერი ვარ ხოლმე.

ბათუმის ქუჩებში სიარული არასდროს მომბეზრდება. თუნდაც წვიმაში. თუნდაც სიცხეში, როდესაც ძალიან დაგაჭერს მზე, უცებ სიადანღაც მაცოცხლებელი ზღვის გრილი ბრიზი მოვა და შვებას გაგრძნობინებს.

ზოგჯერ ხომ არის, რომ სანამ მოგონებები არ გახდება, უშუალოდ მიმდინარეობისას ისე ვერ გრძნობ სიხარულს და ბედნიერებას, ვიდრე შემდეგ, როცა იხსენებ. ბათუმის შემთხვევაში ასე არაა, ის ბედნიერება ყოველთვის იმ წუთისაა ხოლმე, ცხადი და ხელშესახები.

და ახლა, როცა ვიხსენებ, ისევ ისეთი ძლიერია, მაგრამ არა - ხელშესახები.

უამრავი ფოტოდან ეს ავარჩიე, ფოტო გადაღებულია გზიდან, როცა კარანტინის შემდეგ პირველად ჩავედი ბათუმში

Sunday, August 9, 2020

Some Random Thoughts

არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, დილას ყავის დალევამდე ხმა არ გამცეთო, რომ ამბობდნენ. მაგრამ დღეს ყავის პირველი ყლუპის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზეც ჰქონია ეგ ზემოქმედება კოფეინს, უბრალოდ აქამდე ვერ ვამჩნევდი - დილას რაღაცაზე გავბრაზდი და ყავის მერე ცოტა გამიკვირდა, ასე რა მანერვიულებდა.

***

ფეისბუქი უკვე თვეზე მეტია, გაუქმებული მაქვს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც გავაუქმე, სქროლვაზე დამოკიდებულება იყო. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი, როგორ ვიღებდი ტელეფონს, ვხსნიდი აპლიკაციას და გაუაზრებლად ვიწყებდი სქროლვას. ამიტომ ერთ დღესაც (კერძოდ, 29 ივნისს) ავდექი და გავაუქმე. ეს ფეისბუქის გაუქმების მეორე შემთხვევაა ჩემთვის, პირველი შარშან ზაფხულს, ზუსტად ამ პერიოდში იყო, თუმცა უფრო ხანმოკლე პერიოდით - 2 კვირაში ისევ დავუბრუნდი. წელს ჯერჯერობით დაბრუნების სურვილი არ მქონია. თუმცა თავს არც ვიზღუდავ, თუ მომინდება, აღვადგენ; არ მინდა, აკრძალული ხილი გახდეს. სექტემბერში ჩემი დაბადების დღისთვის ვგეგმავ დაბრუნებას, მილოცვები მიყვარს ☺ ფეისბუქის გაუქმების შემდეგ ინსტაგრამი გახდა ჩემი მთავარი სოციალური ქსელი და ზოგადად, ინტერნეტ-სივრცე. ბოლო დროს როცა შევამჩნიე, რომ ამ სივრცეშიც უკვე დიდი დროის გატარება დავიწყე, ტელეფონში აპლიკაციაზე თაიმერი დავაყენე, რის მიხედვითაც დღეში მაქსიმუმ საათნახევრის გატარება შემიძლია. თუ ამ დროს გადაცდა, ტელეფონი აპლიკაციას დამიბლოკავს და ღამის 12-მდე შესვლას ვერ შევძლებ. ჯერჯერობით შედეგი ასეთია: სამუშაო დღეებში დროისთვის არ გადამიჭარბებია, მაგრამ ვიქენდებზე კატასტროფა ხდება - მაგალითად გუშინ, აპლიკაციაში 3 საათი და 14 წუთი გავატარე! თუ საათნახევრიანი შეზღუდვა გქონდა, ამდენი დრო როგორ დაგიგროვდაო, იკითხავთ. ამაზე გიპასუხებთ რომ საათნახევრის შემდეგ ტაიმერი გამოვრთე და ისე გავაგრძელე სქროლვა. თუმცა საკუთარ თავს დავპირდი, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.

***

"სქროლვის" ქართული შესატყვისი არ გვაქვს, ხომ? იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები ვისაც მიაჩნია რომ ყველა სიტყვა და ტერმინი ქართულადაც უნდა გვქონდეს, მაგრამ ქართული ენა ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ მის დიდ ნაწილს ყოველდღიურ საუბარში ისე აქტიურად არ ვიყენებთ, როგორც შეიძლებოდა, რომ გამოგვეყენებინა. მე რაღაც სიტყვების ამოჩემება ვიცი ხოლმე, ძირითადად ძველებურ სიტყვებს ვაბრუნებ ჩემს ლექსიკონში და რაღაც პერიოდი ძალიან ხშირად ვიყენებ. იმდენი კარგი ჟღერადობის სიტყვებია, რომ მგონია უფრო ზუსტად აღწერს მოცემულ მნიშვნელობას, სხვა უფრო გავრცელებულ სიტყვებთან შედარებით. მაგალითად, ბოლო დროს ხშირად ვხმარობ სიტყვას "მყისიერი", რომელსაც ასე ყოველდღიურ საუბარში ხალხი დიდად არ იყენებს. არადა ძალიან კარგია, მეილებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად: "გმადლობთ მყისიერი პასუხისთვის" - ზუსტად აღწერს რომ ადრესატმა ძალიან სწრაფად და დროულად გიპასუხათ. "სწრაფი" ან "დროული" ისე კარგად ვერ გამოხატავდა აზრს, როგორც "მყისიერი".

***

"შითს კრიკს" ვუყურებ და ბოლო სეზონზე ვარ უკვე. კარგ სერიალს რომ მივაგნებ, ეგ მჭირს, მთლიანად უნდა გადავეშვა და ისე სწრაფად ვუყურო, რომ უცებ დავამთავრო და მერე გული დამწყდეს, ასე მალე რომ მოვრჩი, თან ახლის ძებნა რომ მომიწევს. 

***

ჩემი კიდევ ერთი random thought არის თუ რატომ ვარქმევ პოსტების უმეტესობას ინგლისურ სახელებს. ეს ფენომენი ჯერჯერობით ვერ ამოვხსენი, არადა დასაბამიდან ეგრე ვარ. მითუმეტეს, რომ ამ პოსტში, რომელსაც ასევე ინგლისური სახელი ჰქვია, ვლაპარაკობ თუ როგორი კარგია ქართული ენა.