Friday, January 12, 2024

2024 წელს

ამ წლის გეგმები არ ჩამომიწერია ან დამიგეგმავს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, მინდა, რომ 2024 წელს სოციალურ მედიაში ნაკლები დრო გავატარო. ყოველ წელს უფრო და უფრო ისტერიული და არაჯანსაღი ხდება ეს პლატფორმები და მეც უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებ იქ. თითქოს კარგია, ტიკტოკზე მხოლოდ სასურველ თემებზე ნახავ კონტენტს, მაგრამ მეორე მხრივ, შეხვალ და, ერთი ტიკტოკი მენტალურ ჯანმრთელობაზეა, ჩამოსქროლავ და შემდეგი სახის მოვლის რუტინაა, კიდევ ჩამოსქროლავ და ნარუტო დაგხვდება და ასე, ყოველ 30-60 წამში შენს ტვინში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია შერბის და გამორბის, შერბის და გამორბის.. და საბოლოოდ, არაფერი გრჩება, მხოლოდ ემოციური თუ გონებრივი რესურსისგან დაცლილი ხარ და ტვინი მხოლოდ ტიკტოკის ტრენდული მუსიკით გაქვს სავსე.

რა საშინელებაა, არა? 

ასევე მინდა, კითხვას მივუბრუნდე. ეს სურვილი უკვე ისე დაძველდა, ყოველ წელს ვატრიალებ. როგორი უცნაურია, რაღაც ასე გიყვარდეს, ასე გინდოდეს და ასე არ გამოგდიოდეს. ამის მიზეზი კი ამ პოსტის პირველ აბზაცშია. გაუთავებელი სქროლვა ყურადღების დეფიციტს კვებავს. მხოლოდ 30 წამიანი ვიდეოებისთვის არის ტვინი მზად, სხვა ყველაფერი ტანჯვად ეჩვენება. ამაზე ძალიან ვღელავ, არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ზოგადად, რას მოგვიტანს ან სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. პანდემიის დროს მივეჯაჭვეთ განსაკუთრებულად სოციალურ მედიას და იმედია, ნელ-ნელა დავარეგულირებთ.

უმთავრესი, რაც წელს მინდა, არის ჩემი თავის აღმოჩენა და უკეთ გაცნობა. მინდა, მე ვიყო ჩემი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი, მთავარი გმირი. წინა წლებში სიმშვიდეს ვნატრობდი, მაგრამ წელს მინდა, რომ ყველა ჩემი ემოცია ჩემი იყოს და განვიცადო, არ მივჩქმალო და არ შევაჩერო. მინდა, რომ ჩემი თავის ყველაზე ავთენტური ვერსია ვიყო და ეს თამამად გამოვაჩინო სხვებთანაც. 


Tuesday, January 9, 2024

* * *

კარი ფრთხილად გამოვიხურე და სენტ ჯეიმზის სასტუმროს დიდ ფანჯრებიან, ფართო ჰოლს გავუყევი. უჩუმრად მივაბიჯებ, ხალიჩა ფეხის ხმას ყლაპავს. კარის გამოხურვამდე, ოთახს ბოლოჯერ მოვავლე თვალი. ტელევიზორი ჩართულია და მეტეოროლოგის ხმა წვიმებს გვაუწყებს. შენ არეულ ლოგინზე ბავშვივით მოკუნტული წევხარ და გძინავს. გამოხურვისას, კარმა მცირედ დაიხმაურა და ტელევიზორის ხმა მიწყდა. 

სენტ ჯეიმზიდან გარეთ გამოვედი, ადრიანი დილის ნოტიო ჰაერი შევისუნთქე. ცარიელი ქუჩები დილის ცვრისგან ბრწყინავს

ქუჩას გავუყევი, გონებაში შენი ბოლო ხატება მიტრიალებს - როგორ წევხარ აულაგებელ ლოგინზე და თმაში ნათელი დაგთამაშებს. თითქოს ხარ იესო მთვარიდან, იესო პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან. 

ნეტავ პირველი შენ იქნები თუ მე? 

ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა გულში ძლიერი დარტყმას ჰგავდა. სუნთქვას რომ შეგიკრავს და ყველაფერ სხვას უმნიშვნელოს ხდის. ახლა კი ლოგინში მოკუნტულს გძინავს და თმაში ნათელი დაგთამაშებს. 

ადრიან დილით, ქუჩაში თითქმის არავინაა. გონებით ისევ ვუბრუნდები, თუ რას ამბობდა დილას მეტეოროლოგი. ნეტავ, ცოცხლების ხმა საიქიოში, გარდაცვლილებთან თუ აღწევს? მოვა დრო და გავიგებ. ხანდახან, ამაზე ფიქრში შვებას ვპოულობ - მოვა დრო და ყველაფერს გავიგებთ.

ხშირად, ჩვენ, ადამიანებს, ცვლილებების გვეშინია. მე კი, მე უფრო იმის მეშინია, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისევ ისე დარჩება. რადგან არავის გაუმარჯვია ერთ ადგილას დიდხანს დგომით.

ნეტავ უფრო შენ იყავი თუ მე? 

შენში იყო სიმი, რომელსაც ვერაფრით მივწვდი და ვერ შევარხიე. ახლა კი წევხარ და მოკუნტულს გძინავს, თმაში ნათელი დაგთამაშებს. როგორც იესოს მთვარიდან, პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან.

ცარიელ ქუჩაში მიმავალი, კანტიკუნტად გოგოებს ვხვდები. ერთი-ორჯერ ზოგი მიღიმის. "სალამის" თქმა არასდროსაა დანაშაული. და მეც, ვესალმები მათ. ვესალმები. ვამბობ - "სალამი".

ნეტავ პირველი მე ვიქნები თუ შენ? ერთი უნდა დარჩეს და ერთი წავიდეს

შენ კი ახლა სენტ ჯეიმზის ლოგინზე წევხარ და გძინავს. როგორც იესოს მთვარიდან, იესოს პლანეტებიდან და ვარსკლავებიდან. 

მე კი ვამბობ - "სალამი", "სალამი", "სალამი".

* * *
ნიკ ქეივის ამ სიმღერას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. რამდენიმე წლის წინ, როცა ავად ვიყავი და გაციების ჩაის დალევის შემდეგ, ძილბურანში ყოფნისას, ყურსასმენებში ეს სიმღერა დაიწყო, ყველაზე უცნაური რამე განვიცადე, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, არც ერთი სიმღერის მოსმენიას არ განმიცდია. რულმორეულს მეგონა, რომ ამ სიმღერაში შიგნით ვიყავი. არა სიმღერაში აღწერილი ამბის პერსონაჟი, არამედ უფრო ბგერების მხრივ, მელოდიაში ვლივლივებდი. ეს შეგრძნება სიმღერის დასრულების შემდეგ გაქრა და შემდეგ სიმღერას აღარ გაჰყოლია. და როგორც ვთქვი, აღარასდროს განმიცდია, მათ შორის არც ამ სიმღერის მოსმენისას. მაგრამ ეს სიმღერა მხოლოდ ამიტომ არ მიყვარს. მიყვარს თავისი ტექსტის გამო, მელოდიის გამო და იმის გამო, თუ როგორ მღერის ამ ტექსტს ნიკ ქეივი. ამიტომ, ახლა, ნიკ ქეივის და ამ სიმღერის განახლებული სიყვარულის დროს (თუკი შეიძლება ის სიყვარული განახლდეს, რომელიც არსად წასულა), გადავწყვიტე, ტექსტი მოთხრობად თუ ჩანახატად მექცია.

Friday, January 5, 2024

2024

დღეს სრულიად მოულოდნელად შემოვედი ბლოგზე. ბოლო დროს მივივიწყე და სტუმრობითაც აღარ ვსტუმრობ ხოლმე. წინა პოსტზე ძალიან გულისამაჩუყებელი კომენტარი დამხვდა და ახალი პოსტის დროა-მეთქი, ვიფიქრე. 

ახალ წელში პირველი პოსტი. თუმცა ჩემთვის წლებმა მნიშვნელობა დაკარგა, ახალი წლის მოსვლას რაღაც იმედებით არ ველი, რადგან 1 იანვარი მორიგი დღეა. თუმცა ამ შეგრძნებას, ამ განწყობას, სულ არ აქვს უარყოფითი დატვირთვა ჩემში - კალენდარზე რიცხვების შეცვლა რაღაც დიდს არ ნიშნავს, კარგი ისედაც მოხდება და ცუდიც. ვიღაც თუ ამ თარიღის ცვლილებას სასიკეთოდ იყენებს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა გააგრძელოს. თუმცა იმ ნაწილზე გული მწყდება, ახალ წელმა ჩემთვის ჯადოსნურობა რომ დაკარგა. ადრე რაღაც აურით გარშემორტყმული დავდიოდი წინასაახალწლო დღეებში, მოციმიმე შუქები და ნაძვის ხის სათამაშოების ბრჭყვიალი რაღაც განსაკუთრებულ განწყობილებას ქმნიდა ჩემში. ბოლო წლებში ეს ნელ-ნელა იკლებდა და წელს მიინავლა და თითქმის ჩაქრა. ეს პანდემიის და გაზრდის ბრალია. რაც ვიზრდები და მეტ რამეს ვნახულობ, მეტ ამბავს ვიგებ, უფრო და უფრო რთულია, უდარდელი და ლაღი დავრჩე. 

2023 წელი უცნაური იყო. შერეული და მრავალფეროვანი. მოულოდნელობებითაც და დაგეგმილი ამბებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტრესი და სანერვიულო მქონდა, ახლა, 2024 წლიდან უკან რომ ვიხედები და 2023-ს ვუყურებ, რაღაცნაირად კმაყოფილების შეგრძნება მაქვს. ცუდად არ მახსენდება. 

ერთ-ერთ წინა პოსტში ვწერდი, ახალი ადამიანები მაკლია-მეთქი და 2023-ში ნამდვილად ავინაზღაურე ეგ დანაკლისი. ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი გავიცანი. ეს ჩემთვის განსაკუთრებით აღმაფრენის მომგვრელია ხოლმე, როცა ვიღაცის გაცნობას და შეცნობას ვიწყებ. განსაკუთრებით მიყვარს, თუ საინტერესო, cool გოგოებს ვიცნობ - ეგრევე მინდა, დავუმეგობრდე. გოგოებს რაღაც განსაკუთრებული კოდი გვაქვს ტვინში, მეგობრობის, როცა ათი წუთის გაცნობილს შეიძლება შენი ტკივილები მოუყვე და ეს საერთოდ არ იყოს უცნაური. 

კი ვამბობდი, წლებმა მნიშვნელობა დაკარგა-მეთქი, მაგრამ აი ახლა მშვენივრად გამოვიყენე, რომ ჩემი განვლილი ცხოვრების რაღაც ეტაპი შემეფასებინა.