Showing posts with label MyGreenShadow. Show all posts
Showing posts with label MyGreenShadow. Show all posts

Friday, July 18, 2025

ჩემი ბებო

თავს როგორ ცუდადაც არ ვგრძნობდე, ერთი ადგილია, რომელზე ფიქრსაც კი შვება და ნუგეში მოაქვს - ჩემი სოფელი. 

ჩემი სოფელი, სადაც ჩემი ბავშვობა ინახება, ხელუხებლად არის დაკეცილი მოგონებები და ძველ, ხისგან გამოხრულ კარადაშია ჩალაგებული. 

სოფელი ჩემი ბებოს გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენს ძველ, ხის აივნიან სახლში ბებოს გარეშე დარჩენა არასდროსაა სრულყოფილი. ამ სახლში ჩემი ბავშვობის მრავალი ზაფხულია, და ერთი-ორი - ზამთარიც. ზაფხულები კი მრავალი იყო. დილაობით ყოველთვის მაღვიძებდა ერთი კადრი - ბებო აივანზე ფუსფუსებდა და ელექტრო პლიტაზე ალუმინის პატარა ქვაბით საჭმელს ათუხთუხებდა. ბებოსთვის არ არსებობდა იმაზე დიდი დარდი, ვიდრე ჩემი და ჩემი ძმის უჭმელად ყოფნა, ამიტომ თადარიგს დილიდანვე იჭერდა - ყოველთვის მოხრაკული სუნი მაღვიძებდა, რასაც ვერ ვიტანდი, მაგრამ არასდროს ვამბობდი. იმისათვის, რომ ჭამა ჩვენთვის უფრო მიმზიდველი გაეხადა, ბებომ ასეთ ხრიკს მიმართა - ფურცელზე მენიუ ჩამოწერა და ჩვენ რასაც ავირჩევდით, იმას მოამზადებდა. ჩვენს სოფლის სახლში ზაფხულის ხშირი საჭმელი იყო ლიპა - მოშუშული პომიდორი კვერცხით. ასევე მენიუს ხშირი სტუმარი იყო აჯაფსანდალი. აივნის ბოლოში რკინის საწოლი იდგა, რომელსაც მგონი ლეიბიც კი არ ეფარა, მხოლოდ დღე წამოსაწოლად და საკითხავად ვიყენებდით. გვერდით სკა იდგა, რომელიც მაგიდის მაგივრობას ასრულებდა. ბებომ ეს ადგილი სასადილოდ აქცია და საჭმელსაც აქ მოგვართმევდა ხოლმე. 

მაგრამ ბებო თავის ასეთ დაუზარლობასაც კი აჭარბებდა, როცა საქმე ხინკალს ეხებოდა - შუაღამისას რომ გაგეღვიძებინა და გეთქვა, ხინკალი გავაკეთოთო, უსიტყვოდ წამოდგებოდა, თავსაფარს წაიკრავდა და ცომის მოზელას შეუდგებოდა. არ მახსოვს, ოდესმე ხინკლის გაკეთება დაზარებოდეს. მაშინ გაჭირვება იყო და ხშირად კარტოფილის ხინკალი გვქონდა. თუმცა, ხორცისა დიდად არც მიყვარდა. პატარა, კოხტა ხინკლებს ახვევდა ხოლმე ბებო, ზოგჯერ "ბაჭიებსაც" აკეთებდა, მოგრძოდ დაწნულ ხინკლებს, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარდა და რატომღაც ყოველთვის მხოლოდ რამდენიმეს ვაკეთებდით. ხინკალი რომ მოიხარშებოდა, "ტექსუნის" დიდი, თუნუქის ქილიდან მცენარეულ ერბოს ამოვიღებდით და ხინკლებს ბლომად გადავუსვამდით. კარტოფილის ხინკალს ახლაც იმ დროის გემო აქვს ჩემთვის.

ბებო მთელი ზაფხული მათემატიკაში გვამეცადინებდა. არ ვიცი სხვა ადამიანი, რომელსაც მათემატიკა ასე ძლიერ და ასე ჩუმად ყვარებოდეს, როგორც ბებოს. მთელი დღე რომ ვმჯდარიყავით და გვემეცადინა, არ მობეზრდებოდა. ამიტომ ვისხედით და თოფურიას წიგნიდან დავალებებს ვაკეთებდით. არასდროს მიკითხავს, როგორ ან რატომ აირჩია მათემატიკა პროფესიად. ახლა ძალიან ვნანობ.

სოფელში სტუმარი ერთი დღესასწაული იყო, მეზობლების ყოველ მოსვლას სიხარულით ვხვდებოდით. არ ვიცი, ეს სოფელში რომ ვიყავით ამის გამო იყო, თუ იმიტომ, რომ ბებოს სტუმარი ძალიან უყვარდა. არ მინახავს ვინმე სხვა, სტუმარი ასე ყვარებოდეს. 

ბავშვებიც ძალიან უყვარდა ბებოს. ერთხელ მაღაზიაში პატარა ბავშვი შეხვედრია და ბებო მიფერებია, ეს პატარა ბაჭია ვინ არისო. ბავშვს წარბი შეუკრავს და უპასუხია: ბაჭია თქვენა ხართო. 

ჩვენი ცხოვრება ხომ გარდა ჩვენისა, ვიღაცების მოგონებებშიცაა გადანაწილებული. ჩემი ბავშვობის და მოზრდილობის დიდი ნაწილი ბებოს მოგონებებში იყო. ისეთში, რომელიც მხოლოდ მან იცოდა. მხოლოდ მან იცოდა, ერთხელ, შუაღამისას, სოფელში ცუდი სიზმრისგან შეშინებული როგორ წამოვხტი და ორი ნაბიჯით ბებოსთან ტახტზე გავჩნდი. წავიდა ბებო და ეს მოგონებებიც თან წაიღო. 

და ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

Friday, February 21, 2025

Apocalypse now (?)

 ჰეი, ჩემო ბლოგო.

აქაურობა დღიურად მექცა, თუმცა ეს ალბათ 2009 წელს მოხდა, როცა პირველი პოსტი დავწერე. 

პარასკევია, მე შვებულება მაქვს. დილას გაღვიძებისთანავე არ ავმდგარვარ, არც ტელეფონის სქროლვა დამიწყია, თვალდახუჭული ვიწექი და ვფიქრობდი. მერე ავდექი, შვრიის ფაფა გავიკეთე, ყავა მოვიდუღე და ტელეფონის სქროლვის ნაცვლად ლეპტოპი გავხსენი. ბლოგზე შემოვედი და ჯერ ჩემი, შემდეგ ბლოგთა სამეგობროს პოსტებს გადავხედე. სევდიანი სიამოვნება იყო ძველი პოსტების კითხვა, როცა შედარებით სიმშვიდეში ვცხოვრობდით. ცოტა ხნით რეალობას გავექეცი, მაგრამ კითხვას რომ მოვრჩი, დაბრუნება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. დღეს აღარ გვაქვს ფუფუნება, საკუთარ პრობლემებსა და პატარ-პატარა რამეებზე დავიჩივლოთ და ვიწუწუნოთ, ან თუნდაც რაიმე კარგზე ვილაპარაკოთ - მოგზაურობაზე, გემრიელ საჭმელსა თუ ურთიერთობებზე. დღეს აღარაფერი არ არის ნორმალურად. გავურბივარ იმის ბოლომდე გაცნობიერებას, რომ საუკეთესო წლებს, არა, რატომ წლებს, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ასაკის საუკეთესო დღეებს მუდმივ შფოთვასა და ნერვიულობაში ვატარებთ. 

მსოფლიო კი ყოველ დღე უფრო და უფრო უარესი ხდება.

Wednesday, October 2, 2024

16 წელი

უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს რომ ვუყურებ, ვგრძნობ, რამხელა დროა გასული. რამდენი რამ მოხდა ამ თექვსმეტ წელში. მას შემდეგ სამი სახლი და უბანი გამოვიცვალე, ორი ხარისხი მივიღე და მესამეზე ვსწავლობ ახლა. უამრავი მეგობარი შევიძინე, უამრავ ადამიანს შევხვდი, მათ შორის ზოგმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, კარგიც და ცუდიც. 

ეს ბლოგი კი ამ ხნის განმავლობაში არსებობს და არსებობს.. დრო მიდის, ხან მზე ანათებს, ხან წვიმს და ქარიშხალია, ბლოგი კი მტკიცედ დგას და დროის კვალს ინახავს. ზოგიერთ პოსტს რომ ვკითხულობ, ძველს, წლების წინ დაწერილს, ზუსტად მახსოვს, სად ვიჯექი და როგორ ვწერდი. ესაა დროში მოგზაურობა, აბა რა არის.

მართალია, ბლოგებს დღეს ის ფასი აღარ აქვთ, მაგრამ გაივლის წლები და ჩემთვის ეს ბლოგი ისეთივე (თუ უფრო მეტად არა) მნიშვნელოვანი იქნება, როგორც დღეს ან ათი წლის წინ იყო. ბლოგი, რომელსაც თხუთმეტნახევარი წლის წინ Wonderland დავარქვი და ინტერნეტ-სივრცეში უცნობებისთვის ჩემი გულის კარი გავხსენი. მაშინ ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო ის გულახდილობა, რომლითაც ვწერდი. რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ გაუბედავი და ჩაკეტილი ვიყავი და ჩემი პიროვნების დაფარულ ნაწილს აქ თამამად რომ ვავლენდი, ძალიან დიდ შვებას მგვრიდა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდი, ბლოგი რეალობისგან გაქცევის და თავშესაფრის ერთადერთი გზა იყო. მაშინდელ რეალობას ჩემ გარშემო კი მართლაც გაქცევა სჭირდებოდა. აქაურობა კი სუფთა ჰაერი იყო. ყველაფერი კარგი იყო, რაც იმ დროს ძალიან მჭირდებოდა. 

არ ვიცი, ახლა რამ გამახსენა ეს ფაქტი, მოულოდნელად დამკრა თავში და დავაფასე.

Wednesday, September 18, 2024

გამარჯობა

გამარჯობა. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ეს დღე მიყვარს, თუმცა იმდენად მიყვარს, რომ ერთმა პატარა რაღაცამ შეიძლება საშინლად გამიფუჭოს ხასიათი და მთელი დღეც თან მიჰყვეს. 

ამ დღეს ბედნიერიც ვარ და მელანქოლიურიც. როგორი უმნიშვნელოა წლები და ასაკი, როცა ისევ ის ადამიანი ხარ. რაღაც ერთი განგრძობითი პროცესი ხომაა ცხოვრება და გვიჭირს ცვლილებების შემჩნევა. ოცი წლის მე პირდაპირ ოცდაჩვიდმეტი წლისაში რომ გადმომხტარიყო, ძალიან გაუკვირდებოდა და ეუცხოებოდა ყველაფერი. მაგრამ ახლა, ამ პროცესში მყოფი რომ ვიყურები უკან, ოცი წლის ასაკი არც ისე შორი ჩანს. პირიქით, ოცდაჩვიდმეტი უფრო შორია, თითქოს სადღაც უკან, სხვა ასაკში დავრჩი და გაოცებული ვუყურებ კალენდარს, სადაც ოცდაჩვიდმეტი წლის ვარ. ამაზე ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ. ამ ასაკზე, როცა უკვე "ახალგაზრდა მეცნიერს" აღარავინ მიწოდებს ალბათ. თუმცა არც ასაკოვანი არ ვარ, მაგრამ რომელიმე სფეროში "ახალგაზრდათაც" აღარ ვითვლები. ძალიან უცნაური შეგრძნებაა.

ვიღაცები ამბობენ, ასაკი მხოლოდ რიცხვებიაო, რადგან შინაგანად ვერ გრძნობენ, რომ ვიღაცისთვის უკვე სხვა თაობა, დიდები არიან. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმას, რომ ახალი თაობისთვის დიდი ვარ. ალბათ, არც არაფერი. უფრო იმის გააზრებაა უჩვეულო, რომ მომავალი თაობა აღარ ვარ, თაობა, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს. მე უკვე ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ არა დროში წინ, არამედ ცხვირწინ. სწორედ ამის დაფასებას უნდა მივეჩვიო. არ ვიტყვი, ამის დაფასება უნდა ვისწავლო-მეთქი, რადგან ნასწავლი მაქვს. ჯერ ჩვევაში არ გადამზრდია ოღონდ.

ამდენი რამ გამოვიარე და ვნახე უკვე, და მაინც, ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, ამ ყოველდღიურ ინფორმაციულ შტორმებში, ცუდ ამბებში, რაც ჩემს თუ ქვეყნის თავს ხდება, მაინც რომ შემიძლია, პატარ-პატარა ბედნიერებებით ვისიამოვნო. 

Thursday, May 23, 2024

ჩემს ობიექტივში

 ზოგჯერ ბევრს ვფიქრობ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩემზე. ამ დროს საკუთარ თავს ვშორდები. ამ დროს საკუთარ თავზე კი არა, სხვების ფიქრებზე ფიქრში ვატარებ დროს. ამ დროს ყველაზე მეტად ვშფოთავ. 

ბოლო დროს ვისწავლე ასეთი მომენტების დროულად დაჭერა და შინაგანი ვიდეოკამერის ჩემსკენ მობრუნება. თუმცა კამერა დრო და დრო გამირბის და მის ობიექტივში ისევ სხვები ექცევიან, თუ როგორ ფიქრობენ ჩემზე იმას, რაც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაშია და მათ რეალურ ფიქრებს უმეტესწილად არ ასახავს. მე კი მე ვარ, სხვისი წარმოდგენები ვერ შემცვლის. მთავარია, ობიექტივი ყოველთვის ჩემზე დაბრუნდეს. 

თვითშეცნობაზე კარგი ამქვეყნად არაფერია. ყველა კარგი ადამიანი, რომელიც თავის თავისთვისაც კარგია და საზოგადოებისთვისაც, თვითშემეცნებისთვის აქვს მიღწეული. როგორი მარტივია და როგორი რთული.

Tuesday, February 20, 2024

Miscellaneous

 არასდროს არ ვიცი, ეს სიტყვა ზუსტად როგორ იწერება, ან როგორ იკითხება. მხოლოდ ის ვიცი, რას ნიშნავს და ის, რომ ამ პოსტს ზუსტად შეეფერება.

***

სამსახურში ვარ და ლანჩს ველი. ყოველი სამუშაო დღეს ლანჩის გარშემო ვგეგმავ - რაღაცები ლანჩამდე უნდა გავაკეთო და რაღაცები - ლანჩის შემდეგ. როგორც კი 12 საათი მოახლოვდება (ანუ, საჭმლის მოსვლის დრო), ჩემი მთლიანი განწყობა იცვლება და ვეღარაფერს ვაკეთებ, ვიდრე საჭმლის საყიდლად არ ჩავალ და არ შევჭამ.

***

თმის ასე შეჭრა მინდა. ცოტა იქით ვდებ, გაზაფხულისკენ. ზამთარში გრძელი თმა კარგად გადგება ადამიანს (თუმცა გრძელი ახლაც არ მაქვს). თან ცოტა ვღელავ, ჯერ ერთი, ჩოლკა, ანუ წინამო? - მე ხომ ვთქვი, რომ აღარასდროს მექნებოდა ასეთი, შუბლზე ჩამოყლილი ჩოლკა. მაგრამ თან ძალიან მაინტერესებს როგორ დადგება ჩემი თმა ასე შეჭრილი. ასე მოკლედაც ძალიან დიდი ხანია, არ მქონია. ბავშვობის მერე, როცა დედა უმოკლესად მჭრიდა და ყველას ბიჭი ვეგონე.

ოდრი ტატუ არის ჩემი ბოლოდრინდელი თმის შეჭრების ინსპირაცია. ჯერ ერთი, ვიზუალურად ძალიან მომწონს ისედაც და ბოლო რამდენიმე შეჭრა სულ მისი ფოტოები მიმაქვს ხოლმე სტილისტთან. სულ ბოლოს ამ ფოტოს მიხედვით შევიჭერი:


***



რა ლამაზი ფერები და სტილია, არა?  ფერები უფრო შემოდგომას უხდება, მაგრამ გაზაფხულზე რომ ჩავიცვა, არავინ დამიჭერს ალბათ. ხანდახან წამომივლის ხოლმე სურვილი, ავდგე და გარდერობი მთლიანად განვაახლო, მაგრამ ეს სურვილი პინტერესტზე ცოტახნიანი სერფინგის მერე ქრება. 




***

ბოლო დროს ძალიან ვინსპირირდები აზიური მაკიაჟის სტილით - ვიცი, არაფერი სიახლე არაა, იმდენად აქტუალურია ახლა ყველაფერი აზიური. თუმცა მე კონკრეტულ ვიზუალს ვგულისხმობ: მუქი თმა, ფერმკრთალი კანი, წითელი ტუჩები და თვალებზე მინიმალური ლაინერი+ტუში. რადგან სახის კანს მზისგან მაქსიმალურად ვიცავ, ამიტომ ჩემს კანს დიდი ხანია, მზის სხივები არ მიჰკარებია და განსაკუთრებით ფერმკრთალი ვარ და ასეთი მაკიაჟი მიხდება. 


Friday, January 12, 2024

2024 წელს

ამ წლის გეგმები არ ჩამომიწერია ან დამიგეგმავს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, მინდა, რომ 2024 წელს სოციალურ მედიაში ნაკლები დრო გავატარო. ყოველ წელს უფრო და უფრო ისტერიული და არაჯანსაღი ხდება ეს პლატფორმები და მეც უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებ იქ. თითქოს კარგია, ტიკტოკზე მხოლოდ სასურველ თემებზე ნახავ კონტენტს, მაგრამ მეორე მხრივ, შეხვალ და, ერთი ტიკტოკი მენტალურ ჯანმრთელობაზეა, ჩამოსქროლავ და შემდეგი სახის მოვლის რუტინაა, კიდევ ჩამოსქროლავ და ნარუტო დაგხვდება და ასე, ყოველ 30-60 წამში შენს ტვინში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია შერბის და გამორბის, შერბის და გამორბის.. და საბოლოოდ, არაფერი გრჩება, მხოლოდ ემოციური თუ გონებრივი რესურსისგან დაცლილი ხარ და ტვინი მხოლოდ ტიკტოკის ტრენდული მუსიკით გაქვს სავსე.

რა საშინელებაა, არა? 

ასევე მინდა, კითხვას მივუბრუნდე. ეს სურვილი უკვე ისე დაძველდა, ყოველ წელს ვატრიალებ. როგორი უცნაურია, რაღაც ასე გიყვარდეს, ასე გინდოდეს და ასე არ გამოგდიოდეს. ამის მიზეზი კი ამ პოსტის პირველ აბზაცშია. გაუთავებელი სქროლვა ყურადღების დეფიციტს კვებავს. მხოლოდ 30 წამიანი ვიდეოებისთვის არის ტვინი მზად, სხვა ყველაფერი ტანჯვად ეჩვენება. ამაზე ძალიან ვღელავ, არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ზოგადად, რას მოგვიტანს ან სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. პანდემიის დროს მივეჯაჭვეთ განსაკუთრებულად სოციალურ მედიას და იმედია, ნელ-ნელა დავარეგულირებთ.

უმთავრესი, რაც წელს მინდა, არის ჩემი თავის აღმოჩენა და უკეთ გაცნობა. მინდა, მე ვიყო ჩემი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი, მთავარი გმირი. წინა წლებში სიმშვიდეს ვნატრობდი, მაგრამ წელს მინდა, რომ ყველა ჩემი ემოცია ჩემი იყოს და განვიცადო, არ მივჩქმალო და არ შევაჩერო. მინდა, რომ ჩემი თავის ყველაზე ავთენტური ვერსია ვიყო და ეს თამამად გამოვაჩინო სხვებთანაც. 


Tuesday, January 9, 2024

* * *

კარი ფრთხილად გამოვიხურე და სენტ ჯეიმზის სასტუმროს დიდ ფანჯრებიან, ფართო ჰოლს გავუყევი. უჩუმრად მივაბიჯებ, ხალიჩა ფეხის ხმას ყლაპავს. კარის გამოხურვამდე, ოთახს ბოლოჯერ მოვავლე თვალი. ტელევიზორი ჩართულია და მეტეოროლოგის ხმა წვიმებს გვაუწყებს. არეულ ლოგინზე შენ ბავშვივით მოკუნტული წევხარ და გძინავს. გამოხურვისას კარმა მცირედ დაიხმაურა და ტელევიზორის ხმა მიწყდა. 

სენტ ჯეიმზიდან გარეთ გამოვედი, ადრიანი დილის ნოტიო ჰაერი შევისუნთქე. ცარიელი ქუჩები დილის ცვარისგან ბრწყინავს

ქუჩას გავუყევი, გონებაში შენი ბოლო ხატება მიტრიალებს - როგორ წევხარ აულაგებელ ლოგინზე და თმაში ნათელი დაგთამაშებს. თითქოს ხარ იესო მთვარიდან, იესო პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან. 

ნეტავ პირველი შენ იქნები თუ მე? 

ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა გულში ძლიერი დარტყმას ჰგავდა. სუნთქვას რომ შეგიკრავს და ყველაფერ სხვას უმნიშვნელოს ხდის. ახლა კი ლოგინში მოკუნტულს გძინავს და თმაში სინათლე დაგთამაშებს. 

ადრიან დილით ქუჩაში თითქმის არავინაა. გონებით ისევ ვუბრუნდები, თუ რას ამბობდა დილას მეტეოროლოგი. ნეტავ, ცოცხლების ხმა საიქიოში, გარდაცვლილებთან თუ აღწევს? მოვა დრო და გავიგებ. ხანდახან ამაზე ფიქრში შვებას ვპოულობ - მოვა დრო და ყველაფერს გავიგებთ.

ხშირად ჩვენ, ადამიანებს, ცვლილებების გვეშინია. მე კი, მე უფრო იმის მეშინია, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისევ ისე დარჩება. რადგან არავის გაუმარჯვია ერთ ადგილას დიდხანს დგომით.

ნეტავ უფრო შენ იყავი თუ მე? 

შენში იყო სიმი, რომელსაც ვერაფრით მივწვდი და ვერ შევარხიე. ახლა კი წევხარ და მოკუნტულს გძინავს, თმაში სინათლე დაგთამაშებს. როგორც იესოს მთვარიდან, პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან.

ცარიელ ქუჩაში მიმავალი, კანტიკუნტად გოგოებს ვხვდები. ერთი-ორჯერ ზოგი მიღიმის. "სალამის" თქმა არასდროსაა დანაშაული. და მეც, ვესალმები მათ. ვესალმები. ვამბობ - "სალამი".

ნეტავ პირველი მე ვიქნები თუ შენ? ერთი უნდა დარჩეს და ერთი წავიდეს

შენ კი ახლა სენტ ჯეიმზის ლოგინზე წევხარ და გძინავს. როგორც იესოს მთვარიდან, იესოს პლანეტებიდან და ვარსკლავებიდან. 

მე კი ვამბობ - "სალამი", "სალამი", "სალამი".

* * *
ნიკ ქეივის ამ სიმღერას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. რამდენიმე წლის წინ, როცა ავად ვიყავი და გაციების ჩაის დალევის შემდეგ, ძილბურანში ყოფნისას, ყურსასმენებში ეს სიმღერა დაიწყო, ყველაზე უცნაური რამე განვიცადე, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, არც ერთი სიმღერის მოსმენიას არ განმიცდია. რულმორეულს მეგონა, რომ ამ სიმღერაში შიგნით ვიყავი. არა სიმღერაში აღწერილი ამბის პერსონაჟი, არამედ უფრო ბგერების მხრივ, მელოდიაში ვლივლივებდი. ეს შეგრძნება სიმღერის დასრულების შემდეგ გაქრა და შემდეგ სიმღერას აღარ გაჰყოლია. და როგორც ვთქვი, აღარასდროს განმიცდია, მათ შორის არც ამ სიმღერის მოსმენისას. მაგრამ ეს სიმღერა მხოლოდ ამიტომ არ მიყვარს. მიყვარს თავისი ტექსტის გამო, მელოდიის გამო და იმის გამო, თუ როგორ მღერის ამ ტექსტს ნიკ ქეივი. ამიტომ, ახლა, ნიკ ქეივის და ამ სიმღერის განახლებული სიყვარულის დროს (თუკი შეიძლება ის სიყვარული განახლდეს, რომელიც არსად წასულა), გადავწყვიტე, ტექსტი მოთხრობად თუ ჩანახატად მექცია.

Friday, January 5, 2024

2024

დღეს სრულიად მოულოდნელად შემოვედი ბლოგზე. ბოლო დროს მივივიწყე და სტუმრობითაც აღარ ვსტუმრობ ხოლმე. წინა პოსტზე ძალიან გულისამაჩუყებელი კომენტარი დამხვდა და ახალი პოსტის დროა-მეთქი, ვიფიქრე. 

ახალ წელში პირველი პოსტი. თუმცა ჩემთვის წლებმა მნიშვნელობა დაკარგა, ახალი წლის მოსვლას რაღაც იმედებით არ ველი, რადგან 1 იანვარი მორიგი დღეა. თუმცა ამ შეგრძნებას, ამ განწყობას, სულ არ აქვს უარყოფითი დატვირთვა ჩემში - კალენდარზე რიცხვების შეცვლა რაღაც დიდს არ ნიშნავს, კარგი ისედაც მოხდება და ცუდიც. ვიღაც თუ ამ თარიღის ცვლილებას სასიკეთოდ იყენებს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა გააგრძელოს. თუმცა იმ ნაწილზე გული მწყდება, ახალ წელმა ჩემთვის ჯადოსნურობა რომ დაკარგა. ადრე რაღაც აურით გარშემორტყმული დავდიოდი წინასაახალწლო დღეებში, მოციმიმე შუქები და ნაძვის ხის სათამაშოების ბრჭყვიალი რაღაც განსაკუთრებულ განწყობილებას ქმნიდა ჩემში. ბოლო წლებში ეს ნელ-ნელა იკლებდა და წელს მიინავლა და თითქმის ჩაქრა. ეს პანდემიის და გაზრდის ბრალია. რაც ვიზრდები და მეტ რამეს ვნახულობ, მეტ ამბავს ვიგებ, უფრო და უფრო რთულია, უდარდელი და ლაღი დავრჩე. 

2023 წელი უცნაური იყო. შერეული და მრავალფეროვანი. მოულოდნელობებითაც და დაგეგმილი ამბებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტრესი და სანერვიულო მქონდა, ახლა, 2024 წლიდან უკან რომ ვიხედები და 2023-ს ვუყურებ, რაღაცნაირად კმაყოფილების შეგრძნება მაქვს. ცუდად არ მახსენდება. 

ერთ-ერთ წინა პოსტში ვწერდი, ახალი ადამიანები მაკლია-მეთქი და 2023-ში ნამდვილად ავინაზღაურე ეგ დანაკლისი. ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი გავიცანი. ეს ჩემთვის განსაკუთრებით აღმაფრენის მომგვრელია ხოლმე, როცა ვიღაცის გაცნობას და შეცნობას ვიწყებ. განსაკუთრებით მიყვარს, თუ საინტერესო, cool გოგოებს ვიცნობ - ეგრევე მინდა, დავუმეგობრდე. გოგოებს რაღაც განსაკუთრებული კოდი გვაქვს ტვინში, მეგობრობის, როცა ათი წუთის გაცნობილს შეიძლება შენი ტკივილები მოუყვე და ეს საერთოდ არ იყოს უცნაური. 

კი ვამბობდი, წლებმა მნიშვნელობა დაკარგა-მეთქი, მაგრამ აი ახლა მშვენივრად გამოვიყენე, რომ ჩემი განვლილი ცხოვრების რაღაც ეტაპი შემეფასებინა.

Wednesday, April 5, 2023

Main Character

ორი დღის წინ გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი პერსონაჟი აღარ ვარ და მეორეხარისხოვანი, უფრო სწორედ კი supportive პერსონაჟი გავხდი. "supportive" ზუსტად აღწერს იმას, რაც ვარ - რაღაცების და ვიღაცების მხარდაჭერაა მხოლოდ ჩემი როლი. 

ეს აღმოჩენა, ერთი ჩატის ძველი მიმოწერების კითხვისას მეწვია - 2015 წლის მიმოწერებს ვკითხულობდი და ვხედავდი, ჩემი ცხოვრება ჩემ გარშემო ბრუნავდა. ახლანდელ ცხოვრებას შევხედე და თავისთვის ბრუნავს, შიგნით არავინაა. ხანდახან ვეცდები და შევყოფ ხელს, მაგრამ მალევე უკან გამომაქვს და უბრალოდ მივჩერებივარ. ეს, მხატვრულად რომ ვთქვათ.

არა, აქამდე ვერ ვხვდებოდი. ვერ ვამჩნევდი. რაღაცნაირად შემაშინა, ცხოვრება გადის, ახალგაზრდობის წლებს ვკარგავ თითქოს. ზუსტად ვერც ვიხსენებ, როდის დაიწყო ეს ტრანსფორმაცია. ალბათ, პანდემიის დროს, თუმცა მგონია უფრო ადრეც. პანდემიის დროს ალბათ გაიზარდა და პიკს მიაღწია. ანუ, ცხოვრების საუკეთესო წლებს მეორეხარისხოვნად ვატარებ. ისე კი არ ვიცი, რაღაცები გადასახედი მაქვს.

ეს გაცნობიერება ერთგვარი თვალის ახელა იყო. რაღაცისთვის სახელის დარქმევა. აქ დაწერა კი ერთგვარი თერაპიის სეანსიც - ამ უმცირესი აუდიტორიის წინაშე. თუ არსებობს კიდევ ეს აუდიტორია საერთოდ :)

სოციალიზაცია მაკლია. ამას მივხვდი კიდევ. მხოლოდ უახლოეს მეგობრებთან ვკონტაქტობ ბოლო დროს (ბოლო=პანდემიიდან მოყოლებული). რაც კარგია და კომფორტულია, მაგრამ ზედმეტად კომფორტულია. ახალი ადამიანები მჭირდება, თუნდაც მხოლოდ 15 წუთიანი ადამიანები. მაგრამ თან არც ძალიან ბევრი ახალი ადამიანი. აჰჰ, რა რთულია. 

გავაგრძელებ მთავარ პერსონაჟობაზე, უფრო სწორედ კი, მთავარ პერსონაჟად დაბრუნებაზე საუბარს. ბოლო დროს საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ საუკეთესო მეგობარი მაინც შენი თავია. ეს ერთგვარი შვებაც იყო, მაგრამ თან საკუთარ თავთან ყოფნამ მიჩვევა იცის და მერე სხვებისთვის აღარაფერი გრჩება გასაზიარებელი. შეიძლება სწორედ ამიტომაც, რომ საკუთარ თავზე ხმამაღლა, სხვებთან აღარაფერს ვლაპარაკობთ, მთავარ პერსონაჟობასაც ვკარგავთ და მხოლოდ მეორეხარისხოვან, დამხმარე როლებს ვჯერდებით.  იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტად ჩვენს გონებასა და წარმოსახვაში ვეშვებით, იქ გვაქვს როლ(ებ)ი მორგებული და რეალობისთვის აღარაფერი გვრჩება, რასაც შევთავაზებთ. არა?

მე ასე ვარ, ყოველ შემთხვევაში.

წერა მომნატრებია. იმდენი ხანია, არაფერი დამიწერია. ახლა შევხედე და 2023-ში - საერთოდ არაფერი. 

Sunday, November 6, 2022

Hey, my past self

ორიოდე დღის წინ ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე, სულ თავიდან, დასაწყისში რომ ვწერდი. მეგონა, შემრცხვებოდა მაშინ რასაც და როგორც ვწერდი, მაგრამ არამც და არამც! ისე მომეწონა ჩემი თავი, 21 თუ 22 წლის ნატალია, როგორი გულახდილი და ლაღი იყო. და როგორ ვერ ხვდებოდა ამას მაშინ. 

მაშინდელ ჩემს თავს მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთი კარგი რომ იყო, იმ დროინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამდენი სითბოს და სიხარულის გამოხატვა და განცდა რომ შეეძლო. 

თითქოს ის სულ სხვა ადამიანია, მაგრამ თან ისევ მე ვარ. უბრალოდ, მეტი ცხოვრებისეული გამოცდილებით. 

რა კარგია, ეს ბლოგი რომ გავაკეთე და ჩემს წარსულ მე-სთან შეხვედრა შემიძლია.

Friday, November 4, 2022

Sever the bonds

გუშინ ნარუტოს მორიგ სერიას ვუყურებდი, სადაც სასკე უჩიჰა გაჰყვიროდა, რომ ყველა კავშირი, ყველა ძაფი უნდა გაეწყვიტა ახლობელ ადამიანებთან. 

ამ დროს ეპიფანია მქონდა - ზუსტად ეს მჭირდება - კავშირების გაწყვეტა! 

რა თქმა უნდა, არა ისეთი ბნელი ხერხებით, როგორც სასკეს წარმოუდგენია. 

მე სხვაგვარად მჭირდება, და ამას ახლა, ბევრი წლის შემდეგ მივხვდი. 

რაც თავი მახსოვს, ყველა ადამიანთან, რომელსაც ჩემი ცხოვრების გზაზე გაუვლია (არ ჰქონდა მნიშვნელობა, დიდი ხნით, ერთი დღით თუ თუნდაც ერთი წუთით), მაშინვე რაღაც ბმებს ვაბამდი. ხშირად ისე, რომ ეს ბმა ორმხრივი არ იყო. შემდეგ ეს ბმა, ეს კავშირი მტანჯავს, მექაჩება და ენერგიას, რესურსს მართმევს. რაც უფრო ახლოა ეს ადამიანი, მით უფრო მტკიცეა ბმა და უფრო მტანჯველია, როცა მექაჩება. ყველაზე მტანჯველი კი მაშინაა, თუ მეორე მხარე ამ კავშირებს საერთოდ ვერ გრძნობს და ბმები ცალმხრივად მიჭირავს.

 ალბათ, ცოტა აბსტრაქტულია რასაც ვამბობ, ალბათ კონკრეტული მაგალითები უფრო ნათელს გახდიდა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. 

მთავარი ისაა, რომ როგორც იქნა, ეს დავინახე და კავშირების გაწყვეტა გადავწყვიტე. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემს თავს ხშირად ამ ბმების მეორე მხარეს მდგომი ადამიანის თვალით ვუყურებ და შესაბამისად, ჩემს რეალურ თავს ვერ ვხედავ. 

ანუ ჩემს თავს დიდი ხანია, მხოლოდ სხვების თვალით ვხედავდი, როგორი არასწორია, არა? 

და როგორი სწორი და კარგია, ამის აღმოჩენა, თუნდაც ახლა. აღმოჩენა და თვალის გასწორება.

მადლობა, სასკე.

რას ვმღერით, როცა ავად ვართ?

 როცა ავად ვართ, სასთუმალთან ცხელი ჩაი გვიდგას და ხშირ-ხშირ ყლუპებად ვსვამთ. ბალიშთან კი წიგნი გვიდევს, თუ კითხვის ძალა შეგვრჩა. თუ - არა, მაშინ რომელიმე მყუდრო სერიალი უნდა ჩავრთოთ, როგორიცაა Gilmore Girls, და ყავებისა და პაწაწინა, ლამაზად მორთული ქალაქის სამყაროში გადავეშვათ. 

მაგრამ რას ვმღერით გულში, როცა ავად ვართ? 

Friday, October 14, 2022

ნოსტალგია?

წეღან, ინსტაგრამის სთორების უმიზნო ჩამოვლისას, ერთი სთორიდან მოულოდნელად NSYNC-ის ძველისძველი სიმღერა შემომეგება. არ ვიცი რატომ, თავის დროზეც ბევრჯერ არ მომისმენია ეს სიმღერა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი პლედი შემომაფარეს.

ჩვენთვის, მილენიალებისთვის, 90-იანების ბოლო პერიოდის სიმღერებს, როგორი სხვა დატვირთვა აქვთ, არა?

Saturday, September 24, 2022

I'm home

 თითქმის ცხრა თვიანი განშორების შემდეგ, სახლში ვარ. 

 უცნაურია, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წუხელ გავიხურე კარი დიდი ჩანთით და აეროპორტში წავედი. დღეს კი უკან დავბრუნდი.

Saturday, September 10, 2022

თავის ტკივილი და შფოთვა, ჭრიჭინების ხმით გაფორმებული

სულ ცოტაც და საქართველოში დავბრუნდები. გამგზავრების წინა შფოთვა დამეწყო, მაგრამ არც ისე ტრადიციული. ძირითადად უარყოფით გამოიხატება. ვითომ მე არ მაქვს ბარგი გასაგზავნი, საჩუქრები საყიდელი და 24 საათზე ხანგრძლივი ფრენა გადასატანი. არა, ეს სხვა ვიღაცაა. მე აქ უნდა ვიჯდე, სიმშვიდესა და სიმწვანეში და ჭრიჭინების ხმას ვუსმენდე. და რა თქმა უნდა, თავი მტკიოდეს.

Thursday, August 18, 2022

ბოლო დღეები

ოლბანიში ბოლო დღეებს ვითვლი.

დღეს დილის ყავაზე რაღაცნაირი კარგი მომენტი მქონდა, ყავას ვსვამდი, ფეხები ფანჯრის რაფაზე მეწყო, გარეთ ხეების შრიალს ვუყურებდი და ჭრიჭინების ხმას ვუსმენდი. ვფიქრობდი ერთდროულად ყველაფერზე, მაგრამ კონკრეტულად არაფერზე. ხვდებით, ხო? თითქოს ბევრ რამეს რომ იხსენებ რამდენიმე წამში. თითქოს აქ ყოფნა შევაჯამე და თან "აქ და ახლა" მომენტი მქონდა. 

ჰმ.

Thursday, June 30, 2022

უსათაუროდ

რა კარგია, ძველ პოსტებში რაიმე სიმღერას რომ ვურთავდი. იმდენი კარგი, დავიწყებული სიმღერა გავიხსენე.

Saturday, May 29, 2021

დაბრუნება ნომერი ?

ძალიან დიდი ხანია, აქ არ დამიწერია. დღეს სამზარეულოში ვიყავი და უცებ გამახსენდა, ბლოგზე რამე ხომ არ დავწერო-თქო. რადგან თემა არ შემირჩევია, მოდი, დღევანდელ დღეზე დავწერ. 

დილას გვიან გამეღვიძა, 10-ის ნახევარზე. დიახ, ეს ჩემთვის გვიან არის, ასეთი ყოჩაღი გავხდი ბოლო დროს, ადრე ვიძინებ და დილასაც ადრე ვიღვიძებ, როგორც წესი, 8 საათამდე. დილასაც გამეღვიძა 7-სკენ, მაგრამ ძილი შევიბრუნე. როგორც წესი, დილას შებრუნებულ ძილზე ძალიან ცხად და მკაფიო სიზმრებს ვნახულობ ხოლმე. ამ დილასაც ასე მოხდა - მესიზმრა, რომ დენტექსში (სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში - ავტ. შენიშვნა) ვიყავი, ლიფტში ვიჯექი, რომელიც ოთახში დადიოდა ჰორიზონტალურად. მერე სადღაც ძველ სასახლეში აღმოვჩნდი, საიდანაც დავინახე, სადღაც გარეთ ძველ სახლს მეხი როგორ დაეცა, ისეთი შემზარავი მაგრამ საოცარი სანახაობა იყო! მინდორში იდგა ეს სახლი, აქა-იქ სხვა სახლებიც იყო, რომლებსაც უშავესი ღრუბლები დაადგა თავს და წვიმაც შავ ნისლად ჩამოდიოდა. სურათის გადაღებას ვცდილობდი, ასეთი არაფერი მინახავს-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ ვერ გადავუღე. ძალიან ცხადი სიზმარი იყო, მეგონა, რეალობაში ხდებოდა. როგორც წესი, სიზმრებში რაღაც დოზით ვხვდები ხოლმე, რომ რეალობა არაა, ძალიან იშვიათ შემთხვევებშია, რომ ნამდვილი მგონია.

მთელი დღე ლოგინში გავატარე, აქვე ვისაუზმე, დავლიე ყავა. გადავიღე უამრავი ვიდეო, რომლებიც ინსტაგრამზე ქლოუს ფრენდების სთორიში დავდე, სადაც არც ერთი ქლოუს ფრენდი არ მყავს დამატებული (ანუ მხოლოდ ჩემს თავს დავუდე). დავიწყე სოპრანოს კლანის ყურება, შუაში ცოტა წავიმუშავე, შემდეგ იუთუბზე ვუყურე ამ ძალიან კარგ გოგოს, რომელიც ამერიკაში PhD-ზეა წასული და ძალიან მიყვარს ყველა მისი ვიდეო. ამასობაში დღე გავიდა და ბლოგზე რომ უნდა დამეწერა, ახლა გამახსენდა.

ჰო, რაც მთავარია - ფეისბუქი ისევ გავაუქმე, სადღაც სამი კვირის წინ და თავს ვგრძნობ ძალიან ბედნიერად. აქამდე რატომ ვიკლავდი თავს? არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ტოქსიკური და მავნე სივრცე იყო, ბოლო დროს განსაკუთრებით, როცა უკვე ძალიან დამოკიდებული გავხდი.

ახლა ისევ სოპრანოს გავაგრძელებ, ან აგათა კრისტის დღეს ქინდლში გადმოწერილ წიგნებს ჩავუჯდები, ალბათ "სიკვდილი ნილოსზე" დავიწყებ. ალბათ არ იცით, მაგრამ აგათა კრისტი ჩემი ერთ-ერთი ბოლო გატაცებაა, ბავშობაში დეტექტივებს დიდად არ ვკითხულობდი და ახლა ვინაზღაურებ.

Monday, September 14, 2020

The Good Villa

სანამ ატლანტაში წავიდოდი, უკვე ვიცოდი, სად ვიცხოვრებდი - "იქ ალბათ ვილაში იცხოვრებ, არა?" - მკითხა მარიმ, და იქაურობაზე მომიყვა - რა წესები ჰქონდათ "ვილაში", როგორ გადამიღებდნენ ფოტოს ჩასვლისთანავე და კედელზე სხვებთან ერთად გამოაკრავდნენ, როგორ დავუმეგობრდებოდი მალევე დანარჩენებს და ა.შ.

ინტერნეტში წინასწარ მოვიძიე "ვილა ინტერნეშალის" ფოტოები. დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა მაინც კარგი მოლოდინებით წავედი.

ატლანტაში რომ ჩავედი, ვილაში ბალა მიმყვა (თავადაც ვილას ყოფილი მაცხოვრებელი იყო). კამილს (იქაურობის დიასახლისს) ჩემი ოთახის გასაღები გამოვართვით (ოთახი #25, მეორე სართულზე), ლიფტით ავედით და შევედით ოთახში, რომლის ფანჯრებიც კედელს უყურებდა და ამიტომ საკმაოდ ბნელი იყო. ჩანთები დავტოვეთ და ბალამ დასათვალიერებლად ქვევით ჩამიყვანა. დაბლა დაგვხვდა დიდი სასადილო რამდენიმე მაგიდით, საერთო სივრცე, სადაც ტელევიზორი, პინგ პონგის მაგიდა, ბილიარდი და პიანინო იდგა, პატარა საკონფერენციო ოთახი და სამზარეულო. სამზარეულოში დიდი ფაციფუცი დაგვხვდა - დღის მიწურული იყო და ვილელები საჭმელს იმზადებდნენ. ჩვენთვის დიდად ყურადღება არ მოუქცევიათ. ბალა პროდუქტების შესანახ ურნებზე სახელის დაწერაში დამეხმარა (ვილას ყველა მაცხოვრებელს თავისი ურნა აქვს, სადაც თავის პროდუქტებს ინახავს. ზედ შენი სახელი უნდა დააწერო) და წავიდა. ცოტახნით სასადილო ოთახში დავჯექი, ყავა დავლიე და ოთახში ავბრუნდი, იმ დღეს ქვევით აღარ ჩამოვსულვარ. მანამდე სამზარეულოში ერთ აზიელ ბიჭს რაღაც ვკითხე და დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავს, რომ ეპასუხა, უბრალოდ შემომხედა. შემდეგ დღეებშიც ხალხს კანტიკუნტად თუ ველაპარაკებოდი, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ თავად გამოიჩენდნენ ინიციატივას.

თურქმა გოგომ, ზეჰრამ, სამზარეულოს ტური ჩამიტარა, ამიხსნა სად იდო საერთო სარგებლობის პროდუქტები. ვინაიდან ჩემს ოთახში არაფრის ატანის უფლება არ მქონდა (ყავისაც კი), მე კი ძალიან მიყვარს ფილმის/სერიალის ყურებისას ყავას რომ ვსვამ და თან სასუნავს ვაყოლებ, ამიტომ სერიალებს და ფილმებს სასადილო ოთახში ვუყურებდი, ყავისა და ნაყინის, ან თუ გვიანი იყო - მარილიანი ნუშის თანხლებით. 

ერთხელ, ასე ვიჯექი და კაპიტან ამერიკას ვუყურებდი, როცა გვერდით სკამზე ერთი ვილელი მომიჯდა და ლაპარაკი გამიბა, დაინტერესდა რას ვუყურებდი. თი ჯეი (ასე გამეცნო) ინგლისური ენის კურსის გასასვლელად იყო ატლანტაში ჩამოსული, სამხრეთ კორეიდან.

დღეები გადიოდა და ის დიდი სამეგობრო წრე, რომელიც ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ჩემს წარმოდგენებში შევიძინე, არ ჩანდა. იმ პერიოდში ახალგაზრდების ერთი გამოკვეთილი წრე უკვე არსებობდა, გერმანელების, ესპანელების და ტაილანდელი სანის სახით (გაივლის დრო და მე სანს დავუმეგობრებდი). საღამოობით, სასადილო ოთახში, მე რომ სერიალებს ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ სხდებოდნენ გრძელი მაგიდის თავში, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. ერთი სცენა განსაკუთრებით დამამახსოვრდა.  სასადილო ოთახში ვახშმობდნენ, როცა არგენტინელი სარა ჩამოვიდა, ყველა ჟრიამულით შეხვდა, სანმა ჰკითხა, თმა სველი რატომ გაქვსო, სარამ უპასუხა, ჯიმში ვიყავი ახლა დავბრუნდი და ძალიან მშიაო. ამ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგის მოსმენისას, რატომღაც ძალიან მომინდა, მეც შემძლებოდა ეგეთი წვრილმანი დეტალების ვინმესთვის გაზიარება.

ძალიან მალევე ორი გერმანელი ბიჭის გასაცილებელი დიდი ვახშამი დაიგეგმა, რომლის შესახებაც ბოლო წუთს გავიგე (ძირითადად არანაირ განცხადებას არ ვკითხულობდი, რომლებიც მრავლად იყო გამოკრული სასადილო ოთახსა და შემოსასვლელ ჰოლში, მათ შორის ამ ვახშმის შესახებაც). ვახშმისთვის კერძების მომზადებაში ყველა იყო ჩართული. მე ვერაფრის მომზადებას ვასწრებდი და მხოლოდ სამზარეულოში დამკვირვებლის ფუნქციას დავჯერდი - დავდიოდი და ვათვალიერებდი, ვინ რას აკეთებდა. ესპანელები უკანა ეზოში პაეიას აკეთებდნენ, ძირითადად იქ ვიდექი და მთელ პროცესს ვუყურე, უზარმაზარ ტაფაზე როგორ უშვებდნენ ეტაპობრივად სხვადასხვა ზღვის პროდუქტს და ბრინჯს. ამ პროცესში კოღოებისგან სასტიკად დავიკბინე, ფეხები მთლიანად წითლად დამეწინწკლა. თავად გასაცილებელი გერმანელი ბიჭები პიცას ამზადებდნენ (?). მათაც გამოველაპარაკე, ძალიან კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ. რასაც ვერ ვიტყვით გერმანელ გოგოზე, სარაზე (ეს ის სარა არაა, სველი თმით რომ იყო) - ჩემს იქ ყოფნას საერთოდ არ აღიარებდა და სანამ ბიჭებთან ვიდექი, დაბეჯითებით აგრძელებდა მათთან გერმანულად საუბარს.

დიდი ვახშმის შემდეგ, ზოგიერთი ჰოლში ბილიარდის სათამაშოდ გავიდა და მეც იქ აღმოვჩნდი, სადაც, ცხოვრებაში მეორედ, ვითამაშე ბილიარდი და გავიცანი მოჰამედი - ეგვიპტელი ფიზიოთერაპევტი, რომელიც ბილიარდს არტასთან ერთად თამაშობდა. silly girl from Kosovo - ასე გამაცნო არტა მოჰამედმა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ ერთი პროგრამით იყვნენ ჩამოსული ამერიკაში და აქ გაიცნეს ერთმანეთი. არათუ ცოლ-ქმარი, არანაირი რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონდათ. იმ საღამოს შემოგვთავაზა კორეელმა თი ჯეიმ (რომელსაც თალჯუ ერქვა მაგრამ ვერ გამოთქვამთო და ამიტომ TJ შევარქვით) შემდეგ დღეს დრაგონ ქონის პარადზე წასვლა.

შემდეგ დღეს მე, თიჯეი და მო (მოჰამედმა გვითხრა, მო დამიძახეთო) პარადზე წავედით. მო მეუბნებოდა, ერთ ეგვიპტელ მსახიობს ჰგავხარო, ფოტო მაჩვენა და ვიღაც ძველი მსახიობი იყო (სავარაუდოდ ამჟამად გარდაცვლილი ან ძალიან მოხუცი) და დიდად არ ვგავდი, ჩემი აზრით. თი ჯეი შეეკამათა, ნატალია ბევრად ლამაზია ამასთან შედარებითო, თუმცა მოს მიაჩნდა რომ ის მსახიობიც ძალიან ლამაზი იყო ☺ დრაგონ ქონიდან დაღლილები დავბრუნდით, იქ ჭამა ვერ მოვახერხეთ, რაღაც ფუდ კორტში მივედით, დიდი რიგების გადავლის შემდეგ, მაგრამ ვერაფერი ავარჩიეთ და ისევ ვილაში დავბრნდით. მომ კესადია მოგვიმზადა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებაში პირველად გააკეთა, ოღონდ არა მხოლოდ კესადიას, არამედ ზოგადად საჭმელს ამზადებდა პირველად ☺ იმ დროს კი გემრიელი იყო, მაგრამ მერე მუცელი საეჭვოდ ამტკივდა. ასე დავმეგობრდით მე, თი ჯეი და მოჰამედი - ქართველი, კორეელი და ეგვიპტელი :) მო თი ჯეის სულ რაღაცაზე ეხუმრებოდა, თან სულ ეუბნებოდა, საუკეთესო ადამიანი ხარ, ვისაც შევხედრივარო. თი ჯეი მართლა რაღაცნაირად თავისთვის, ჩუმად კარგი იყო. მაგალითად, ერთხელ ბორდგეიმს ვთამაშობდით, კამილმა უგემრიელესი ბრაუნი გამოაცხო, თეფშზე გადმოვიღე და სათამაშო მაგიდას დავუბრუნდი. ჭამა დავამთავრე და თეფში გვერდით მივწიე, ვიფიქრე რომ თამაშის დასრულების შემდეგ გავრეცხავდი (ვილაში ყველა თვითონ რეცხავს თავის ჭურჭელს). რაღაც მომენტში, ვერც შევამჩნიე როდის, თიჯეიმ თეფშები წაიღო და გარეცხა. სულ ასეთ წვრილმან კარგ რაღაცებს აკეთებდა, ძალდაუტანებლად, ისე რომ ვერც შეამჩნევდი. მო ჩემი ასაკის იყო და თი ჯეის ასაკი რომ მოვძებნე ფეისბუქზე, 47 წლის აღმოჩნდა! დიდი ხანი სრული შოკი მქონდა, სულ ჩვენი ასაკისად აღვიქვამდით და ვეხუმრებოდით.

ვილაში დამკვიდრებული იყო მოხალისეების პრაქტიკა. ძირითადად ადგილობრივები, ან ჩვენთან მოდიოდნენ და მაგალითად, ბორდგეიმებს გვათამაშებდნენ, ან სადმე მივყავდით. ერთხელ, ერთმა ასეთმა მოხალისემ, ატლანტასთან ახლოს ტბაზე წაგვიყვანა მინივენით, 15-მდე კაცი ვიყავით. მო სხვაგან წავიდა, ამიტომ ჩვენი მცირე სამეგობრო წრიდან მხოლოდ მე და თი ჯეი ვიყავით. მოხალისე, ავსტრალიელი რიჩარდი CDC-ში მუშაობდა და წინათ ვილაშიც ცხოვრობდა. მე არც ცურვა ვიცი და არც საცურაო კოსტიუმი მქონდა წაღებული, ამიტომ ნაპირზე ჩამოვჯექი და წიგნს ვკითხულობდი. დანარჩენები კი ტბაში შეცვივდნენ. რიჩარდი ერთ ვილელ გოგოსთან ერთად ძალიან ღრმად შევიდა ტბაში, დანარჩენები დიდხანს ველოდეთ, სანამ მობრუნდებოდნენ. რომ დაბრუნდნენ, ამ გოგოს ვუთხარი, so you swim really well-მეთქი და გაეცინა, არც ისეო. ვილაში რომ დავბრუნდით, რიჩარდმა შემოგვთავაზა სასროლად წასვულიყავით. უმეტესობამ უარი თქვა და მხოლოდ მე, თი ჯეი, ერთი ინდოელი ბიჭი და მოცურავე გოგო დავთანხმდით. გზაში ეს გოგო გამომელაპარაკა, საიდან ხარო და როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავი სახე გაუნათდა და ძალიან მიყვარს თქვენი საჭმელიო! ასე გავიცანი მირა ყაზახეთიდან. ალმატიში ნამყოფი ვარ-მეთქი და თვითონაც ალმატიდან ყოფილა. სროლის შემდეგ ნეკნების ბარბექიუს საჭმელად წავედით იგივე შემადგენლობით. გზად მე და მირა გაუჩერებლად ვქაქანებდით ყველაფერზე. აღმოჩნდა, რომ ჩემსავით, მირაც დარბოდა, პარკში მივდივარ ყოველ საღამოსო. შემდეგი სირბილი ერთად დავგეგმეთ. 
 
თი ჯეი მალევე წავიდა, სექტემბრის ბოლოს მეც დავტოვე ვილა ერთი თვით. თავიდან მარტო ცხოვრება გამიჭირდა, ვილას ხმაურიანი საღამოების მერე ბინაში სრულიად მარტო ყოფნა უცნაური იყო. თუმცა ვილასთან 7 წუთის ფეხით სავალზე ვცხოვრობდი და ამიტომ მირასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, საღამოობით სარბენად მივდიოდით, ან General Muir-ში ვსხდებოდით ვახშამზე, სოვინიონ ბლანს ვსვამდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. როგორი უცნაურია, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს უამრავი საერთო გვაქვს - ვიხსენებდით, როგორ გვიჭირდა 90-იანებში, ჩვენს დედებს როგორ უწევდათ მომქანცველი სამუშაოს შესრულება, რომ შვილები გადაერჩინათ. რამე ამბავს რომ გავიხსენებდი, same, same - მეტყოდა მირა და გააგრძელებდა მსგავსი ამბების მოყოლას. შემოდგომის არდადეგებზე ნიუ ორლეანში წავედით ერთად, სადაც ღამის ავტობუსით ვიმგზავრეთ. ცოტა გვეშინოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. 

ხანდახან, ლექციებზე მიმავალს, მოც მხვდებოდა გზაში და ერთმანეთს მოვიკითხავდით.

ოქტომბრის შუაში მირასთანაც მიწევდა დამშვიდობება, ავსტრალიაში ბრუნდებოდა (ყაზახი კია, მაგრამ ავსტრალიაში ცხოვრობს). მისი წასვლის დღეს, ლექციები გვიან მეწყებოდა და დილის ყავაზე შევხვდით General Muir-ის ბეიქერიში. ყავა ავიღეთ და გარეთ მაგიდასთან დავსხედით. მოღრუბლული, გრილი დღე იყო, ხალხი ყავით ხელში გამოდიოდა GM-დან და სამსახურებისკენ მიიჩქაროდა. არასდროს დამავიწყდება ეგ დილა, მაშინაც უკვე ვიცოდი, როგორ კარგად დავიმახსოვრებდი იმ დილას, იმ მომენტს, თუნდაც იმას, დილას სახლიდან გასვლამდე არ ვისაუზმე, ვიფიქრე ბეიქერიში ავიღებ რამეს-მეთქი, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ არაფერი გამომცხვარი და უზმოზე დავლიე ყავა :) იქიდან მირას ვილაში გავყევი, რაღაცები უნდა მოეცა ჩემთვის და სამზარეულოში რომ შევედი, ისე გაუცხოებულად ვიგრძენი თავი, რომ წარმოვიდგინე, ერთ კვირაში უკან ვბრუნდებოდი, ცოტა პანიკამ შემიპყრო. მირას დავემშვიდობე და უკან დავბრუნდი, ჩემს ბინაში.

ორშაბათს ღამით ჩანთები ვილაში გადავიტანეთ მე და ბალამ, ოთახი ჯერ არ იყო თავისუფალი, ამიტომ ჩანთები ქვევით, პატარა საკუჭნაოში დამატოვებინეს. საკუჭნაო პატარა საკონფერენციო ოთახში იყო და რომ შევედით, ერთი ბიჭი იჯდა და მეცადინეობდა. შემდეგ დღეს ვბრუნდებოდი. იმ ღამეს ბინაში ყოფნის ბოლო საღამო მოვიწყვე, შარდონე გავხსენი და sex and the city-ს ვუყურებდი.

ვილაში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სამშაბათს დილას, ლექციიდან რომ დავბრუნდი, ბინაში მივირბინე, ბოლო ნივთები ავიღე და ოფისში გავიქეცი გასაღების დასაბრუნებლად. ჩექაუთი 12-ზე იყო და ზუსტად 12-ს აკლდა წუთები, რომ გასაღები ჩავაბარე :) იქიდან ვილაში ჩავედი, ჩემი უზარმაზარი ჩანთა კიბეებზე ავათრიე და ოთახში შევედი. კარები მივხურე, ვიდექი, ოთახს შევყურებდი და ჯერ უარყოფაში ვიყავი, რომ მე აქ უნდა მეცხოვრა. ამიტომ ზურჩანთას დავტაცე ხელი და როლინსში წავედი, ლექცია მეწყებოდა მალე. საღამოს რომ მოვდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ჩემს ყოფილ ბინასთან რომ არ ჩამევლო, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და იქიდან წავედი ვილასკენ. გზად CVS-ში შევიარე, ბოსტნეულის ჩიფსები და დოქტორ პეპერი ვიყიდე, ზურგჩანთაში ჩავიდე და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი (მართალია საჭმლის და სასმლის ატანა არ შეიძლებოდა, მაგრამ სტრესმა მეამბოხე გამხადა). ვილაში ჩემი ახალი ოთახი უფრო პატარა იყო, ვიდრე წინა და სამრეცხაოს წინ მდებარეობდა. ვახშამზე სამზარეულოში არ ჩავსულვარ, ოთახში ვჭამე ჩიფსები და დოქტორ პეპერი დავაყოლე. ესეც სტრესის კიდევ ერთი ნიშანი - სრულფასოვანი ვახშამი გამოვტოვე. მეორე დილას, როცა ჯერ კიდევ არ ვაღიარებდი, რომ ვილაში ვცხოვრობდი, ჩანთა ავიღე და პირდაპირ როლინსში წავედი, იქაურ კაფეტერიაში ვისაუზმებ-მეთქი. საღამოს კი ჩემი მდგომარეობის დრამატული კულმინაცია მოხდა - ვილაში დავბრუნდი, გამოვიცვალე და გარეთ გავედი სასეირნოდ. უმიზნოდ მივხეტიალობდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყოფილი ბინის წინ, სკვერთან ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი. ამ სკვერში მუსიკა იყო ჩართული სულ. იმ მომენტში რაღაც სევდიანი სიმღერა გასდევდა ფონად, და წარმოვიდგინე შორიდან ჩემი თავი, როგორც კადრი, ამ ძელსკამზე რომ ვზივარ, მუსიკის თანხლებით. გონებაში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ რაღაც სულელური ფილმის პერსონაჟივით ვიქცევი. მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ეს დრამატიზმი.

შემდეგ დილას 10-ზე მქონდა ლექცია. ჩემს თავს შემოვუძახე, რომ უნდა შემეწყვიტა ეს სულელური ქცევა, ამიტომ დილას ავდექი, ჩავიცვი და ეგრევე GM-ის ბეიქერიში გავიარე, ყავა და დარიჩინის ფუნთუშა უნდა ამეღო, დრო ბევრი არ მქონდა და ლექციაზე შევჭამ-მეთქი, ვიფიქრე. ყავა და ფუნთუშა ავიღე, გამოვედი და იქვე ახლოს ძელსკამზე ჩამოვჯექი, მინდოდა ფუნთუშა ჩანთაში შემენახა. ყავის ჭიქა გვერდით დავიდე, ჩანთისკენ მოვტრიალდი და უცებ მესმის დგლაფანის ხმა - სანამ მიხედვას მოვასწრებდი, ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა ცხელი სითხე ბოტასში. ჭიქა გადაბრუნდა და მთელი ყავა დაიქცა, ერთი ყლუპის დალევაც ვერ მოვასწარი. ეგეც შენი დილის საუზმე. წავედი ლექციაზე, ვერც ფუნთუშის ჭამა შევძელი, იმდენი გლაზური ჰქონდა მოსხმული, ჩანგლის გარეშე შეუძლებელი იყო, გეჭამა. მთელი ლექცია მუცელი მიყურყურებდა. 

იმ საღამოს მივხვდი, რომ დრო იყო მეღიარებინა, რომ ვილაში ვცხოვრობ. სამზარეულოსკენ გავეშურე. სასადილო ოთახში რომ გავიარე, გრძელი მაგიდის თავში ბევრნი ისხნდნენ და ესპანურად ლაპარაკობდნენ. მათ შორის ერთი-ორი ნაცნობი სახე დავლანდე და მივესალმე. სამზარეულოში შევედი და პროდუქტის ურნები გავიმზადე, "Natalia" ნაჩქარევად დავაწერე. თითქმის არაფერი პროდუქტი აღარ მქონდა, საყიდლებზე ვიყავი სასწრაფოდ წასასვლელი, რისთვისაც მოხალისესთან უნდა ჩავწერილიყავი. მოხალისეები ყოველდღე მოდიოდნენ და მანქანით მივყავდით პროდუქტების უახლოეს მაღაზიაში.

ვილაში ძველი მაცხოვრებლებიდან თითქმის აღარავინ დამხვდა, უმეტესობა ახალი სახეები იყვნენ. რამდენადაც პირველ მისვლაზე ენთუზიაზმით ვიყავი სავსე, ყველას ვუღიმოდი და ვესალმებოდი, იმდენად ახლა არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა, I hate this place გულში ვიმეორებდი სულ, უკვე მანტრასავით მექცა. მოც არ იყო ვილაში იმ პერიოდში, ნიუ იორკში იყო წასული რამდენიმე კვირით. მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველა ძალიან თავაზიანი იყო ჩემ მიმართ, ახლა პირიქით ისინი მიღიმოდნენ და მესალმებოდნენ, რაც ცოტა არ იყოს, მიკვირდა. ერთ დილას, სამზარეულოში ყავას რომ ვიკეთებდი, იმ ბიჭმა, საკონფერენციოში რომ დავინახე დაბრუნების წინა დღეს, საუბარი გამიბა - ახალი ხარო? - გამომკითხა საიდან ვიყავი. მეო კიმი მქვიაო, თავის სახელი დამიმარცვლა (Quimi). შემდეგ დღეს, პირველ საყიდლებზე რომ წავედი, იმდენი რამ ვიყიდე, პარკებს ვერ ვტევდი მაგიდაზე, კიმიც სამზარეულოში იყო და იცინოდა, მსოფლიო ომისთვის ემზადები თუ რატომ იყიდე ამდენი პროდუქტიო? მერე დატრიალდა, ახალი ურნები გამოძებნა უცებ, გამირეცხა და წინ დამიწყო, ამაში ჩაააწყვეო. ერთ საღამოს, ჩაშუშულ სოკოს რომ ვამზადებდი, კიმი შემომესწრო, დაინტერესდა რას აკეთებ-ო, is it fungus? მეკითხება. "მაშრუმზ" რატო არ ეძახი, ეგრე რომ ამბობ,  დაავადებას უფრო ჰგავს-მეთქი, და ფუნგუს არის და აბა რა დავუძახოო, გულწრფელად გაუკვირდა :) მომზადებული სოკო მასაც გავუყავი და დიდხანს ვლაპარაკობდით მერე, ესპანურს მასწავლიდა და პერუსა და ბრაზილიაზე მიყვებოდა (პერუელია, მაგრამ ბრაზილიაში ცხოვრობს და მუშაობს). ამ დროს შემომთავაზა, ხვალ დილას მოლში მიდიან დანარჩენები, მანქანა ჰყავთ დაქირავებული და ხომ არ წახვალო? ერთმა გოგომ გამოიარა და იმას დაუძახა, ხვალ რომელზე მიდიხართ, ნატალიაც რომ წამოვიდესო და ამ გოგომაც ძალიან ღიმილით და უშუალოდ შემომთავაზა მათთან ერთად წასვლა. მაშინ პირველად გამოვცადე ლათინო ამერიკელების უშუალობა, ისე დაგელაპარაკებიან, თითქოს ასი წელია გიცნობენ, არც ზედმეტად თავაზიანად და არც ფამილარულად. სასადილო ოთახში სულ ერთად ისხდნენ და მათი ესპანური-პორტუგალიური ლაპარაკი იავნანასავით ჩამესმოდა სულ. რაღაცნაირ კარგ აურას ქმნიდნენ იქ ყოფნით.

თუმცა, სანამ მათ დავუმეგობრებოდი, მანამდე ვეიტაოს და ეკს დავუმეგობრდი. ჩინელი ვეიტაო ბორდგეიმის თამაშისას გავიცანი და ემორის ჯიმში დავიწყეთ ერთად სიარული, ეკის გაცნობა კარგად არ მახსოვს, სანთან ერთად იყო სულ (ორივე ტაილანდელები არიან), მერე სანი მორიგ მოგზაურობაში წავიდა (სულ მოგზაურობდა!), და მე, ვეიტაო და ეკი დავმეგობრდით. ესენი სულ საჭმელებს ამზადებდნენ საღამოს და მეც მაჭმევდნენ. თან ყველაფერი ყოველთვის გემრიელი გამოსდიოდათ, იმიტომ რომ საათზე მეტს ატარებდნენ ქურასთან! მაშინ, როცა, ჩემი კონტრიბუცია, ჩვენს საღამოს ვახშმებში, ძირითადად დაჭრილი ავოკადო იყო :) თუმცა, ერთი დღე ქართული კერძების დღედ დავთქვით და ლობიო და ჭვიშტარი მოვუმზადე, კიტრის მწნილით და კიტრო-პომიდვრის სალათით. მგონი, მოეწონათ. მე კი ძალიან მომეწონა, მართლა ქართულ გემოებს ჰგავდა. თან სუფრაზე ბევრი სხვაც შემოგვესწრნენ. მათ შორის ბალა საპატიო სტუმრად იყო :)

ერთ საღამოს მე, ვეიტაო და ეკი სტრიპტიზ კლუბში ვაპირებდით წასვლას (?) (არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი). მთელი დღე ბიბლიოთეკაში მქონდა გატარებული, იქიდან პირდაპირ ჯიმში წავედი და საღამოს სახლში თავმტკივანი და დაღლილი დავბრუნდი, ცოტა წავუძინე და 9-ზე მაღვიძარამ გამაღვიძა. მივხვდი, რომ საერთოდ არ მქონდა სტრიპტიზ კლუბში წასვლის სურვილი. ბიჭებს მივწერე, ჩემ გარეშე წადით-მეთქი და ვეიტაომ ძალიან გააპროტესტა, ეგრე რა აზრი აქვსო (არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი)! ეკმა გვითხრა, სამხრეთ ამერიკელები რაღაც ბარში აპირებენ წასვლას და იქ ხომ არ წავიდეთ ჩვენცო. ეს იდეა მოგვეწონა, და საბოლოოდ, იმ ბარში, იმდენი ვიცეკვე, ბოლოს ყველა დაიღალა და მე კიდევ არ ვჩერდებოდი. მაგ ცეკვების მერე, ვეიტაომ მითხრა, ქართველები უფრო კონსერვატორები მეგონენო :) (არ ვიცი, არ მკითხოთ რას გულისხმობდა).

ნელ-ნელა ლათინოამერიკელებიც გავიცანი. მეორე დილას მე, მიგელი და ლუსი სარბენად წავედით. ორივე კოლუმბიიდან იყვნენ, სამედიცინოს სტუდენტები. ატლანტაში როტაციაზე იყვნენ. ბელისარიოც კოლუმბიელი იყო და კიმისთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. კიმი ძალიან ერთობოდა ჩვენით, ვინაიდან მე ძირითადად ბელისარიოს teasing-ით ვიყავი დაკავებული და თავს იმდენის უფლებას ვაძლევდი, რომ ესკობარზეც კი ვეხუმრებოდი ხოლმე. კიმის მიაჩნდა, რომ იდეალური წყვილი ვიყავით ☺ 

თუმც ჩვენი, როგორც ერთიანი წრის დამეგობრება პოლის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა. 

ერთ დღეს, სამზარეულოში ვიყავი და ლანჩს ვიმზადებდი, როცა მკვეთრად ევროპული გარეგნობის ბიჭი შემოვიდა და ხელი გამომიწოდა, გამარჯობა, მე პოლი ვარო, მითხრა. კროგერიდან ახალი დაბრუნებული იყო, და სანამ თავის უზარამზარი სპორტული ჩანთიდან პროდუქტებს ალაგებდა (პარკებს არ იყენებდა, ეკოსისტემის მოფრთხილების ეგიდით), ერთმანეთს გამოვკითხეთ, ვინ ვიყავით და რას ვსაქმიანობდით ატლანტაში. პოლი სამედიცინოს სტუდენტია, ემორიში კვლევაზე იყო ჩამოსული ნეირომეცნიერების მიმართულებით. საჭმელად რომ დავსხედით, პოლი ყვებოდა, რის ნახვას აპირებდა ატლანტაში. თუ დაუნთაუნში დააპირებ წასვლას, მეც აუცილებად წამოვალ-მეთქი, ვუთხარი. მოგვიანებით, როცა უკვე დავმეგობრდით, მითხრა, მაშინ კი გამიკვირდა, სრულიად ახალგაცნობილზე სადღაც წასვლა რომ შემომთავაზეო, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რომ ჭამა ასე გიყვარდა და მართლა მხოლოდ საჭმელად წასვლა გინდოდაო ☺ 

ჩვენი დიდი, ლათინოამერიკული ოჯახი კი მაშინ შეიქმნა, როცა ბოტანიკურ ბაღში სინათლის შოუზე წავედით - მე, პოლი, ვეიტაო, ეკი, მიგელი, ლუსი, კაროლი, ჯულიანა, ანა და ანდრეა. კაროლი და ჯულიანა ბრაზილიელები იყვნენ, ანა ჰონდურასიდან, ანდრეა კი - ეკვადორიდან.

გამოსვლისას, უბერებს რომ ველოდებოდით, მიგელმა ვოთსაფში ჯგუფის ჩატი შექმნა და The good villa დაარქვა - ეს ჩატი დღემდე გვაქვს და ძალიან მიყვარს. ვილაში დაბრუნებულებს ძალიან გვშიოდა, ოთახებში აღარ ავედით, სასადილო ოთახში დავსხედით და პიცა გამოვიძახეთ. სანამ პიცები მოვიდოდა, ერთმანეთი ფეიბსუქზე დავიმატეთ და იყო ერთი ხორხოცი, ფოტოების გადაგზავნა. ვეიტაო პიცას არ დაელოდა, სტეიკი შეიწვა და ჩვენ წინ დემონსტრაციულად ჭამა :)

ასე შეიქმნა ის სამეგობრო წრე, რომელსაც ჩასვლის დღიდან ველოდი :) შემდგომში, გრძელი მაგიდის თავში რომ ვსხდებოდით, ყოველთვის მახსენდებოდა, სულ სულ თავიდან, ახალი ჩასული, სხვებს როგორ ვუყურებდი, ზუსტად ამ ადგილას რომ ისხდნენ და იცინოდნენ. რაღაცნაირად, კარგი შეგრძნება იყო, ფილმის კადრივით ვხედავდი, ჩემს თავს ჩამოსვლისას და - ახლა. 

კარგი  შეგრძნება იყო ეს მოულოდნელი დამეგობრება. საღამოობით მიგელი ჩატში მოიწერებოდა, what's the plan for today? და ვგეგმავდით ფილმების ყურებას ან სადმე წასვლას. სანიც დაბრუნდა მორიგი მოგზაურობიდან და ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა. საოცარი უნარი ჰქონდა, ყველას დამეგობრებოდა და ყოველთვის საზოგადოების სული და გული ყოფილიყო. მეც ამ დროს უფრო დავუმეგობრდი. ერთხელ სხვებთან ერთად რაღაცაზე ვლაპარაკობდით და რაღაც რომ ვთქვი, უცებ სანი მომიბრუნდა და სასიამოვნოდ გაოცებული მეუბნება - you're funny!

მიგელი ძალიან მონდომებით გვასწავლიდა სამხრეთ ამერიკულ ცეკვებს მე და პოლს. თან ცეკვების შინაარსსაც გვიხსნიდა. მე და პოლი ვიყავით ხე და ბოძი :) ყოველ ჯერზე სიცილით ვკვდებოდი, ერთად როცა ვცეკვავდით. ერთხელ ლათინოამერიკულ ბარში წავედით და იქ მოვახდინეთ დემონსტრირება :) არც ისე წარმატებით. თუმცა ერთი ჭიქა შარდონეს მერე, საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ შაკირასავით ვცეკვავდი. 
იმ ღამით ვილაში რომ დავბრუნდით, სანმა მიკროტალღოვან ღუმელში დონატები გაგვითბო და გვაჭამა. სრულიად ახალი აღმოჩენა იყო ოდნავ შემთბარი დონატების ჭამა, კრემი რომ გამლღვალია. სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯექი, თბილ-თბილ დონატებს ვჭამდი, ფეხებს ვიქნევდი და ვიცინოდით. იმის მერე კროგერში სულ ვყიდულობდი ამ დონატებს და სანის მეთოდით ვათბობდი.

ყველაფერ კარგს აქვს დასასრული - ნელ-ნელა ჩვენმა წრემ დაშლა დაიწყო. ჯერ ვეიტაო წავიდა, მერე ლუსი, ორ დღეში მიგელი მიჰყვა, მერე ანდრეა. მხოლოდ მე, კაროლი, ეკი, ბელისარიო და პოლი დავრჩით. ჩემი წამოსვლის წინა დღეებში საშინლად გავცივდი, სიცხე მქონდა და ძლივს ვსუნთქავდი (ალბათ იმიტომ, დიდი ოდენობით ნაყინს რომ ვჭამდი სულ). თუმცა წამოსვლის წინა დღეს ბარბექიუ რესტორანში წავედით მაინც მე, ეკი, ბელისარიო და პოლი. სანამ ჩვენი მაგიდა გამზადდებოდა, ბართან მოგვიწია ჯდომა და ლოდინი. თან ავად ვიყავი, თან მშიერი, თან წამოსვლა არ მინდოდა და სანამ მაგიდასთან დაგვსვამდნენ, საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. მაგიდასთან როგორც კი დაგვსვეს და მენიუ მოგვიტანეს და კერძების არჩევა დავიწყეთ, ხასიათი გამომიკეთდა და საჭმელი რომ მოგვიტანეს, ლამის ტაში შემოვკარი ბედნიერებისგან (საოცრად გემრიელი იყო ყველაფერი). ბელისარიო ეუბნება ბიჭებს, დაკვირვებიხართ, რომ ნატალია ჭამამდე და ჭამის შემდეგ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება არისო? :D

შემდეგ დღეს დილას ყველას დავემშვიდობე და ნიუ იორკში გავფრინდი. ასე გასრულდა კარგი ვილას ამბავი. დღემდე ვკითხულობთ ერთმანეთს ვოთსაფში, თუმცა ცხადია,  დროთა განმავლობაში ინტენსივობამ იკლო. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ დედამიწის ყველა მხარეს ცხოვრობენ ადამიანები, რომლებთანაც ბევრი კარგი მოგონება გაკავშირებს.

* * *
პ.ს ეს პოსტი ძველი დრაფტებში შემომხვდა, გადავხედე, დავარედაქტირე და ვაფაბლიშებ, ბედნიერი დღეების მოსაგონებლად.