Showing posts with label მოგზაურობა. Show all posts
Showing posts with label მოგზაურობა. Show all posts

Thursday, December 28, 2017

ჩემი 2017

“I always thought that there was a magical phase of adulthood where you wake up one day and have it all figured out. Turns out that’s not true. You have to prioritize your time, your mental health, your goals and your happiness. No one else will do it for you. You want a raise? Need a new job? Waiting around for that hottie to ask you out? Ask for what you want. Get that yearly physical Obama worked so hard to get you, go to therapy, pay your bills on time, my god start saving for retirement and get your credit together. It sounds so daunting but you just have to take the first step. Being a grown up is tough but there’s also almost nothing migas and a good margarita won’t fix, so if all else fails learn how to make those and you will be fine.”

პატარა რომ ვიყავი, მეც ასე მეგონა - უფროსებს ყველა გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და დიდი რომ გავხდებოდი, ჯადოსნურად ჩამიფრინდებოდა თავში, რას გავაკეთებდი, როგორ ვიცხოვრებდი და ა.შ  აღმოჩნდა, რომ ყველაფერი პირიქითაა. ყველა გადაწყვეტილება შენი მისაღებია, დამოუკიდებლობა საკმაოდ რთულია, ასაკს თავდაჯერება არ მოაქვს, 30 წლისა შეიძლება ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ სწორად აირჩიე საქმიანობა.  ყველაფერზე ფიქრი გიწევს. თუნდაც იმაზე, ჩიზქეიქი უფრო გინდა, რომ შეუკვეთო, თუ ბრაუნი.

2017 ცვლილებების, შთაბეჭდილებების და სიახლეების წელი იყო. გახსოვთ, 2017-ის სია რომ ჩამოვწერე? ამ სიის აფდეითის ნაცვლად, ჩემს საყვარელ ბლოგზე ზემოთმოყვანილმა პოსტმა შთამაგონა დამეწერა, რა ვისწავლე 2017 წელს.
  • დროის მენეჯმენტი ყველაზე საჭირო რამ არის! ზრდასრულ ადამიანს დრო, უბრალოდ,  აღარ გყოფნის. ამიტომ მუდმივად გიწევს რაღაცების გათვლა, საათების დათვლა, გრაფიკების შედგენა (თუნდაც მხოლოდ გონებაში). ადამიანების და საქმიანობების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება.
  • თუ რაღაც მინდა, კოსმოსურ ენერგიებს ან ღმერთის ხელს არ უნდა დაველოდო და იმ რაღაცისკენ სწრაფვა უნდა დავიწყო. გამოთქმაში "თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა/გექნება", რაღაცის ძალიან ნდომა არ ნიშნავს, რომ იჯდე და სურვილით იწვოდე და როცა ვერ მიიღებ, უიღბლობას ან ვინმე სხვას გადააბრალო. რაღაცის ნდომა ნიშნავს, რომ პირდაპირ ქმედებაზე გადახვიდე, რათა ის "რაღაც" მიიღო. რაც ასევე ნიშნავს, რომ ჩემი სურვილი, როცა საჭიროა, უნდა გავაჟღერო.
  • ბაყაყები დიდხანს არ უნდა ვათრიო. ადრე, რაიმე პრობლემურ საკითხს მაქსიმალურად გადავდებდი და ყოველდღე გულზე ლოდით დავდიოდი, როცა კი გამახსენდებოდა, რომ ესა თუ ის პრობლემა მოუგვარებელი მქონდა. ახლა ვისწავლე, რომ პრობლემის გადასაჭრელად სწრაფად უნდა ვიმოქმედო. თუ ვიცი, რომ კონკრეტულ პრობლემას ამჟამად ვერ მოვაგვარებ და/ან მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული მოგვარება, ცოტახნით ვეშვები და შესაბამის დროს ველოდები. ვერ ვიტყვი, რომ ყველა დაბრკოლებას ამ პრინციპით ვუდგები, და უმალ და ეფექტურად ვაგვარებ, მაგრამ სულ მცირე, ვცდილობ. ცხოვრებაც უფრო ადვილი გახდა (ამ კუთხით მაინც).
  • წუწუნი პრობლემას არ აგვარებს. შეიძლება ერთხელ დააფიქსირო, რაც გაწუხებს და რჩევებს მოუსმინო. მერე უკვე უნდა გადაწყვიტო, როგორ მოაგვარებ პრობლემურ საკითხს, მეორედ და მესამედ ერთსა და იმავეზე წუწუნი უბრალოდ, ეგოიზმია და სხვებს დროს აკარგვინებ ტყუილუბრალოდ. რაც არავის სიამოვნებს, თუნდაც ყველაზე ახლო მეგობარს.
  • სჯობს, არაფერზე ვიფიქრო ბევრი. რაც უფრო ბევრს ვიფიქრებ, მით უფრო დიდ პრობლემად იქცევა. ამაზე ჩემმა მეგობარმა ამიხილა თვალები უნებურად. იპოდრომზე ვიყავით სარბენად, რომ დავამთავრეთ, გაწელვებს ვაკეთებდით. ძალიან ბევრი პატარა ქინქლა ირეოდა, სახეზე მედებოდა და ხელს მიშლიდა. ხმამაღლა დავიწუწუნე, რამდენი არიან, შენ არ გეხვევიან-მეთქი? კი, მაგრამ მკიდიაო, უდარდელად მიპასუხა. უცებ მივხვდი, რომ ქინქლები უფრო იმიტომ იყვნენ შემაწუხებელი, რომ ყურადღებას ვაქცევდი, ვიდრე იმიტომ, რომ რეალურად მიშავებდნენ რამეს. მას შემდეგ ვაკვირდები, რამდენი ვითომ პრობლემური რამ არის, რაც მარტივად შეგიძლია, უპრობლემოდ აქციო, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეხედავ.

მოკლედ, ესაა სულ. არ ვიცი, ზევით შეჯამებაში ჩანს თუ არა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, 2017 კარგი წელი იყო :)

ფოტოები ბონუსად:

სადღაც ჰიუსტონის თავზე :)


ახალი სიყვარული

უხმო კინო
(ყურსასმენები არ მუშაობდა)

ნიკ

კრაკოვი

ყველაზე უცნაური ქალაქი

Wednesday, October 1, 2014

რაზე ოცნებობს ფერმერი ასტრონავტი

“Somewhere along the line we stopped believing we could do anything. And if we don’t have our dreams, we have nothing.”  
    
   -  The Astronaut Farmer


  მე რომ მუდმივი სამსახური მექნება, ბრიუგეში წავალ.

 მუდმივი სამსახური როცა მექნება, სტამბულში დავბრუნდები.
 
  ბოლო 1 წელია, ჩემი ყველა  გეგმა თუ სურვილი ამ ფრაზით იწყება - აი, მე რომ მუდმივი სამსახური მექნება...  

  უკვე იმდენი ხანია, ვგეგმავ, წარმოვიდგენ, ვფიქრობ, რომ  ხანდახან, ძალიან იშვიათად,  დავუშვებ ხოლმე, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერასდროს ვნახო ბრიუგე. შეიძლება არასდროს წავიდე კიდევ ერთხელ სტამბულში. შეიძლება სულ ტყუილად მიფიქრია და ათასჯერ წარმომიდგენია შვეიცარიის ალპებში ხის სახლი, ჭრიალა დარაბებით, რომელშიც აუცილებლად უნდა გავათენო ერთი ღამე მაინც. 
 ასეთ დროს ყველაზე ძალიან მეშინია. მეშინია, არ გამიხშირდეს ასეთი ფიქრები, უფრო ხშირად არ ვიმეორო სიტყვები: "ვერასდროს", "არასოდეს"..  მეშინია, რომ ზუსტად ეგ ფიქრები გახდება  ჩემი ოცნებების დამარხვის მიზეზი. 

  როცა ვხვდები, რომ იმედს ვკარგავ, მთელი ძალით ვცდილობ, არ გავჩერდე, კიდევ გავაგრძელო ოცნება; რამდენ ხანსაც მომიწევს, იმდენი ვიოცნებო, ვგეგმო, კიდევ უფრო ხშირად შევიდე ხოლმე booking.com-ზე და დუბროვნიკში გესტჰაუსების ფასები ვათვალიერო. ვიცი, რომ ეს პირველი ნაბიჯია სურვილების ასრულებისკენ.

  ყველაზე მეტად ამის მეშინია - ოცნება არ შევწყვიტო.

    ნუთუ სულელი გოგო ვჩანვარ, როცა ვცდილობ, უფრო ხშირად, უფრო გულიანად გავიცინო?  სიცილით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, ჯერ ძალიან აწეწილ-დაწეწილ, დაულაგებელ გეგმებზე და ასე გავიხანგრძლივო ოცნების სურვილი. იქნებ ამდენი სიცილი ზედმეტიცაა.
 ხანდახან ცოტათი, სულ ცოტათი ვიღლები. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმა მითხრან, რომ ყველაფერი გამოვა (ვინაიდან როცა ამას აკეთებენ, მგონია, მთებს გადავდგამ). სამწუხაროდ, ასეთ იოლ რაღაცას, როგორიც რამდენიმე გამამხნევებელი წინადადების თქმაა, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ და საპირისპიროდ, დამცინავი ფრაზების თქმა არ გვენანება ხოლმე.

 ყველაფერი ჩემს თავშია.

    ჰოდა თუ მკითხავთ, საით მივყავართ ოცნებებს?  მე გიპასუხებთ, რომ ოცნებებს ჩვენს საყვარელ ქალაქებამდე მივყავართ, რომლებიც ყველას გვაქვს და ხანდახან, არ ვიცით ხოლმე.




   And me? I still believe in paradise. But now at least I know it's not some place you can look for. Because it's not where you go. It's how you feel for a moment in your life when you're a part of something. And if you find that moment... It lasts forever.

Saturday, September 7, 2013

პირველი სიყვარული კონსტანტინოპოლში

    ამ ქალაქის მაგიაზე უკვე ბევრს ულაპარაკია და დაუწერია,  მაგრამ საკუთარ თავზე სანამ არ გამოცდი, ვერ მიხვდები რას ნიშნავს სტამბულის ჯადოსნობა. მეც თავიდანვე ასე ვიცოდი, რომ სხვების ნათქვამი საკმარისი არ იყო, რომ უნდა ჩავსულიყავი, და მაშინ მივხვდებოდი, რას უშვრება ეს ქალაქი ადამიანებს.

   ჰოდა,  ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმში, ავტობუსში ჩავჯექი და სტამბულისკენ გავეშურე.

   ვიცოდი, რომ სტამბულში თავგადასავლები მელოდებოდა,  ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა 10 დეკემბერს, აკანკალებული ხელებით ინტერნეტით ბილეთზე თანხის გადახდა დავადასტურე, ბედნიერებისგან შეშინებულმა მიმოვიხედე და  თანამშრომლებს ხმამაღლა ვუთხარი: "როჯერ ვოტერსის ბილეთი ვიყიდე".

   ჩასვლამდე იყო დამქანცველი 20 საათი. დილის 10 საათისკენ სტამბულში შევედით. დაღლილობა სადღაც გაქრა, მე თვალები გამიფართოვდა და მღელვარებისგან სულმთლად ავკანკალდი.
    როცა ჩადიხარ უცხო ქალაქში, რომელსაც მანამდე ფოტოებით და სხვების მონაყოლით იცნობ,  უცებ კი არ გეცემა თავზე და გეუბნება - აი შენ სტამბულში მოხვედიო. მღელვარების კანკალებიც გაივლის, ავტობუსების სადგურშიც ჩამოხვალ (სადაც ყველა მხრიდან ქართული ლაპარაკი ისმის და წარწერებიც ქართულია), ჩაჯდები ტაქსში, მიდიხარ გზებზე დიდი სისწრაფით და შიშისგან უნებლიედ ხმამაღლა წამოგცდება "ვაიმე", რაც ძალიან ახალისებს ტაქსის მძღოლს, რომელიც სადღაც ვიწრო ქუჩაზე ჩამოგსვამთ და ხელით მიგანიშნებთ სადც უნდა წახვიდეთ. გაუყვები სხვებთან ერთად გზას, აღმოჩნდები ისტიკლალზე  და.. იქ გრიგალივით დაგატყდება თავს  სტამბული, აგიტაცებს და ჰაერში დაგატრიალებს, თავისი შაურმებით, სტარბაქსებით, რახათ 
ლუხუმებით, შემწვარი წაბლებით და სიმინდებით, ნაყინის გამყიდველი ბიჭებით, რომლებიც შიგადაშიგ პატარა ზარებზე ძლიერად შემოჰკრავენ ჯოხს და გამაყრუებელ ხმას გამოსცემენ..  ამ ყველაფერს აგვირგვინებს არსაიდან გამოჩენილი წითელი ტრამვაი, რომელიც უმანკოების მუზეუმის ერთ-ერთი გამოცემის ყდიდან გადმოდის თითქოს.

  აი, მაგ დროს ხვდები, რომ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე სტამბულის მაგია.

   დავდიოდი ქუჩებში და ვიგრძენი, ერისენა ტენეცკაიასავით, მეც ატმის სურნელს რომ დავატარებდი.  მივხვდი, რომ ეს იყო ბედნიერება - როცა რაღაცით მთლიანად სავსე ხარ და ვერ იხსენებ სხვა ვერც ერთ მდგომარეობას, რომლის გამოც ახლანდელს დათმობდი. როცა სულ რაღაც გიხარია, თან სულ გეშინია, ეს ყველაფერი არ გაქრეს, არ გამოგეღვიძოს.  მეც ამ რაღაცით ავსებული, დავდიოდი და  ჩუმად ვიმეორებდი: "მე სტამბულში ვარ, მე სტამბულში ვარ"..

  ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი. ვერაფრის კი არა, რაც კი მქონდა დაგეგმილი, არაფერი შემისრულებია. უმანკოების მუზეუმი დაკეტილი დამხვდა (სამაგიეროდ ძალიან ახლოს ვცხოვრობდი და დღეში რამდენჯერმე ავუვლ-ჩავუვლიდი ხოლმე), ჩილიმის მოწევა და ჩაის დალევა ვერ მოვასწარი, არც აია სოფიაში წავსულვარ..
 და როგორც ყველა სხვა ადამიანი ჩემამდე, შევპირდი სტამბულს, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და ვიქნებოდი მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა ის, თავისი დაღმართიანი ქუჩებით, ქვაფენილიანი ისტიკლალით, ხმაურიანი ტაქსიმით, ათასი ტურისტით და გაქნილი ტაქსის მძღოლებით.




   პ.ს თავად კონცერტს რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიჭირს წერა, ახლაც კი, როცა ყველა ემოცია განელებულია. დღესაც არ მჯერა, რომ 1 თვის წინ ჩემგან რამდენიმე მეტრში ის კაცი იდგა, რომელზეც ვლოცულობ.

Monday, February 4, 2013

Do more - მოსანახულებელი ადგილები, ნაწილი II

   გუშინ ორჰან ფამუქის "უმანკოების მუზეუმი" დავამთავრე. სტამბული მოსანახულებელ ქალაქთა სიაში უკვე იყო [თან ყველაზე მალე სავარაუდოდ ამ ქალაქში მოვხვდები],  ვოტერსის ბილეთი რაც ვიყიდე, მას შემდეგ დამაინტერესა განსაკუთრებულად, გუშინდელის მერე კი სურვილი გამიათმაგდა.

  ბეიოღლუზე უნდა გავიარო და ჭიქა ჩაი დავლიო [ფინჯანი არ დავწერე შეგნებულად].

 
 

მერე ჩუქურჯუმაში გავივლი და უმანკოების მუზეუმს ვნახავ : )



  საბერძნეთი საოცრად ლამაზი ქვეყანაა, ისტორიული ადგილებით და მშვენიერი სანაპიროებით. მაგრამ მე განსაკუთრებულად სიკლადისი მიზიდავს [თუ არასწორად ვწერ, შემისწორეთ]. ეს არის კუნძულთა ჯგუფი ეგეოსის ზღვაში. ალბათ, ამ კუნძულებიდან სანტორინიზე უფრო გსმენიათ. ეს ადგილიც ერთ–ერთი პატარა სამოთხეა დედამიწაზე. ფერადი სახლებით და ზურმუხტისფერი ზღვით.




აისი : )

   საბერძნეთიდან ცივი გადახტომა ისლანდიაში. ისლანდიაში არის ასეთი ჩანჩქერი, დეტიფოსი, რომელიც არის, უბრალოდ მშვენიერი. ტალახისფერი, მაგრამ მშვენიერი.



  ასევე არის გულფოსი, დეტიფოსზე უფრო მშვენიერი.






  და სკოუგაფოსი, წინა ორზე უკეთესი.





  არის გეიზერები, რომლებიც ძალიან ლამაზ სანახობას ქმნიან.



   მთავარი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად მინდა წავიდე ისლანდიაში არის ჰორნვიკი. ნისლიანი, მწვანე ჰორნვიკი.



აი ერთ ღამეს აქ თუ დავიძინებ კარავში, ვიტყვი რომ ცხოვრება შედგა.


 შემდეგ ნაწილში ალპების გარშემო ვიტრიალებ : )

Sunday, January 27, 2013

Do more - მოსანახულებელი ადგილები, ნაწილი I



  ბევრი ვიფიქრე, თუ რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში.

 კარიერა, ფული, სიყვარული?

  საბოლოოდ დავასკვენი, რომ არც ერთი კონკრეტულად. მთავარია, იყო ბედნიერი და არ აქვს მნიშვნელობა, სად, როგორ და რა ფორმით იქნები.

  როგორ გავხდე ბედნიერი? 

  ამ პოსტში მოვყვები ერთ–ერთ მძლავრ და დიდ მიზეზზე [და მიზანზე], რომელიც გამაბედნიერებს მე და დარწმუნებული ვარ, სხვებსაც.

   მოგზაურობა მინდა, იცით როგორი?  წინასწარ რომ არ იცი, სად წახვალ და რას ნახავ. ჩახვალ და მერე გადაწყვეტ, საით გასწევ. ამიტომ, ამ პოსტში ხმამაღლა  უნდა ვთქვა ის ადგილები, სადაც მინდა წავიდე ოდესმე. ოდესმე იმიტომ, რომ ამ წელში ვერ მოვასწრებ, უბრალოდ დრო არ მეყოფა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

   მე ვთვლი, რომ არავის არ აქვს უფლება ერთ ქვეყანაში იჯდეს, როცა ჯერ მარტო დედამიწაზე არის ძალიან ბევრი საინტერესო და სუნთქვისშემკვრელი ადგილი. როცა შეგიძლია ერთი ზურგჩანთით და ბათინკებით იხეტიალო და ჩაისუნთქო სხვადასხვა ქვეყნის ჰაერი, გადაგხდეს თავგადასავლები და გაიცნო შემთხვევითი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მეორედ აღარც შეხვდე, მაგრამ თავის კვალი დატოვონ შენს ცხოვრებაში.

    ეგრევე გული არ გიჩქარდებათ, როცა წარმოიდგენთ, როგორი მაგარია, როცა კვეთ რომელიმე ქვეყნის საზღვარს და არ იცი, წინ რა გელის? როცა შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, შენი სცენარი დაწერო, შენივე 'ფილმისთვის'.
 უბრალოდ ადგე და პირველივე შემხვედრს ჩაეხუტო, შუა ქუჩაში იცეკვო გადარეულივით ან ხმამაღლა იყვირო?  თავისუფლების საოცარი შეგრძნება არ გეუფლებათ ეგრევე?
 
   სავარაუდოდ რამდენიმე გასვლა იქნება საჭირო, ერთ წასვლაზე ყველაფერს ვერ მოვინახულებ ცხადია; მაშინ მომიწევს დიდი ხნით დავტოვო საქართველო და ბევრი ფული ვიქონიო, ან გზადაგზა გამოვიმუშავო. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, მოგზაურობა უნდა დავიწყო ერთხელ და მერე გამოცდილება თავისით მოვა და შესაბამისად გადაწყვეტ, რა და როგორ გააკეთო. 

    რამდენი ხანია ვოცნებობ იცით ამაზე? აი, ესპანეთზე რომ ვწერდი 2–3 წლის წინ, გამსაკუთრებით იმ დროიდან. მაშინ ესპანეთზე მქონდა აქცენტი, ახლა შეიცვალა, მაგრამ მთავარი იგივე დარჩა – მოგზაურობა მინდა!  ეს არის ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, რომელიც უნდა ასრულდეს, აუცილებლად უნდა ასრულდეს.


რა უნდა გავაკეთო დასაწყისისთვის:

1. ავიღო პასპორტი
2. ვიყიდო კარგი ზურგჩანთა და გამძლე ბათინკები.
3. შევაგროვო ფული.


   ამ ეტაპზე მაქვს შერჩეული რამდენიმე ადგილი, რომელიც განსაკუთრებით მინდა, რომ ვნახო. ჯერ ევროპით დავიწყებ და მერე გადავალ სამხრეთ ამერიკაში [სამხრეთ ამერიკა ცალკე თემაა საერთოდ, რუკაზე რამდენჯერ დავმჯდარვარ და ქვეყნიდან ქვეყანაში გადავსულვარ].

  ამ პოსტში მოგიყვებით მათ შორის რამდენიმეზე.  დანარჩენი მოსანახულებელი ადგილები იქნება შემდეგ პოსტებში : )



 ნორვეგია

   ზოგადად, ნორვეგია განასაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩემში, ფიორდებით და ხასხასა სიმწვანით. მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვნახო ეს სასწაული ადგილი, სუნთქვისშემკვრელი და ზღაპრული, რომელსაც ჰქვია პრეკესტოლენი. ეს არის მასიური კლდე, საიდანაც იშლება ხეობის საოცარი ხედი.



 აქ  შიშისგან აკანკალებული უნდა მივფორთხდე კლდის კიდემდე და გადავიღო ფეხების ფოტო : )



აი, ასეთი მშვიდი და ლამაზი ადგილებია ნორვეგიაში, ტბები და ფერადი სახლები –




 ხორვატია

  ხორვატია არის სამოთხის ნაგლეჯი, რომელიც ოდესღაც შემთხვევით მოხვდა დედამიწაზე. სასწაულად კამკამა ლურჯი ზღვით, როგორიც სხვაგან არსად არ არის, და პატარა, ლამაზი ქალაქებით. ქალაქებზე შევჩერდეთ. დუბროვნიკი – წითელკრამიტიანი სახლებით, ვიწრო ქუჩებით და საოცარი სანაპიროებით.


  მე თუ მკითხავთ, ხორვატია მთლიანად უნდა შემოიაროს კაცმა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დუბროვნიკზე და ამ ადგილზე ვისაუბრებ – პილტვიცის ტბები [იმედია სწორად გამოვთქვამ, ჩემი ინტერპრეტაციაა].




  ესეც ხორვატიის ერთ–ერთი სანაპიროს რენდომ ფოტო, რომელსაც სიზმარში ხშირად ვხედავ ხოლმე.


 
ავსტრია

  ტბების მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. არასდროს არ მინახავს არც ერთი ტბა [ბაზალეთს თუ არ ჩავთვლით], მაგრამ მაქვს special feeling, ქრაში, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით.  ავსტრიაში ბევრი რამეა სანახავი, მაგრამ ეს ტბა, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი ერთ–ერთ ბლოგზე [თუ სწორად მახსოვს], განსაკუთრებულ ადგილთა სიაში ჩაეწერა ჩემთან.



  ეწოდება Grüner See ანუ მწვანე ტბა, განსაკუთრებული მწვანე ფერის გამო.

 ასევე მინდა ვნახო  პატარა, ზღაპრული სოფელი, რომელსაც ჰქვია Hallstatt და მდებარეობს ტბის პირას.



ირლანდია

  ირლანდიაში ჯერჯერობით კონკრეტული ადგილი არ მაქვს შერჩეული, მომავლისთვის გადავწყვეტ, ან შემთხვევით ავარჩევ რუკაზე : )



ჩეხეთი

აქ ძალიან ბანალური ადგილის – პრაღის ნახვა მინდა, ლუდის დალევა და კანჭის ჭამა : )



ესპანეთი

 ესპანეთზე იმდენი მაქვს ნაფიქრი და ნაოცნებარი, სადაც გინდა მოვხვდე, ოღონდ მოვხვდე : )

მალაგას ვნახავდი, თეთრი სახლებით, სადღაც შორს სანაპირო რომ მოჩანს.

  
ბელგია 

  ბრიუგე ამ ფილმიდან შემიყვარდა და აუცილებლად მოსანახულებელ ქალაქად იქცა.





 ევროპიდან გადავიდეთ დიდებულ სამხრეთ ამერიკაში.

ვენესუელა

  ვენესუელაში უნდა ვნახო მთა რორაიმა! ეს არის ყველაზე სასწაული მთა, სულისშემძვრელი, მკვლელი და გულის გამაჩერებელი.


 არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა ასვლა ჩეულებრივი მოკვდავთათავის, მაგრამ შორიდანაც რომ მოვკრა თვალი, საკმარისია იმისათვის, რომ სულ მცირე ტაქიკარდია გამოიწვიოს : )



პერუ

  პერუში მაჩუ პიკჩუ მელოდება, უნდა ავიდე და ასე უდარდელად  გავიშხლართო მწვანე მოლზე : ))



და მერე იქიდან მოგწერთ – 7ობაა, ანათებს მზე. მაგრად ვარ, დავრბივარ.


 პ.ს მუსიკალური მხარდაჭერისთვის მადლობა ლიაპის ტრუბეცკოის და ლაუდსპიკერს.

Friday, January 25, 2013

Do more & make it count

In the end, it's not the years in your life that count, it's life in your years.
                                                                           

                                                                                           - Abraham Lincoln

Without a goal, you can't score

 
      მთავარია, მიზნები დასახო. ხმამაღლა უნდა თქვა – მე მინდა გავაკეთო ეს. მაგალითად, მე მინდა წავიდე ბრიუგეში (მე მართლაც მინდა, წავიდე ბრიუგეში) და მერე თითქოს უფრო მარტივდება ყველაფერი, როცა იცი, მიზანი რა არის. შემდეგი საფეხურია ამ მიზნამდე მიღწევის გზების გამოძებნა, რომელთაგან ყველაზე იოლი და საინტერესო უნდა ამოარჩიო და ეგაა, საქმე თითქმის გაკეთებულია.

 ეს არის შესავალი პოსტი, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ოდესღაც მაქვს ნათქვამი, რომ უნდა დამეწერა იმ ადგილებზე, რომელთა მონახულებაც მინდა. ის პოსტი ჯერ კიდევ დრაფტებში გდია და დაწყებულიც კი არ მაქვს. მაგრამ აუცილებლად დავწერ და ეგ იქნება ხმამაღლა ნათქვამი მიზანი. ნელ–ნელა გზებიც დაისახება და როგორც ვთქვი, მერე ყველაფერი ადვილია.

     ერთ–ერთი ძლიერი ინსპირაცია გახდა ეს ვიდეო და ეს ადამიანი, Casey Neistat. 

Sunday, December 18, 2011

თავგადასავლების მაძიებელთა კლუბი

     ბლოგს ბექგრაუნდი შევუცვალე. აღარ მაქვს ლიმნიანი შპალერი.  მუქი ლურჯი და ღია მწვანე არც თუ ისე უხდება ერთმანეთს. მაგრამ გადავწყვიტე, ფერთა შეხამებას ერთხელ და სამუდამოდ აღარ მივაქციო ესოდენ დიდი ყურადღება, ინტერნეტში მაინც.

     საშობაო განწყობას ვქმნი. ხაზგასმით აღვნიშნავ სიტყვას 'საშობაო', რადგან სწორედ საშობაო განწყობა მაქვს და არა, მაგალითად, საახალწლო. შობაში კი 25 დეკემბერს ვგულისხმობ.

    ცოტა ხნის წინ იმ წიგნს ვკითხულობდი, სულაკაურის გამომცემლობამ რომ მაჩუქა. დიანა იანსეს ავღანური დღიურები. ერთი ამოსუნთქვით იკითხება მართლა.
   მაგრამ ამის სათქმელად არ მიხსენებია; კითხვისას კიდევ ერთხელ გამიჩნდა მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი, თავგადასავლების, დაუგეგმავი ამბების.
  ისე ვლაპარაკობ, თითქოს რამე გამეგებოდეს ან მოგზაურობის ან თავგადასავლების.  ერთი–ორი ექსკურსიის გარდა არაფერი გამოცდილება არ მაქვს.

   ადამიანებო, ვინც ამას კითხულობთ, არ გინდათ ერთ მშვენიერ შაბათ–კვირას წავიდეთ ასე, თავგადასავლების საძებრად? ჩვეულებრივი ლაშქრობას არ ვგულისხმობ. ავდგეთ, საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩავიდეთ, ვიხეტიალოთ, ადგილობრივები გავიცნოთ და ღამე პროვინციულ სასტუმროში გავათიოთ, ან ვინმე კეთილი ადამიანის სახლში. როგორც დიანა იანსე იტყოდა, ისეთ ადგილას წავიდეთ, საიდან დაბრუნებულებიც, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედავთ.
   აუცილებელი არ არის, ეს შაბათ–კვირა უახლოეს მომავალში იყოს. მითუმეტეს ზამთარია და თან, ახალი წლები მოგვიახლოვდა [ახალი წლები – ხაზგასმით მრავლობითში]. 

    ჰოდა, ადექით და ერთ მშვენიერ დღეს მომწერეთ აქ, რომ გინდათ ასე, თავგადასავლების საძიებლად წასვლა. მერე უკვე ყველაფერი ადვილად გამოვა.