ბლოგს ბექგრაუნდი შევუცვალე. აღარ მაქვს ლიმნიანი შპალერი. მუქი ლურჯი და ღია მწვანე არც თუ ისე უხდება ერთმანეთს. მაგრამ გადავწყვიტე, ფერთა შეხამებას ერთხელ და სამუდამოდ აღარ მივაქციო ესოდენ დიდი ყურადღება, ინტერნეტში მაინც.
საშობაო განწყობას ვქმნი. ხაზგასმით აღვნიშნავ სიტყვას 'საშობაო', რადგან სწორედ საშობაო განწყობა მაქვს და არა, მაგალითად, საახალწლო. შობაში კი 25 დეკემბერს ვგულისხმობ.
ცოტა ხნის წინ იმ წიგნს ვკითხულობდი, სულაკაურის გამომცემლობამ რომ მაჩუქა. დიანა იანსეს ავღანური დღიურები. ერთი ამოსუნთქვით იკითხება მართლა.
მაგრამ ამის სათქმელად არ მიხსენებია; კითხვისას კიდევ ერთხელ გამიჩნდა მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი, თავგადასავლების, დაუგეგმავი ამბების.
ისე ვლაპარაკობ, თითქოს რამე გამეგებოდეს ან მოგზაურობის ან თავგადასავლების. ერთი–ორი ექსკურსიის გარდა არაფერი გამოცდილება არ მაქვს.
ადამიანებო, ვინც ამას კითხულობთ, არ გინდათ ერთ მშვენიერ შაბათ–კვირას წავიდეთ ასე, თავგადასავლების საძებრად? ჩვეულებრივი ლაშქრობას არ ვგულისხმობ. ავდგეთ, საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩავიდეთ, ვიხეტიალოთ, ადგილობრივები გავიცნოთ და ღამე პროვინციულ სასტუმროში გავათიოთ, ან ვინმე კეთილი ადამიანის სახლში. როგორც დიანა იანსე იტყოდა, ისეთ ადგილას წავიდეთ, საიდან დაბრუნებულებიც, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედავთ.
აუცილებელი არ არის, ეს შაბათ–კვირა უახლოეს მომავალში იყოს. მითუმეტეს ზამთარია და თან, ახალი წლები მოგვიახლოვდა [ახალი წლები – ხაზგასმით მრავლობითში].
ჰოდა, ადექით და ერთ მშვენიერ დღეს მომწერეთ აქ, რომ გინდათ ასე, თავგადასავლების საძიებლად წასვლა. მერე უკვე ყველაფერი ადვილად გამოვა.
