Showing posts with label მოწვეული ბლოგერი. Show all posts
Showing posts with label მოწვეული ბლოგერი. Show all posts

Thursday, February 3, 2011

პოსტი ნატალიასათვის

როგორც წესი, სტუმრად საგარეოდ გამოწყობილები დადიან. საგანგებოდ მოწესრიგებული გარეგნობით, თმითა და აზრებით.

მეც სტუმრად ვარ. სტუმრად ბლოგზე, რომელსაც ჩუმ-ჩუმად ვკითხულობ. ბლოგზე, რომელიც იმ ზღვასავით აღელვებულ და აფორიაქებულ შინაგან სამყაროს მიწყნარებს, რომლის ნახვაზეც რამდენიმე წელია ვოცნებობ. 

დიახ, სტუმრად ვარ. მაგრამ ფეხშიშველი, დახეული წინდებით. სკამზე ფეხორთხმული ვზივარ, სათვალით. თმა საშინლად მაქვს აჩეჩილი, აზრები კი თმაზე მეტად. რა შეიძლება დავწერო ბლოგზე, სადაც  ცხელი შოკოლადი, ზაფხულის მზიანი დღე, თივის, რძისა და ახლადგამომცხვარი პურის სუნი ტრიალებს? სადაც დილით მზე გვაღვიძებს, ვსვამთ ცხელ, რძიან შოკოლადს და ქიშმიშიან ფუნთუშას ვაყოლებთ, ხანდახან ტყეში სოკოს საკრეფად დავდივართ, როცა მზე შუბის წვერიდან გადაიხრება, ჩოგანით ან ბადით ხელში, პეპლებს მინდორში დავდევთ. საღამოს, ლამპის შუქზე კი ფეხმორთხმულები ვსხედვართ და ხვალინდელ დღეს ვგეგმავთ - ცხელი შოკოლადით, ტორტით, მზითა და ყვითელი სინათლით სავსე დღეს.

ბედნიერება ხომ წყლისფერია.
სულიერ სიმშვიდესთან ერთად კი - მზიანი.

ეს ყველაფერი ამ ბლოგზე ხდება. მხოლოდ მაშინ, როცა ავტორი წერს. წერს ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შემიკვეთავს რამე. წერს ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. ორი თვეა, უჩვეულოდ აქტიურობს. ნეტა რა იცის ნატალიამ, რომ მისი ახალი პოსტები ამ ეტაპზე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია? რომ ახლა ხშირ-ხშირად მჭირდება ამოსუნთქვა;
რომ..
რომ.

წაგიკითხავთ ”მისტერიები?” ხანდახან ჩემი თავი მოთხრობის მისტიკურ გმირ ნაგელს მაგონებს. მართალია, ავტორმა ვერ გადაწყვიტა, კეთილი უნდა ყოფილიყო თუ ბოროტი, მაგრამ გმირი ყოველთვის ცდილობდა, ხალხს იმაზე ცუდი ჰგონებოდა, ვიდრე იყო.

ახლახან ”ერორზე” ჰაუსი განახლდა. არასოდეს მინახავს სერიალი ინტერნეტით. ახლაც ტელევიზორში ვუყურებ. რომელიღაც სერიაში ფსიქიატრი ჰაუსს ეუბნებოდა, გეშინია, რომ ადამიანები ისეთს ვერ მიგიღებენ, როგორიც ხარ და უფრო უარესად ამიტომ გინდა თავი მოაჩვენოო.

ალბათ, ფსიქიატრი არ მჭირდება. ასეც რომ არ იყოს, ეჭვი მეპარება, ჰაუსის შავი, ფუმფულა და, რაღაცნაირად, სენტიმენტალური ექიმის ჩანაცვლება დათო ზურაბაშვილმა შეძლოს. თუმცა მგონია, რაღაცას მაინც მოვახერხებ.

რაღაცას აუცილებლად.
ოღონდ, გვიან.
ისე გვიან, როცა აღარაფერს ექნება აზრი.
როცა მატარებელი ჩავლილი იქნება.
როცა მას იმასთან დავინახავ, ვისთანაც ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ იყოს.
როცა ამის შესაჩერებლად არაფერს გავაკეთებ.
როცა ბავშვური ინტერესითა და მაზოხისტური სიყვარულით მივადევნებ თვალს პროცესების არასასურველ განვითარებას.
როცა მეტკინება.
ისე ძალიან, როგორც არასდროს.
მერე გამივლის.
დავისვენებ.
ახალ ჯერზე კი ძველებურად მოვიქცევი.
თავს იმაზე ცუდ არსებად მოვაჩვენებ, ვიდრე ვარ.
ისევ მაზოხისტური სიყვარულით მივადევნებ თვალს მიმდინარე პროცესებს.
ისევ ეგოისტურად ვიქნები ჭირვეული მანამ, სანამ არ მობეზრდება.
და სხვასთან არ წავა.
მე კვლავ არაფერს გავაკეთებ.
უბრალოდ ვუყურებ.
ვუყურებ და მეტკინება.
უფრო მეტად, ვიდრე წინა შემთხვევაში და უფრო ნაკლებად, ვიდრე შემდეგ.

ერთხელ ნატალია ამბობდა, ამ ბლოგზე ჩემი სამყაროს იმ ნაწილს ვავსებ, რომელიც მაკლიაო.
ვიცი, რატომაც.
ნატალიას ბლოგი სხვისთვის არ გაუკეთებია.
ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონა. მან ხომ არ იცოდა, რომ სადღაც, კუთხეში, არსებობს ადამიანი, რომელსაც ეხმარება.

მე კი..
მე მიყვარს ჩემი ბლოგი.
მიყვარს ჩემი მკითველი.
თუმცა ჩემს ბლოგზე ასე ვერასოდეს დავწერ.
იმიტომ, რომ ის მე აღარ მეკუთვნის.
ჩემი ბლოგი მკითხველის საკუთრებაა.
იმ მკითხველისა, რომელიც არასოდეს მაპატიებს ადამიანურ პოსტებს.
აკი, ამის არაერთი პრეცედენტიც მოხდა ბოლო დროს.
ამიტომ დავწანწალებ ბლოგიდან ბლოგზე, სხვაგან ვივსებ ადამიანური პოსტების წერის სურვილს, რადგან ჩემი ბლოგის ავტორი და მკითხველი პრაგმატულ არსებებად ქცეულან.
თუმცა, ალბათ, ესეც პირობითია.
ისევე, როგორც სამყარო.
ისევე, როგორც ჩვენ, რიგითი ადამიანები.

”ყოველთვის იმას ვტკენთ გულს, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს”, -  მღერის ჰაუსი და უილსონის სუფთა, გაუთოვებული ტანსაცმლით სავსე კალათს კარადისკენ მიათრევს.

ფიქრობთ, მე მგონია, ამერიკა აღმოვჩინე?
სულაც არა. ამერიკა, ჯერ კიდევ კოლუმბამდე აღმოაჩინეს ნორმანებმა. მე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სხვა ადამიანების მსგავსად, ყველაზე მეტად საკუთარი თავი მყვარებია.

ეს, გარკვეულწილად, აღსარებაა - ადამიანური პოსტი. პოსტი, რომელსაც ჩემს ბლოგზე ვერასოდეს დავწერდი.

Tuesday, January 18, 2011

ელფრუდი (ნაწილი II)

მოგესალმებით ყველას. მე Zurriuss ვარ. ყველაფერს ერთად გილოცავთ. ეს ჩემი პირველი გესთ-პოსტია ნატალიას ბლოგზე და წარმატებას ვუსურვებ მას, ისევე, როგორც ჩემს პოსტს. ცოტა კი არა, ძალიან დიდი კი გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა. ასე მოხდა :) მოკლედ, ამ ზღაპრის პირველი ნაწილი შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე. მეორე ნაწილს კი აქვე გაეცნობით. გაიხარეთ ;)


მთელი დღე თოვდა. ვეებერთელა ფიფქები ფანჯრებს ბავშვის ხელისგულებივით ეხატებოდნენ. ვიწრო ქუჩებში დიდები მოუსვენრად დარბოდნენ ერთი სახლიდან მეორეში, რათა საშობაო ნამცხვრებზე მიკლებული დარიჩინი ან გრგუნას კაკალი   ესესხათ. ოთხკუთხედ, სამკუთხედ, ოვალურ თუ გულის ფორმის კართან დაკიდებული ლოლოების წკრიალი ყველა ქუჩაში ისმოდა. საქარყინულეთის ამ სოფელში ყველა ყველასგან რაღაცას სესხულობდა. უკვე აღარავინ იცოდა, ვის ვისი რა ემართა. 

500 წლის წინ, როდესაც სოფლის თავმა ობემბომ ვალების აღრიცხვა დააკანონა, ვერც კი წარმოიდგენდა, რა ძნელი აღმოჩნდებოდა კარდაკარ სიარული და ყველაფრის ჩაწერა. როცა ერთი მეზობელი მეორის  კარზე დააკაკუნებდა და ყინულმარწყვის სიროფის სახდელს სთხოვდა, მეპატრონეს უკვე მართებდა მისი შოკოლადის ფიფქსაცხობი და ჭრელი ყინულის ლოლო.  ასე ხდებოდა თითოეულ ოჯახში და ამ ორომტრიალ სვერანაირი აღრიცხვა ვერ გაუმკლავდებოდა. კანონი ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა არსებულთა შორის. რაც მთავარია, არც არავის არავისა სწყინდა. საჭირო ნივთს სხვისგან თხოულობდა და იცოდა, რომ, ოდესმე თავისიც დაუბრუნდებოდა.

მაშინ, როცა დიდები ერთმანეთის ნივთებს ოჯახიდან ოჯახში ხალისით დაატარებდნენ, პატარები ჭრელი თოვლის გამოფენისათვის ემზადებოდნენ. ამ საბავშვო ტრადიციას საფუძველი ათასწლეულების წინ ჩაეყარა, როცა სააქარყინულეთში პირველი ჭრელი თოვლი მოვიდა. ეს მოხდა შუა ზაფხულში. მანამდე აქ მხოლოდ სამი ფერის თოვლი არსებობდა: გაზაფხულის ნეფრიტისფერი, შემოდგომის ქარვისფერი და ზამთრის ფაფუკი თეთრი. გადმოცემის თანახმად, პატარებს ჭრელი თოვლი ისე გახარებიათ, მთელი დღეები მასში თამაშობდნენ და მალე სულ შემოადნათ. შემდეგშიც გული ასე რომ არ დაწყვეტოდათ, ჭრელი თოვლის მოგროვება და შენახვა გადაწყვიტეს. თოვლის ნაწილი სოფლის ბროლისფილებიანი მოედნის კუთხეში დაყარეს და ზამთრის დადგომამდე ხელი არ უხლიათ. შობის მოახლოებისას ჯერ თეთრი, შემდეგ კი ქარვისფერი თოვლი ამოთხარეს და დარჩენილი ჭრელი ფიფქებისაგან მითიური და ჯადოსნური არსებები გამოაქანდაკეს. ქანდაკებებს ყველა თავისი სახლის წინ დგამდა. სოფლის ქუჩები ჭრელი დრაკონებით, ჭრელი გრიფონებითა და ფენიქსებით ივსებოდა, რომლებიც გაზაფხულამდე არ დნებოდა.

ელფრუდმა წელს ცალრქიანი ცხენი გამოაქანდაკა და რის ვაივაგლახით მიიტანა სახლის კარამდე.  თუ არ ჩავთვლით არაპროპორციულ თავსა და მარჯვენა წინა ფეხს, ჭრელი ქანდაკება, პრინციპში, ჩამოგავდა მითიურ ორეულს. _ დედა, მამა, გამოდით, ჩემი ერნი გაჩვენოთ! _ შეძახა გახარებულმა ელფრუდმა, როცა ქანდაკების გამყარებას მორჩა. _ელფრუდ, შემოგევლოს დედა! რომერ, მოდი, ნახე, რა ლამაზი ჭრელი მარტორქა გააკეთა, _ გასძახა მეუღლეს. _მოვდივარ, ჰო. ისა, ქუჩაში ხომ არავინაა, შარვალგამოხეული რომ არ დამინახოს? ჰაეროვან კიბორჩხალას მარწუხზე გამოვედე, _ მამამ ტალღოვანჩარჩოიანი კარიდან თავი გამოყო. შემდეგ ბარძაყზე ხელაფარებული, მწვანე ხავერდის შარვლიანი და მუქწითელ ჯემპრიანი შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა გაზეთით ხელში.

_ ელფ, შვილო, მართლაც ლამაზი გრიფონია, არა ჯაჯეტა? _იკითხა უნდილად  გაღიმებულმა მამამ.
_ ნამდვილად, მაგრამ ეს მარტორქაა, ძვირფასო, _ შეეპასუხა დედა და ელფრუდს გადახედა.
_ ეს ცალრქიანი ცხენია, _ ბრაზმორეული ხმით თქვა ელფრუდმა და ქანდაკებას კისერზე ხელი მოხვია.
_ ცხენი? _ ყბა მოექცა რომერს _ აჰ, ცალრქიანი! მერე მეც მაგას არ ვამბობდი? გრიფონიც ხომ ცხენია, ოღონდ წინიდან.
_ თან რა ლამაზად დაგრეხილი რქა აქვს, _ დაუმატა ჯაჯეტამ, _ ალბათ, ზემოდან რომ გადმოვხედე, მარტორქად მაგიტომ მომეჩვენა. ყოჩაღ, შვილო!
_ ესეიგი ჩემი ცალრქიანი ცხენი არც მარტორქაა და არც გრიფონი, ხომ?
_ რა თქმა უნდა, შვილო, _დაუდასტურა მამამ, _ ჩვენ უკვე საკმაოდ მოხუცები ვართ, რომ უსათვალოდ რამე შევაფასოთ. დიდი თავი და უპროპორციო ფეხები, ალბათ, მოგვეჩვენა მე და დედას. ასე არ არის? _ ღიმილით გახედა ჯაჯეტას და მუჯლუგუნი ჰკრა.
_ აბა, რა! აბა რა! _ შემკრთალმა ქალმა უცებ წამოიძახა, _ ახლა კი შევიდეთ სახლში და შაქარბუქი გავჭრათ.

მშობლები შინ შევიდნენ, ელფრუდმა ცალრქიან ცხენს შუბლზე, რქის ზემოთ აკოცა და დედმამას შეყვა. გაღუღუნებული მისაღები ოთახი მთლიანად საშობაო მორთულობებს აევსო. კედლებზე ქინძისთავებით თოვლის ყვავილები იყო მიმაგრებული, ჭერზე ხელოვნური ფიფქები ეკიდა, კუთხეებში კი ქოთნებში ჩარგული მარადმწვანე ბუჩქები იდგა. საშობაო ცვლილებების გამო ფუმფულა ავეჯეულობა ისე შეემჭიდროვებინათ, რომ მათ შორის ცალი ფეხის გასატევი ადგილი დარჩენილიყო. ოვალური ბუხრის თავზე, რომელიც გასულ წელს ტალღოვანი, ხოლო მანამდე ვარსკვლავის ფორმისა იყო, ორი დიდი და ერთი პატარა ფაფუკი წინდა ეკიდა. საქარყინულელებს ბუხარი იმდენად უყვარდათ, ყოველ წელს ცდილობდნენ მის ლამაზად გაფორმებას. ამიტომაც თითოეულ მათგანს ცვალებადი თიხისაგან ძერწავდენ. ბუხარიც წლიდან წლამდე ფორმას იცვლიდა და ხან მღვიმის თაღივით დაგრეხილი, ხანაც გულის ფორმისა ხდებოდა.

იქვე ახლოს თეთრი შოკოლადის ფიფქებითა და სათამაშოებით მორთული ბუნებრივი ნაძვის ხე, უფრო სწორედ, მისი კენწერო იდგა. ხის დანარჩენი ნაწილი ქვედა სართულებზე იყო გაშლილი. ნაძვის ხის ეს ჯიში საქარყინულეთში მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც თოვლმა სამუდამოდ დაფარა სოფელი. ხეები პირველ სართულზე დარგეს და, მის ზრდასთან ერთად, სახლს ახალ სართულს ადგამდნენ თავზე. იატაკში კი დიდ ნახვრეტს აკეთებდნენ, რათა ნაძვი მათთან ერთად „ასულიყო“ საცხოვრებლად. ამასობაში ქვედა სართული თოვლით იფარებოდა და სოფელიც ასე ნელ-ნელა იზრდებოდა სიმაღლეში.

სასადილო ოთახშიც სივიწროვე იყო, რადგან ნაძვის ხის ქვეშ არდატეული საჩუქრებით იყო სავსე. საქარყინულეთში ყველა ყველას  რაღაცას ჩუქნიდა, თანაც, აუცილებლად, ლამაზ ყუთში ათავსებდა. აქ ყველაფერი შეგეძლო, საჩუქრად გექცია, მაგალითად, 100 „მადლობა“, 300 „ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი“ ან, თუნდაც, თხევადფიფქოვანი ფირი, რომელზეც ცაში მოსრიალე სანტა კლაუსია დაფიქსირებული. მოკლედ, ყველაფერი, რისი შეფუთვაც შეიძლებოდა.

სწორედ ამ ოთახში, მრგვალ მაგიდაზე იდგა ვეებერთელა შაქარბუქის ტორტი. მისი რეცეფტი არავინ იცოდა, რადგან თითოეული ოჯახი თავისებურად ამზადებდა. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ნამცხვრის ცომი ზამთრის პირველ ქარბუქზე, ღია ცის ქვეშ იზილებოდა. სწორედ ამ დროს დაჰკრავდა სუსხიან ფიფქებს უცნაურად მოტკბო და მათრობელი გემო. შაქარბუქის ცხობისას ყველა სახლის სამზარეულოდან სხვადასხვანაირი არომატი გამოდიოდა.

სანამ ინტერიერისა და ტრადიციების აღწერით გიშლიდით ნერვებს, ამასობაში ელფრუდმა და მისმა ოჯახმა ჩაიც დაისხა, შაქარბუქის ტორტიც მიირთვა და საკუჭნაოს მოსართავი ოთხი  დეკორატიული აბლაბუდაც ისესხა. მოახლოვდა 11 საათი და ელფრუდმაც ცქმუტვა დაიწყო. ერთ ადგილს ვერ პოულობდა. არც თანატოლებთან გადასულა სათამაშოდ. მშობლებიც არა და არ წვებოდნენ დასაძინებლად, მთელი საღამო საშობაოვიზორს უყურებდნენ და გულიანად იცინოდნენ. რას არ ეცადა ელფრუდი, რომ მშობლებს ჩასძინებოდა. ბუხარში მათრობელა სოკოს ფხვნილი შეყარა, ძილისმომგვრელი ფიფქები დაფხვნა და ოთახში მიმოაბნია, კედლებს თავი ურტყა, მაგრამ მშობლები მაინც ჯიუტად ხითხითებდნენ და ისევ საშობაოვიზორს ჩაჰკირკიტებდნენ.

თქვენი კარგიცო, გაიფიქრა გაბრაზებულმა ელფრუდმა და თავის ოთახში შევიდა. კარი ისე მაგრად გაიჯახუნა, სარკესთან დაკიდებული ჯადოსნური ზარიც კი აჟღრიალდა. აჟღრიალდა და მშობლებმაც ხვრინვა ამოუშვეს. ელფრუდი გაოცებული მოტრიალდა, მიხვდა, რაც მოხდა და გახარებულმა ტანთ ჩაიცვა. წინ არც თუ პატარა მოგზაურობა და, რაც მთავარია, თავქარიანი ირემი ელოდა.

ელფრუდმა ისე მოცოცხა, თავისი ადგილიდან გამქრალი ჭრელი ცალრქიანი ცხენის ქანდაკება ვერ შეამჩნია. როცა საათის ისრები თორმეტთან მილასლასდნენ, აქოშინებულმა ზამთრეულის ტყესთან მიაღწია. ვეებერთელა ნაძვები თოვლს იქამდე დაეფარა, მხოლოდ სანახევროდ ჩანდნენ. რაც უფრო ღრმად შედიოდა, ხეები სულ უფრო მაღალი ეჩვენებოდა. ეს იმიტომ, რომ უღრან ტყეში თოვლი თითქმის არ აღწევდა და თოვლიც ნელ-ნელა კლებულობდა. როგორც იქნა, გამოჩნდა მიწაც, რომელიც ყინვას მრავალგზის გადაეთრთვილა. ელფმა კიდევ იარა და ტბასაც მიაღწია.

ღრუბლებსგამოქცეული მთვარე მტკნარ სხივებს დროგამოშვებით აჭყიტებდა და ტბის მოყინულ ზედაპირს ალაპლაპებდა. თუ თავქარიანმა ირემმა ფეუსმა არ მოატყუა და მართლა ტბაში ცხოვრობდა, მაშინ ყინულის სქელი ფენის ამოტეხვა მოუწევდა. საინტერესოა, როგორ, რა ძალით უნდა გაეტეხა ან ელფრუდს, ან ირემს ამსისქე ზედაპირი. მერე ისევ ჯადოსნური ზანზალაკი მოაგონდა, რომელმაც აგერ უკვე წარმატებით დააძინა მშობლები. ეგებ სწორედ ამ ზანზალაკის დახმარებით ახლა ყინულიც წარმატებით გამლღვალიყო?

ოქროსფერი თუ მოოქროვილი ენა ერთხელ ძლივს შეეხო ზანზალაკის კედელს, რომ ტბის ზედაპირზე დაფენტილი თოვლის თეთრი ფენა აცახცახდა. უკუნეთში ჩამუქებულ ყინულს ნელ-ნელა ნათელი შეემატა და აკაშკაშდა. ფსკერიდან ყრუ გუგუნის ხმა მოისმოდა, რომელიც ზემოთ მოიწევდა. გრგვინვა ნელ-ნელა ზედაპირს მიებჯინა, მიაწვა და ამოხეთქა. პირდაფჩენილი ელფრუდი თვალებს არ უჯერებდა, როცა მის წინ სქელი ყინულით დაფარული ტბა ვეებერთელა ორმოდ იქცა. თუმცა იგი ცარიელი არ ყოფილა. წყალი, რაღაც სასწაული ძალით, მის კედლებზე წრიულად ტრიალებდა და იგრიხებოდა. ფსკერიდან ამოსულმა კაშკაშა სინათლემ კი ტყის შუაგული გააჩახჩახა.

და, აი, ნაცნობი ხმაც. უფრო სწორედ, ბღავილი. „ეეეეეელფ!“ ეს ირემი იყო. ჩრდილოეთის თავქარიანი ირემი. „ეეეეეეელფ!“ - კიდევ ერთხელ გაისმა ძახილი და კაშკაშა ტბიდან, თუ ორმოდან, ირემიც ამოხტა. ჰაერში ერთი წრე შემოირბინა და ელფრუდისაკენ გამოეშვირა, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და თოვლის გროვაში მოადინა ზღართანი.

_ღმერთმანი... რაც მთავარია, მშვიდობიანად... სად ხარ, კაცო აქამდე? ყურის ანთება კინაღამ ავიკიდე იმ გაყინულ ტბაში თავის შეყოფა-გამოყოფით! _ შესჩივლა ირემმა.
_უი, გალოდინეთ? არ მეგონა, ასე თუ... მშობლებისაგან ძლივს დავიძვრინე თავი, _ უპასუხა დაბნეულმა ელფრუდმა.
_არდემადე, ახლა სხვა საქმე გვაქვს...
_ჰა? არდემა რა?
_“არდემადე“ ვთქვი, ხო? ოოჰ, ვერაფრით გადავეჩვიე. ჩლუნგების ენაა პირდაპირ! მათს ენაზე „არაუშავს“-ს ნიშნავს.
_არდემადე, რა ლამაზად ჟღერს.
_ლამაზად კი არა, გამიწყალეს გული. 17 ზედსართავი მარტო შობის აღმნიშვნელი აქვთ. 30 ბრუნვა, 15 პირის ნაცვალსახელი და ორი მაგდენი დამხმარე ზმნა აქვთ. ქვეწყობილმა წინადადებებმა სულ გადამრია! როგორ შეიძლება, რებრენტერუმ და ლიბრენტერ ოპერსონ ერთი და იგივეს ნიშნავდეს საღამოს შვიდიდან დილის შვიდამდე და სხვადასხვას - დანარჩენ დღეს?.... ა, უი, შენ კიდე მისმენ? რას მოგექცა ეგ სახე, ყბა გაასწორე, თვალები დააწვრილე, ენა პირში შეაგდე, თორე ნიკაპზე მიგეყინება!
_რრრა ენნაა ასეთი? ვინ, რა ლაპარაკობს და, საერთოდ, რა მინდა...?
_მართალი ხარ! ველოდი მაგ კითხვას. „რა გინდა აქ?“. შენ წარმოიდგინე და ზუსტად ამ შინაარსის კითხვაზე გუშინ ათასჯერ მაინც მომიხდა პასუხის გაცემა. ბოლოს ყველა დავარწმუნე, რომ შენ შესაფერისი კანდიდატი ხარ.
_ვინ ის? რა კანდიდატი?
_მოკლედ, კეთილი ხომ ხარ.
_კი.
_შობა ხომ გიყვარს.
_კი.
_სათამაშოები, ჭრელი თოვლი, შმოვლი და მისთანები?
_ყველაფერზე მეტად.
_ჰოდა, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, შემომახტი ზურგზე და გავსქურეთ.
_ლაპლანდიისკენ, სად კიდევ?
_მაგრამ ლაპლანდიას ამ ხვრელში რა უნდა, ეგ ხომ აქვეა და სანტა კლაუსი ცხოვრობს?
_ო, ღმერთო! შენს მშობლებს ჯერ კიდევ არ გაუმხელიათ, რამდენს უხდიან ვიღაც მსუქანას, მთელი დღეები მიწებებული წვერით რომ იჯდეს და „ოჰოჰო“ უძახოს ბავშვებს? ეგ, სანტა კლაუსი კი არა, ლაპლანდიის ფინანსთა სამინისტროს მუშაკია, რომელიც ჩემი ბოსის სახელით მოქმედებს.
_მოიცა, რა? სანტა კლაუსი არ არსებობს? _ ელფრუდს თვალები ბუდიდან კინაღამ გადმოუცვივდა. ელფმა ჩლიქები ქუთუთოებზე მიადო.
_თვალებს ეგრე თუ გადმოკარკლავ, ყოველთვის მე არ გეყოლები, რომ ისევ ადამიანს დაგამგვანო. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ არსებობს. სანტა კლაუსი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ ეგ კაცი მსახიობია და ჩემი ბოსისგან აქვს უფლება, რომ ეგრე ისანტაკლაუსოს.
_აბა, ვინ არის სანტა კლაუსი?! _ დაბალი ხმით შეეკითხა ელფრუდი. გაოცება კიდევ სახეზე ეხატა.
_ჩემი ბოსი, _ ირემი ამაღად გაიბღინძა.
_სანტა კლაუსი... ბოსი... _ ელფრუდის ყბამ ისევ იწყო ჩამოწელვა _ აუჰ!
_რა აუჰ?
ელფრუდს გაოცებისგან, იმედგაცრუებისგან თუ მოულოდნელი სიხარულისგან აღარაფრის თქმა შეეძლო. იდგა და ირემს თვალს თვალში უყრიდა.
_მორჩა, ამდენის დრო აღარ არის. შემომახტი და წავედით.
_ვისთან?
_ჩემს ბოსთან.
_სს...სანტა კლაუსთან? ნამდვილ სანტა კლაუსთან?
_არა, ბიჭოს, გამომცხვართან. შემომახტი დროზე! _ დასჭექა ირემმა. ელფრუდი რქაზე მოეჭიდა, ცალი ფეხი ზურგამდე ძლივს ააწვდინა და შემოახტა. „იჰჰიი!“ დაიხვიხვინა ირემმა, უკანა ფეხები მიწას დაჰკრა და ორმოცდაათი მეტრის სიმაღლეზე მყისვე აიჭრა. ნაძვებს ზემოთ მოექცა. ამ სიმაღლიდან ყველაფერი მოჩანდა: ტყე, ნაძვების კენწეროები, სოფლისაკენ მიმავალი ბილიკი და გაღუღუნებული, თოვლის საბანში ჩაფუთნული ფერადი სახლები. ირემმა ერთი წრე შემოურბინა და შურდულივით ჩასრიალდა ჯადოსნური ტბის განათებულ გულში. მალე შუქი მიკრთა. კედელზე წრიულად მოტრიალე წყალი ერთიანად ჩაიქაფა და უმალვე გაიყინა. თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.

Wednesday, March 31, 2010

რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს

თითქმის მთელი თვე ვფიქრობდი, თუ რა დამეწერა ნატალიას ბლოგზე. იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა სხვის ბლოგზე სტუმრობა, რომ გემრიელად დავკომპლექსდი და ჩემი ჟურნალისტური ტვინი თემების გარეშე აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ვიცოდი, თუ რაზე არ უნდა დამეწერა: შოკოლადებზე, ყავაზე, ესპანეთსა და ჩოგბურთზე (ამ უკანასკნელზე ძალიანაც რომ მდომოდა, მაინც ვერაფერს მოვიფიქრებდი). მინდოდა მეპოვა რაღაც ახალი თემა, ყველასთვის ნაცნობი და შოკოლადსა და ყავაზე არანაკლებ საყვარელი.

ჰოდა, დღეს დილის რვა საათზე თავში პატარა, ყვითელი ნათურა ამენთო. რა შეიძლება იყოს ადამიანებისთვის ძილზე უფრო მეტად საყვარელი, ახლობელი და მშობლიური რამ? ჰაჰ, ჩემთვის, პირადად, არაფერი. თუ არ ჩავთვლით საჭმელს, რომელიც აგერ უკვე მეორე კვირაა სულითა და გულით მენატრება (იხილეთ ჩემი გოდება დიეტების თემაში). ძილი და ჭამა ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილად ორ, ყველაზე დეფიციტური ფაქტორად იქცა. დილით ადრე დგები, აგვიანებ, ძილი გაკლდება, ჩქარ-ჩქარა იცვამ, დიდი ყლუპებით სვამ გაციებულ ყავას (კხმ, მაინც წამომცდა) და გიჟივით დარბიხარ მთელი დღე. თუკი ამ სიკეთეს ზედმეტი კილოგრამებიც ემატება ხომ საერთოდ, ბალიშზე და ბუტერბროტზე ოცნება ერთდროულად იწყება.

განსაკუთრებით, ბალიშზე. ჩემს ერთ მეგობარს მუდმივი ძილიანობა აწუხებს. მეორე, რომ მიუშვა, დღის ოთხ საათამდე იძინებს. მესამემ ერთხელ ლექციაზე ისე ამოიხვრინა, რომ სწავლის დაწყება ერთი საათით გვიან გადაწიეს (ისე, ლექციაზე ძილი დღეს მეც ვცადე და არაჩეულებრივად გამომივიდა. სამწუხაროდ, ჩემს უკან ჯგუფელი ისე გემრიელად ღეჭავდა კევს, რომ მალევე გამომაფხიზლა). სწორედ ეს ლექციები და დილის აერობიკა მკლავს. არის გამოსავალი-ღამით დროზე დაიძინო. მაგრამ არა.

იცით როგორ ძილზე ვწერ მე? მაღვიძარას დარეკვამდე ნახევარი საათით ადრე რომ გაგეღვიძება და გაგიხარდება. ან ათწუთიან სნუზს რომ დააყენებ და ის წუთები უდრტვინველად და გემრიელად რომ გძინავს. მოკლედ, დილის ძილი. მოზომილი, ხანმოკლე და ყველაზე ტკბილი. თუკი დრო გაქვთ და ბედნიერი ადამიანი ხართ, შეგიძლიათ თავს დილით წიგნის კითხვის უფლებაც მისცეთ, მერე პიჟამოთი ადგეთ და ყავა (კხმ, ისევ!) ნელ-ნელა დალიოთ. თუ არადა, წამოხტეთ და იმ ნახევარ საათსა თუ ათ წუთს გამოეტიროთ.

ყველას გამოძინებულ და ბედნიერ დღეებს გისურვებთ :*

Dissolved Girl

Friday, March 26, 2010

Blog for you..

ყოველთვის, როცა guest post-ის წერას მთავაზობენ, ცოტა ვნერვიულობ ხოლმე. ფიქრსაც დიდ დროს ვანდომებ და ყოველ წუთს ვცვლი პოსტის თემას. ასე გაჭიანურებებში 5 მარტიდან 26 მარტამდე ვიფიქრე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ერთი წუთითაც არ დამიპირებია სერიოზული სახით დავმჯდარიყავი და რამე ზოგადსაკაცობრიო საკითხზე მესაუბრა wonderland-ში.. არასდროს არ მითქვამს ნატალიასთვის, რა გემრიელად ვგრძნობ თავს აქ რომ შემოვდივარ და მომინდა სწორედ ამის სათქმელად გამომეყენებინა ჩემი პოსტი.
ასე მგონია უახლოესი მეგობრის სახლში ვარ. მართლა, არ ვაზვიადებ. პირადად არ ვიცნობ ნატალიას, არასდროს არ მინახავს, მაგრამ აქ რომ შემოვდივარ ხოლმე, ვგრძნობ როგორ ვზივარ მასთან ერთად მოკალათებული, ყავით და ტკბილეულობით შეიარაღებული და ის მიყვება თავის ამბებს..
თან ისე, რომ მსიამოვნებს მოსმენა, ვმშვიდდები როცა ის ლაპარაკობს. არადა ტენისი არასდროს არ მაინტერესებდა, არც ახლა მაინტერესებს, მაგრამ მაინც მთელი გულისყურით ვეცნობი Indian Wells-ში ჩატარებული მატჩის მიმოხილვას, რომელსაც ნატალია მიყვება..
საკმაოდ დიდი ხანია ბლოგერი ვარ და ვიცი, რომ ადვილი არ არის ბლოგზე ატმოსფეროს შექმნა. დაახლოებით შეგვიძლია ახალ სახლში დაბინავებას შევადაროთ. შედიხარ და შიგნით არაფერია. შენ, თვითონ უნდა მოაწყო ყველაფერი- ავეჯის დადგმიან, პატარ-პატარა სუვენირებით კედლების გალამაზებიანად. შენზეა დამოკიდებული როგორ მოაწყობ, ლამაზი და მყუდრო გამოვა, თუ არა.
ასეა ბლოგი- წერ პოსტებს, ყველა პოსტით ახალ-ახალ ნივთს ამატებ შენს "სახლს". ხოდა, ნატალიას ისე კარგად გამოუვიდა, ერთხელ რომ შევაბიჯე ფეხი მის სახლში, ჩავსახლდი :D

ბლოგის სადაბადებისდღეო პოსტში ეწერა- "მარტში სტუმრიანობაა Wonderland-ში. თითქოს ხმაურიც ჩამესმის ყურში - ვიღაც ყავას სვამს, სხვები ერთმანეთში საუბრობენ და მე გარინდებული ვზივარ "-ო და მეც ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს. ძალიან საინტერესო იყო ეს ერთ თვიანი ხმაურიანობა ნატალიას ბლოგზე. ამჯერად ნატალიაა ჩემსავით მოკალათებული და ჩვენს ხმაურს ისმენს.

შეიძლება რაღაცნაირად ჟღერს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ქართულ ბლოგოსფეროში მეგულება ნატალია- საუკეთესო მასპინძელი მთელ ბლოგოსფეროში!
მიყვარხარ:)
პ.ს. სათაურს რაც შეეხება..გაიხედეთ თქვენგან მარჯვნივ. ხედავთ აქვე შემოდებულ ყავის ჭიქას წარწერით "Coffee for you.." ?
ეგ ყავა ყველასთვისაა. ისევე, როგორც ეს ბლოგი :)

Wednesday, March 24, 2010

ანუშკა ნატალიასთან ნატალია ანუშკასთან



ანუ ყველაფერი ყირამალა

რა საინტერესო დღეა. დუდი სამზარეულოში ბუზღუნებს, ნატალია გვერდით მიზის და მიხსნის რაში მჭირდება ერთი ფანჯრის ქვემოთ მეორე ფანჯარა ბლოგზე ახალი პოსტის დასაწერად. მე მეძინება და ყველაფერ ამ უცნაურობასთან ერთად ჩემი ბლოგი დღეს ერთი წლის გახდა.

ნატალია ჩემთან სტუმრად, მე ნატალიას ბლოგზე სტუმრად, ჩემ თავში 1000 weird აზრი ერთად.
თავიდან ბლოგი რატომ შევქმენი ისიც კიარ მახსოვს.მახსოვს რომ წვიმიანი დღე იყო, მეძინებოდა და ძალიან ბევრი სამეცადინო მქონდა. ალბათ ეს ბლოგიც ჩემი სიზარმაცის ნაყოფია.

აი ასე ჩამოძონძილები და ერთი წლისები მოვედით დღეს ნატალისათან, ნატალიამ უგემრიელესი შოკოლადი დაგვახვედრა და კეთილი თვალებით დიდხანს გვიყურა.

იმედია, მომავალ წელს უფრო ბედნიერად და საინტერესოდ ვიქნებით. მანამდე კი, HAPPY HIPPIE BIRTHDAY MY BLOG!

Saturday, March 20, 2010

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სტატისტიკური ქართველი ბიჭები და პახოდი

რამდენიმე დღეა მუშაობა დავიწყე


შესაბამისად იძულებული ვარ ვიმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გავიხსენო მშრომელთა კლასის მარადიულად მოუგვარებელი პრობლემები და ვიოცნებო უკეთეს პირობებზე.

ბოლო ორ პუნქტზე ფიქრი მეზარება,  აი, საზოგადოებრვი ტრანსპორტით მგზავრობა კი  დაფიქრებაც არ  უნდა, საშინელებაა.

არასოდეს აქამდე, სამსახურში მისასვლელად ტრანსპორტი არ მჭირდებოდა, სულ ფეხით, ველოსიპედით ან არ ვიცი, ჯადოსნური ფასკუნჯით დავდიოდი, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არა. შესაბამისად საერთოდ არ მაქვს გამომუშავებული იმუნიტეტი შემთხვევითობის პრინციპით ერთ მოძრავ ღრმულში შეყრილ მასაზე.
არც საცობებზე და არც ქალაქის ნაცრისფერ პეიზაჟებზე.


მოსაწყენი საქმე აღმოჩნდა.

არადა, აქამდე, სამსახურში ფეხით მისვლა ან წამოსვლა მთელი რიტუალი იყო, თავისი ყურებში გაჩრილი მუსიკით, გზაზე შემთხვევითი და არაფრისმომცემი ნაცნობების ნახვით, ნაყინით პირის ჩატკბარუნებით და კიდევ განცდით, რომ ან რამე იწყება, ან რამე მთავრდება, გააჩნია მიდიხარ თუ მოდიხარ.


ახლა ყოველდღე ერთი და იგივე დაჩიჩქნილი გზა, სხვადასხვა მგზავრები და არანაირი ნაყინი, მუსიკა ან განცდა. მარტო ,,რო გადახვალთ გამიჩერეთ'',  ,,რას შვრები, არტყამ? '', ან  ,,საცობების დედა მოვტყან''.
საცობების და ბევრი სხვა რამისაც, პრინციპში.

მე საცობებს არა, იმ მაღალ და უსახურ შენობას ვერჩი, აქამდე სულ ორჯერ რომ მოვხვედრივარ მაგასთან და ახლა დღეში მინიმუმ ორჯერ მეჩხირება თვალში.

მართლა უსახური შენობაა, აი ისეთი, არაფრისთვის რომ არ არის შექმნილი და გგონია, შიგნითაც ხალხი არაფრისთვის შედის და გამოდის და შენც არაფრის გამო გიშლის ნერვებს...

ხალხი მართლა არაფრის გამო შედის და გამოდის, უფრო სწორად რამეების გამო შედიან, მაგრამ რაც შეაქვთ, იგეივე გამოაქვთ, მაგრამ ჩემს ნერვიულ სისტემას მაგიტომ არა, იმიტომ აღიზიანებს, რომ ჩემ რომელღაცა საუკუნის წინ დავიწყებულ პახოდის ბიჭს მახსენებს.

აქ მუშაობდა, არაფრისთვის შედიოდა და გამოდიოდა და საერთოდ, მგონი ამ შენობის არ იყოს, არაფრისთვის იყო შექმნილი.

ეგ არასოდეს მითქვამს.ან როდის უნდა მეთქვა, სულ რამდენჯერმე ვნახე და მაინც ჩემი ბიჭი ერქვა. თან რამდენჯერმე ნანახ და მაინც შენ ბიჭებს ჩემნაირი გოგოები ეგეთებს არ ეუბნებიან ხოლმე.

იმიტო კი არა, რომ მაშინ სხვა რამეს ფიქრობ, ან  ეგეთ რამეებს არავის არ ვეუბნები, იმიტომ რომ მაინც ვერ გაიგებდა, რას ვერჩოდი. ხოოდა, ასე. იყო და ეგონა რომ ძალიან კარგი ტიპი იყო, ძალიან მაგარ შენობაში მუშაობდა და აუცილებლად უნდა ყოლოდა ძალიან მაგარი გოგოები.

მე რა შუაში ვიყავი, არ ვიცი.

როგროც ჩანს, პახოდის ყველაზე მაგარი გოგო მე ვიყავი.

ხოო, პრინციპში, რატომაც არა.

მაშინ არ ვსვამდი, არ ვეწეოდი და ყველა კარგ კადრს დაუღალავად ვიღებდი.

კარავში ჩემს გარდა კიდევ ერთი თავისუფალი ადგილი და უკარვო-უბედური საზოგადოებისადმი შემწყნარებლური გრძნობები გამაჩნდა.

თან არავის არ ვიცნობდი და ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი.

სამაგიეროდ თვითონ ლაპარაკობდა ძალიან ბევრს…

ამბობდა რომ თვითონ განსაკუთრებულია, რომ განსაკუთრებული ადამიანები უყვარს, რომ განსაკუთრებულ ადგილას ვართ და რომ განსაკუთრებულობა განსაკუთრებული თვისებაა..

მოკლედ, ერთი არაფრით განსაკუთრებული თავდაჯერებული სულელი იყო...

მე შესაბამისად არათავდაჯერებული სულელი გამოვდივარ,იმიტომ რომ მაგის სისულელეებს უდრტვინველად ვიტანდი.

ხოოდა, ახლა როცა წესით და რიგით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშათა კლასში უკვე მერამდენედ ჩარიცხული ჩემი თავი და სრულიად ქალაქის აზრიან –უაზრო შენობები უნდა ავიტანო, ასევე უდრტვინველად, სულ ის თავდაჯერებული სულელი მახსენდება და სულ მაინტერესებს ისევ ამ არაფრისთვის აშენებულ და არაფრის მომცემ შენობაში დაიარება თავდაჯერებულად და არაგანსაკუთრებულად, თუ სადმე კიდევ არსებობს სხვა შენობა, რომდელიც ასე ზუსტად შეეფერება მსგავს ბიჭებს.
ხოოდა, ბიჭები ეგეთ შენობებში იყვნენ და მალე მინდა კარგი ცხელი ამინდები, რომ ავიკიდო ჩემი კარავი და სადმე წავეხეტო.
მერე ჯანდაბამდე გზა ქონიათ სრულიად საზოგადოებრივ ტრანსპორტს და  ქალაქის ნაცრისფერ პეიზაჟებს.

თქვენი პახოდების და ფეხით სიარულის მოყვარული ნასტასია