Thursday, June 30, 2022

უსათაუროდ

რა კარგია, ძველ პოსტებში რაიმე სიმღერას რომ ვურთავდი. იმდენი კარგი, დავიწყებული სიმღერა გავიხსენე.

Sunday, May 1, 2022

პირველი მაისი, კვირა

შხაპის მიღებისას იდეა მომივიდა. აქ, ბლოგზე, ყოველ დღე დღიურებივით ვწერო. 

ბავშვობაში სულ მქონდა დღიური, სადაც რაღაცებს ვწერდი, ძირითადად ყოველდღიურ ამბებს (ანუ სიტყვა "დღიური" რასაც გულისხმობს). 

აქაც ასე გავაკეთებ და ვნახოთ, რა იქნება. ალბათ, მომავალში რომ წავიკითხავ, კარგი გასახსენებელი იქნება. კარგი თუ არა, გასახსენებელი ხომ იქნება.

დღეს ამ დღიურის პირველი დღეა - კვირა, 1 მაისი. ოლბანიში მშვენიერი გაზაფხულის ამინდია, ფანჯიდან ჩიტების ჭიკჭიკი შემოდის. სემესტრის ბოლოა, სწავლის ერთი კვირაღა დარჩა. ორ საგანში დამრჩა ფინალური პროექტები ჩასაბარებელი. გუშინ მთელი დღე გავაცდინე, ისეთი კარგი ამინდი იყო, ჯერ კამპუსში ვისერინე და სახლში რომ დავბრუნდი, გარეთ ასეთ ამინდს რომ ვხედავდი, მეცადინეობის სურვილი გამიქრა და ამიტომ მთელი დღე Anne with an E-ს მეორე სეზონს ვუყურე. გვიან ღამით დავამთავრე მეორე სეზონი და დავიძინე. დღეს ვეცდები რომ მეცადინეობას დავუთმო დრო და მესამე სეზონი საღამოს, გვიან დავიწყო.

Wednesday, March 30, 2022

ლურჯი და ყვითელი, ჩანაწერი III

მიკროტალღურში ხელმეორედ გაცხელებული ყავა გამიცივდა. დღეს ერთი დავალების დედლაინი მაქვს, დილიდან ვუზივარ (თუ შეიძლება დილა დაერქვას 11 საათზე გაღვიძებას). მარჯვენა ხელი მეტკინა ექსელში წკაპაწკუპისგან. ახლა მინდა დავისვენო და ისევ კლავიატურას მივუჯექი, მარჯვენა ხელის მტევანი და მაჯა კი ვეღარ უძლებს, მითუმეტეს ამ ლეპტოპის კლავიატურას, რომელსაც მთელი ძალით ბრახუნი ჭირდება.

ჩემი ყოველი დილა იწყება ამ პოპულარული მიმით:

1. Wake up

2. Check on Zelensky

3. Coffee

ბოლო ორი პუნქტი ხშირად ერთადაც ხდება, დილის ყავაზე ზელენსკის ბოლო გამოსვლებს ვუსმენ, რომელიც ყოველ დილას ახალი მხვდება. 

ალბათ ამ ეტაპზე ყოველი დღის მთავარი იმედი ამ კაცის ხმაა, მშვიდი, მაგრამ მკაცრი და თავდაჯერებული. ვერ ვხვდები, როგორ უძლებს. როგორ უძლებს უკვე 32 დღეა ამ რეჟიმში ცხოვრებას? როგორ? ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა უფრო იოლი მგონია, ვიდრე ზელენსკის მდგომარეობაში ყოფნა და მენტალურად ვერ/არ გატეხვა. ნეტა ძალიან მალე დაუფასდეს ეს ყოველდღიური ტანჯვა. 

ნეტა ძალიან მალე დაიბრუნონ მშვიდობა და სიმშვიდე უკრაინელებმა. ნეტა. ნეტა. 

თუ ხშირად გავიმეორებ, ხომ შეიძლება, ამიხდეს? სხვა არ ვიცი, რა შეიძლება გავაკეთო. 

ერთი ქალის პოსტებს ვკითხულობ სულ, მარიუპოლიდანაა. რამდენიმე დღეა, თავი დააღწია ალყას და სამშვიდობოსაა. მაგრამ გულის მოსაკლავ პოსტებს წერს. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ არიან ახლა იქ, მარიუპოლში. ბნელ და ცივ სარდაფებში, წყლის და საჭმლის გარეშე, როგორ? როგორ? ჩვენ როგორ გვძინავს მშვიდად ამ დროს? მე სერიალსაც კი ვუყურებ ძილის წინ. ხანდახან თან ვაშლსაც ვჭამ ხოლმე, თითქოს უდარდელად ვახრაშუნებ. მარიუპოლში კი იმ დროს, აი იმ მომენტში, როცა მე "ბრიჯერტონის" მეორე სეზონის მორიგი მოსაწყენი კადრის ყურებისას თვალებს ავატრიალებ, მარიუპოლში აფეთქების და ნგრევის ხმა ესმით. და შიათ. და წყურიათ. 

ნეტა ძალიან მალე დაიბრუნონ მშვიდობა და სიმშვიდე უკრაინელებმა. მარიუპოლსა და ხარკოვში. კიევსა და ოდესაში. ნეტა. ნეტა. 

Thursday, February 24, 2022

City of weather alerts, ჩანაწერი II

ვიდრე ყავა მზადდება და ქოფი მეიქერის უცნაური ჟღუილი გამდევს ფონად, სათაურის მოფიქრებას ვცდილობ და არ გამომდის. 


აქ დღეები ერთმანეთს მისდევს და ბევრი არაფერი ხდება. ეს შეიძლებოდა სევდიანი სიტყვები ყოფილიყო, მაგრამ სრულებითაც არა. ძალიან მშვიდი და უშფოთველია ეს დღეები. ბოლო ორი წლის მსოფლიო მდგომარეობის გათვალისწინებით, აღარც მინდა რამე მოხდეს, სტაბილური სიმშვიდე ჭირდება ჩემს გონებას. ალბათ იფიქრებთ, როგორ თუ არაფერი ხდება, უკრაინა, და შეიძლება მთელი მსოფლიოც, ომის წინაშე არისო. მართალია, მაგრამ აქ, ამ ჩრდილოეთში, თითქოს მაგასაც გავექეცი. უფრო ალბათ მენტალურად გავექეცი, ფაქტებად ვიღებ ინფორმაციას და ვცდილობ, შფოთვის ის მექანიზმი არ ჩამერთოს, რაც საქართველოში მექნებოდა. რა უცნაურია, ერთსა და იმავე ინფორმაციას, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. საქართველოში თითქოს რაღაც პატარა ქვაბში ხართ ყველა, და ეს ქვაბი სულ დუღს და ბუყბუყებს და შენც, რადგან ამ ქვაბში ხარ, გიწევს იდუღო და იტრიალო.  აქ კი ასე არაა.

ამასობაში ყავა დავისხი. ამჟამად სტარბაქსის შოკოლადის არომატიანი ყავა გვაქვს ამოჩემებული, როცა ვაკეთებთ, სახლში საოცარი სურნელი დგება. შუალედური მოხალვისაა, რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება (ძლიერი მოხალვის ყავა მიყვარს და ძირითადად სუმატრას ვსვამ), მაგრამ ამის არომატი ყველაფერს წონის. ბოლო დროს ყავის სმას საგრძნობლად მოვუკელი, ის კი არა, ერთი კვირა საერთოდ არ დამილევია! ასეთი მოვლენა ჩემი ცხოვრების ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველია. მაგრამ მომიწია, რადგან ბევრი ყავის სმისგან არითმიები დამეწყო. ახლა ისევ მივუბრუნდი, მაგრამ ვცდილობ დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი დავლიო. დღეს დავარღვიე ეს წესი და მეორედ ვსვამ, მაგრამ ძაალიან ცოტას. 

ახლა სახლში ვარ, ერთი ლექცია მქონდა უკვე, GIS-ის, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში - ძალიან მომწონს და დღევანდელი ლექციის მერე საერთოდ ვიფიქრე რომ ამ მიმართულებით მინდა მუშაობა. ანუ ზოგადად მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაცია მხიბლავს და ვფიქრობ, მეორე PhD რომელიმე ეგეთი მიმართულებით ხომ არ გავაკეთო. თუ დიდხანს გაგრძელდა ეს სურვილი, შეიძლება ვიმოქმედო კიდეც და მერე ამ პოსტს ამაყად დავუბრუნდე, რომ ვთქვი და გავაკეთე.

მეორე ლექცია საღამოს მაქვს, რომელიც დიდად არ მიყვარს. დიდად კი არა, საერთოდ არ მიყვარს. იმდენად, რომ ამ ლექციაზე ორი საათი როგორ ვძლებ, ძალიან მიკვირს.

ახლა მომივიდა საგანგებო შეტყობინება უნივერსიტეტიდან, რომ პარასკევს ამინდის გაუარესების გამო კლასები ონლაინ რეჟიმში იქნება. ყოველ კვირაში უამრავი weather alert მოდის, სულ რაღაც ხდება. ამის გადამკიდე, სხვადასხვა სტიქიური მოვლენების აღმნიშვნელი ახალი სიტყვები ვისწავლე. მაგალითად, sleet არის ნალექი რომელიც შეიცავს ყინულის ნაწილაკებს და წვიმას ან თოვლს. ასეთი არ მეგონა თუ არსებობდა, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე, და ჩემი ყურით მოვისმინე, ისეთი წკაპანით ეცემოდა. სამწუხაროდ, პარასკევს ლექციები არ მაქვს. ჯერჯერობით, არც ერთი ასეთი ალერტი ჩემი ლექციების დღეებს არ დამთხვევია, რომ გამცდენოდა :))

იოგას კეთება დავიწყე სახლში. მინდა, რომ ჩვევად მექცეს და ამიტომ სამი დღე ზედიზედ ვაკეთე, მაგრამ გუშინ ჩავაგდე, არადა მთელი დღე სახლში გავატარე. დღეს მინდა ისევ მივუბრუნდე, ცოტა ყავამ გადაიაროს ჩემი კუჭიდან და მერე მივხედავ. საღამოს ლექციამდე მომზადება მჭირდა მორალურად და ფიზიკურად :)

Tuesday, January 25, 2022

ოლბანი, ჩანაწერი I

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ოლბანიში თოვლი დნება.. 

არა, ვერანაირი თოვლი ვერ დადნება, გარეთ ისე ყინავს. 

ოლბანიში ყინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. რამდენიმე დღის წინ, ღამით, -25 გრადუსი იყო. თუ ტემპერატურა 0 გრადუსამდე ავიდა, ვამბობთ, რომ დათბა. თუმცა აქაური ყინვა თბილისურისგან მაინც განსხვავდება. აქ -10 გრადუსში გარეთ ყოფნა უფრო იოლია, ვიდრე თბილისში -10 გრადუსში იქნებოდა.

ჩვენი ბინა პირველ სართულზეა და პირდაპირ გზას უყურებს. ფარდა ყოველთვის გადაწეული გვაქვს და თვალს ვადევნებთ, გარეთ რა ხდება. გარედანაც ყველაფერი ჩანს, მაგრამ უცნაურია, რომ აქ ეს საერთოდ არ მაწუხებს. მაშინ, როცა, თბილისში პირველ სართულზე ღია ფარდებში ასე თავისუფლად ვერ ვიცხოვრებდი - ალბათ ბევრი ცნობისმოყვარე მაყურებელი მეყოლებოდა. აქ ასე არ არის. პირიქით, უფარდო ფანჯრები მეტ სიმყუდროვეს ქმნის.

დღეს სწავლა დაიწყო და პირველი ლექცია გვქონდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ჩვენი საცხოვრებლიდან შორსაა და იქიდან უნივერსიტეტის შატლს გამოვყევით - ძალიან დიდხანს იარა, სახლში რომ მოვაღწიეთ, უკვე შიმშილისგან თავი მტკივდებოდა. მაგრამ სახლში ლობიო დაგვხვდა, რომელიც წუხელ წინდახედულად მოვამზადე და ცხელ-ცხელს რომ ვხვრეპდი, გუშინდელ ჩემს თავს გულში მადლობებს ვუხდიდი. ლობიო როგორი კომფორტ ფუდია, არა? იგივე მანუგეშებელი საკვები. ყოველ შემთხვევაში დღეს ნამდვილად იყო.

ხვალ ლექციები არ მაქვს და შვებით ვსუნთქავ, დღევანდელი დღის შემდეგ შესვენება მჭირდებოდა.

არა, მთლად ასე ძალიან არ მიჭირს, ყველაზე მეტად ყინვა მაწუხებს, გარეთ ფეხით სიარულს რომ ვერ ვახერხებ. თუმცა, ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომ ბევრი სასეირნო არცაა, უნივერსიტეტის კამპუსის გარდა, რომელიც ზუსტად ჩვენს წინ, გზის მოპირდაპირე მხარესაა. იმედია, მეტ დროს გავატარებთ იქ, ახლა, როცა სწავლა დაიწყო.

დღეს ზუსტად ორი კვირა გახდა, რაც აქ ვარ. ჯერ მიჭირს აღქმა, რომ ისევ ამერიკაში ვარ. ალბათ იმის ბრალიცაა, დიდად ვერსად რომ ვერ დავდივართ (ისევ და ისევ ყინვის გამო). თუმცა ზოგჯერ, ნაცნობი საჭმლის დანახვისას ან გასინჯვისას, ძველი მოგონებები გაკრთება და ატლანტა და ვილა მახსენდება ხოლმე (წეღან მაგალითად ზუსტად ის მარილიანი ნუში ვჭამე, რომელიც ვილაში ყოფნისას სულ მქონდა მარაგად). 


ალბათ, იმ მოგონებებს ახლანდელი ვეღარ ჩაანაცვლებს, ის ხელშეუხებელი, ტკბილი რჩება. მენატრება ის დღეები და ალბათ, მაშინდელი ჩემი თავიც. მენატრება ის ხალხი, ვინც ატლანტაში გავიცანი. რამდენიმე დღის წინ მივწერე კიდეც. ნეტავ, კიდევ ვნახავ თუ არა რომელიმეს.

მაგრამ ეს პოსტი ატლანტაზე არაა, ოლბანიზეა, რომელიც ძალიან ცივია და ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, რომ თავი აქაურად ვიგრძნო.

Sunday, October 3, 2021

ზაფხული გავიდა

ზაფხული გავიდა, მაგრამ თითქოს არც ყოფილა. ჩემი საზაფხულო საკითხავი ვერ შევასრულე, ჩამოთვლილი სიიდან მხოლოდ ორი წიგნი - პირველი და მეხუთე წავიკითხე. სამაგიეროდ, ახლახან დავიწყე "დროის ბორბალი", ფენტეზის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების სერია. ამაზე ახლა ბევრს ვერაფერს დავწერ, ჯერ პირველი წიგნის შუაში ვარ და კიდევ ცამეტი წიგნი მაქვს წინ. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, წიგნის ხელში აღების და წაკითხვის სიძნელე კვლავ რჩება ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ ძილის წინ, ერთი საათით თუ ვახერხებ კითხვას. ბოლო პერიოდში, გარდა ყურადღების გაფანტულობისა, ძალიან გულმავიწყიც გავხდი; ისედაც ვიყავი, მაგრამ ახლა უარესად ვარ. ამაში დიდწილად სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობას ვადანაშაულებ. გამოსავალი მოვნახე, მაგრამ შესრულებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება - ამ კვირაში, სამი დღით, სოციალური ქსელებისგან განტვირთვა მოვიწყვე, მესენჯერშიც კი არ შევსულვარ. უცნარი სიმარტოვის განცდა მქონდა ის სამი დღე, მაგრამ შვების მომტანი იყო. მომავალ კვირაშიც უნდა გავიმეორო.