არ მიყვარს ძალიან ჭკვიანი და რადიკალური ხალხი. ისინი საოცრად სწორხაზოვნები და მოსაწყენები არიან.
დიდი დოზით ყველაფერი მოსაწყენია.
არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჰიპ-ჰოპს არასდროს მოუსმენენ. მათთვის მხოლოდ მუსიკის გარკვეული მიმდინარეობები არსებობს, რომელთა იქით არ იხედებიან. არადა არ იციან, რა მაგარია, როცა ხმამაღლა ჩართავ ამ ბინძურ და ცუდი ბიჭების მუსიკას და ცეკვავ..
რომლებიც მხოლოდ ’მაღალ კინოს’ უყურებენ, რომელიმე რეჟისორზე ამბობენ - ’გენიალურია’ და მისი ყველა ფილმი აქვთ ნანახი. ასეთებს მინდა ვუთხრა - ჰეი, თქვენ ვერასდროს გაიგებთ იდიოტური ჰოლივუდური მელოდრამის გემოს, სადაც ყველაფერი კარგად მთვარდება, იმიტომ, რომ სულ დამთგრუნველ ევროპულ ფილმებს უყურებთ და გგონიათ, რომ ამით განსაკუთრებულები ხდებით.
ან ისინი, სერიოზული სახით რომ ლაპარაკობენ წიგნებზე, თითქოს მხოლოდ კითხვაში იყოს ცხოვრების აზრი. ათასი უცნაური მწერლის გვარს დაასახელებენ, ისე, სხვათაშორის, ინტონაცია კი გეუბნება: ’აჰ, დიახ, მე ესეც წაკითხული მაქვს’. ღმერთო ჩემო, წიგნს ხომ იმიტომ ვკითხულობთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება, ცოტა უფრო გავიზარდოთ შინაგანად და უბრალოდ, უკეთესები გავხდეთ. თქვენ კი იმიტომ კითხულობთ, რომ მერე ავტორების საშუალებით საზოგადოებაში თავი წარმოაჩინოთ.
იმათზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მოდას რომ მისდევენ უკან ქოშინით, იცვამენ ყველაფერს, რაც კი უახლესი და მოდურია, იმას კი არ დაგიდევენ, რამდენად უხდებათ. სხვა ყველაფერზე კი უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვთ. სპორტი - მხოლოდ დევიდ ბექჰემია, კინო - წითელი ხალიჩა და ა.შ და ა.შ მათაც მინდა ვუთხრა - ჰეი, მოდა არ არის ყველაფრის განმსაზღვრელი, დიზაინერები უბრალოდ გთავაზობენ საკუთარ კოლექციას და შენ უნდა გადაწყვიტო, რას ჩაიცვამ და რას - არა.
მე სულ არ მადარდებს, თქვენ რას კითხულობთ ან იცვამთ, თუ ჩემთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში წინ დიდ კედელს აღმართავთ და ვერაფერზე დაგელაპარაკებით. გაიღიმეთ და იყავით ჩვეულებრივები, mon dieu!
[იმ საკითხზე, რომ სხვის ინტერესებს პატიცი უნდა სცე, ცალკე პოსტის დაწერა შეიძლება კიდევ]
თქვენ გგონიათ, მე ჩემ მხრივ ვაშენებ კედელს და აქედან გადმოგძახით ქედმაღლურად?
ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვინც გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ისინი მართლა ჭკვიანები და წარმატებულები არიან. აქ ყველა სფერო შეგიძლიათ იგულისხმოთ და ყველა ადამიანი - ცნობილები, მეგობრები, ნათესავები.. სულ მაგალითად მომყავდა რომელიმე მათგანი, გააჩნია სად და რაში დამჭირდებოდა. შესაბამისად, სულ ვიტანჯებოდი. ძნელია, როცა საკუთარ თავს ვიღაც, შენზე უკეთესს ადარებ. არ მითხრათ, რომ განვითარებაში გეხმარება. არაფერშიც არ გეხმარება, მხოლოდ თავს აწვალებ.
სულ ცოტა ხნის წინ კი ჩემს თავს ვუთხარი - ნატალია, მართალია ყველა ადამიანი დასაფასებელია, მაგრამ ისინი ახლა შენს ადგილზე არ არიან, ამიტომ, ვერავინ გახდება შენთვის მაგალითი. ყველა გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, თუ რას გააკეთებ ამ კონკრეტულ მდგომარეობაში. შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ შეიჭრი თმას და არა ენ ჰეტევეიმ.
დაივიწყე ყველა, იმიტომ რომ შენ განსაკუთრებული ხარ. ზუსტად შენნაირი არავინ არის, არავინ. ვიღაცას შეიძლება უყვარს ჩოგბურთი და რაფაელ ნადალი, მაგრამ არ ეყვარება გრეის ანატომია.
შენ განსაკუთრებული ხარ.
ყველა განსაკუთრებულია.
რატომ არ აღიარებთ ამას? რა საჭიროა ამდენი ძალისხმევის დახარჯვა, რის შედეგადაც უფრო ემსგავსებით სხვას და ინდივიდუალიზმს კარგავთ?
ჯანდაბა, ჩვენ ვერასდროს მივიღებთ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც სინამდვილეში ვართ.