Showing posts with label მზე. Show all posts
Showing posts with label მზე. Show all posts

Tuesday, April 24, 2012

Monkey Eats Bananas

  გუშინ პოსტის დასაწერად შემოვედი და თავზარი დამეცა, ისეა შეცვლილი ბლოგერის დიზაინი. ეხლაც არ ვიცი, სად ვწერ და რას ვწერ.



   მე ვარ დაღლილი ყოველდღიურობისგან და ვოცნებობ მშვენიერ ხის სახლზე, სადაც  ალბათ აბსოლუტური სიჩუმეა, შუადღისას მზე აჭერს და ფუტკრების საქმიანი ბზუილი ისმის. ამ შუადღის სიცხეში, ოჰ რა სიამოვნებით დავჯდებოდი ოთახის სიღრმეში, ხისგან მოწნულ სარწეველა სავარძელზე გადავწვებოდი და ცივ კომპოტს დავლევდი.

  საღამოს აივანზე გადავჯდებოდი, და საერთოდ, არაფერს გავაკეთებდი ჯდომის გარდა.

  ან ვარდისფერ პარიკს დავიფარებდი, ჩავჯდებოდი წყლით სავსე ხის კასრში და ვიმღერებდი  სიგარეტზე. ალბათ სიგარასაც მოვწევდი საღამოობით, რომელიც პირში მწკლარტე გემოს დამიტოვებდა და ვისკის მივაყოლებდი.

 დილით კი რა თქმა უნდა კაი მაგარ ყავას დავლევდი. ღმერთო, რა სამოთხეა.

   ჰო, მუდამ ასე ვწერ, ამას ვიზამდი და იმას ვიზამდი, სინამდვილეში კი სულ სხვა რამეებს ჩავდივარ.

   ამ ზაფხულს მაინც ვიზამ იმ რამეებს, რაზეც ვწერ, ვიზამდი–მეთქი. წავიღებ ტეკილას, გავიყოლებ ადამიანებს და წავალ ჩემს ძველ, ხის სახლიან სოფელში. შეიძლება ამ ადამიანებში შენც მოხვდე.


Wednesday, May 18, 2011

The color of Life

  დღეს, როცა ვიჯექი და ბლოგისთვის რაღაც ფოტოებს ვარჩევდი, თვალები ამიჭრელდა და ვეღარ გამერკვია, მაინც რაზე ვწერდი პოსტს, უცებ მივხვდი, რომ მწვანე არის სიცოცხლის ფერი! და მივხვდი, რა თემაზე იქნებოდა პოსტი.

  მწვანე პირველ რიგში, გაზაფხულის ფერია. გაზაფხულზე, თავის მხრივ, ყველა მცენარე  თავიდან იწყებს სიცოცხლეს. და რაში გამოიხატება ეს?

დიახ, გამწვანებაში!

  ჰოდა ახლა, როცა ზოგი საქმისგან არის გადაღლილი, ზოგი უსაქმურობისგან და ორივე ერთად –  ურბანული წვრილმანებისგან, ურიგო არ იქნებოდა, ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც სიმწვანე და სიმშვიდეა.

  ინტერნეტის ჯადოსნობის გამოყენებით, ეს საკმაოდ იოლია. ამიტომ, მოემზადეთ დასვენებისთვის – სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდება.

  ველოსიპედით მგზავრობას რა ჯობია? თან, გზად ყვავილებიც შეგვიძლია დავკრიფოთ :)



 ჩვენი სახლი შეიძლება იყოს ასეთი:


 ან სულაც ასეთი :)


მე პირადად, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მქონოდა საკუთარი ქოხი.

ბავშვობის ოცნება

პატარა და მომხიბლავი სამზარეულო –

რაც მთავარია – ფერადი!

 დასასვენებელი კუთხე[ები] –


Yep!

საშხაპე :)

გარემო და სიმწვანეები –









და ბოლოს, თუ რამეა, იცოდეთ –

:)

ფოტოწყაროები: 1, 2 და 10, 3, 4, 5,6,8,9, 7, 11, 12, 13, 14,15, 16.

Thursday, May 12, 2011

იქ, სადაც შენია

ყველა ადამიანს  უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილი, სადაც თავს შეაფარებს. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად იქნები იქ, თუ სულიერად. ბლოგს შეიძლება ჰქონდეს ეს ფუნქცია;  შემოხვიდე, გახსნა ახალი პოსტის კუთხე და წერო ის, რაც  გინდა, რომ ხმამაღლა თქვა და ვერ ამბობ, ან - არ ამბობ. ამ მხრივ ჩემს თავს რაღაც პასუხისმგელობები დავაკისრე და ეს არ მომწონს. უკვე აღარ ვწერ ისე თავისუფლად და იმდენ რამეზე, რაზეც ადრე ვწერდი. არადა, რა შეიცვალა? მკითხველები ისევ ის ხალხია, ვინც ადრე იყო. არც ისე ბევრი, მაგრამ ზუსტად ისინი, ვინც მინდა რომ აქ მყავდეს. არ ვიცი, ოდესმე მითქვამს თუ არა მადლობა იმისათვის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ. სულ არ მიხარია, როცა გუგლიდან დასერჩილი რაღაც სიტყვებით შემოდიან ჩემთან. თითქოს დაუპატიჟებელი სტუმრები მომადგებიან ხოლმე და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

მე სულ თავშესაფრების ადამიანი ვარ. ბევრი ურთიერთობა, ბევრი ადამიანი უცებ, მოკლე დროში, ძალიან მღლის და მაშინვე იმ ადგილის ძებნას ვიწყებ, ’სადა თავი მივიდრიკო’.

ერთი ისეთი ადგილი მაქვს, სადაც ფიზიკურად წავალ, როცა სიმშვიდის მოპოვება მომინდება. აი იმანაც რომ დაკარგოს თავის ფუნქცია, მაშინ მართლა ცუდად ვიგრძნობ თავს.  ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე იქაურობას. როგორც ფილმებში, უცებ კადრი რომ ჩნდება სახლის, იქ არავინ არის, სიჩუმეა და ხვდები, რომ ფილმის გმირი იმ სახლზე ფიქრობს. ასე გამოჩნდება გონებაში და მერე დიდხანს ვაჩერებ ამ კადრს..

ისე მენატრება იქაურობა..  განსაკუთრებით მაშინ, როცა ამწვანებულ ხეებს ვხედავ, ან ქუჩაზე რომ შემოვუხვევ და უცებ საიდანღაც ყვავილების სუნი მოვარდება ხოლმე.

ჩემი თავშესაფარი კი დგას, სიჩუმეში. მხოლოდ ფუტკრების ბზუილი ისმის. წინ მთები ჩანს, გადახასხასებული. მზე ანათებს და გრილი ნიავი უბერავს. არ ვიცი, როგორ ჟღერს ეს ჩვეულებრივი, ყველასთვის რუტინული სიტყვები, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ის ადგილი იხატება, რომელზეც ასე ვოცნებობ.

Saturday, April 9, 2011

Red hot chili Clay

  კვირას ჩანთებს ჩავალაგებ და წავალ.


   უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რას წავიღებ. ტანსაცმელს ვგულისხმობ, ცხადია. ყველაფერი იქნება ფრიალა და ფერადი, მსუბუქი და კომფორტული. მოკლედ ისეთი, მაქსიმალურად რომ შემიწყოს ხელი ამ ერთი კვირის სასიამოვნოდ გატარებაში.

 რამდენ ხანს ველოდი ამ კვირას! ზუსტად იმ წუთიდან, როცა ის მიწაზე დაემხო და თავი თიხაში ჩარგო.

  თიხის სეზონი იწყება; წითელი, მხურვალე თიხის სეზონი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვიდან მონაბერი ქარი თუ გააგრილებს მხოლოდ.

   უკვე ვგრძნობ სუნთქვისშემკვრელ, მტვრიან ჰაერს. მესმის, როგორ სრიალებენ ამ მტვერში ადამიანები. 

 
     აი, გლადიატორების ბრძოლა აქ არის, თუ არის.. არა, ისინი აქ გლადიატორები კი არა, მატადორები არიან. ნამდვილი კორიდაა, ოღონდ ხარების გარეშე.
  თუმცა, ”მატადორები” შეცდომით ვთქვი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მატადორი მხოლოდ ერთია. ის არის ამ წითელი მიწის ერთპიროვნული მფლობელი, მოსვლის დღიდან. 

   მე მონტე კარლოში მივდივარ. ყველაზე, ყველაზე მყუდრო და ლამაზ ტურნირზე. აქ არც გრანდიოზული კორტებია, როგორც ამერიკაში და არც ათასობით მაყურებელი. არც მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის შესვენებისას.

 აქ სიმშვიდეა.

  აქ კორტს ხედი პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაზე აქვს.

  აქ გამარჯვებულს ჯილდოს თვით მონაკოს პრინცი გადასცემს და მერე მასთან ერთად ღიმილით დგება ფოტოგრაფების წინ.

  აქ შეგიძლია თამამად თქვა - Tennis runs in our blood.  იმიტომ, რომ მართლა ერევა სისხლი და ჩოგბურთი ერთმანეთს. თიხა, როგორც სისხლი - წითელი და ცხელი.

  თიხა და ჩოგბურთი.

  მე მონტე კარლოში მივდივარ. თუ აქ სადმე, თბილისის ქუჩებში დამინახეთ, არ გაგიკვირდეთ. მე მაინც მონტე კარლოში ვიქნები.

  მისი მფლობელიც იქ იქნება, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რომ დომინირებს იმ პატარა კორტზე.
 
 იქ იქნება ჩოგბურთის მატადორი, ჩოგბურთის გლადიატორი.


   იმიტომ, რომ თიხა არის მისი ჩოგბურთი. თიხაზე თამაშობს ყველაზე ძალდაუტანებლად და ლაღად. ისე თავისუფლად, თითქოს ცისფერ ტალღებში ლივლივებდეს.

 იმიტომ, რომ აქ არის ის სამი რამ, რაც მას ყველაზე დიდ ენერგიას აძლევს - თიხა, მზე და ზღვა.

თქვენც შემოგვიერთდით, მონტე კარლოში გელოდებით.

Wednesday, March 16, 2011

ამომავალი მზე

სოფლიდან დილის 6 საათზე გამოვედით. ჯერ კიდევ ბნელოდა.  უცნაური, ადრიანი დილისთვის დამახასიათებელი სიჩუმე იდგა.

არ ვიცი, თქვენც თუ გქონიათ ოდესმე მსგავსი შეგრძნება, მე ყოველთვის  რომ მაქვს  გამგზავრების წინ - დავრბივარ აქეთ-იქით, ვალაგებ, რამდენიმე წუთში წავალ და აქვე არიან ადამიანები, რომლებსაც მშვიდად სძინავთ და ეს დღეც ისეთივე იქნება, როგორც წინა. ისინი რჩებიან, მე მივდივარ. ამ დროს ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ - სახლის წინ მდგომ ხეს, ძველ კარადას აივანზე [დაძველებული და ჭიებისგან გამოხრული ხის სუნი რომ აქვს], რკინის საწოლს და ძველ პირსაბანს. არ მიყვარს ეს შეგრძნება.

ჭამას ვერ ვასწრებდი და გზისთვის ყველიანი ბუტერბროდი მოვიმზადე. ჟაკეტი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი.

მეზობლის სახლში სინათლე ენთო. ალბათ, უკვე თავის საქმეებში იყო ჩაფლული. თუმცა რა გასაკვირია, ხანდახან დილის 3 საათზეც ვდგებიო, ნათქვამი აქვს.

ბებო აივანზე იდგა და გადმოგვყურებდა. მარტო რჩებოდა; მართალია ცოტა ხნით, მალე ისიც უნდა დაბრუნებულიყო ქალაქში, მაგრამ  ისე იდგა, რომ სურვილი გამიჩნდა, მანქანიდან გადმოვმხტარიყავი და მეთქვა, რომ ვრჩები. ცხადია, ეს არ გავაკეთე და დავიძარით.

გავუარეთ ეკლესიას, პატარა თეთრ ხიდს, წყაროს. ყველაფერი ჯერ კიდევ ბინდშია და ჰაერიც ისეთია, როგორიც ადრიან დილას ახასიათებს - ცვარისგან ოდნავ მძიმე. 

ძველი საწყობიც შეგვხვდა, სოფლის შესასვლელში რომ დგას. მერე უკანასკნელად გავხედე სოფელს. ღმერთო, როგორ მიყვარს ეს რომანტიკული სისულელეები - ’უკანასკნელად მივხედე სოფელს’..

გზაში ნელ-ნელა გათენდა. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ - მთელი წლის მარაგი მინდა ავიღო.

ერთ-ერთ სოფელში რომ შევდიოდით, მთებიდან მზე ამოვიდა.

ისეთი დიდი და წითელი იყო, როგორიც არასდროს მინახავს. ჯერ არც მცხუნვარება ჰქონდა და არც თვალებს ჭრიდა, ამიტომ თავისუფლად შემეძლო მეყურებინა.  მზის ჩასვლა ბევრჯერ მინახავს, ზღვაზე და სოფელშიც. მაშინაც წითელია ხოლმე და გარშემო ყველაფერს აწითლებს. მაგრამ ასეთი მზე - არასდროს მინახავს. თითქოს ცოტა ხნით გაძლევდა საშუალებას, რომ თამამად დამტკბარიყავი მისით.

იმ დროს ვიფიქრე, რომ ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. რომ ბუნება ძალიან ძლიერია და ასე მარტივად და ყოველდღიურად გვთავაზობს პატარა საოცრებებს. ყველაზე მეტად მას შეუძლია, აღმაფრთოვანოს. შეუძლებელია, ფოტოსურათით, ნახატით ან სიტყვებით გადმოსცე თუნდაც ის, რაც მაშინ ვნახე.

მას შემდეგ სულ ვფიქრობ იმ დიდ და წითელ მზეზე. მინდოდა, ოდესმე აქაც დამეწერა. თუნდაც იმიტომ, რომ ის შეგრძნებები შემენახა ჩემთვის.
 
აი, ვწერ კიდეც.

Tuesday, March 1, 2011

What are you looking at?

  ძალიან მშვიდი დღეები მქონდა, პარასკევი და შაბათ-კვირა. საინტერესო ფილმებს ვუყურებდი, რემარკს ვკითხულობდი და ბევრ ყავას ვსვამდი. დიდი რაოდენობით კომშის ჯემს და შინდის მურაბას ვჭამდი  და სინდისიც არ მქენჯნიდა ამის გამო. შაბათს ღამით ხვავრიელად [რა კარგი სიტყვაა, არა?] რომ თოვდა, ეზოში გავედი და ასე ვიდექი, ჭაღარას დავემსგავსე რამდენიმე წამში. როცა არანაირი გარე ფაქტორები არ გაწუხებს, ადვილია სხვა სამყაროში გადასვლა. მეც ასე ვიყავი, ფილმებში ვცხოვრობდი და  წარმოვიდგინე, რომ თოვლიც რომელიმე ფილმის ნაწილი იყო; მიხაროდა, რომ შემეძლო ასე, ვმდგარიყავი ეზოში და თოვლისგან დავსველებულიყავი.


  პარასკევს მთელი დღე სამხრეთ ამერიკაში ვიყავი. თან, აღმოჩნდა რომ შესაბამისი ფილმიც გადმომიწერია. ფილმს The City of Your Final Destination ჰქვია - საოცრად ვისიამოვნე! დანარჩენს არ მოვყვები, შინაარსს და ა.შ არ მიყვარს განხილვები. მე ასეთი მშვიდი ფილმები მიყვარს, ადამიანებით. ის დღე მართლა სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.


   შაბათს კი ვუყურე ფილმს The Scarlet Letter.  ყველაზე მეტად რაც გულში დამრჩა და აღვშფოთდი, ის ადამიანები იყვნენ, ვინც გაბოროტებულებმა საკუთარი რელიგია შექმნეს და მისი სახელით სჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს. ინკვიზიცია და მსგავსი ამბები ყოველთვის მაფორიაქებს ხოლმე. კიდევ კარგი, ბოლოს ბედნიერად დასრულდა, ტიპიურად. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ბანალური ჰეფი-ენდი მჭირდებოდა.


  და კვირის ფილმი - Manolete. ოჰ, ედრიენ ბროდი და პენელოპე კრუსი შესანიშნავად თამაშობენ. ბევრი წყვილი არ არის, ვისაც ასე მოაქვს მაყურებლამდე თავის გრძნობები. ჯერ რუსულად ვუყურე და ბევრი ვერაფერი ვიგრძენი. მაგრამ ინგლისური იმდენად სხვა იყო, ედრიენის თბილი ხმით და პენელოპეს ესპანური აქცენტით, რომ აუცილებლად ორიგინალში უნდა ნახოთ!



  ეს ჩემი საყვარელი მომენტია. პენელოპე კიბეებზე ადის სასწაულად სექსუალური, წითელი კაბით. უკან ვიღაც მიყვება და თვალს არ აშორებს მის სხეულს. უცებ პენელოპე ჩერდება, ბრუნდება და თავის ესპანურ აქცენტიანი ინგლისურით ეუბნება:

 - What are you looking at?

Friday, February 11, 2011

საუბრების კლუბი

   გამარჯობა ჩემო ტკბილო ადამიანებო.. როგორ ხართ, რა საზრუნავი გაქვთ, რა გაწუხებთ? გაზაფხულის მოსვლას ჩემსავით მოუთმენლად ელოდებით?
 თუმცა, არ ვამბობ მართალს. მე გაზაფხულს მოუთმენლად არ ველოდები. ვიცი, რომ მალე მოვა.

    მომიყევით თქვენი ამბები. აი, ასე - დაჯექით, მკლავები დაიკაპიწეთ და დაიწყეთ.. [თუ თქვენც ჩემი სენი შეგეყარათ - ბევრი რამის თქმა გინდათ და ვერ ამბობთ?..]

   მომიყევით ნებისმიერი რამ. რამ გაგახარათ, რამ შეგაწუხათ. მე მორჩილი მსმენელი ვიქნები - დავჯდები, ნიკაპს ხელისგულზე დავაყრდნობ და თვალებში გიყურებთ. თქვენ კი მესაუბრეთ, უბრალოდ მესაუბრეთ.

   მომენატრა თქვენი მოსმენა. აი, უკვე შემდგარი ექიმი რომ ვიყო, ბევრი ამბები მექნებოდა მოსასმენი. მაგრამ ჯერ არ ვარ და ამბებს იქით დავეძებ.

   ჰოდა, მომიყევით, მომწერეთ - მე თქვენს ამბებს ველოდები.

Wednesday, January 26, 2011

ლიმნის სუნს გრძნობთ?

   
   მგონი დღეს პოსტის დაწერა არ მიწერია. დღეს კი არა, საერთოდ. ალბათ, ვიღაც საბლოგეთის ჯადოქარმა დამწყევლა და რამდენჯერაც წერას დავიწყებ, ან ინტერნეტი და ტელეფონი გამეთიშება, ან კიდევ უფრო უარესი რამ მოხდება [ამაზე ჯადოქარმა იფიქროს, მე ხომ არ მივაწვდი იდეებს?].

    ადრე ყველაფერზე ვწერდი, რაზეც მინდოდა. ახლა თემები და იდეები ჯერ სელექციას გადის და მერე გადაიქცევა პოსტებად. ბოლო დროს იმდენი თემა დაგროვდა, მე კიდევ უსინდისოდ ვალოდინებ მათ. სელექციის აპარატი გამოვრთე და არხეინად ვზივარ.
    წეღან, როცა [სხვა] პოსტის წერა დავასრულე, ტელეფონი ზუსტად მაშინ გაითიშა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, როცა ყველაფერი მოგვარდა, გამოქვეყნება გადავიფიქრე. თუმცა, ეს დიდად არ უნდა გაინტერესებდეთ და მესმის კიდეც თქვენი.

  ჰო მართლა, ჩემი ახალი დიზაინი :) ეს ლიმნიანი ფონი რომ დავინახე, ვიფიქრე რომ სწორედ ჩემი ბლოგისთვის იყო. და თითქმის ამ ფონის გამო გადავწყვიტე დიზაინის შეცვლა. კმაყოფილი ვარ, წინა მომბეზრებია თურმე.

   გამოგიტყდებით და, ეს პოსტიც მხოლოდ ზედა აბზაცს ემსახურებოდა. თორემ მარტო წუწუნის გულისთვის არ დავიწყებდი წერას. ხოდა, ასე. შემდეგ პოსტს მალე დავწერ, ნორმალურს და ადამიანურს. 

   პ.ს  ლიმონი ადრე არ მიყვარდა, არც ჩაიში და არც სხვა ფორმით. ამ ბოლო დროს კი ძალიან შემიყვარდა. საოცარი სუნი აქვს, მზესთან და სიცოცხლესთან ასოცირდება. ახლა დავფიქრდი, რამდენი რამე/ვინმე შემიყვარდა ამ ბოლო დროს!

Thursday, January 6, 2011

ბლოგი ტოსკანის მზის ქვეშ

   რა კარგი რამეა ინტერნეტი. აქ შეგიძლია იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში, გქონდეს უამრავი სახლი [ძირითადად - ესპანეთში] და ტვიტერზე აედევნო დალაი ლამას.

  მე მოგზაურობა მიყვარს და ჯერჯერობით ამ სიყვარულს რეალიზება არ უწერია. აქამდე არასდროს მითქვამს, მოგზაურობა მიყვარს-მეთქი. იმიტომ რომ, არსად არ ვყოფილვარ. საქართველოშიც კი, ბევრი ადგილია, რომელიც არ მინახავს. ამიტომ ძნელია იმის თქმა, მართლა მიყვარს თუ არა მოგზაურობა.
  აქ, ბლოგზე ხშირად ვწერ არარეალურ რამეებს და ამით ერთგვარად, ოცნებებს ვისრულებ. ძველად, კომპიუტერი რომ არ იყო, ასე ადვილად ხომ ვერ მოხვდებოდი, მაგალითად, იტალიაში.

   ასეთი ბლოგი მაქვს. ვერანდით, სადაც შეგიძლია მზის გულზე ჩამოჯდე და ხედით დატკბე.



 პატარა და ფერადი სახლით, სადაც ზოგჯერ ხმაურიან საღამოებს მოაწყობდა ადამიანი.



 ბუდუარით, მყუდროდ რომ მიჯდები და წიგნს წაიკითხავ.



 და ლამაზი სკარლეტით.


  მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ Wonderland-ს ფეისბუქზე თავის კუთხე გამოვუყავი და ვისაც გსურთ, შემოუერთდით :) http://www.facebook.com/BlogWonderland