Thursday, December 24, 2020

Lay low

ბოლო პერიოდში ყველა მიმალულმა შიშმა და შფოთვამ თავი წამოყო და ზედაპირზე ამოტივტივდა. გარშემო სამყარო დავიწროვდა და ძირითადად ჩემი ფიქრებისგან შედგება. ჩემს ფიქრებში დიდხანს დარჩენა კი არც ისე სასარგებლოა. რაც უფრო ვცილდები დანარჩენ სამყაროს და ხალხს, მით მეტად ვხვდები, როგორ მჭირდება ის ყველაფერი, რასაც ასე ვშორდები. ახლა გავიაზრე, რომ ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც თავშეკავების და თმენის რეჟიმში ვცხოვრობ და უკვე გაცნობიერებულად გამიჭირდა. განსაკუთრებით იმ პერიოდიდან მიჭირს, როცა შევამჩნიე, რომ ყველა ერთ ბედქვეშ აღარ ვყოფილვართ. მე მარტის რეჟიმში ვარ ისევ, სრულ კარანტინში, სხვები კი - არა, და ეს ერთიანობა რომ დაიკარგა, სხვები რომ უკეთ არიან, ვითრგუნები. არც არავინ მყავს, რომ გავუზიარო, რადგან, again, თავშეკავების რეჟიმში ვარ და ვერავის ვერ ვხედავ. ვირტუალური ურთიერთობა ვერ ანაცვლებს რეალურს, მაშინაც კი როცა ეს ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა. რაღაცნაირად მიჭირს, ვინმეს მივწერო, რომ თავს მარტოსულად ვგრძნობ. ყველა დაძაბულია და დაღლილია, ჩემი მარტოსულობის დრო არავის აქვს. ყველა საუბრებისას (ე.წ ქოლებისას), რაღაცებს ვყვები, მაგრამ მგონია რომ არასდროს ვლაპარაკობ მნიშვნელოვანზე და ღრმაზე. თან არც კი ვიცი, ეს მნიშვნელოვანი და ღრმა რა არის. 

ფეისბუქი აღვადგინე და ისევ ტოქსიკურად შემოვიდა ჩემს ისედაც დავიწროვებულ სამყაროში, სადაც აღარაფერი დარჩა, ჩემი მუდმივი ფიქრების გარდა. ფეისბუქი ერთადერთი კავშირია გარე სამყაროსთან, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე სხვაგან ვარ და სრულიად მოვწყდი ამ სივრცეს (ფეისბუქს), სადაც ყველა ან ფასადურად ბედნიერია ან - გაბრაზებული. ჩემზე კი ყველაფერი ერთნაირად დამთრგუნველად მოქმედებს უკვე, ბედნიერებაც და ბრაზიც. იმიტომ რომ ეს პოსტები, ბედნიერიც და გაბრაზებულიც, იმას ნიშნავს, რომ სხვები ცხოვრებას აგრძელებენ. მაშინ, როცა, მე სადღაც შევიყუჟე და ველოდები დაუსრულებელი ღამეული კოშმარის დასრულებას და ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ ეს კოშმარი მარტო ჩემთვის გრძელდება. რაც უფრო ვცდილობ to lay low, მით უფრო ვავიწყდები სხვებსაც, ოღონდ ამ "სხვებში" მაინცდამაინც მეგობრებს არ ვგულისხმობ, უფრო ზოგადად მთლიან სანაცნობოს. ამ ჩემთვის უკვე გაუცხოებულ ფეისბუქზე, ჩემი ნებისმიერი აქტივობა ყველასთვის შეუმჩნეველია, დიდად არც ვაქტიურობ, მაგრამ ის მცირეც გამოხმაურების გარეშე გადის და უკვე აღარ ვიცი, რომელი პლატფორმით ან რა მეთოდებით შევინარჩუნო კავშირი გარე სამყაროსთან.

შეიძლება ეს ყველაფერი წაკითხვისას ძალიან ტრაგიკულად და სევდიანად ჟღერდეს, მაგრამ ასეთი ტრაგიზმით არ ვწერ. ყოველდღიურობაში ეს ყველაფერი ისე ტრაგიკულად არ აღიქმება, როგორც შეჯამებული ამბის სახით ჩანს. თუმცა ალბათ არის კიდეც ტრაგიკული.

Tuesday, December 1, 2020

შავბნელი

დღეს ზოი კრავიცის დაბადების დღეა. მაგრამ ამაზე წერას არ ვაპირებ. თუმცა ზუსტად ისიც არ ვიცი, რაზე ვწერ. წეღან ფეისბუქზე კომენტარს ვწერდი და ისე გამიჭირდა სულ რამდენიმე სიტყვიანი წინადადების შედგენა, რომ ცოტა შევშფოთდი, ნუთუ წერას გადავეჩვიე-მეთქი. რის გამოა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიჭირს, დაჯდომა და დაწერა კი არა, წინადადებების შედგენა. უფრო იმას ვაბრალებ, რომ ბოლო დროს ინგლისურ ენაზე ვკითხულობ ლიტერატურას და წინადადების წყობა ერთმანეთში მერევა, ვეღარც ინგლისურად ვაწყობ სწორად და ახლა უკვე - ვეღარც ქართულად :) 

სხვა რა გითხრათ, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს - გაღვიძება, გახსენება სად და რა დროში ვცხოვრობთ, დაზაფვრა, დღის განმავლობაში ახალი ცუდი ამბის გაგება და მთელი დღე დაზაფრული ყოფნა. ძილის წინ ჩაძინების გაძნელება, მერე ისევ დილა და ყველაფერი თავიდან. ხანდახან უკვე იმას ვფიქრობ, ნეტა მხოლოდ პანდემია გვქონდეს სადარდებელი-მეთქი. მაგრამ არა, კიდევ ბევრი სხვა და ზოგჯერ უარესი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ბუნებრივია, არც საახალწლო განწყობა მაქვს. უფრო მაქვს საახალწლო შიში - შეზღუდვები რომ მოიხსნება, რამდენი ხალხი მივა დახურულ სივრცეში და რამდენით მოიმატებს შემთხვევები. ცოტა მიკვირს, ამ დროს რაღაცების აღნიშვნის სურვილი რომ აქვს ვინმეს. მე მგონი არაფერი დაშავდება, თუ ერთ დაბადების დღეს ხალხმრავლობით არ აღვნიშნავთ, ერთ ახალ წელს სახლში თუ დავრჩებით. ეს ხომ მარადიული არ არის, რა მოხდა, ცოტახანი რომ გავიჭირვოთ? ზოგი ცოტახნითაც რომ არ იჭირვებს, მათ, ვინც ვიჭირვებთ, კიდევ უფრო გვიხანგრძლივებს ამ ჯოჯოხეთს, რომელსაც ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს.

ძალიან გული მწყდება ამ ზაფხულმა ჩემ გარეშე რომ ჩაიარა. არ ვიცი, რისი იმედით გადავდე დასვენება, ალბათ არ მეგონა მეორე ტალღა ასე ნაადრევად თუ მოგვადგებოდა კარს. მაგრამ ფაქტია, ზუსტად იმ დროს გართულდა მდგომარეობა, როდესაც ჩემი შვებულება დაიწყო, რომელიც, საბოლოოდ, სახლში გავატარე :) ამიტომ ბათუმი მენატრება ძალიან ისევ და ისევ და ისევ. სექტემბერში უნდა მენახა წესით, ლამაზი და დამშვიდებული. მაგრამ მხოლოდ იმედგაცრუება და თელავი შემრჩა ხელში :) თელავი რა შუაშია და, იქ წავედი სამი დღით შვებულებისას. თელავი თავად ძალიან კარგი იყო, უბრალოდ არასწორ დროს აღმოჩნდა კარგი :)