Showing posts with label ტეკილა. Show all posts
Showing posts with label ტეკილა. Show all posts

Tuesday, April 24, 2012

Monkey Eats Bananas

  გუშინ პოსტის დასაწერად შემოვედი და თავზარი დამეცა, ისეა შეცვლილი ბლოგერის დიზაინი. ეხლაც არ ვიცი, სად ვწერ და რას ვწერ.



   მე ვარ დაღლილი ყოველდღიურობისგან და ვოცნებობ მშვენიერ ხის სახლზე, სადაც  ალბათ აბსოლუტური სიჩუმეა, შუადღისას მზე აჭერს და ფუტკრების საქმიანი ბზუილი ისმის. ამ შუადღის სიცხეში, ოჰ რა სიამოვნებით დავჯდებოდი ოთახის სიღრმეში, ხისგან მოწნულ სარწეველა სავარძელზე გადავწვებოდი და ცივ კომპოტს დავლევდი.

  საღამოს აივანზე გადავჯდებოდი, და საერთოდ, არაფერს გავაკეთებდი ჯდომის გარდა.

  ან ვარდისფერ პარიკს დავიფარებდი, ჩავჯდებოდი წყლით სავსე ხის კასრში და ვიმღერებდი  სიგარეტზე. ალბათ სიგარასაც მოვწევდი საღამოობით, რომელიც პირში მწკლარტე გემოს დამიტოვებდა და ვისკის მივაყოლებდი.

 დილით კი რა თქმა უნდა კაი მაგარ ყავას დავლევდი. ღმერთო, რა სამოთხეა.

   ჰო, მუდამ ასე ვწერ, ამას ვიზამდი და იმას ვიზამდი, სინამდვილეში კი სულ სხვა რამეებს ჩავდივარ.

   ამ ზაფხულს მაინც ვიზამ იმ რამეებს, რაზეც ვწერ, ვიზამდი–მეთქი. წავიღებ ტეკილას, გავიყოლებ ადამიანებს და წავალ ჩემს ძველ, ხის სახლიან სოფელში. შეიძლება ამ ადამიანებში შენც მოხვდე.


Monday, March 5, 2012

Bang Bang

   ხანდახან ვფიქრობ, რომ ღამე ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად.

   კორპუსების ღამე მიყვარს, ბევრი განათებული ფანჯარა ერთად. სულ მინდა ფრთები მქონდეს ან კარლსონივით პროპელერი,  ჩამოვუფრინო და ყველას სახლში შევიხედო რას აკეთებენ. დავინახო როგორ სვამენ ჩაის, უყურებენ ტელევიზორს ან ჩემსავით ლეპტოპს არიან მიმჯდარი და ყურსასმენებით მუსიკას უსმენენ [bang bang.. he shoot me down]



   რიაზანოვს უყვარს ფანჯრები, მისი თითქმის ყველა ფილმი ფანჯრებით იწყება. ზოგადად, მოსკოვური ბინები საოცრად მყუდროა. არ ვიცი, უბრალოდ ყველა ფილმში ასე ჩანს, თუ ნამდვილად ასეთია.

   ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი. ახალი კვირა იწყება თავის ატრიბუტებით – მძიმე ორშაბათით და მერე სხვა დღეებით. ორშაბათს არასდროს უნდა წახვიდე პირდაპირ სახლში კაცი, როგორი დაღლილიც არ უნდა იყო. ჯობია ფეხით გაიარო ან თუ თვის დასაწყისია და ჯიბეში [ან ბარათზე] ხელფასი გეგულება, შენს საყვარელ ბარში გაუხვიო და ტეკილა შეუკვეთო. ორშაბათს არ უნდა წახვიდე სამსახურიდან პირდაპირ სახლში [bang bang.. my baby shoot me down].

ამ ღამეულ სიმღერას მოუსმინეთ და მერე ჩემს ფანჯარაშიც შემოიხედეთ. bang bang