ქარს საიდანღაც მოაქვს ეს სიმღერა. ვიღაც ჰყვება თან, სასაცილოდ. მე მეღიმება და ვფიქრობ, ვინმეს თუ მოუსმენია ჩემი სიმღერა და იმასაც გაღიმებია.
ფერისცვალების მერე ისეთი ქარებია, რომ ღამღამობით კარის ჭრიალი მაღვიძებს და საბანში საგულდაგულოდ ვიმალები ხოლმე. საერთოდ რაც აქ ვარ, ღამით რამდენჯერმე ვიღვიძებ. ხანდახან ვდგები და აივანზე გავდივარ. მთვარე ისე ანათებს, რომ ყველაფერი ვერცხლისფერია და სახლების ჩრდილები მოჩანს. დღესაც ქრის ქარი, ჩემს სარაფანს ისე აფრიალებს, რომ მერლინ მონრო მონაგონია ჩემს გვერდით :D მე კი მაინცდამაინც დღეს მომინდა ამ სარაფნის ჩაცმა და სოფელში ხეტიალი და კიდევ კარგი, რომ არავინ არის გარეთ, თორემ კაბას ვეღარ ვიმორჩილებ.
ეხლა ვხვდები, რომ უცნაური გოგო ვარ. ალბათ უცნაურად გამოჩნდება სხვების თვალში, 22 წლის გოგო [ღმერთმანი!] ეკლესიის ეზოში იჯდეს და ბავშვებს ჩიპოლინოს უკითხავდეს, ან თეთრ ხიდზე იდგეს და ცეკვავდეს. ჩემთვის კი ჩვეულებრივი ამბავია და დღეს ჭამაც კი დამავიწყდა ამ ხეტიალში. მაშინღა მივხვდი, სისუსტე და თავბრუსხვევა რომ ვიგრძენი. მე და ბავშვები თავს მშვენივრად ვგრძნობთ. თუმცა არა, დღეს ერთი გამებუტა, ბევრი ვეცადე და ვერ შემოვირიგე, მერე კი ვეჩხუბე და ასე დავტოვე. ეხლა ვფიქრობ, როდემდე გასტანს მისი გაბრაზება. აბა აქ მეტი საფიქრალი არ მაქვს და რამეზე ხომ უნდა ვიფიქრო..
წყაროსთან კვლავ სხედან უსაქმური ბიჭები, მე კვლავ დავათრევ მძიმე წყლის ჭურჭელს. ჩემი გაურკვეველი მომავალი მახარებს და თავისუფლებას მთელი ტანით ვგრძნობ. მგონი, არც ევროპაში მინდა წასვლა. მთავარია ქარი ქროდეს და მე ფრიალა კაბა მეცვას. შორს ჩემგან ყოველგვარი რეზიდენტურა, მოდულები და სხვა მსგავსი უცნაური სიტყვები. ბუნება მაინც ყველაზე ძლიერია. აი, ამ საუკუნეშიც ხალხი წვიმაზეა დამოკიდებული.
ბებო კარტოფილის ხინკალს აკეთებს. კარები ისევ ჭრიალებს და გარეთ მზე ანათებს. ბებო ნერვიულობს, რომ არაფერს ვჭამ. ნართლა არ მაქვს მადა, მაგრამ რა არის ამაში ცუდი ვერ ვხვდები. ფიჭვნარში მინდა ასვლა და სულ მეზარება. თან ვიხეტიალო-მეთქი და თან ფეხის გადადგმა მეზარება.
მიუხედავად ყველაფრისა, მენატრებიან ადამიანები და ზოგიერთზე ვფიქრობ. საერთოდ, აქ იმდენი სისულელე მომდის თავში, რომ ისიც კი გადავწყვიტე, რომ ოდესმე ჯვარს ამ პატარა ეკლესიაში დავიწერ. ბებიაჩემის აზრით, გათხოვებაზე უნდა დავიწყო უკვე ფიქრი. მე კი მხოლოდ იმ დონეზე ვფიქრობ, რომ ჯვრისწერის ადგილი შევარჩიე. სულ ეს არის.
აქ ბევრი 15-16 წლის გოგოა, რომლებიც საღამოობით გაპრანჭულები სეირნობენ. ბევრი არა, რამდენიმე. ორი. სეირნობენ, რაღაცეებს ჩურჩულებენ და იცინიან. მე კიდევ უფრო მეტად ბავშვი მგონია თავი და სულ ეგოისტი ვხდები, საკუთარ თავზე ვფიქრობ მთელი დღე. გუშინ ერთმა ქალმა თქვა ჩემზე, 22 წლის არ მეგონა, პატარას გავს და ქცევებიც პატარასი აქვსო. მანამდე სულ ვუცინოდი და ალბათ იმიტომ. აქ სულ ბავშვობა დამსდევს თან, როგორც მოდილიანს 'მოდილიანში'.
ღამე: ბავშვებს ორჯერ ვეჩხუბე და შევურიგდი. რა სასაცილო ვარ, სულ მთლად გავბავშვდი. უფრო სწორედ, აღმზრდელს ვგავარ, მე-19 საუკუნის დიდგვაროვან ოჯახებში რომ მუშაობდნენ..
ეხლა ვფიქრობ, ხვალ ის ფრიალა სარაფანი ჩავიცვა თუ არა. ეს ქარი აშკარად არ აპირებს არსად წასვლას. ხვალ კიდევ სარეცხი უნდა გავრეცხო. აი ასე, წავალ წყაროზე და გავრეცხავ. ნამდვილად მე-19 საუკუნეში ვარ. თქვენ კიდევ ამბობთ, დროში მოგზაურობა არ არსებობსო..
21.08.10
rolebshi xar natalia,kargicaa da cudic. imashi ki getanxmeb ro rezidentura modulebi da egetebi sisulelea da 21 -e saukuneshic cvmaze vart damokidebulebi )
ReplyDeleteუჰ რა კაი იყო და სასიამოვნო ;)
ReplyDeleteმგონი ჯეინ ეარი შეგისახლდა!
რა კარგია ბებოსთან რომ ხარ და კარტოფილის ხინკალს გიკეთებს და ვაშლებსაც დაგიკრეფს...
რა კარგია ქარი რომ ქრის და ადამიანები წვიმაზე არიან დამოკიდებულნი ისევ...ძალიან კარგია.
როგორ მიყვარს კარტოფილის ხინკალი. სანამ წამოვიდოდი, გავაკეთეთ სახლში და თვალებს რომ დავხუჭავ, გემო ისევ მახსენდება...
ReplyDeleteმგონი, ნორმალურია, რომ უცნაური ხარ :) პოსტიდან ვერ გაიგებ, რა არის რეალური და რა – არა, ეს არის ზუსტად მიმზიდველი, რომ არ იცი არაფერი :|
ზაფხული როგორ გავიდა, ვერ მოვასწარი გამომშვიდობება, ისე როგორც, შენთან...
STOP!!!
ReplyDelete"თეთრი ხიდი"?
ქუთაისში ხარ??????
Anuschka, მაგ დროს მართლა როლებში ვიყავი, ახლა კი ისევ ისეთი ვარ, როგორიც აქედან წასვლამდე ვიყავი :)
ReplyDeleteundone, ჯეინ ეარი საინტერესო შედარება იყო :)
Sophie, ზაფხულიც და შენც ჩუმად წახვედით მართლა : )
Zurriuss, არა, არა :) ჩემს სოფელში იყო ერთი პატარა, საწყალი ხიდი, ხიდიც არ ეთქმის, თეთრი ფერის, და მაგას ვეძახდი ასე :)
me shen yvelanairad momconxarrolebshic, asec isec, gacecilic :)
ReplyDeleteსიმშვიდის სუნი ასდიოდა ამ პოსტს... :)
ReplyDeleteდა თითქოს ჩემეული ცხოვრება ზოლებად გასდევდა... ყოველთვის იმაზე პატარა მგონია საკუთარი თავი, ვიდრე ვარ და ყოველთვის ვცდილობ, უფრო ბავშვურად მოვიქცე. არანაირად "მეკომპლექსება" 3-4 წლის ბავშვებთან იატაკზე ფეხმორთხმული ჯდომა და თამაში. :) ზოგჯერ მათთან უფრო მეტ საერთოს ვპოულობ, ვიდრე უფროსებთან.
ai shen rom ginda xolme droshi gadavardnebi, unda waxvide mand da igrznob xome ase tavs 2 saukunit ukan :)
ReplyDelete