Showing posts with label Dream. Show all posts
Showing posts with label Dream. Show all posts

Saturday, October 1, 2011

All The Romance We Left Behind

  

სიზმარში არგენტინაზე ვფიქრობდი. 

   მართლა ასე იყო, არგენტინა კი არ დამესიზმრა, უბრალოდ მეძინა და ვფიქრობდი, სწავლის გასაგრძელებლად წავიდოდი თუ არა არგენტინაში. რა ახირებული რამეა ეს ქვეცნობიერი.

  რომ გავიღვიძე, არგენტინაზე პირველი ფაბიან პერესი  და მისი უჩვეულოდ ლამაზი ქალები გამახსენდნენ. მათზე ადრეც გიამბობდით.

ასე, ფიქრებს შვეყევი და..

 არგენტინაში მოვხვდი.

   თამბაქოს ბოლისგან ჩაბნელებული ბარი. სუნამოს და ოდეკოლონის ერთმანეთში არეული სურნელი.  წითელ აბაჟურიანი სანათები მაგიდაზე. 


 

   ქალები – დაუდევრად აკეცილი თმებით. 



 მაცდური ღიმილით და მზერით.



  ხანდახან ჩაფიქრდებიან და გონებით სადღაც შორს მიდიან.



  რომელიღაც მაგიდიდან ვიღაც თვალს ადევნებს.



მერე გამოჩნდება სანთებელით ხელში და სიგარეტს უკიდებს.

When the story begins

  ასე იწყება.

 მუსიკა გიტარით და ტანგო..

The proposal


  ღამის გაგრძელება უკვე სხვაგან.


 
    ხმაურიანი ღამის შემდეგ გამოსაფხიზლებლად დილის ყავა კაფეში. ერთი ღერი სიგარეტი და დაღლილი თვალები.

შემდეგი ღამის მოლოდინში


ჩემი სიზმრისეული არგენტინა ასეთია, სუნამოსა და თამბაქოს სუნით შეზავებული. 

Sunday, July 24, 2011

ვარდისფერი

 
მე მინდა, იმ დღეებზე დავწერო, მერე ვარდისფრად რომ გახსენდება ხოლმე.

სწავლის დამთავრების მეორე დღეზე, დილით რომ გაიღვიძებდი და ქვეყანა შენი გეგონა. წინასწარ ტკბებოდი მომავალი უსაქმური დღეებით, თავისუფლად სუნთქავდი და წინ ტკბილი, ტკბილი 3 თვე გელოდებოდა.

იმ დღეებზე, როცა მამა ყოვლისშემძლე გეგონა და მიწისძვრის დროს ხელში რომ აგიყვანდა ატირებულს, გეგონა, მიწისძვრა კი არა, ვერანაირი ძალა ვეღარ მოგეკარებოდა.

მოლოდინზე, დიდი ხნის უნახავი დედ-მამის ჩამოსვლას რომ ახლდა  წინ. პატარა გახმაურებაზეც ყურებს რომ დაცქვიტავდი და მერე იმედგაცურებული ამოიოხრებდი - არა, ეს ის მანქანა არ ყოფილა. ბოლოს კი მოვიდოდა ნანატრი და ტკბილეულობას ჩამოგიტანდა. შენ არ შეიმჩნევდი, რომ სიხარულისგან ლამის გული ამოგხტომოდა და ცრემლები რომ არ წაგსკდომოდა, სახეზე უაზრო ღიმილს მიიხატავდი, ჩუმად კი ყელში გაჩრილ ბურთს დიდი წვალებით გადაყლაპავდი.

იმ დღეებზე, თამაშში ისე რომ გაერთობოდი, ჭამა გავიწყდებოდა. დარბოდი, გაიმტვერებოდი, ვეღარ სუნთქავდი და მაინც არ გინდოდა, შეგეწყვიტა. ღამით დაღლილი რომ დაწვებოდი საწოლში და ეცდებოდი რაც შეიძლება მალე ჩაგძინებოდა, რომ მალე გათენებულიყო.

იმ ღამეებზე, შიშისგან რომ კანკალებდი და საბნიდან თითის წვერსაც არ ყოფდი გარეთ. უცებ გაგახსენდებოდა, რომ ფანჯარასთან ბებო წევს და დამშვიდდებოდი - აბა, ვინღა შემოიპარებოდა, ფანჯარასთან ხომ ბებო იწვა!

ბებია რომ ყოველდღიურ მენიუს გიდგენდა და შენ უნდა ამოგერჩია, რა გსურდა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. მერე აივანზე სპეციალურად მოწყობილ ’სასადილოში’ მოგიტანდა და შენ მიერ შეჭმული ყოველი ლუკმა ისე გაახარებდა.. და შენც ფიქრობდი, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.

პურის ცხობის დღეებზე, ცხელ ფურნესთან რომ ტრიალებდი, დაჭრილ და გამზადებულ ყველს უყურებდი და ერთი სული გქონდა, როდის გამოიღებდნენ ქაფქაფა პურს, რომ იმ ყველთან ერთად შეგეჭამა.

აი, ამ დღეებზე მინდა დავწერო, ნატალია, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს.  ახლა ვარდისფრად გახსენდება, მაგრამ თან გულის სიღრმეში რაღაცას ძალიან გკტენს, იმიტომ რომ იცი, აღარ განმეორდება.