Showing posts with label BlogPost. Show all posts
Showing posts with label BlogPost. Show all posts

Friday, June 10, 2011

Starlight

   ასეა, ჩემი ბლოგი ჩემი სახლიაო, უთქვამთ ადამიანებს. სახლის [ამ შემთხვევაში – ბლოგის] ინტერიერს კი ხანდახან განახლება ჭირდება.

  მეც განვაახლე და ისე კმაყოფილი ვარ, რომ ცალკე პოსტს ვწერ. რასაც სხვა დროს არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი.



   მოკლედ, შემოდით.  ჯერ ჰედერს შეხედეთ, მერე – მარჯვნივ ფოტოებს და ბოლოს ვერანდაზეც გადით.

ჰო, მანამდე ამ სიმღერასაც დაჰკლიკეთ.

 

Wednesday, December 15, 2010

დამწყები ბლოგერები, ძველი ნივთები და რუსული ფილმები

  დამწყები ბლოგერების პოსტები მიყვარს - ისეთი გულახდილია ყველა; მომწონს, თუ როგორ წერენ -  სად იყვნენ დღეს, რა გააკეთეს და ა.შ მეც ასე ვწერდი თავიდან, უფრო გულახდილად და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მოვლენებზე ვფიქრობდი - აი, ეს ბლოგზე დასაწერად გამოდგება..  წერის სტილი აშკარად უფრო დამეხვეწა, სამაგიეროდ, ყველაფერზე აღარ ვწერ. მაგალითად ახლა, იმდენი იდეა მომდის და ჯერ გადავახარისხებ ხოლმე, ბოლოს კი პოსტისთვის მხოლოდ ერთი რჩება, ან არც ერთი. მე კიდევ მიყვარს ეს დამწყები ბლოგერები და მათი პოსტები. თუმცა, ახლანდელი დამწყები ბლოგერები აღარ გვანან კლასიკურ დამწყებ ბლოგერებს, იმიტომ რომ საქართველოში უკვე ბევრს აქვს ბლოგი და წინასწარ იციან, რაზე უნდა წერონ. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრს აქვს ბლოგი, ის ჯერ კიდევ არ იციან, როგორ უნდა წერონ. პრობლემა ყოველთვის ამაშია.

   როგორ დამღალა ამ ფეისბუქმა, ამდენმა ხალხმა და მათ აზრებმა. სულ 250-მდე მეგობარი [ბოდიში, ფრენდი] მყავს და უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ უცხოს. ლამისაა ჩამოვუარო და უმეტესობა წავშალო, მაგრამ თავს ვიკავებ. იმიტომ რომ ასეთი თვისება მაქვს, სახლში არაფერს არ ვაგდებ - ძველ ტანსაცმელს, სკოლის რვეულებს, უნივერსიტეტის ქსეროქსებს, ვაგროვებ და ვაგროვებ, იქნებ რამეში დამჭირდეს-მეთქი. თუმცა, ჯერ არაფერში დამჭირვებია.

   ეს ორი დღეა ისტერიულად ვუყურებ რუსულ საახალწლო ფილმებს [არა, ბედის ირონიას არა], თანამედროვე ფილმებს. ჯერ რაც ვნახე, არც ერთი კაპიკად არ ვარგოდა. ერთი უნახავი მაქვს და შეიძლება კიდევ გადმოვწერო. მაინც მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, ხალხი როგორ დადის მაღაზიებში, პროდუქტს ყიდულობს და მერე თბილ სახლებში მიაქვთ. რუსული ბინები ცალკე ფენომენია - რაღაცნაირი, თბილი. დედას უყვარს ძალიან და ალბათ იმის გავლენაა, მეც რომ მომწონს. ასე, შორიდან, ფილმებში დანახული.

  რა უბედურებაა, ამდენ განსხვავებულ თემაზე დავწერ ერთ პოსტში და მერე აღარ ვიცი, როგორ დავასათაურო ხოლმე. ახლა უნდა ვიჯდე ცოტა ხანი და ვიფიქრო.
  ჰო, აქვე კითხვა დამებადა, პოსტის სათაურს როგორ იფიქრებთ ხოლმე, რის მიხედვით?

Tuesday, November 9, 2010

იცი, მე ბლოგი მაქვს

  მახსოვს, ბაბისა  ამბობდა, როცა ადამიანები ბედნიერები არიან, იშვიათად წერენო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ადამიანებს ბედნიერების გადმოცემა უფრო უჭირთ, ვიდრე დარდის. ბედნიერები რომ არიან, მაშინაც უნდათ წერონ, ყველას გააგონონ, მაგრამ უჭირთ. აი სევდა კი ადვილად გადმოსაცემია. ნამდვილად ასეა.

  პატარა რომ ვიყავი, სოფელში გორაზე ჩავდიოდი ხოლმე ბავშვებთან ერთად. მთელ დღეებს ასე აქეთ-იქით სიარულში ვატარებდით, ხან წყალს ვაგუბებდით და თავკომბალებს ვაკვირდებოდით, ხან ყვავილებს ვაგროვებდით. საღამოს ფეხები სულ ტალახიანი მქონდა ხოლმე. მაგრამ იცით? საერთოდ არ მადარდებდა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მეორე დღეს ტყეში ავსულიყავი და თან რამე საგზალი წამეღო.

  დღიურებს მაშინაც ვწერდი. ვთვლიდი, რომ სასაცილოდ, მაგრამ ვწერდი. ახლაც ასე ვთვლი, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, როცა ვკითხულობ.

  წუხელ სიზმარში ბლოგერებს შევხვდი. სადღაც სტადიონის შუაგულში ვისხედით. რატომღაც ჩემი ძმაც იყო და რომ ამეხსნა, თუ საიდან ვიცნობდი ამ ხალხს,  იძულებული გავხდი, გამემხილა ჩემ ბლოგის ამბავი. ავდექი და ვუთხარი - 'იცი, მე ბლოგი მაქვს'. ყველას გაეცინა. ის კი აღარ მახსოვს, მას რა რეაქცია ჰქონდა.

Saturday, October 23, 2010

Screw you, doctor O'Malley!

  რამდენიმე დღის წინ blogroll.ge-ზე ბლოგებს გადავხედე. უბრალოდ, იქვე გადავხედე. რამდენი ბლოგი არსებობს, ღმერთო! უმეტესობა ისეთია, დროს რომ ვერ უძლებს [ალბათ ასეა, მე ხომ იმ ბლოგებზე არ შევსულვარ]. თუმცა ხანდახან ისეთ ბლოგებს ვპოულობ, რომლებსაც მერე აქ ვამატებ. მართლაც რამდენი განსხვავებული აზრია.. ამდენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, მგონია რომ მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, და ეს ადამიანები სულ სხვაგან არიან.

   მე ქვაფენილიან ქუჩაზე და დარაბებიან სახლებზე ვფიქრობ, ვოცნებობ არარეალურ რაღაცეებზე და  მერე, ისევ იმ პრობლემებს ვაწყდები პირისპირ, რომლებიც სულ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება, როგორც ქრონიკული დაავადების გამწვავება. სწორად ავხსენი? ამ დროს ისეთი სასოწარკვეთა მეუფლება, რომ მინდა ყველაფერს გავცილდე, დედამიწიდან წავიდე და მარსზე გადავსახლდე [დიახ, მე ახლახან წავიკითხე ბრედბერი]. ბლოგზე ეს ფოტოებიც ისევ ჩემთვის არის მგონი, და საკუთარ თავს ვუმეორებ დაჟინებით რომ ’დღეს კარგი დღეა’. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ ქვაფენილიან ქუჩაზე და ამით ბედნიერი ვარ. მანამდე, სანამ რაღაც არ გამწვავდება.


   პრობლემებში კი იგულისხმება პრობლემები.  არა ის ახირებები, რომლებსაც მოცალეობის დროს ჩვენ თვითონ ვიგონებთ ხოლმე [და ასეთი ძალიან ბევრია. აბა კარგად დაფიქრდით, თქვენი საწუხარიდან რამდენია ხელოვნურად შექმნილი?].

   ადამიანებო, როდის ისწავლით, იყოთ ბედნიერები?  გეთანხმებით, სულ კმაყოფილი ვერ იქნები კაცი, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით მაინც დაფიქრდეთ, რომ სხვას თქვენზე მეტად უჭირს და იმას კი არ გთხოვთ, რომ ვინმეს დაეხმაროთ, ან ვინმეზე იფიქროთ - არა! უბრალოდ, იყავით ბედნიერები. სულ ეს არის. ნუთუ ასე ძნელია? ან, შეიძლება არის კიდეც.. ბედნიერება ხომ ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის.


   პ.ს ამ პოსტის წერა ყველაზე მეტად გამიჭირდა, ბევრჯერ გადავხედე და შევასწორე. შუაღამის ბრალია, ზედმეტად გულახდილი ვარ ამ დროს :) იმედია ხვალ არ ვინანებ, რომ საერთოდ გამოვაქვეყნე.

  პ.პ.ს სათაური სულ ბოლო წამს მოვიფიქრე, როცა შეწუხებული ვიჯექი და უკვე აღარ ვაპირებდი ’პაბლიშზე’ ხელის დაჭერას იმის გამო, რომ ვერ ვასათაურებდი. ვისაც დაგაინტერესებთ, აგიხსნით :)

Sunday, October 10, 2010

People, blogs and other labels

  დღეს მნიშვნელოვანი თარიღია. ფეისბუქზე ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში - ყოველი მეორე სტატუსი ასე გამოიყურება: 10.10.10

  ღმერთო, ხანდახან როგორი რთულია წერა. ვზივარ და შევყურებ მონიტორს, გვერდით უკვე ცარიელი ყავის ჭიქა მიდგას და არ ვიცი, რაზე ვწერო. ან ვიცი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვწერ. მინდა რომ დიზაინი შევცვალო. რამდენი ხანია ბლოგსპოტმა ახალი სისტემა გააკეთა და ბევრად უფრო მარტივია ბექგრაუნდის მორგება. მაგრამ მე, როგორც მერყევ ადამიანს, და ცვლილებების მიმართ პანიკური შიშის მქონეს, ვერ გადამიწყვეტია, შევცვალო თუ არა. უფრო გულახდილი ვიქნებოდი, რომ მეთქვა შეცვლა მეზარება-მეთქი. ათასი რაღაცის გაკეთება მინდა და უბრალოდ, მეზარება.


  გარეთ მინდა გასვლა და ადამიანების ნახვა. იცით რამდენი ხანია, სახლში ვზივარ? ავად ვიყავი, მერე პოსტ-ავადმყოფობის პერიოდი მქონდა, მერე პოსტ-რეაბილიტაციის და ახლა რა პერიოდი მაქვს, არ ვიცი. თან ისე მეზარება ამ სახლში ჯდომის პერიოდის მერე გასვლა.. ვინმე ხართ ჩემნაირი? მგონია უნიკალური ვარ ამ ასპექტში :)

  ორიოდე დღის წინ პოსტი დავწერე, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, მგონი :) მერე წავშალე ისევ, თუ არ წამიშლია ჯერ, დრაფტებში გდია შესაძლოა. მოკლედ, გადავიფიქრე გამოქვეყნება. მაგრამ მაინც ვიტყვი, სულ მაინტერესებს, არ ეზარებათ ადამიანებს, მუდმივად ვიღაცის გაკრიტიკება? აი, ვერ წარმომიდგენია, სულ სხედან და ნეტში პატრიარქის ქადაგებებს ეძებენ? რომ მერე დააშეარონ და თქვან, ნახეთ ერთი ამ ერის მამამ რა თქვაო. წადით რა ადამიანებო, თქვენ თავს მიხედეთ. ვინმე ისეთი მაინც აკრიტიკეთ, ვინც მართლა ცუდ საქმეს აკეთებს.


    ისეთი კარგი ქართული ბლოგი ვიპოვე ორიოდე დღის წინ.. აი, სურვილი რომ გიჩნდება, თავიდან ბოლომდე წაიკითხო. ასეთები კი ნამდვილად ცოტაა. ნაწილი მაშინვე წავიკითხე, ნაწილი კი დღეს დავამთავრე, ფინჯან ყავასთან ერთად. აი, მაგალითად, სუნამოებზე წერს, თან ისე კი არა, როგორც უმრავლესობა - ნეტში რომ მოძებნიან და მერე დააკოპირებენ, ან ქართულად თარგმნიან რაღაც სტატიას და თავს აგატკიებენ უაზრო რჩევებით. არა, სულ სხვანაირად.. მოკლედ, დიდი ხანია ასე ბლოგს არ მოვუხიბლივარ.

  რამდენი ხანია, რაფას თამაშები არ მინახავს. ახლა აზიაშია ჩოგბურთის ტურნირები და იქაურ დროს ვერაფერი გავუგე, რომ ვიღვიძებ, თამაშები უკვე დამთავრებულია ხოლმე. გუშინ ტელევიზორში შემთხვევით გადავრთე საჩოგბურთო არხზე, დილის თამაშს იმეორებდნენ. რაფა ახალი გამოსული იყო კორტზე. თავისთვის სკამთან იდგა და ჩოგნებს იღებდა. რომ დავინახე, აი, ისეთი გრძნობა მქონდა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ შეხვდები. მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა - ეე, რაფა, როგორ მომენატრე. დღეს დილით კვლავ გამომრჩა თამაში, და ინტერნეტში ვნახე, რომ ტოკიოს ტურნირი მოუგია. გილოცავ, რაფაელ. ეს წელი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო შენთვის. [რა უცნაურია, აქამდე რაფასთვის 'რაფაელი' არასდროს მიწოდებია და მეუცნაურა :)]


  გრეის ანატომია ჩვეულ ფორმაშია - ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ჯერჯერობით, კარგად გრძელდება. როგორ მიყვარს! ყოველ სერიას სულ მცირე, ორჯერ მაინც ვუყურებ.

  მე მგონი, ყველაფერზე დავწერე, რაზეც ამ დღეებში მიფიქრია. თითქმის ყველაფერზე. ჰო მართლა, ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებლის ბლოგი არ მიხსენებია, საქართველოში რომ ჩამოვიდა იმ რაღაც პროგრამით. ძალიან კარგად წერს და მის პოსტებს სიამოვნებით ვკითხულობ. თუ დარჩა კიდევ ვინმე, ვინც მის შესახებ არ იცით [იქნებ რომელიმე თქვენგანს ფეისბუქი არ გაქვთ, ან ვერ შეესწარით სხვადასხვა ადამიანის მიერ დაშეარებულ მის პოსტებს], შეგიძლიათ იხილოთ მიშელის ბლოგი.

Friday, June 25, 2010

Alejandro

პოსტის დაწყება, დამთავრება და დასათაურება ყოველთვის მიჭირს და ბევრ ვფიქრობ. თუმცა მგონი უმეტესობა ასეა. ანუ, ახალი არაფერი მითქვამს.
ყველაზე კარგი მეთოდია, პოსტის ბოლოს მიმაგრებული სიმღერის დასახელებით დაასათაურო, ხოდა მეც ასე მოვიქცევი.

ფილმში ვიკი კრისტინა ბარსელონა, სკარლეტი იოჰანსონის გმირს - კრისტინას, სექსი ექნება მარია ელენასთან; მერე თავის მეგობარ ცოლ-ქმარს მოუყვება და ქმარი ჰკითხავს, ანუ ახლა შენ ბისექსუალი ხარო? კრისტინა უპასუხებს, რა საჭიროა ეგრევე იარლიყების მიკერება, მე მომეწონა და თავი კარგად ვიგრძენიო. ხოდა ახლა ამას ვფიქრობ მეც. რატომ უნდა იყოს ბლოგერობა რაღაც იარლიყი? მე მომწონს თავისუფალ დროს რაღაცეების წერა, იმის, რაც მინდა იმ მომენტში. სულ არ ვთვლი საჭიროდ რომ გავეცნო ’ათას ხერხს’ წარმატების მისაღწევად, ვიზიტორების მოსაზიდად და ა.შ მე ჩემი 20 ვიზიტორი მყავს და კმაყოფილი ვარ. ბლოგერობა არც პროფესიაა და არც ვალდებულება. მე სიამოვნებას ვიღებ წერისას და სხვის პოსტების კითხვისას. ხოდა თქვენც მიიღეთ.

მანამდე კი Lady Gaga-ს მოუსმინეთ :D დღეს დილით გამახსენდა ეს სიმღერა, ჩავრთე ტელევიზორი და ზუსტად იმ დროს გადიოდა. ვიფიქრე, რომ It is karma, და ამიტომ ამ პოსტს დავურთე თან :)

Wednesday, April 28, 2010

ყავა და ბლოგი

უკვე რამდენი დღეა როცა აქ ვზივარ, გარედან წვიმის ხმა მესმის; და ეს ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ ყურიც შეეჩვია.

ახალი ჰედერი რომ მაქვს, თუ შეამჩნია ვინმემ? ძლივს მოვარგე ზომა, ხან ფოტოს ვუცვლიდი სიგრძე-სიგანეს და ხან ბლოგს. ახლა ყავის სუნი უფრო რეალური იქნება.


კიდევ, ახალი ბლოგ-ლისტი მაქვს, ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის. თუმცა, მსურველებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ძირითადად საჩოგბურთო და კულინარიული ბლოგებია.

დღეს ისეთი გემრიელი ბლოგი დავამატე, ერთი გადავხედე მხოლოდ და კინაღამ საკუთარმა ნერწყვმა დამახრჩო. აი თვით ისიც - love and olive oil. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ეს პოსტია. თავის მხრივ, ამ ბლოგის ლისტიდან კიდევ უამრავ ნერწყვისმომდენ ბლოგზე შეიძლება გადასვლა.

აი, ეს ძალიან გავს ჩემს ლიმნიან ნამცხვარს. ძალიან გავს კი არა, ის არის ზუსტად. ინტერნეტში შემომხვდა რაღაცას რომ ვეძებდი. ოღონდ, მე ასეთი ფუმფულა არ გამომდის ხოლმე.


ოდესმე, მეც გავაკეთებ ხოლმე გემრიელ და მრავალფეროვან ნამცხვრებს. ახლა ძალიან იშვიათად და დედას დახმარებით ვაცხობ, რაც სრულ თავისუფლებას არ მაძლევს. და მაშინ, როცა ეს მოხდება, აუცილებლად მოვაწყობ ბლოგერებისთვის გემრიელ საღამოებს. ეს შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ იყოს, მაგრამ იქნება, საკუთარ თავს ვპირდები.

Monday, March 29, 2010

Posts in one post

ორი დღეა შოკოლადზე ვოცნებობ.. ბევრი ვითმინე და წეღან მე თვითონ მოვამზადე საშინაო რეცეპტით შოკოლადი, ’სნიკერსი’ ქვია, მაგრამ ისეთივე კავშირი აქვს სნიკერსთან, როგორც მე - კამერონ დიასთან [საერთო მე და კამერონს ის გვაქვს, რომ ორივე ქალი ვართ; ჩემს შოკოლადს და სნიკერსს კი - კაკაო და შაქარი]. საბოლოოდ ძალიან თხევადი გამომივიდა და კოვზით ვჭამე.


ეს ისე, შესავლისთვის.

ჩემი პირველი გესთ-პოსტი

წინა კვირას პირველი გესთ-პოსტი დავწერე, ანამ შემომთავაზა და დავთანხმდი, მაგრამ რამდენიმე დღე დამჭირდა გამბედაობის მოსაკრებად და თემის მოსაფიქრებლად. საბოლოოდ რაც გამოვიდა, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

წერილი ნატალიას და თინის პოსტი

ერთ მშვენიერ დღეს კი, ტოპ.გე-ზე ვნახე რომ ჩემს ბლოგზე საფოსტო ყუთიდან გადმოვიდნენ. ჰო, თურმე ასეთი ბლოგი ყოფილა, სადაც შეგიძლია წერილი მიწერო ვინმეს. დამაინტერესა და შევედი. პირველივე პოსტი ასეთი სათაურით იყო - წერილი ნატალიას. თვალში კი ნატალი პორტმანის ის ფოტო მომხვდა, კომენტარებზე ჩემს სახელს რომ ახლავს ხოლმე თან. იმდენი დამთხვევა იყო, რომ მივხვდი, ადრესატი მე ვიყავი. ისეთი თბილი წერილია.. მე ბევრს არაფერს ვიტყვი, თქვენ წაიკითხეთ.. [არა უშავს, სხვისი წერილების კითხვა კი არ შეიძლება, მაგრამ ეს გამონაკლისი იქნება]. იცით ვინ მომწერა? საყვარელმა hexe-მ.

იმავე დღეს როცა წერილი წავიკითხე, თინიმ ისეთი გესთ-პოსტი დამიწერა, რომ გაოცებული ვფიქრობდი, დღეს რა დღეა ასეთი, რომ ამდენი სითბო დავიმსახურე-მეთქი. რა კარგი ადამიანები ხართ!


ტვიტერი და რაფა

ბოლო ორი დღეა ტვიტერზე აქტიურად დავხეტიალობ და გუშინ დავაფასე განსაკუთრებით მისი ძალა - მაიამიში საჩოგბურთო ტურნირი ტარდება, გუშინ რაფა დავიდ ნალბანდიანს ხვდებოდა. რაფას ერთ-ერთი ფანი არის იქ და ესწრება თამაშებს. მისი [და ტვიტერის] საშუალებით ვიგებდი როდის ივარჯიშა, როდის გამოვიდა კორტზე.. როცა გავიგე რომ უკვე გამოვიდა, ლაივი ჩავრთე და თამაშს ვუყურე. საოცარი თამაში იყო! მართალია რაფამ მოიგო, მაგრამ მე ბევრი ვინერვიულე და ადრენალინი დავხარჯე..

Sunday, March 21, 2010

BBD

ცოტა ხნის წინ გამახსენდა, რომ მარტში ბლოგის დაბადების დღე იყო. მერე გადავამოწმე და დღეს აღმოჩნდა - 21 მარტს. თვითონ ბლოგი როდის გავაკეთე არ მახსოვს, მაგრამ პირველი პოსტი კი ნამდვილად 1 წლის წინ ამ დღეს დავწერე.

აი ასე აღვნიშნავ დაბადების დღეს - პოსტით. თან ერთგვარი აღნიშვნა ისიც არის, რომ მარტში სტუმრიანობაა Wonderland-ში. თითქოს ხმაურიც ჩამესმის ყურში - ვიღაც ყავას სვამს, სხვები ერთმანეთში საუბრობენ და მე გარინდებული ვზივარ...


მახსოვს, ადრე სოფი ამბობდა, ანუკ-ის ბლოგი თავიდან ბოლომდე წავიკითხეო. მე ორივე ხსენებულის პოსტები მაქვს თავიდან ბოლომდე წაკითხული..
რომ დავფიქრდი, ჩემი ბლოგი არ არის ისეთი, რომ თავიდან ბოლომდე გადაიკითხო. თავმდაბლობის ან რამე ამგვარის გამო არ ვამბობ. უბრალოდ, პროგრესი ნელ-ნელა განვიცადე მეც და ამ ბლოგმაც. პრაქტიკა ყოველთვის და ყველაფერში მჭირდება, მათ შორის წერისასაც. ხანდახან, საწყის პოსტებს რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება წავშალო. მაგრამ მერე ისევ ისე ვტოვებ - ყოველთვის უნდა მახსოვდეს, როგორი ვიყავი და როგორი ვარ ახლა. საკუთარ თავს ვერსად გავექცევი, რამდენი პოსტიც არ უნდა გავანადგურო.

პ.ს აქ ბევრი ყავა, შოკოლადი და ნამცხვარია.. ასე რომ, მიირთვით :)




Friday, March 5, 2010

Crazy March thing

ვინაიდან ისე მოხდა, რომ მარტის პირველ სამ დღეს ყოველდღე პოსტები მქონდა, მომინდა გამეკეთებინა ასეთი რაღაც: 31 დღე - 31 პოსტი. ანუ, ყოველდღე პოსტი დამეწერა. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს არც თუ ისე საინტერესო იქნებოდა.

ახლა კი მოვიფიქრე, რომ მარტი იყოს სტუმრების თვე Wonderland-ში. მინდა, რომ რამდენიმე ბლოგერი სხვადასხვა დროს მესტუმროს და პოსტი დაწეროს.

Here they are:

[and yes, they're all girls :)]

ჰოდა, ვისაც არ გინდათ, შეგიძლიათ უარი თქვათ; მე უბრალოდ გეპატიჟებით :) მთელი მარტი წინ გაქვთ, და როცა გინდათ, მეწვიეთ :)

Tuesday, January 19, 2010

Notes

   არ შემიძლია წინასწარ დაგეგმილი პოსტების წერა, არასდროს გამომდის. ადრეც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, ძირითადად რაღაც დაუძლეველი სურვილის შედეგად ვწერ ახალ პოსტებს. 

  მე არ ვარ განებივრებული კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტით. მითუმეტეს როცა ოჯახში ბევრი მსურველია, კომპიუტერი კი - ერთი, შეიძლება ჩემი სურვილი იმ დროს დაემთხვეს, როცა ინტერნეტთან მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომ ამ ჩანაწერს ახლა მობილურში ვაკეთებ. წინა პოსტიც ზუსტად 10 წუთში დავწერე, თავის ფოტოების ატვირთვით და სხვა წვრილმანებით. მხოლოდ ერთი გადახედვა მოვასწარი და Publish-ს დავაჭირე, ვინაიდან იქვე ოთახში ოჯახის ერთ-ერთი წევრი ნერვიულად გადიოდა და გამოდიოდა [როგორ მინდა ლეპტოპი!]. არადა, სულ არ ვგეგმავდი იმ დღეს ახალი პოსტის დაწერას, მაგრამ ფედერერის იასამნისფერმა მაისურმა ის დაუძლეველი სურვილი გამიჩინა და აღარ გადავდე, მითუმეტეს მე ვაღმერთებ ჩემს სპონტანურ და რაღაც მიზეზით გამოწვეულ პოსტებს! მიზეზები კი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - მუსიკა, ფილმი, მაისური, პოსტები - არიან ბლოგერები, რომელთა პოსტების კითხვისას, წერის სურვილი მიჩნდება. შეიძლება სრულიად სხვა თემაზე წერდეს, მე კი სულ სხვა იდეა მომივიდეს.

  იმას ვამბობდი, სპონტანური პოსტების მიყვარს-მეთქი. მითუმეტეს, მოგვიანებით რომ ვკითხულობ და იმ დროინდელ ემოციას ვგრძნობ.. ახლა ვინაიდან Australian Open მიმდინარეობს, სექტემბერი მახსენდება - US Open, დეიდას ლეპტოპი, რაფას ’ტკივილით მოგებული მატჩი’ და გათენებული ღამე, ცხელი მჭადები და გარშემო სრული სიმშვიდე.. 

  ბოლო დროს ბლოგებს აქტიურად აღარ ვეცნობი; სოფიმ თქვა ერთ-ერთ კომენტარში, ბევრი ბლოგი გამოჩნდა, თუმცა ძალიან ცოტაა, სადაც თავს შეაფარებო. ალბათ მეც დამაბნია ბლოგების სიმრავლემ, ან შეიძლება უბრალოდ ცოტახნით მომბეზრდა და დრო მჭირდება.. 

 Whatever, მე მაინც მიყვარხართ : )

Sunday, January 3, 2010

Hey, 2010.

  ამ ბოლო დროს რატომ მჭირდება ფიქრი, თუ რა დავწერო? ადრე უფრო მარტივად იყო - უცებ მოვიდოდა მუზა და თავისით ხდებოდა ყველაფერი.. და მე ის პოსტები უფრო მიყვარს, ვიდრე ტვინის დაძაბვის შედეგად დაწერილი. აი, მაგალითად წინა წლის ბოლო პოსტი - თავიდან კი გონებას მოვუხმე, მაგრამ წერა რომ დავიწყე, ყველაფერი იოლად გამოვიდა და რაც მინდოდა, ის დავწერე. ჰანნა კი მეუბნება, რა იყო ის მშრალი პოსტი, ნუთუ 2009 წელს ორი მოვლენის მეტი არაფერი მოხდა, დაწერე უფრო ვრცელიო..   მაგრამ არ დავწერ, ვიცი, დაძაბული პოსტი გამომივა. არადა, ალბათ უფრო მეტი მოხდა გასულ წელს, ბლოგერობის და ჩოგბურთის გარდა, თუმცა, whatever.

  ამასობაში კი 2010 წელი მოვიდა - ძალიან ჩვეულებრივად და უხმაუროდ [ჩემთვის]. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, ჩემი საახალწლო განწყობა იგვიანებს :D ამიტომ, ვერ ჩამოვწერ ჩემს გეგმებს ამ წლისთვის; აი როგორ ვარ იცით - უცებ 31 აგვისტოს, ან 30 მაისს რომ გთხოვონ, მომავალი წლის გეგმები მითხარიო და დაიბნევი :D

  მაინც საინტერესოა, პოსტების არქივში უკვე 2 წლის ნუსხა იქნება :))

 

Thursday, December 31, 2009

2009 - ერთი შეხედვით

   მე მაინც ჯიუტად ვცდილობ რომ 2009 წლის ბოლო პოსტი დავწერო, თუნდაც გონების დაძაბვის ფასად დამიჯდეს.. შეიძლება არ მიყვარს ბანალური რაღაცეები, და არ მინდა რომ მიმოხილვითი პოსტი დავწერო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას წერს - მე მინდა, მომავალში რომ წავიკითხავ, ვიცოდე რას ვაკეთებდი 2009 წელს. 

 და ახლა, როცა სამზარეულოს ორომტრიალს გამოვექეცი, სიმყუდროვის ერთადერთი ელემენტი - ცხელი ყავა გვერდით მოვიდგი, ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო..

 მაინც რა მოხდა მნიშვნელოვანი ზემოთხსენებულ წელს ჩემს ცხოვრებაში?

  • გავხდი ბლოგერი
  • შემიყვარდა ჩოგბურთი

  სულ ეს იყო. თუ არ ჩავთვლით პიროვნულ ცვლილებებს და რაღაცეების შეცვლას საკუთარ თავში, რაც ყოველწლიურად ხდება და 2009 წლის მოვლენად არ შიძლება ჩაითვალოს.

  და აი, ფოტოებს რომ ვეძებდი პოსტისთვის, პირველივე ბარსელონა და რაფა შემომხვდა; უფრო სწორედ, რაფა ბარსელონაში.


  და მხოლოდ ბარსელონა[ც]

  ახალ წელს გილოცავთ. რაფას Grand Slam-ების მოგებას ვუსურვებ, ჩემს თავს ესპანეთს და რეზიდენტურას, თქვენ კი იმას, რაც გულით გსურთ..

 New Year is coming!


  see you in 2010 :)

Sunday, December 20, 2009

Natalia's wonderland

  გუშინ ტრანსპორტში  ბლოგზე ვფიქრობდი, მის დანიშნულებაზე ჩემთვის. მერე ფიქრი რომ მობეზრდა, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.. და უცებ მივხვდი, რომ ქვეცნობიერად ყოველთვის მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი. 

   ბავშვობაში, ფიქრებში ვიგონებდი მთავარ პერსონაჟს [რომელიც აუცილებლად გოგო იყო], ვარქმევდი სახელს, და წარმოვიდგენდი თუ როგორი გარეგნობის უნდა ყოფილიყო, ყველა დეტალს - თმა, ტუჩები, თვალები.. და მერე მის ცხოვრებას ვქმნიდი, თუ როგორ განვითარდებოდა. მოქმედება თითქმის ყოველთვის წინა საუკუნეებში ხდებოდა, და აუცილებლად რომელიმე სხვა ქვეყანაში. მე ძალიან მიყვარს ძველი პერიოდის კაბები - გრძელი და განიერი, ათასი ზიზილ-პიპილებით..  ჩემი გამოგონილი ამბები თითქმის არასდროს მთავრდებოდა ბოლომდე, ვინაიდან რამდენიმე დღეში მბეზრდებოდა და უკვე ახალ პერსონაჟს ვქმნიდი. 

  ამ ბოლო დროს, ცოტა რომ გავიზარდე, პერსონაჟებს აღარ ვიგონებ. მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ ხოლმე, უფრო სწორედ, ვოცნებობ. ძირითადად, ათასგვარ მომავალს წარმოვიდგენ, თუ როგორი მინდა მქონდეს. ან, აწმყოს, როგორი შეიძლებოდა/მინდოდა რომ მქონოდა. საერთოდ, ფანტაზია არ მღალატობს და შესაბამისად საოცნებო არ მელევა.. 

   ასე გამოდის, რომ ის ქვეცნობიერი ოცნება ბლოგზე ავისრულე. აქ ყველაფრის დაწერა შემიძლია, რაც მომესურვება.. ის, რაც მიგროვდება და რეალურ ცხოვრებაში ვერ ვამბობ, ვწერ პოსტებში.. 

  მე ასეთი მიყვარს ჩემი ბლოგი -  მწვანე და ემოციური, მზის თბილი სხივებით განათებული..

 

Sunday, December 6, 2009

Admired

   ალბათ ყველას აქვს  პატარა თუ დიდი გატაცებები..  რომელიც, უფრო ხშირად თინეიჯერობის ასაკში იჩენს თავს მთელი ძალით, როცა სხვადასხვა ადამიანები უყვარდებათ და აღმერთებენ ხოლმე. არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ ჩემს დროს [:D] ასე იყო. მერე კი, როცა ’დიდები’ ვხდებით, სხვა რაღაცეები ხდება პრივილეგირებული და ვივიწყებთ ძველ სიყვარულებს. 

  თვითონ ’გატაცება’ არაჩვეულებრივი სიტყვაა - როცა რაღაც ისე მოგწონს, რომ ფიქრებით გიტაცებს და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობ.  CinnamonGirl-მა მითხრა ერთ-ერთ კომენტარში, გატაცებადი ხარო. რომ დავფიქრდი, მაშინ მივხვდი რომ მართლა ასეა. ყოველთვის მინდა ვიყო რაღაცით შეპყრობილი, ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. გვერდიდან შეიძლება სასაცილოდაც ჩანდეს, მუდმივად ერთსა და იმავეზე რომ ფიქრობ და ლაპარაკობ. თუმცა, დავივიწყოთ ის გვერდიდან დანახული - მთავარია, მე ვგრძნობ თავს ძალიან კარგად ჩემი პატარა გატაცებებით. გუშინ დავფიქრდი, მაინც რით ვარ გატაცებული-თქო და საკმაო ფიქრის შემდეგ, სამი რაღაც გამახსენდა.

 ბლოგერობა -  ხანდახან მაქვს მომენტი, როცა ვფიქრობ, რა მინდა საერთოდ, რატომ ვწერ.. თუმცა, საერთო ჯამში, უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილს შეადგენს ბლოგი და დიდ სიამოვნებას ვიღებ პოსტების წერით & კითხვით. ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან ბლოგის შესახებ. ჯერჯერობით არც მინდა თქმა, თუმცა ოდესმე ვეტყვი ალბათ. 

 ეს ფოტო  გუგლში ძებნისას, ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ვნახე და ძალიან მომეწონა 

 

  ესპანეთი -  ჩემი ესპანეთისადმი სიყვარული პროცესია, რომელიც ხან ქრონიკულია და თავს არ მახსენებს, ხანდახან კი მწვავდება, და ამ პერიოდში ან ბლოგზე ვწერ პოსტებს, ან ამ შესანიშნავ საიტზე ფოტოებს ვათვალიერებ. პროცესის გამწვავება კი შეიძლება რომელიმე სიმღერამ, ამინდმა ან პოსტმა გამოიწვიოს. დღეს წავიკითხე ზუსტად ანას არაჩვეულებრივი პოსტი. კომენტარშიც მივწერე, ყველაზე ესპანური პოსტია მსოფლიოში-მეთქი :)

 რაფა ნადალი - აი ნადალით მართლა შეიძლება ითქვას რომ გატაცებული ვარ : ) სხვა თუ არაფერი, ყოველთვის რაღაც ტურნირია და ძალაუნებურად მახსენებს თავს. თუმცა, ტურნირების გარეშეც სულ მახსოვს; თუ მაინც არ გამახსენდა, პეკინზე, ნაიკის მაღაზიის ვიტრინაში უზარმაზარი ასეთი ფოტო არ მაძლევს დავიწყების საშუალებას [პირველად ვერ შევნიშნე სხვათაშორის და ჰანნამ დამანახა :))]. დედამ იცის ჩემი ნადალისადმი დამოკიდებულების შესახებ და ღიმილიანი სიყვარულით ეკიდება ამ ამბავს :) ყოველთვის ერთი შემთხვევა მახსენდება - მადრიდის რეალის თამაში იყო და დედა იძულებით უყურებდა ტვ-ს, ვინაიდან ერთი და იგივე ოთახში იყვნენ ორივე - ტვ და დედა. უცებ კადრში რაფა გამოჩნდა, თამაშს ესწრებოდა. მე ხმამაღლა შევძახე - ’რააფა!’ 

  მაშინვე მესმის დედას ხმა:  ’ნადალი! დაინახე?’ 

  -  კი, დავინახე..  

 -  აბა შენ რაფა რატომ თქვი?

 - დედა, რაფა და ნადალი ერთი და იგივეა, ასე ქვია :D 

  ცოტა ხნის შემდეგ მეკითხება - ’დე, ნადალი ასე რატომ გიყვარს?’ და მაშინვე ამატებს ’არა, კი კარგია, რომ გიყვარს, მაგრამ რატომ?..'  :D

 პ.ს აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წინა პოსტი ერთ-ერთ ყველაზე უგერგილო პოსტად მიმაჩნია, მითუმეტეს საიუბილეო არ უნდა ყოფილიყო..


Thursday, December 3, 2009

პოსტი № 100 - New Year

 პირველ რიგში - ჩართეთ მუსიკა პოსტის ბოლოს  :)

    თითქმის ჩაბნელებული, თბილი ოთახი. ბუხარი ანთია და ცეცხლის ტკაცატკუცი ისმის. ჰაერს დამწვარი შეშის სუნი დაკრავს.. შენ ხალიჩაზე, ბუხრის წინ ზიხარ; სახეზე ცეცხლის სინათლე დაგთამაშებს, თვალები  დახუჭული გაქვს და სულ ოდნავ იღიმები. ოთახის ერთ კუთხეში ნაძვის ხე დგას, და მქრქალ სინათლეზე ჯადოსნურად ბრწყინავს. ფანჯრიდან, გამჭვირვალე ფარდის მიღმა, გარე განათების ფონზე ჩანს როგორ ცვივა თოვლის ფანტელები და ალბათ, ძალიან, ძალიან ცივა. გვერდით საყვარელი სასმელი/სასუსნავი გიდევს, ფეხებზე თბილი წინდები გაცვია, სახე ფუმფულა სვიტერში გაქვს ჩამალული და ფიქრობ ახალ წელზე, ზღაპრებსა და სასწაულზე.. ახალ წელს ხომ ყველას გჯერათ სასწაულების? სულ რამდენიმე წუთით მაინც. 

  მე მიყვარს ახალი წელი. თუმცა არა 1 იანვარი და შემდეგი დღეები, ქუჩაში შუშხუნები რომ ყრია და ჰაერში ბოლის სუნი ტრიალებს, ადამიანები კი ზედმეტად ნაჭამი/ნასვამი სახეებით დადიან.  

  წინასაახალწლო პერიოდი მიყვარს, დეკემბრის დასაწყისიდან. მიყვარს პირველი მაღაზია, სადაც საახალწლო მორთულობას შევნიშნავ; ქუჩები, უამრავი ნათურით რომ არის მორთული. საღამოს განათებულ ფანჯრებში ყურება - ნაძვის ხეებს ვეძებ, თუ დავინახავ; ერთგვარი თამაშია.  დეკემბრის ბოლო დღეებში ყველას ეტყობა სამზადისი, ადამიანები ჩქარი ნაბიჯით და დიდი პარკებით დადიან. 31 დეკემბრის საღამოს გარეთ თუ ყოფილხართ - მაღაზიებში დიდი მოძრაობა რომ არის, მანქანიდან უყურებ განათებულ ვიტრინებს და გიხარია რომ ყველა სახლისკენ მიდის და შენც მალე იქნები შენს სახლში.

ეს საიუბილეო, მე-100 პოსტია და ჩემს ახალ წელს ეძღვნება :)

Monday, November 23, 2009

აჯაფსანდალი, Number.. who cares about number?

  თუ რომელიმე ჩემი პოსტი შემიყვარდა, მერე ახალს ვეღარ ვწერ ხოლმე.  მინდა რომ შემოვალ, დიდხანს დამხვდეს პირველ პოსტად. ასე დამემართა წინაზეც, რომ ვკითხულობ, ჩემს ემოციას ვგრძნობ და მიყვარს..

  გუშინ, უკვე მერამდენედ, ვნახე ფილმი In her shoes და ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ საკმაოდ მომწონს. ასევე მივხვდი, რომ ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში წინსვლაში, კარიერაში და ა.შ

  ასევე გუშინ საღამოს, Grey's Anatomy-ს ახალ სერიას ვუყურე, საშობაო პერიოდზე იყო. არ ვიცი ამის გამო, თუ იმიტომ, რომ დედა ’ბედის ირონიას’ უყურებდა [ამ ფილმს კი მთელი წელი უყურებს ხოლმე], წინა საახალწლო განწყობა შემექმნა. ყოველ წელს, უცებ ერთ დღეს  ვიგრძნობ - ’ოჰ, მალე ახალი წელი მოვა!’ და შემდეგ ამ ემოციით დავდივარ, სანამ მართლა არ მოვა ახალი წელი :) 

   ეს დღეები კი ბლოგზე ვცვლიდი რაღაცეებს, ძირითადად - ფოტოებს. V is for victory ნაიკის ერთ-ერთი სარეკლამო დევიზია. პირველად რომ ვნახე, V for vendetta გამახსენდა რატომღაც. უბრალოდ მომწონს გამოთქმა, და აქაც განვათავსე :)  ბარსელონას რაც შეეხება, ჩემი და ჰანნას მომავალი მოგზაურობაა, რომელიც სავარაუდოდ 2012 წელს უნდა შეგდეს :)

   დიდი ხანია ახალი არაფრისთვის მომისმენია და აი, სიმღერა რომელმაც ბოლო ხანებში მომხიბლა - Jay-Z & Alicia Keys "Empire State of Mind"  - სიმღერა, რომელიც დიად ნიუ იორკს ეძღვნება..



Friday, November 6, 2009

House with green shutters

  შემოდი, შემოდი.  Wonderland-ში ხარ ჰო, რემონტი გავაკეთე. მე თვითონ.  საღებავებიც მე შევარჩიე, ჰტმლ-ს ხელსაწყოებშიც გავერკვიე და რაღაც გამომივიდა. რამდენი თვეა მინდოდა, მაგრამ ხელს ვერ ვკიდებდი. მეგონა, გავაფუჭებდი ყველაფერს. თუ ამას კითხულობ, ე.ი - არ გამიფუჭებია.

  

   რა თქმა უნდა, მე ისევ მწვანე დარაბებიან სახლში ვიცხოვრებ. უბრალოდ, აქ აღარ გამოჩნდება. წინა დიზაინიდან ამაზე მწყდება გული მხოლოდ..


   მოდი, დავსხდეთ - შენ რამეზე მესაუბრე, მე არომატულ ყავას მოვადუღებ [აჰ, ჩაი გირჩევნია?]. მერე  ჩემს გამომცხვარ ლიმნის კექსს დავჭრი და ვილაპარაკოთ - ადამიანებზე, ფილმებზე, ან თუნდაც შემოდგომაზე :) ოღონდ თუთბერიძეზე და ბუასილებზე არა, გთხოვ. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ასეთ თემებზე ფიქრს დიდი დრო დავუთმოთ..

    

  მიდიხარ? ალბათ კიდევ მოხვალ, როცა ახალი სალაპარაკო თემა გამოჩნდება, ან - მე მოვალ. ამიტომ - დროებით!

 

Sunday, October 25, 2009

Not fake post

  რაც შენს გარშემო ხდება, ყველაფერი ხომ ისევ შენი თავიდან გამომდინარეობს? ყველა ადამიანი თვითონ ვქმნით ჩვენს გარემოს. როცა თავდაჯერებული ხარ, მოგწონს შენი თავი, სხვებიც გამჩნევენ და მოწონხარ. თუ თვლი, რომ წონაში მოიმატე, ულამაზო და უინტერესო ხარ, here you go - ხდები კიდეც ასეთი გარშემომყოფების თვალში.

 მე ყოველდღე ვრწმუნდები ამაში.

მაგალითი I

 სულ მაინტერესებს, და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შემდგომ ურთიერთობებში, ვინ არის ჩემს მიმართ დადებითად განწყობილი, და ვინ -არა. განსაკუთრებით ლექტორებს ვაკვირდები, პირველივე დღიდან, თუ როგორ განეწყობა ჩემს მიმართ. და თითქმის ყოველთვის ვხვდები, ვგრძნობ, ჩემს მიმართ მათ დამოკიდებულებას, თუნდაც ეს მესამე პირმა ვერ შეამჩნიოს.

მაგალითი II

 ასევე ბლოგზეც - როცა ძალიან მიყვარდა ჩემი ბლოგი და ვზრუნავდი მასზე, ვიზიტორების რაოდენობაც მეტი იყო [ ’მეტ’-ში არ იგულისხმება 100 და 200, ამდენი არასდროს შემოსულა ჩემთან 1 დღეში]. ამ ბოლო დროს კი, გულგრილობის პერიოდის შემდეგ, ძველ ფორმას ვერ დავუბრუნდი. ჩემს პოსტებში სიყალბეს ვამჩნევ, ბოლომდე გულახდილი არ ვარ. ბევრს ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის.
ამაზე სულ ნადალი მახსენდება - ზაფხულის ტრავმის მერე აგვისტოში დაუბრუნდა თამაშს, აი უკვე ნოემბერი დგება, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ტურნირზე გამოვიდა, მაგრამ არაფერი გამოსდის - ნახევარფინალებს ვერ გაცდა.
მეც ’ნახევარფინალებში’ ვარ დარჩენილი. შესაბამისად, ჩემი ბლოგი ნელ-ნელა უჩინარი ხდება.

   ამ ბოლო დროს მე არ მომწონს საკუთარი თავი, ძალიან არ მომწონს. არც 'I am a superstar' მშველის და არც ჰანნას შეგონებები. ალბათ, ამიტომ აღარ ვუყვარვარ, არც ლექტორებს და არც ბლოგერებს.

  ეს იყო პირველი გულახდილი პოსტი ’ტრავმის’ შემდეგ. დიახ, მე გულახდილი ვიყავი, და ფინალშიც გავედი. მალე თასსაც ავიღებ :))



Friday, October 2, 2009

გულგრილობა

 ბლოგის მიმართ.

   ვერც პოსტებს ვწერ, და ვერც კომენტარებს სხვა ბლოგებზე. არა, კი ვწერ, მაგრამ აი, რაღაც უღიმღამოდ.

  სახლში ინტერნეტი გამეთიშა, ხვალიდან ალბათ ვეღარც პოსტებს წავიკითხავ. 

  ორშაბათს სწავლას ვიწყებ და იმედი მაქვს ჩემი გული ისევ განგრილდება.

   :))